დატოვებულია უცვლელად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ ას-241-925-03 27 ნოემბერი, 2003 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. ახალაძე (თავმჯდომარე),თ. კობახიძე,ქ. გაბელაია
დავის საგანი: ბინაზე ყადაღის დადება.
აღწერილობითი ნაწილი:
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის წარმოებაში იყო ო. ა-ის სააპელაციო საჩივარი ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2002წ. 2 ივლისის გადაწყვეტილებაზე, საქმეზე-ო. ა-ის სარჩელის გამო ა. ა-ის მიმართ სამკვიდროს ვადის აღდგენის ქ.თბილისში ... მდებარე ¹95 ბინაზე მესაკუთრედ ცნობისა და რეესტრში ჩანაწერის გაუქმების შესახებ.
ო. ა-ის განცხადების საფუძველზე სარჩელის უზრუნველსაყოფად, სააპელაციო პალატის 2003წ. 4 თებერვლის განჩინებით დაყადაღებული იქნა სადავო ბინა.
ო. ა-მა კერძო საჩივრით მოითხოვა განჩინების გაუქმება იმ საფუძვლით, რომ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებით შეილახა მისი, როგორც მესაკუთრის უფლებები.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 6 მაისის განჩინებით ა. ა-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად იქნა დატოვებული სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინება. კერძო საჩივარი საქმის მასალებთან ერთად გადაიგზავნა ზემდგომ სასამართლოში.
საქართველოს უზენაეს სასამაართლოში შემოტანილი განცხადებით ა. ა-მა მოითხოვა სადავო ბინაზე დადებული ყადაღის გაუქმება.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატა გაეცნო საქმის მასალებს, კერძო საჩივრის საფუძვლებს და თვლის, რომ სააპელაციო პალატის 2003წ. 4 თებერვლის განჩინება დატოვებულ უნდა იქნეს უცვლელად, ხოლო ყადაღის გაუქმების მოთხოვნა დაკმაყოფილიდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სსკ-ს 191-ე მუხლის შესაბამისად შესაბამისად მოსარჩელეს შეუძლია მიმართოს სასამართლოს განცხადებით სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ. განცხადება უნდა შეიცავდეს მითითებას იმ გარემოებებზე, რომელთა გამოც უზრუნველყოფის ღონისძიებათა მიუღებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას.
მოცემულ საქმეზე დავის საგანია საჯარო რეესტრში ა. ა-ის სახელზე რიცხულ ბინაზე საკუთრების უფლება.
ო. ა-ი ითხოვდა მისი არასრულწლოვანი შვილის ნ. ა-ის, როგორც ანდერძისმიერი მემკვიდრის სადავო ბინის მესაკუთრედ ცნობას. ბინის გასხვისების თავიდან აცილების მიზნით, ო. ა-მა მოითხოვა მისი დაყადაღება.
საფუძვლიანად უნდა ჩაითვალოს ო. ა-ის მოთხოვნის დაკმაყოფილება, რადგან თუ ბინა გასხვისდებოდა, სარჩელის დაკამყოფილების შემთხვევაში გაძნელებული იქნებოდა გადაწყვეტილების აღსრულება.
ბინის დაყადაღებით არ დარღვეულა მესაკუთრის უფლებები.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 6 მაისის განჩინებით არ დაკმაყოფილდა ო. ა-ის სააპელაციო საჩივარი და პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება დატოვებულ იქნა უცვლელად.
განჩინება საკასაციო წესით არ გასაჩივრებულა და იგი შესულია კანონიერ ძალაში.
სსკ-ს 194-ე მუხლის მეოთხე ნაწილის შესაბამისად სასამართლოს შეუძლია უზრუნველყოფისათვის უკვე მიღებული ღონისძიებების გაუქმება. სააპელაციო პალატის 2003წ. 4 თებერვლის განჩინებით მიღებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება ქ.თბილისში ... მდებარე ბინაზე ყადაღის დადების შესახებ უნდა გაუქმდეს.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ს 419-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ა. ა-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს. თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 6 მაისის განჩინება დარჩეს უცვლელად.
გაუქმდეს ქ.თბილისში, ... მდებარე ¹95 ბინაზე თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 4 თებერვლის განჩინებით მიღებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება – ყადაღა.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.