გაუქმდა და დაუბრუნდა სასამართლოს

სამოქალაქო 06.04.2004
საქმის ნომერი
ას-252-549-04
კატეგორია
დავის ტიპი
კერძო საჩივარი
თარიღი
06.04.2004

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

ას-252-549-04 6 აპრილი, 2004 წ., ქ.თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. ახალაძე (თავმჯდომარე),მ. სულხანიშვილი,ნ. კვანტალიანი

სარჩელის საგანი: თანხის დაკისრება.

აღწერილობითი ნაწილი:

2003წ. 8 აპრილს ჯ. ი-მა სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხე “ს-ის” მიმართ და მოითხოვა ხანძრის შედეგად მიყენებული ზარალის – 8200 ლარისა და აღნიშნული თანხის გადახდის ვადის გადაცილებით გამოწვეული ზიანის – წლიური 4%-ის, კერძოდ, 3936 ლარის გადახდა.

კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2003წ. 1 ივლისის განჩინებით შეწყდა წარმოება საქმეზე ჯ. ი-ის სარჩელის გამო მოპასუხე სს “ს-ის” მიმართ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2001წ. 11 აპრილს მიღებული, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დადგენილი თანხის დარჩენილი ნაწილის – 8200 ლარის დაკისრების მოთხოვნის ნაწილში და განისაზღვრა საქმის განხილვა გადაწყვეტილების აღუსრულებლობით მიყენებული ზიანის ანაზღაურების ნაწილში.

კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2003წ. 29 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ჯ. ი-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობისა და დაუსაბუთებლობის გამო.

2003წ. 29 ოქტომბრის სასამართლო სხდომის ოქმის თანახმად, მხარეებს განემარტათ გადაწყვეტილების გასაჩივრების წესი და დრო. მხარეები გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილს დაეთანხმნენ უარი თქვეს მის გასაჩივრებაზე, რაც ოქმში ხელმოწერებით დაადასტურეს ჯ. ი-ის წარმომადგენელმა ა. ი-მა და მოპასუხე კომპანიის წარმომადგენელმა გ. ტ-მა.

2003წ. 4 დეკემბერს მოსარჩელე ჯ. ი-მა სააპელაციო საჩივარი შეიტანა რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებაზე.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 19 დეკემბრის განჩინებით ჯ. ი-ის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად. პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ის 370-ე, 374-ე მუხლებით და მიუთითა, რომ სააპელაციო საჩივარი დაუშვებელია, რადგან სააპელაციო საჩივრის ავტორმა ჯ. ი-მა უარი განაცხადა 2003წ. 29 ოქტომბრის გადაწყვეტილების გასაჩივრებაზე.

აღნიშნულ განჩინებაზე ჯ. ი-მა შეიტანა კერძო საჩივარი და მოითხოვა მისი გაუქმება, სააპელაციო საჩივრის განსახილველად მიღება იმ მოტივით, რომ მას უარი სააპელაციო საჩივარზე არ უთქვამს.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 16 თებერვლის განჩინებით კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და საქმის მასალებთან ერთად განსახილველად გადაიგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოში.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატა კერძო საჩივრის ფარგლებში გაეცნო საქმის მასალებს და თვლის, რომ კერძო საჩივარი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სსკ-ის 370-ე მუხლის თანახმად, თუ გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ მხარე სასამართლოს ან მოწინააღმდეგე მხარეს წერილობითი ფორმით განუცხადებს უარს სააპელაციო გასაჩივრებაზე, სააპელაციო საჩივარი აღარ დაიშვება.

საქმის მასალებით დადგენილია, რომ კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2003წ. 23 ოქტომბრის სხდომას ესწრებოდა არა მოსარჩელე ჯ. ი-ი, არამედ მისი წარმომადგენელი ა. ი-ი. შესაბამისად, სააპელაციო გასაჩივრებაზე უარი განაცხადა არა მხარემ, როგორც ეს დადგენილია ზემოაღნიშნულ მუხლში, არამედ მისმა წარმომადგენელმა.

ამდენად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოსარჩელის წარმომადგენლის – ა. ი-ის მიერ სააპელაციო გასაჩივრებაზე უარის თქმა არ აბრკოლებს ჯ. ი-ის სააპელაციო საჩივრის დასაშვებად მიჩნევას, ვინაიდან თვით მხარეს ასეთი ნება არ გამოუხატავს.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ის 419-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

ჯ. ი-ის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს.

გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 19 დეკემბრის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს შესაბამის პალატას