დატოვებულია უცვლელად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
¹ ას-472-859-06 ¹ ას-472-859-06 23 ოქტომბერი, 2006 წ.‚ ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე),ნ. კვანტალიანი (მომხსენებელი),მ. ცისკაძე
დავის საგანი: უძრავი ნივთის მესაკუთრედ ცნობა.
აღწერილობითი ნაწილი:
ლ. კ-ძემ სარჩელი აღძრა სასამართლოში ვ., ი., ზ. და მ. ბ-ძეების მიმართ უძრავი ნივთის მესაკუთრედ ცნობის შესახებ შემდეგი საფუძვლებით: 1934 წელს მოსარჩელესა და რ. ლ-ოს შორის დაიდო ხელშეკრულება ქ.თბილისში, ... მდებარე საცხოვრებელი სახლის ორი ოთახის ნასყიდობაზე, რის შედეგად მოსარჩელე თავის ოჯახთან ერთად დასახლდა ხსენებულ მისამართზე. მოგვიანებით რ.ლ-ოს კუთვნილი ფართი შეიძინა ნ. ბ-ძემ, რომელმაც კ-ძეების უფლება მითითებულ ორ ოთახზე აღიარა. 1959 წელს მოსარჩელემ ნ. და ა. ბ-ძიეებისაგან 70 000 მანეთად შეიძინა კიდევ ერთი ოთახი, რის სანაცვლოდ დაუთმო მათ თავისი სარდაფი. მოსარჩელის ოჯახმა აღნიშნულ სამ ოთახს ჩაუტარა კაპიტალური რემონტი, მიაშენა აივანი. ნ. და ა. ბ-ძეები პირდებოდნენ ლ.კ-ძეს ფართის კანონმდებლობის თანახმად, მის სახელზე აღრიცხვას, თუმცა მათ სიცოცხლეში აღნიშნული ვერ მოხერხდა, გარდაცვალების შემდგომ კი მათმა მემკვიდრეებმა კუთვნილი ოთახების გადაფორმებაზე მხარეს უარი განუცხადეს. ლ.კ-ძის განმარტებით, სადავო ფართის ნასყიდობის დამადასტურებელი მასალები ინახებოდა მის მეუღლესათან, რომლის გარდაცვალების შემდეგ აღნიშნული დოკუმენტები დაიკარგა. ამდენად, მოსარჩელემ მოითხოვა ქ.თბილისში, ... მდებარე სახლთმფლობელობის სამ ოთახზე მესაკუთრედ ცნობა.
მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს და შეგებებული სარჩელით მიმართეს სასამართლოს ლ.კ-ძის მიმართ და მოითხოვეს მოპასუხის ერთ-ერთი ოთახიდან გამოსახლება, მისთვის ბინის ქირის დაწესება და ძირითადი სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
ქ.თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2003წ. 11 თებერვლის გადაწყვეტილებით შეგებებული სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ლ. კ-ძეს დაეკისრა ე. კ-ძის, ი. და მ. ბ-ძეების სასარგებლოდ 1999წ. მარტიდან ყოველთვიურად ბინის ქირის _ 0,9 ლარის გადახდა, ხოლო ლ.კ-ძის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება ლ. კ-ძემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 28 იანვრის განჩინებით საქმის წარმოება შეჩერდა «საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ» კანონში ცვლილებების განხორციელებამდე. ამავე სასამართლოს 2005წ. 16 სექტემბრის განჩინებით საქმის წარმოება განახლდა.
2005წ. 18 ნოემბერს ლ.კ-ძემ წარმოადგინა დაზუსტებული სააპელაციო საჩივარი, რომლის ასლი მოწინააღმდეგე მხარეს სხდომაზევე გადაეცა და იმავე დღეს საქმის წარმოება კვლავ შეჩერდა სასამართლო სასაქონლო ექსპერტიზის ჩატარებამდე.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2006წ. 9 თებერვლის განჩინებით საქმის წარმოება კვლავ განახლდა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006წ. 10 ივლისის სხდომაზე ი. და მ. ბ-ძეებმა, ასევე ე. კ-ძემ წარმოადგინეს შეგებებული სააპელაციო საჩივარი და მოითხოვეს მისი წარმოებაში მიღება. ამავე სხდომაზე გამოტანილი განჩინებით შეგებებული სააპელაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დაუშვებლად და მისი შეტანის 10 დღიანი ვადის დარღვევის გამო დარჩა განუხილველი.
სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე ი. და მ. ბ-ძეებმა, ასევე ე. კ-ძემ შეიტანეს კერძო საჩივარი, მოითხოვეს მისი გაუქმება, შეგებებული სააპელაციო საჩივრის წარდგენის ვადის გასვლის საპატიოდ ცნობა, მისი აღდგენა და შეგებებული სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღება შემდეგი საფუძვლებით: ლ.კ-ძის დაზუსტებული სააპელაციო საჩივარი მოწინააღმდეგე მხარეს ჩაჰბარდა 2006წ. 27 ივნისის სასამართლო სხდომაზე. ამდენად, სასამართლოს კანონით დადგენილი ათდღიანი ვადა ამ დროიდან უნდა აეთვალა. აღნიშნული ვადა ამოიწურა 2006წ. 7 ივლისს, როდესაც ი. და მ. ბ-ძეების დედის _ ე. კ-ძის ავადმყოფობის გამო მათ ვერ შეძლეს შეგებებული სააპელაციო საჩივრის დროულად წარდგენა, 8-9 ივლისი დაემთხვა დასვენების დღეებს, რის გამოც საბოლოოდ შეგებებული სააპელაციო საჩივარი შეტანილ იქნა 10 ივლისს. კერძო საჩივარს დაერთო ცნობა, რომლის თანახმად, 2006წ. 5 ივლისს ე.კ-ძე იმყოფებოდა ექიმის ამბოლატორიულ მიღებაზე და დაენიშნა წოლითი რეჟიმი.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006წ. 27 ივლისის განჩინებით ი., მ. ბ-ძეებისა და ე. კ-ძის კერძო საჩივარი განსახილველად გაეგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოს შემდეგ გარემოებათა გამო: სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ლ.კ-ძის დაზუსტებული სააპელაციო საჩივრის მოწინააღმდეგე მხარისათვის 2006წ. 27 ივნისს ჩაბარების შესახებ კერძო საჩივრის ავტორთა მითითების გათვალისწინების შემთხვევაშიც სადავო შეგებებული სააპელაციო საჩივარი შეტანილ იქნა კანონით დადგენილი 10 დღიანი ვადის დარღვევით. სააპელაციო პალატის განმარტებით, მართალია, სსკ-ის 65-ე მუხლი ითვალისწინებს საპატიო მიზეზის არსებობისას საპროცესო მოქმედების შესრულების ვადის აღდგენის შესაძლებლობას, თუმცა ამავე კოდექსის 66-ე მუხლი ადგენს, რომ განცხადება საპროცესო ვადის აღდგენის შესახებ შეტანილ უნდა იქნეს ამ ვადის გასვლამდე, წინააღმდეგ შემთხვევაში კი სასამართლო განცხადებას მიიღებს, თუ ცნობს, რომ განცხადების შეუტანლობა მოხდა საპატიო მიზეზით. პალატამ მიუთითა ამავე კოდექსის 67-ე მუხლით დადგენილ განცხადების სავალდებულო წერილობით ფორმაზე და მიიჩნია, რომ კერძო საჩივრის ავტორებს შეგებებული სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადის გასვლამდე აღნიშნული ვადის აღდგენის შესახებ განცხადება არ შეუტანიათ და არც იმ საპატიო გარემოებაზე მიუთითებით, რის გამოც განცხადება დროულად ვერ შეიტანეს. ამასთან, სასამართლომ არ გაიზიარა მხარის განმარტება სადავო ვადის აღსადგენად განცხადების შეუტანლობის საპატიო მიზეზად კერძო საჩივრის ერთ-ერთ ავტორ ე. კ-ძის ავადმყოფების დასახელების შესახებ. ამდენად, სააპელაციო სასამართლომ ჩათვალა, რომ კერძო საჩივრის ავტორებმა მათი მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლის დასაბუთება ვერ შეძლეს.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ი., მ. ბ-ძეებისა და ე. კ-ძის კერძო საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
ქ.თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2003წ. 11 თებერვლის გადაწყვეტილებით ე. კ-ძის, ი. და მ. ბ-ძეების შეგებებული სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ლ. კ-ძეს დაეკისრა ე. კ-ძის, ი. და მ. ბ-ძეების სასარგებლოდ 1999წ. მარტიდან ყოველთვიურად ბინის ქირის _ 0,9 ლარის გადახდა, ხოლო ლ.კ-ძის სარჩელს უარი ეთქვა დაკმაყოფილებაზე, რაც ამ უკანასკნელმა გაასაჩივრა სააპელაციო წესით.
