დატოვებულია უცვლელად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ას-315-719-06 21 სექტემბერი, 2006 წ.‚ ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატამ
შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),რ. ნადირიანი (მომხსენებელი),თ. თოდრია
დავის საგანი: სარჩელის უზრუნველყოფა.
აღწერილობითი ნაწილი:
ა. ქ-იამ სარჩელი აღძრა ისანი-სამგორის რაიონულ სასამართლოში უსინათლოთა საზოგადოების მიმართ და მოითხოვა 1998წ. 25 დეკემბერს რეგისტრირებული უსინათლოთა კავშირის წესდების გაუქმება და საზოგადოების შენობიდან კავშირის ხელმძღვანელობის გამოსახლება.
ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 2004წ. 11 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ა. ქ-იას სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ა. ქ-იამ და მოითხოვა მისი გაუქმება.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 25 იანვრის განჩინებით არ დაკმაყოფილდა ა. ქ-იას სააპელაციო საჩივარი, უცვლელად დარჩა რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2005წ. 11 ოქტომბრის განჩინებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა ა. ქ-იას საკასაციო საჩივარი, გაუქმდა სააპელაციო პალატის 2005წ. 25 იანვრის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს.
სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას ა. ქ-იამ წარადგინა განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ, რომლითაც მოითხოვა მოპასუხისათვის საქართველოს უსინათლოთა კავშირის მომდევნო საარჩევნო ყრილობის მოწვევისა და ჩატარების, აგრეთვე, ფინანსური ოპერაციების განხორციელების აკრძალვა საქმის გადაწყვეტამდე.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2006წ. 5 აპრილის განჩინებით არ დაკმაყოფილდა ა. ქ-იას განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების თაობაზე.
სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ, სსკ-ის 191-ე მუხლის თანახმად, მოსარჩელეს ევალება‚ განცხადებაში მიუთითოს იმ კონკრეტულ გარემოებებსა და ფაქტებზე, რომლებიც ადასტურებენ ვარაუდს, რომ უზრუნველყოფის ღონისძიების მიუღებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას. მოცემულ შემთხვევაში განმცხადებელი ვერ ასაბუთებს იმ ფაქტობრივ გარემოებებს, რომელთა გამოც უზრუნველყოფის ღონისძიების მიუღებლობა გაართულებს გადაწყვეტილების აღსრულებას. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მოთხოვნილი უზრუნველყოფის ღონისძიება (საქართველოს უსინათლოთა კავშირის მომდევნო საარჩევნო ყრილობის მოწვევისა და ჩატარების, აგრეთვე, ფინანსური ოპერაციების განხორციელების აკრძალვა) არ წარმოადგენს სასარჩელო მოთხოვნის (1998წ. 25 დეკემბერს რეგისტრირებულ უსინათლოთა კავშირის წესდების გაუქმებისა და საზოგადოების შენობიდან კავშირის ხელმძღვანელობის გამოსახლების) უზრუნველყოფის საშუალებას.
სააპელაციო პალატის 2006წ. 5 აპრილის განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა ა. ქ-იამ.
სააპელაციო პალატის 2006წ. 25 მაისის განჩინებით კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და საქმის მასალებთან ერთად გადმოიგზავნა უზენაეს სასამართლოში.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ განიხილა კერძო საჩივარი, გასაჩივრებული განჩინების სამართლებრივი დასაბუთებულობა და თვლის, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სსკ-ის 191-ე მუხლის თანახმად, მოსარჩელეს შეუძლია მიმართოს სასამართლოს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებით, რომელიც უნდა შეიცავდეს მითითებას იმ გარემოებებზე, რომელთა გამოც უზრუნველყოფის ღონისძიებათა მიუღებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას და შესაბამის დასაბუთებას, თუ უზრუნველყოფის რომელი ღონისძიების გატარება მიაჩნია მოსარჩელეს აუცილებლად. თუ სასამართლოს გაუჩნდება დასაბუთებული ვარაუდი, რომ უზრუნველყოფის ღონისძიების მიუღებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას, მას გამოაქვს განჩინება სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ.
იმ ფაქტობრივ გარემოებებზე მითითება, რომლებიც ადასტურებენ ვარაუდს უზრუნველყოფის ღონისძიებების გატარების აუცილებლობის შესახებ, ეკისრება განმცხადებელს.
კერძო საჩივრის ავტორი სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებების გატარების აუცილებლობის საფუძვლად მიუთითებს, რომ მისი ინფორმაციით საქართველოს უსინათლოთა კავშირის ხელმძღვანელობა აპირებს საარჩევნო ყრილობის მოწვევას 2006წ. 7 სექტემბრისათვის, რაც შეუძლებელს გახდის კავშირის კანონიერი ყრილობის მოწვევა-ჩატარებას. ამასთანავე, მისივე განმარტებით, საქართველოს უსინათლოთა კავშირის ხელმძღვანელობის მიერ საზოგადოების მართვა და ფინანსების განკარგვა ზიანს აყენებს საზოგადოების წევრებს.
სსკ-ის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს.
მოცემულ შემთხვევაში კერძო საჩივრის ავტორმა ვერ წარმოადგინა ვერც ერთი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა მისი მოთხოვნის საფუძვლიანობას.
სარჩელის უზრუნველყოფის მიზანია ისეთი ღონისძიების გამოყენება, რომელიც სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში არ გააძნელებს და შესაძლებელს გახდის მის აღსრულებას.
საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სასამართლომ მართებულად არ დააკმაყოფილა განცხადება, რადგან განმცხადებელმა ვერ დაასაბუთა უზრუნველყოფის ღონისძიების გატარების აუცილებლობა და განმცხადებლის მიერ მოთხოვნილი უზრუნველყოფის ღონისძიებების გატარება მოცემულ შემთხვევაში არ შეესაბამება სარჩელის უზრუნველყოფის მიზანს.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ არ არსებობს კერძო საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძვლები.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ის 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ა. ქ-იას კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006წ. 5 აპრილის განჩინება;
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება