გაუქმდა და დაუბრუნდა სასამართლოს
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
¹ ას-326-1001-03 16 სექტემბერი, 2003 წ., ქ.თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),რ. ნადირიანი,მ. წიქვაძე
სარჩელის საგანი: ვალის დაბრუნება.
აღწერილობითი ნაწილი:
ლ. გ.-მ სარჩელი აღძრა სასამართლოში ო. ს.-ის მიმართ და მოითხოვა 600 აშშ დოლარის გადახდა. სარჩელის საფუძვლად მოსარჩელემ მიუთითა, რომ მოპასუხის ოჯახს ასესხა 600 აშშ დოლარი ერთი წლის ვადით, რაზედაც სანოტარო წესით გაფორმდა სესხის ხელშეკრულება. სესხის ხელშეკრულების ვადა ამოიწურა 2001წ. 4 ოქტომბერს, მაგრამ მოპასუხე ვალს არ აბრუნებს.
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო იმ საფუძვლით, რომ ვალი მას არ აუღია, არამედ აიღო მისმა მეუღლემ და ნასესხები თანხა ოჯახს არ მოხმარებია.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2003წ. 15 იანვრის გადაწყვეტილებით ლ. გ.-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ.
სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ ქუთაისის საქალაქო სასამართლომ 2003წ. 15 იანვარს გამოიტანა დასაბუთებული გადაწყვეტილება და სსკ-ს 369-ე მუხლის შესაბამისად გადაწყვეტილების სააპელაციო წესით გასაჩივრების ვადა გავიდა 2003წ. 15 თებერვალს, ხოლო აპელანტმა საჩივარი შეიტანა 2003წ. 25 თებერვალს. აღნიშნული საფუძვლით ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2003წ. 10 მაისის განჩინებით ლ. გ.-ის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი დაუშვებლობის გამო.
2003წ. 10 მაისის განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა ლ. გ.-მ, რომელმაც მოითხოვა აღნიშნული განჩინების გაუქმება და სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღება.
კერძო საჩივრის ავტორი მიუთითებს, რომ მის მიერ არა არის გაშვებული გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადა. კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებით სასამართლო მოვალე იყო გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილში, სსკ-ს 369-ე მუხლის შესაბამისად დაეკონკრეტებინა ვადის დინების დასაწყისი გადაწყვეტილების გამოცხადებასა თუ ჩაბარებაზე მითითებით, მოცემულ შემთხვევაში კი არ არის მითითებული ვადის გასვლის მომენტის შესახებ.
კერძო საჩივრის ავტორი ასევე მიუთითებს, რომ სასამართლო სხდომის ოქმშიც არაა აღნიშნული გამოცხადდა დასაბუთებული გადაწყვეტილება, თუ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი, რაც მისი მოსაზრებით წარმოადგენს სსკ-ს 288-ე მუხლის მოთხოვნათა დარღვევას.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2003წ. 2 ივლისის განჩინებით კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და საქმის მასალებთან ერთად გადმოეგზავნა საქართვლოს უზენაეს სასამართლოს.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატა გაეცნო საქმის მასალებს, საკასაციო საჩივრის საფუძვლებს და თვლის, რომ კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სსკ-ს 288-ე მუხლის “მ” პუნქტის თანახმად ოქმი უნდა ასახავდეს საქმის განხილვის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების ყველა არსებით მომენტს, კერძოდ, სასამართლო სხდომის ოქმში უნდა აღინიშნოს ცნობები გადაწყვეტილების შინაარსის, მისი გასაჩივრების წესისა და ვადის განმარტების შესახებ.
ამავე კოდექსის 258-ე მუხლის ბოლო წინადადების თანახმად მოსამართლე, რომელმაც გამოაცხადა გადაწყვეტილება, განმარტავს გადაწყვეტილების შინაარსს, მისი გასაჩივრების წესსა და ვადას.
მითითებული ნორმების თანახმად, სასამართლო სხდომის ოქმში უნდა აისახოს საპროცესო მოქმედების ყველა არსებითი მომენტი. სხდომის ოქმი უნდა შეიცავდეს ინფორმაციას გამოცხადდა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი თუ დასაბუთებული გადაწყვეტილება პროცესის მონაწილეებს სასამართლო აქტით უნდა განემარტოთ გასაჩივრების ვადის შესახებ, რაც ასევე უნდა აისახოს სხდომის ოქმში. გასაჩივრების ვადის განმარტებაში იგულისხმება არა მხოლოდ ვადის მითითება, არამედ პროცესის მონაწილეებს ასევე უნდა ეცნობოთ ვადის დინების დასაწყისზე.
მოცემულ შემთხვევაში სასამართლო სხდომის ოქმი არ შეიცავს ინფორმაციას საპროცესო მოქმედების არსებით მომენტზე, კერძოდ, სხდომის ოქმში არ არის აღნიშნული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი გამოცხადდა თუ დასაბუთებული გადაწყვეტილება. არც სხდომის ოქმში და არც სასამართლო გადაწყვეტილებაში არ არის მითითებული გასაჩივრების ვადის დინების დასაწყისზე.
აღნიშნულის გამო, საკასაციო პალატა თვლის, რომ ვინაიდან გასაჩივრების უფლება მხარეებს განემარტათ კანონის მოთხოვნათა დარღვევით, გასაჩივრების ვადის დასაწყისად უნდა ჩაითვალოს მხარისათვის გადაწყვეტილების ასლის გადაცემის მომენტი.
მოცემულ შემთხვევაში საქმის მასალებით ირკვევა, რომ აპელანტს დასაბუთებული გადაწყვეტილება გადაეცა 2003წ. 28 იანვარს, ხოლო სააპელაციო საჩივარი მან შეიტანა 2003წ. 25 თებერვალს ე.ი. გადაცემიდან ერთი თვის ვადაში. აქედან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ მისი სააპელაციო საჩივარი დასაშვებია.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ს 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 412-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ლ. გ.-ის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს.
გაუქმდეს ამ საქმეზე ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2003წ. 10 მაისის განჩინება და საქმე განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.