დატოვებულია უცვლელად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
ას-283-609-05 21 აპრილი, 2005 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: თ. თოდრია (თავმჯდომარე, მომხსენებელი),ლ. გოჩელაშვილი,მ. ცისკაძე
დავის საგანი: სესხის დაბრუნება.
აღწერილობითი ნაწილი:
დ. დ-ემ სარჩელით მიმართა ქ. თბილისის ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს და მიუთითა, რომ 2001წ. 12 მარტს ნ. თ-ესთან დადო სანოტარო წესით გაფორმებული სესხის ხელშეკრულება, რომლის თანახმად, ნ. თ-ემ მისგან ისესხა 1000 აშშ დოლარი ერთი წლის ვადით _ 2002წ. 12 მარტის ჩათვლით.
ნ. თ-ემ დათქმულ ვადაში არ შეასრულა სესხის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება და დ. დ-ემ სარჩელით მოითხოვა ვალის დაბრუნება, ხოლო ვალდებულების დროულად შეუსრულებლობის გამო _ მიყენებული ზიანის ანაზღაურება სულ 1300 აშშ დოლარის ოდენობით.
ქ. თბილისის ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 2003წ. 17 იანვრის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და მოპასუხე ნ. თ-ეს, მოსარჩელე დ. დ-ის სასარგებლოდ დაეკისრა 1000 აშშ დოლარის გადახდა. აღნიშნული გადაწყვეტილება შევიდა კანონიერ ძალაში.
2003წ. 8 სექტემბერს ქ. თბილისის ისანი-სამგორის რაიონულმა სასამართლომ განიხილა ნ. თ-ის განცხადება ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების აღსრულების შეჩერების შესახებ და არ დააკმაყოფილა იგი.
ნ. თ-ემ სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა ქ. თბილისის ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 2003წ. 8 სექტემბრის განჩინება, რომლითაც უარი ეთქვა მის განცხადებას აღსრულების შეჩერების შესახებ.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის მიერ ნ. თ-ის სააპელაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა კერძო საჩივრად და განსახილველად დაუბრუნდა ქ. თბილისის ისანი-სამგორის რაიონულ სასამართლოს. ქ. თბილისის ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 2004წ. 8 ივლისის განჩინებით ნ. თ-ის კერძო საჩივარი მიჩნეულ იქნა დაუსაბუთებლად და საქმის მასალებთან ერთად გადაეგზავნა საოლქო სასამართლოს.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 26 ივლისის განჩინებით ნ. თ-ის კერძო საჩივარი განუხილველად დარჩა.
ამასთან, ქ. თბილისის ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 2003წ. 17 იანვრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ნ. თ-ემ და მოითხოვა მისი გაუქმება.
თბილისის საოლქო სასამართლო სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 28 ნოემბრის განჩინებით ნ. თ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. ქ. თბილისის ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 2003წ. 17 იანვრის გადაწყვეტილება დარჩა უცვლელი.
სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნული განჩინება ნ. თ-ემ გაასაჩივრა საკასაციო წესით.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2004წ. 20 თებერვლის განჩინებით კასატორს დაუდგინდა ხარვეზი ბაჟის გადაუხდელობის გამო და დაევალა მისი გამოსწორება. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2004წ. 6 აპრილის განჩინებით კასატორ ნ. თ-ის საკასაციო საჩივარი, ხარვეზის გამოუსწორების გამო, დარჩა განუხილველი.
2004წ. 24 სექტემბერს ნ. თ-ემ განცხადებით მიმართა სააპელაციო სასამართლოს და მოითხოვა მისი სააპელაციო საჩივრის განმეორებით წარმოებაში მიღება, რადგან დაირღვა მისი უფლებები.
თბილისის საოლქო სასამართლო სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 1 დეკემბრის განჩინებით ნ. თ-ის განცხადება, სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღების შესახებ, მიჩნეულ იქნა დაუშვებლად.
