დატოვებულია განუხილველად

სამოქალაქო 23.10.2006
საქმის ნომერი
ას-457-846-06
კატეგორია
დავის ტიპი
კერძო საჩივარი
თარიღი
23.10.2006

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

ას-457-846-06 23 ოქტომბერი, 2006 წ.‚ ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის

მოსამართლე ნ. კვანტალიანი

დავის საგანი: მშობლის უფლების ჩამორთმევა.

აღწერილობითი ნაწილი:

ი.ა-იანმა სარჩელი აღძრა სასამართლოში ს. ა-იანის მიმართ მშობლის უფლების ჩამორთმევის შესახებ შემდეგი საფუძვლებით: მხარეები იმყოფებოდნენ არარეგისტრირებულ ქორწინებაში, რა დროსაც შეეძინათ შვილი _ ს. ა-იანი. ¹I-....7 მოწმობით მოსარჩელის მამობა დადგენილია. 2004წ. აგვისტოს ს.ა-იანმა მოტყუებით მიატოვა ოჯახი და გაემგზავრა თურქეთში. მოსარჩელის არაერთგზის მცდელობის მიუხედავად, მოპასუხე აღარ დაბრუნებულა. ჯერ კიდევ საზღვარგარეთ გამგზავრებამდე ს.ა-იანი სისტემატურად არიდებდა თავს ბავშვზე ზრუნვას. აღნიშნულიდან გამომდინარე, ი.ა-იანმა მოითხოვა ს.ა-იანისათვის მათ საერთო შვილზე მშობლის უფლების ჩამორთმევა.

მოპასუხე სასამართლოში არ გამოცხადებულა.

რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2006წ. 16 თებერვლის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც ი.ა-იანმა გაასაჩივრა სააპელაციო წესით.

სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას ი.ა-იანმა განცხადებით მიმართა პალატას სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების სახით ქ.რუსთავში, ... ¹18-92-ში მდებარე ს.ა-იანის საცხოვრებელ ბინაზე ყადაღის დადების შესახებ. ამასთან, მხარემ იშუამდგომლა სასამართლოს წინაშე მტკიცებულებათა გამოთხოვის თაობაზე.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006წ. 16 ივნისის განჩინებებით ი.ა-იანის არც სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადება და არც შუამდგომლობა მტკიცებულებათა გამოთხოვის თაობაზე არ დაკმაყოფილდა. განჩინებების გასაჩივრების წესი მხარეებს განემარტათ.

საქმის მასალებში წარმოდგენილი ხელწერილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს ზემოხსენებული განჩინებები ი.ადამიანს ჩაჰბარდა 2006წ. 5 ივლისს. ამავეწ. 11 ივლისს ი.ა-იანმა ზემოხსენებულ განჩინებებზე შეიტანა კერძო საჩივარი, მოითხოვა მათი გაუქმება და თავის მოთხოვნათა დაკმაყოფილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006წ. 14 ივლისის განჩინებებით ი.ა-იანის კერძო საჩივარი ამავე სასამართლოს 2006წ. 16 ივნისის განჩინებებზე სარჩელის უზრუნველყოფასა და მტკიცებულებათა გამოთხოვაზე უარის თქმის შესახებ მიჩნეულ იქნა დაუშვებლად და საქმესთან ერთად განსახილველად გაეგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოს შემდეგი დასაბუთებით: სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ საქმის მასალებში წარმოდგენილი ხელწერილის თანახმად, ამავე პალატის 2006წ. 16 ივნისის განჩინებების ასლები ი.ა-იანს ჩაჰბარდა 2006წ. 5 ივლისს, რომლებზეც კერძო საჩივარი მხარემ შეიტანა ამავეწ. 11 ივლისს. სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსკ-ის 194-ე მუხლის მეხუთე ნაწილით და მიიჩნია, რომ კერძო საჩივარი ამავე სასამართლოს 2006წ. 16 ივნისის განჩინებაზე სარჩელის უზრუნველყოფაზე უარის თქმის შესახებ დაუშვებელია, ვინაიდან იგი შეტანილია მითითებული ნორმით გათვალისწინებული ვადის დარღვევით.

სააპელაციო პალატამ ასევე დაუშვებლად მიიჩნია ი.ა-იანის კერძო საჩივარი, რომლითაც მხარე ასაჩივრებდა სააპელაციო სასამართლოს განჩინებას განცხადებაზე მტკიცებულებათა გამოთხოვის შესახებ. პალატამ სსკ-ის 134-ე მუხლის მეოთხე ნაწილის, 377-ე, 404-ე და 414-ე მუხლების საფუძველზე ჩათვალა, რომ ზემოხსენებულ განჩინებაზე კერძო საჩივრის შეტანა არ დაიშვება.

