დატოვებულია უცვლელად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
ას-276-601-05 24 მაისი, 2005 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე),მ. ახალაძე (მომხსენებელი),ნ. კვანტალიანი
დავის საგანი: ნაჩუქრობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა.
აღწერილობითი ნაწილი:
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სასარჩელო განცხადებით მიმართა ნ. ო-მა და აღნიშნა, რომ 2003წ. 26 ნოემბერს შვილს – მოპასუხე ბ. ო-ს აჩუქა ორი ბინა, მდებარე ქ. ქუთაისში, ...... ¹56\37 და ¹56\38-ში; ჩუქების ხელშეკრულებით მხარეები შეთანხმდნენ, რომ მოსარჩელე მუდმივ საცხოვრებლად რჩებოდა მოპასუხე ბ. ო-თან, რომელმაც დაარღვია ხელშეკრულების აღნიშნული პირობა და ზემოაღნიშნული ნაჩუქარი ბინა გაასხვისა; მოსარჩელემ მოითხოვა ჩუქებისა და ნასყიდობის ხელშეკრულებების გაუქმება იმ საფუძვლით, რომ მოპასუხის მიერ დარღვეულია ნაჩუქრობის ხელშეკრულების მეშვიდე პუნქტი, ხოლო ნასყიდობის ხელშეკრულება დადებულია თვალთმაქცურად, ვინაიდან გარიგების მონაწილეები არიან მეუღლეები;
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2004წ. 30 ნოემბრის გადაწყვეტილებით ნ. ო-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო:
რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა ნ. ო-ის წარმომადგენელმა გ. კ-ემ.
2005წ. 10 თებერვალს სააპელაციო სასამართლოს ნ. ო-მა წარუდგინა განცხადება, რომლითაც მოითხოვა საქმეზე წარმოების შეწყვეტა იმ საფუძვლით, რომ რწმუნებულმა გ. კ-ემ მისი თანხმობის გარეშე შეიტანა სააპელაციო საჩივარი, იგივე განცხადებით ნ. ო-მა უარი თქვა სააპელაციო საჩივარზე და მოითხოვა რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების ძალაში დატოვება.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 16 თებერვლის განჩინებით სააპელაციო წარმოება შეწყდა, აპელანტის მიერ სააპელაციო საჩივარზე უარის თქმის გამო.
სააპელაციო სასამართლომ განჩინების სამართლებრივ საფუძვლად მიუთითა სსკ-ის 99-ე, 272-ე მუხლები.
ადვოკატმა გ. კ-ემ კერძო საჩივარი შეიტანა ქუთაისის საოლქო სასამართლოს სააპელაციო პალატის 2005წ. 16 თებერვლის განჩინებაზე და მოითხოვა მისი გაუქმება და საქმის წარმოების განახლება შემდეგი საფუძვლებით: ნ. ო-ის განცხადება სხდომაზე გამოქვეყნებულ იქნა, მაგრამ იგი არ განხილულა; განცხადება არ არის ნ. ო-ის ნების გამომხატველი, იგი დაწერილია მოწინააღმდეგე მხარის ანუ საკუთარი შვილის ბ. ო-ის მუქარისა და ზეწოლის შედეგად; წარმომადგენლის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს წყვეტს არა სასამართლო, არამედ _ ნოტარიუსი; განცხადებით ნ. ო-ს სააპელაციო საჩივარზე უარი არ განუცხადებია, ამიტომ ამ მოტივით საქმის წარმოების შეწყვეტა კანონშეუსაბამოა, განცხადება არ შეიცავს სსკ-ის 272-ე მუხლით გათვალისწინებულ არცერთ საფუძველს. აღნიშნული განცხადებით მისი რწმუნებულება არ გაუქმებულა.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს სააპელაციო პალატის 2005წ. 10 თებერვლის განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა, ასევე, გ. მ-ემ და მოითხოვა მისი გაუქმება იმ საფუძვლით, რომ ნ. ო-ის განცხადება დაწერილია ბ. ო-ის მხრიდან მუქარისა და ზეწოლის შედეგად, რის შესახებ ბ. ო-მა პირადად განუცხადა მას, ლ. მ-ასა და გ. კ-ეს.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს სააპელაციო პალატის 2005წ. 28 თებერვლის განჩინებით ადვოკატ გ. კ-ის კერძო საჩივარი ცნობილ იქნა დაუშვებლად იმ საფუძვლით, რომ, ვინაიდან გ. კ-ეზე ნ. ო-ის მიერ რწმუნებულების გაუქმება მოხდა კანონის დაცვით, იგი არაა უფლებამოსილი, შეიტანოს კერძო საჩივარი.