განჩინებაში აღნიშნულია, რომ გადაწყვეტილება არის სასამართლო დადგენილება, რომლითაც საქმე წყდება არსებითად, თანახმად სსკ-ის 243-ე მუხლის პირველი პუნქტისა. ამავე კოდექსის 284-ე მუხლის მიხედვით, სასამართლოს დადგენილება, რომლითაც საქმე არსებითად არ წყდება, მიიღება განჩინების ფორმით. ცალკეულ შემთხვევებში დადგენილია ზოგიერთი განჩინებების გასაჩივრება სააპელაციო წესით. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ნ. თ-ის განცხადება მისი სააპელაციო საჩივრის განხილვის შესახებ უსაფუძვლოა რადგან არ არსებობს საქმეზე მიღებული დადგენილება (გადაწყვეტილება ან განჩინება), რომლის მიმართაც დადგენილია სააპელაციო საჩივრით გასაჩივრების წესი.
აღნიშნულ განჩინებაზე შეტანილ იქნა კერძო საჩივარი, რომელიც არ დაკმაყოფილდა და საქმის მასალებთან ერთად, თბილისის საოლქო სასამართლო სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 16 თებერვლის განჩინებით, გადაეგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოს.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატა საქმის მასალების განხილვის, კერძო საჩივრის მოტივების შემოწმების შედეგად თვლის, რომ ნ.თ-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
დადგენილია, რომ ნ. თ-ემ განმეორებით შეიტანა განცხადება საოლქო სასამართლოში და მოითხოვა 2004წ. 20 მაისის ¹300 სააპელაციო საჩივრის მიღება და 2003წ. 8 სექტემბერს ქ. თბილისის ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს მიერ გამოტანილი განჩინებისა და 2 თებერვლის სააღსრულებო ფურცლის გაუქმება. თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 1 დეკემბრის განჩინებით ნ. თ-ის განცხადება სააპელაციო საჩივრის მიღების შესახებ მიჩნეულ იქნა დაუშვებლად.
სსკ-ის 364-ე მუხლის თანახმად რაიონული (საქალაქო) სასამართლოს გადაწყვეტილება მხარეებმა და დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის უფლების მქონე მესამე პირებმა შეიძლება კანონით დადგენილ ვადებში გაასაჩივრონ საოლქო სასამართლოს სააპელაციო პალატაში, რომელიც არის სააპელაციო სასამართლო. საკასაციო პალატა თვლის, რომ ნ. თ-ემ არ მიმართა სასამართლოს კანონით დადგენილი წესით. კერძოდ, ნ. თ-ე სააპელაციო საჩივრით ითხოვს ქ. თბილისის ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 2003წ. 8 სექტემბრის განჩინებისა და სააღსრულებო ფურცლის გაუქმებას. აღნიშნული განჩინების გამოტანისას სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსკ-ის 263-ე მუხლით. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასამართლომ მიუთითა, რომ ამ განჩინებაზე შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა 12 დღეში განჩინების ჩაბარების მომენტიდან. საქართველოს სსკ-ის 414-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კერძო საჩივრის შეტანა შეიძლება სასამართლოს მიერ გამოტანილ განჩინებებზე, მხოლოდ ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში. ამავე კოდექსის 419-ე მუხლის პირველი ნაწილით, კერძო საჩივრის თაობაზე განჩინება გამოაქვს ზემდგომ სასამართლოს, ხოლო ამავე მუხლის მე-3 ნაწილით, ზემდგომ სასამართლოს განჩინება კერძო საჩივრის თაობაზე არ გასაჩივრდება. კერძოდ, ამის თაობაზეც ზემდგომი სასამართლოს მიერ მიღებულია განჩინება, რომელიც საბოლოოა და არ გასაჩივრდება. ამრიგად, აღნიშნული განჩინების სააპელაციო წესით გასაჩივრება არ არის გათვალისწინებული საპროცესო კოდექსით, სააპელაციო სასამართლომ სწორად მიიჩნია დაუშვებლად განცხადება სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღების შესახებ. ამდენად, კერძო საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსკ-ის 284-ე და 419-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ნ. თ-ეს უარი ეთქვას კერძო საჩივრის დაკამაყოფილებაზე.
უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 1 დეკემბრისა და 2005წ. 16 თებერვლის განჩინებები.
საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.