საქმის სააპელაციო სასამართლოში განხილვისას, 2005წ. 18 ნოემბერს, ლ.კ-ძემ წარადგინა დაზუსტებული სააპელაციო საჩივარი, რომელიც მიღებულ იქნა წარმოებაში. 2005წ. 18 ნოემბრის სასამართლო სხდომის ოქმით დასტურდება, რომ დაზუსტებული სააპელაციო საჩივრის ასლი მოწინააღმდეგე მხარეს სხდომაზე ჩაბარდა და იმავე დღეს საქმის წარმოება შეჩერდა.
2006წ. 9 თებერვალს საქმის წარმოების განახლების შემდეგ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006წ. 10 ივლისის სხდომაზე ი. და მ. ბ-ძეებმა, ასევე, ე. კ-ძემ წარმოადგინეს შეგებებული სააპელაციო საჩივარი და მოითხოვეს მისი წარმოებაში მიღება.
სსკ-ის 379-ე მუხლის პირველი წინადადების თანახმად, მოწინააღმდეგე მხარეს შეუძლია სააპელაციო საჩივრის გადაცემიდან 10 დღის ვადაში წარადგინოს შეგებებული სააპელაციო საჩივარი, მიუხედავად იმისა, განცხადებული აქვს თუ არა უარი სააპელაციო საჩივრის შეტანაზე. მითითებული ნორმის სამართლებრივი ანალიზი ცხადყოფს, რომ შეგებებული სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადაა 10 დღე და იგი აითვლება ძირითადი სააპელაციო საჩივრის გადაცემიდან.
მოცემულ შემთხვევაში საქმის მასალებით ირკვევა, რომ სააპელაციო სასამართლოს 2005წ. 18 ნოემბრის სხდომაზე წარდგენილი ლ.კ-ძის დაზუსტებული სააპელაციო საჩივარი მოწინააღმდეგე მხარეს იმავე სხდომაზე ჩაჰბარდა.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 18 ნოემბრის განჩინებით მოცემული საქმის წარმოება სასამართლო სასაქონლო ექსპერტიზის ჩატარებამდე შეჩერდა და ამავე პალატის 2006წ. 9 თებერვლის განჩინებით კვლავ განახლდა.
სსკ-ის 62-ე მუხლის თანახმად, ყველა დაუმთავრებელი საპროცესო ვადა შეჩერდება საქმის წარმოების შეჩერებით. წარმოების განახლების დღიდან საპროცესო ვადის დენა განახლდება. ამდენად, მითითებული ნორმის თანახმად, შეგებებული სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადა 2005წ. 18 ნოემბერიდან 2006წ. 9 თებერვლამდე შეჩერებული იყო. მხარეთა მიერ შეგებებული სააპელაციო საჩივარი სასამართლოში წარდგენილ იქნა 2006წ. 10 ივლისს, რაც ადასტურებს, რომ მხარემ შეგებებული სააპელაციო საჩივარი კანონით დადგენილი ათდღიანი ვადის დარღვევით შეიტანა.
საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას იმის შესახებ, რომ შეგებებული სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადა დარღვეულად ჩაითვლებოდა მაშინაც, თუ სასამართლო გაიზიარებდა ი., მ. ბ-ძეებისა და ე. კ-ძის მითითებას მათთვის ლ.კ-ძის დაზუსტებული სააპელაციო საჩივრის 2006წ. 27 ივნისს ჩაბარების შესახებ, ვინაიდან აღნიშნული თარიღიდან ვადის ათვლის შემთხვევაშიც შეგებებული სააპელაციო საჩივრის შეტანის სადავო ვადა მხარის მიერ გაშვებულია.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად გამოიყენა და განმარტა სსკ-ის ნორმები, ამდენად, გასაჩივრებული განჩინება კანონიერია და მისი გაუქმების იურიდიული საფუძველი არ არსებობს, ხოლო ი., მ. ბ-ძეებისა და ე. კ-ძის კერძო საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ის 419-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ი., მ. ბ-ძეებისა და ე. კალანდაძის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006წ. 10 და 27 ივლისის განჩინებები დარჩეს უცვლელი.
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.