სააპელაციო პალატის 2005წ. 28 თებერვლის განჩინებით გ. მ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა როგორც დაუსაბუთებელი და უსაფუძვლო. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ ქუთაისის საოლქო სასამართლოს 2005წ. 16 თებერვლის განჩინება უშუალოდ ეხება გ. მ-ის ინტერესებს, მაგრამ მისი მოთხოვნა უსაფუძვლოა იმის გამო, რომ აპელანტმა უარი თქვა სააპელაციო საჩივარზე და არც გასაჩივრებული განჩინება გაუხდია სადაოდ. მ. მ-ეს განემარტა, რომ მას კანონით დადგენილი წესით სასარჩელო განცხადებით შეუძლია მიმართოს პირველი ინსტანციის შესაბამის სასამართლოს.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატამ განიხილა საქმის მასალები, კერძო საჩივრები, შეამოწმა გასაჩივრებული განჩინებების სამართლებრივი დასაბუთებულობა და თვლის, რომ კერძო საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქმის მასალებით დადგენილია, რომ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2004წ. 30 ნოემბრის გადაწყვეტილება, რომლითაც ნ. ო-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა ნ. ო-ის წარმომადგენელმა გ. კ-ემ. 2005წ. 20 თებერვალს სააპელაციო სასამართლოს ნ. ო-მა სანოტარო წესით დამოწმებული განცხადება წარუდგინა, სადაც მიუთითა, რომ ადვოკატმა გ. კ-ემ მისი ნების გარეშე აღძრა სააპელაციო საჩივარი მისი სახელით მისი თანხმობის გარეშე. მოითხოვა საქმის წარმოების შეწყვეტა და საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების ძალაში დატოვება.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 16 თებერვლის განჩინებით სააპელაციო საჩივარზე საქმის წარმოება შეწყდა.
საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად მიიჩნია გ. კ-ის კერძო საჩივარი დაუშვებლად, იმ საფუძვლით, რომ ნ. ო-ის მიერ რწმუნებულების გაუქმება მოხდა კანონის სრული დაცვით და მოცემულ საქმეზე გ. კ-ე არაუფლებამოსილი პირია. საკასაციო პალატა თვლის, რომ ნ. ო-მა უარი განაცხადა სააპელაციო საჩივარზე, მაგრამ მას გ. კ-ის მინდობილობა არ გაუუქმებია.
გამომდინარე აღნიშნულიდან გ. კ-ის როგორც ნ. ო-ის რწმუნებულის კერძო საჩივარი დასაშვები, მაგრამ უსაფუძვლოა.
საკასაციო პალატა დაუსაბუთებლად მიიჩნევს კერძო საჩივრის ავტორის განმარტებას, რომ 2005წ. 16 თებერვალს სასამართლო სხდომაზე ნ. ო-ის განცხადება კი გამოქვეყნდა, მაგრამ გ. კ-ის განმარტება არ მოსმენილა, ასევე, განცხადება არ არის ნ. ო-ის ნების გამომხატველი, იგი მოპასუხის მხრიდან მუქარის შედეგადაა დაწერილი, ნ. ო-ის ზემოთ მოყვანილი განცხადება არ აუქმებს შეტანილ სააპელაციო საჩივარს და წარმომადგენლის უფლებამოსილების საკითხს წყვეტს არა სასამართლო, არამედ ნოტარიუსი სსკ-ის 272-ე მუხლის “გ” პუნქტის მიხედვით.
საქართველოს სსკ-ის 99-ე მუხლის მიხედვით, მარწმუნებელს უფლება აქვს, საქმის წარმოების ყველა სტადიაზე გააუქმოს თავის მიერ გაცემული მინდობილობა და შეწყვიტოს წარმომადგენლის უფლებამოსილება. რის შესახებაც იგი წერილობით აცნობებს სასამართლოსა და წარმომადგენელს. წარმომადგენლის უფლებამოსილების შეწყვეტის თაობაზე ნ. ო-ის განცხადებაში მითითებული არ არის.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლოს სხდომაზე არ უნდა მოესმინა ადვოკატ გ. კ-ის ახსნა-განმარტება, ვინაიდან სააპელაციო სასამართლომ ნ. ო-ის სანოტარო წესით დამოწმებული განცხადების შინაარსის მიხედვით სწორად მიიჩნია, რომ ამ უკანასკნელმა უარი თქვა სააპელაციო საჩივარზე.
სააპელაციო სასამართლოს არ დაურღვევია სსკ-ის 378-ე მუხლის მოთხოვნა. ამ მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სააპელაციო საჩივარზე უარის თქმა დასაშვებია სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გამოტანამდე; საქმის ზეპირი განხილვისას სააპელაციო საჩივარზე უარის თქმა დასაშვებია მოწინააღმდეგე მხარის თანხმობით. განსახილველ შემთხვევაში აპელანტმა სააპელაციო საჩივარზე უარი სასამართლო სხდომამდე 2005წ. 10 თებერვალს განაცხადა, ამდენად მოწინააღმდეგე მხარის თანხმობა არ იყო საჭირო.
პალატა ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებას, რომ ნ. ო-ის განცხადება მუქარის გავლენითაა დაწერილი და არ გამოხატავს მის ნამდვილ ნებას, რადგან ასეთი საქმის მასალებით არ დასტურდება;
საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად მიიჩნია დაუსაბუთებლად გ. მ-ის კერძო საჩივარი, მის მიერ კერძო საჩივარში მითითებული გარემოება, რომ ნ. ო-ის განცხადება სააპელაციო საჩივარზე უარის თქმის შესახებ დაწერილია მუქარის შედეგად საქმის მასალებით არ დასტურდება. გ. მ-ეს შეუძლია, დამოუკიდებელი სარჩელით იდავოს კანონით დადგენილი წესით.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსკ-ის 419-420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
გ. კ-ისა და გ. მ-ის კერძო საჩივრები არ დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 28 თებერვლის განჩინება გ. კ-ის კერძო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ გაუქმდეს. ქუთაისის საოლქო სასამართლოს 2005წ. 16 თებერვლის განჩინება დარჩეს უცვლელი. ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 28 თებერვლის განჩინება გ. მ-ის კერძო საჩივრის თაობაზე დარჩეს უცვლელი.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.