საკასაციო სასამართლოში საქმის განხილვისას ი.ადამიანმა 2006წ. 2 აგვისტოს ¹ა-1465-06, 22 აგვისტოს ¹ვ-1036-06 და 18 ოქტომბრის ¹ა-1775-06 განცხადებებით მიმართა საკასაციო პალატას, რომელსაც დაურთო დამატებითი წერილობითი მტკიცებულებები‚ სულ _ 53 ფურცლად.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნია, რომ ი.ა-იანის კერძო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი შემდეგ გარემოებათა გამო:

სსკ-ის 401-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, საკასაციო საჩივრის შემოსვლიდან 10 დღის ვადაში მომხსენებელმა მოსამართლემ უნდა შეამოწმოს, შეტანილია თუ არა საკასაციო საჩივარი ამ კოდექსის 396-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით. ამავე კოდექსის 420-ე მუხლის მიხედვით, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. მითითებული ნორმების შინაარსიდან გამომდინარეობს, რომ კერძო საჩივრის დასაშვებობის საკითხი მომხსენებელი მოსამართლის მიერ განხილულ უნდა იქნეს ერთპიროვნულად.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006წ. 16 ივნისის განჩინებებით ი.ა-იანის განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ და შუამდგომლობა მტკიცებულებათა გამოთხოვის თაობაზე არ დაკმაყოფილდა. განჩინებების გასაჩივრების წესი მხარეებს განემარტათ.

საქმის მასალებში წარმოდგენილი ხელწერილის თანახმად, ი.ა-იანს სააპელაციო სასამართლოს ზემოხსენებული განჩინებების ასლები ჩაჰბარდა 2006წ. 5 ივლისს, ხოლო კერძო საჩივარი მითითებულ განჩინებებზე მხარემ შეიტანა ამავეწ. 11 ივლისს.

საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სავსებით სწორად გამოიყენა სსკ-ის 194-ე მუხლის მეხუთე ნაწილი მითითებული დროისათვის მოქმედი რედაქციით, რომლის თანახმად, სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში სასამართლოს გამოაქვს განჩინება სარჩელის უზრუნველყოფაზე უარის თქმის შესახებ. ასეთ შემთხვევაში სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა იმავე საგანზე იმავე საფუძვლით დაუშვებელია. უარის თქმის შესახებ სასამართლოს განჩინებაზე შეიძლება შეტანილ იქნეს კერძო საჩივარი ხუთი დღის ვადაში. ამ ვადის გაგრძელება არ შეიძლება და დენა იწყება უარის თქმის შესახებ განჩინების მოსარჩელისათვის გადაცემის მომენტიდან. აღნიშნული ნორმის შინაარსიდან გამომდინარეობს, რომ სარჩელის უზრუნველყოფაზე უარის თქმის განჩინებაზე, ამ განჩინების ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში, მხარეს შეუძლია კერძო საჩივრის შეტანა. მოცემულ შემთხვევაში ი.ა-იანს სარჩელის უზრუნველყოფაზე უარის თქმის განჩინება ჩაჰბარდა 2006წ. 5 მაისს, კერძო საჩივარი კი მან შეიტანა 11 ივლისს, კანონით დადგენილი ხუთდღიანი ვადის გასვლის შემდეგ, რის გამოც სააპელაციო სასამართლომ მისი კერძო საჩივარი მართებულად დატოვა განუხილველად.

საკასაციო პალატა ასევე იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასაბუთებას მტკიცებულებათა გამოთხოვაზე უარი თქმის შესახებ ამავე სასამართლოს 2006წ. 16 ივნისის განჩინებაზე შეტანილი ი.ა-იანის კერძო საჩივრის დაუშვებლობის შესახებ. აღნიშნულთან დაკავშირებით სააპელაციო სასამართლომ სავსებით მართებულად განმარტა სკ-ის 134-ე მუხლის მეოთხე ნაწილი და 414-ე მუხლი, რომელთა შესაბამისად, წერილობითი მტკიცებულების გამოთხოვაზე უარის თქმა სასამართლომ უნდა დაასაბუთოს თავის განჩინებაში, რომელიც ცალკე არ გასაჩივრდება. ამასთან, კერძო საჩივრის შეტანა შეიძლება სასამართლოს მიერ გამოტანილ განჩინებებზე, მხოლოდ ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში. ამდენად, აღნიშნულ ნორმათა სამართლებრივი ანალიზი ცხადყოფს, რომ წერილობითი მტკიცებულების გამოთხოვაზე უარის თქმის განჩინებაზე კერძო საჩივრის შეტანა დაუშვებელია, რის გამოც ი.ა-იანის კერძო საჩივარი ამ ნაწილში უნდა დარჩეს განუხილველი.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინებები მიღებულია კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით და მათი გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს.

რაც შეეხება ი.ა-იანის მიერ 2006წ. 2, 22 აგვისტოსა და 18 ოქტომბრის განცხადებებზე თანდართულ წერილობით მტკიცებულებებს, ისინი მხარეს უკან უნდა დაუბრუნდეს, რადგან, სსკ-ის 407-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში ან საქმის მასალებში. აღნიშნული ნორმის შინაარსიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო სასამართლოში ახალ ფაქტებზე მითითება და ახალი მტკიცებულებების წარმოდგენა არ დაიშვება. ამდენად, ი.ადამიანის განცხადებაზე თანდართული წერილობითი მტკიცებულებები, სულ 53 ფურცელი, კერძო საჩივრის ავტორს უნდა დაუბრუნდეს.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსკ-ის 419-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

ი.ა-იანის კერძო საჩივარი დარჩეს განუხილველი.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006წ. 16 ივნისის განჩინებები დარჩეს უცვლელი.

ი.ა-მიანის მიერ 2006წ. 2, 22 აგვისტოსა და 18 ოქტომბრის განცხადებებზე თანდართული წერილობითი მტკიცებულებები 53 ფურცლად დაუბრუნდეს კერძო საჩივრის ავტორს.

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.