დატოვებულია უცვლელად

სამოქალაქო 21.07.2004
საქმის ნომერი
ას-497-770-04
კატეგორია
დავის ტიპი
კერძო საჩივარი
თარიღი
21.07.2004

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

ას-497-770-04 21 ივლისი, 2004 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. ახალაძე (თავმჯდომარე),მ. ცისკაძე,ქ. გაბელაია

დავის საგანი: სახელშეკრულებო ურთიერთობებიდან გამომდინარე დავალიანების თანხების იძულებითი გადახდევინება.

აღწერილობითი ნაწილი:

ზ. მ.-მ 1999 წელს ხელშეკრულებები გააფორმა ცეკავშირის შპს “ს.-ის” დეპარტამენტის ადმინისტრაციასთან და ცეკავშირის გამგეობასთან იურიდიული მომსახურეობის გაწევის თაობაზე. იმის გამო, რომ ამ ორგანიზაციებმა არ გადაუხადეს ზ.მ.-ს შეპირებული საზღაური, მან 2004წ. 12 თებერვალს სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხე საქართველოს სამომხმარებლო კოოპერაციის ალიანსი _ ცეკავშირის გამგეობისა და ცეკავშირის შპს “ს.-ის” დეპარტამენტის მიმართ და სახელშეკრულებო ვალდებულებებიდან გამომდინარე მოითხოვა მის სასარგებლოდ მოპასუხეებზე 5066982 ლარის დაკისრება.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო და სამეწარმეო საქმეთა კოლეგიის 2004წ. 25 თებერვლის განჩინებით ზ. მ.-ის სარჩელი უმოძრაოდ იქნა დატოვებული სახელმწიფო ბაჟის გადაუხდელობის გამო, მოსარჩელეს მიეცა 5 დღიანი ვადა ხარვეზის შესავსებად.

2004წ. 19 მარტს ზ. მ.-მ განცხადებით მიმართა სასამართლო კოლეგიას და მოითხოვა, სხვა სამოქალაქო საქმეზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილი ჩაეთვალოს ამ საქმეზე გადახდილად და ბაჟის დარჩენილი ნაწილის გადახდა გადაედოს, რადგან მძიმე ეკონომიური პირობები გააჩნია.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო და სამეწარმეო საქმეთა კოლეგიის 2004წ. 22 მარტის განჩინებით მოსარჩელე ზ.მ.-ის განცხადება რა დაკმაყოფილდა. ზ.მ.-ის სარჩელი დარჩა უმოძრაოდ. ეს განჩინება დასაბუთებულია იმით, რომ სსკ-ის 135-ე მუხლის შესაბამისად წერილობითი მტკიცებულება მხარის მიერ წარმოდგენილი უნდა იყოს დედნის სახით. მოსარჩელის მიერ სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის ქსეროასლით ირკვევა, რომ სახელმწიფო ბაჟი 250 ლარის ოდენობით გადახდილია 2003წ. 27 მაისს, რაც სასამართლო კოლეგიამ ვერ მიიღო მხედველობაში და შესაბამისად ვერ იმსჯელა დარჩენილი ნაწილის გადავადებაზე. სასამართლო კოლეგიამ სსკ-ის 185-ე მუხლის შესაბამისად მიიჩნია, რომ სარჩელი უმოძრაოდ უნდა დარჩენილიყო.

ზ. მ.-მ კერძო საჩივარი შეიტანა ზემოაღნიშნულ განჩინებაზე, რომლითაც მოითხოვა სამოქალაქო და სამეწარმეო საქმეთა კოლეგიის 2004წ. 22 მარტის განჩინების გაუქმება და სახელმწიფო ბაჟის ნაწილის გადახდის გადავადება საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო და სამეწარმეო საქმეთა კოლეგიის 2004წ. 28 აპრილის განჩინებით არ დაკმაყოფილდა ზ.მ.-ის კერძო საჩივარი და სსკ-ის 417-ე მუხლის შესაბამისად საქმის მასალებთან ერთად გადაეგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოს.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა კერძო საჩივრის მოტივები და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ზ. მ.-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოებების გამო:

როგორც საქმის მასალებით ირკვევა, ზ. მ.-მ სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხე საქართველოს სამომხმარებლო კოოპერაციის ალიანსი _ ცეკავშირის გამგეობისა და ცეკავშირის შპს “ს.-ის” დეპარტამენტის მიმართ და სახელშეკრულებო ვალდებულებებიდან გამომდინარე მოითხოვა მის სასარგებლოდ მოპასუხეებზე 5066982 ლარის დაკისრება. იმის გამო, რომ ზ.მ.-მ სასამართლო კოლეგიის მიერ მითითებულ ვადაში არ გადაიხადა სახელმწიფო ბაჟი, თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო და სამეწარმეო საქმეთა კოლეგიის 2004წ. 22 მარტის განჩინებით მოსარჩელე ზ.მ.-ის განცხადება არ დაკმაყოფილდა და ზ.მ.-ის სარჩელი დარჩა უმოძრაოდ.

საკასაციო პალატა თვლის, რომ სასამართლო კოლეგიამ სწორად მიიჩნია ზ.მ.-ის კერძო საჩივარი დაუშვებლად, რადგან მას არ გადაუხდია კერძო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟი სსკ-ის 38-ე მუხლის “თ” ქვეპუნქტის შესაბამისად. ამავე კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის “დ” ქვეპუნქტის მოთხოვნაა, რომ სახელმწიფო ბაჟის ოდენობა დამოკიდებულია დავის საგნის ღირებულებაზე და შეადგენს კერძო საჩივრისათვის სადავო საგნის ღირებულების 1,5 პროცენტს.

სასამართლო კოლეგიამ უსაფუძვლოდ მიიჩნია ზ.მ.-ის მითითება სხვა სამოქალაქო საქმის, კერძოდ საქმე ¹2/ა-117-03 მასალებიდან სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითრების ამოღების შესახებ და დარჩენილი სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების თაობაზე. სსკ-ის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად საოლქო სასამართლოს კოლეგიის ან პალატის მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დამატებითი და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია. საკასაციო პალატა თვლის, რომ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ზ.მ.-ს დასაბუთებული და დამატებითი საკასაციო პრეტენზია არ წარმოუდგენია.

ყოველივე ზემოაღნიშნული მიუთითებს იმაზე, რომ სასამართლო კოლეგიას მოცემული დავის განხილვისას კანონი არ დაურღვევია, რის გამოც არ არსებობს ზ. მ.-ის კერძო საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ის 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

ზ. მ.-ის კერძო საჩივარი თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო და სამეწარმეო საქმეთა კოლეგიის 2004წ. 22 მარტისა და 28 აპრილის განჩინებებზე არ დაკმაყოფილდეს.

საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

განჩინების ასლი გაეგზავნოს ზ. მ.-ს.