დატოვებულია უცვლელად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
ას 467-778-05 22 ივნისი, 2005
ქ.თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),თ. თოდრია (მომხსენებლი),რ. ნადირიანი
დავის საგანი: თანხის დაკისრება.
აღწერილობითი ნაწილი:
შ. ს-იშვილმა სარჩელით მიმართა სასამართლოს ა. თ-შვილის წინააღმდეგ.
მოსარჩელემ მიუთითა, რომ 1958 წელს ა. თ-შვილისგან 35000 მანეთად შეიძინა იზოლირებული სათავსო მიწის ნაკვეთთან ერთად. 1962-1965 წლებში სათავსოს გაუკეთდა რეკონსტრუქცია, სათავსო გახადეს კაპიტალური, მიაშენეს მეორე ოთახი დერეფნით, გაიყვანეს განათება, გათბობა, გაზი, კანალიზაცია, მთლიანად ააშენეს ლიტ „ბ“ ნაგებობა, რომელიც დღეისათვის არაკანონიერად არის აღრიცხული მოპასუხის საკუთრებად.
ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2003წ. 6 ივნისის გადაწყვეტილებით შ. ს-იშვილის სარჩელი ა. თ-შვილისათვის 33750 აშშ დოლარის დაკისრების შესახებ არ დაკმაყოფილდა.
ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2003წ. 6 ივნისის გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი შეიტანა შ. ს-იშვილმა.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 16 ივნისის საოქმო განჩინებით საქმის წარმოება შეჩერდა „საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანამდე.
სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნული საოქმო განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა თ. თ-შვილმა და მ. შ-შვილმა, რომლითაც მოითხოვეს გასაჩივრებული საოქმო განჩინების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება იმ საფუძვლით, რომ შ. ს-იშვილი უზენაესი სასამართლოს განჩინებით ცნობილია ჩვეულებრივ მდგმურად და იგი სარჩელით ითხოვს ქონების გაუმჯობესების შედეგად გაწეული ხარჯების ანაზღაურებას.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 15 მარტის განჩინებით თ. თ-შვილისა და მ. შ-შვილის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. კერძო საჩივარი საქმის მასალებთან ერთად გადაეგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოს.
სამოტივაციო ნაწილი:
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 16 ივნისის საოქმო განჩინებით მოცემული საქმის განხილვა შეჩერდა «საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანამდე.
«საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ” საქართველოს კანონის მე-8 მუხლის თანახმად, კანონში ცვლილებების განხორციელებამდე სასამართლოს მიერ შეჩერებულ იქნა მესაკუთრესა და მოსარგებლეს შორის საცხოვრებელ სადგომთან დაკავშირებული დავები.
საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საოლქო სასამართლოს მიერ სწორად იქნა შეჩერებული საქმის განხილვა აღნიშნულ კანონში ცვლილებების შეტანამდე და ვერ დაეთანხმება კერძო საჩივრის ავტორების მოსაზრებას, რომ საქმის წარმოება არ უნდა შეჩერებულიყო.
სსკ-ის 283-ე მუხლის თანახმად, საქმის წარმოება განახლდება იმ გარემოებათა აცილების შემდეგ, რომლებმაც გამოიწვია წარმოების შეჩერება. წარმოების განახლების შემდეგ საქმის განხილვა ხდება საერთო წესით.
საკასაციო პალატას მიაჩნია, ვინაიდან მოცემულ საქმეზე გამოყენებული უნდა ყოფილიყო «საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ” საქართველოს კანონი და ამ კანონში უკვე შესულია ცვლილებები სააპელაციო სასამართლომ უნდა განაახლოს საქმის წარმოება.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ის 283-ე, 419 და 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
მ. შ-შვილის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 16 ივნისის საოქმო განჩინება და საქმე განსახილველად დაუბრუნდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს შესაბამის პალატას.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.