დატოვებულია უცვლელად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
ას-622-891-04 30 დეკემბერი, 2004 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. ახალაძე (თავმჯდომარე),მ. ცისკაძე (მომხსენებელი),ქ. გაბელაია
კერძო საჩივრის მოთხოვნა: სააპელაციო პალატის განჩინების გაუქმება და საქმეში დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით მესამე პირად სს „ბ.-ის“ ქუთაისის ფილიალის ჩართვა; დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე მესამე პირად ფინანსთა სამინისტროს ჩაბმა.
აღწერილობითი ნაწილი:
შპს „ს.-მ“ 2001წ. 30 ივლისს ჩატარებულ აუქციონზე შეიძინა სს „ქ.-ის“ უძრავ-მოძრავი ქონება, რომელიც აღირიცხა მის საკუთრებაში. სს „ქ.-მ“ სარჩელი აღძრა ვანის რაიონულ სასამართლოში მოპასუხე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს იმერეთის სააღსრულებო ბიუროს ვანის რაიონული სასამართლო აღმასრულებლის მიმართ და მოითხოვა 2001წ. 30 ივლისს ჩატარებული აუქციონის შედეგების ბათილად ცნობა, მოსარჩელემ მოითხოვა ასევე სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით შპს „ს.-ს“ უძრავ-მოძრავი ქონების დაყადაღება, რომელიც შეძენილ იქნა შპს „ს.-ის“ მიერ 2001წ. 30 ივლისის აუქციონზე. იმერეთის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებელმა ვანის რაიონული სასამართლოს 2003წ. 15 ივლისის განჩინების საფუძველზე 2003წ. 23 ივლისს აღწერა და ყადაღა დაადო შპს „ს.-ის“ მთელ უძრავ-მოძრავ ქონებას.
შპს „ს.-ის“ წარმომადგენლებმა 2003წ. 29 ივლისს სარჩელი აღძრეს ვანის რაიონულ სასამართლოში მოპასუხე იმერეთის სააღსრულებო ბიუროს ქუთაისის აღმასრულებელი მ. გ.-ის, სს „ქ.-ის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ა.ლ.-ის მიმართ და მოითხოვეს შპს „ს.-ის“ იმ ქონების ყადაღისაგან გათავისუფლება, რომელიც შეძენილი არ არის 2001წ. 30 ივლისის აუქციონზე.
ვანის რაიონული სასამართლოს 2003წ. 29 აგვისტოს გადაწყვეტილებით შპს „ს.-ის“ სარჩელი დაყადაღებული ქონების ყადაღისაგან განთავისუფლებისა და აღწერის აქტიდან მათი ამორიცხვის შესახებ დაკმაყოფილდა. 2003წ. 23 ივლისის ქონების აღწერისა და დაყადაღების აქტიდან ამოღებულ იქნა შპს „ს.-ის“ შემდეგი ქონება: ღვინის ჩამოსასხმელი ხაზი დიატომიტის ფილტრი, ღვინის გამაციებელი ხაზი, ფილტპრესი ღვინის პასტელიზატორი კომპლექსი, ემალის რეზერვუალი 10 ცალი 15 ტონიანი, ემალის რეზერვუალი 8 ცალი, ვერტიკალური ცისტერნა ემალის 7 ცალი, ცისტერნა 20 ტონიანი 11 ცალი, უჟანგავი ცისტერნა დაგრევი, 156 ტონა ღვინო ალადასტური, 10 ტონა თეთრი ღვინო.
რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი შეიტანა სს „ქ.-ის“ წარმომადგენელმა. ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 3 მაისის სასამართლოს მთავარ სხდომაზე აპელანტის წარმომადგენელმა იშუამდგომლა საქმეში მესამე პირებად სს „ბ.-ისა“ და ფინანსთა სამინისტროს ჩაბმა იმ მოტივით, რომ სადავო ქონება იპოთეკით დატვირთულია სს „ბ.-ის“ ქუთაისის ფილიალის მიერ. ფინანსთა სამინისტრომ კი სკ-ის 309-ე მუხლის თანახმად მიყენებული ზიანისათვის უნდა აგოს პასუხი.
მოწინააღმდეგე მხარე არ დაეთანხმა შუამდგომლობას და მოითხოვა მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 3 მაისის განჩინებით არ დაკმაყოფილდა სს „ქ.-ის“ წარმომადგენლის შუამდგომლობა საქმეში მესამე პირებად სს „ბ.-ის“ ქუთაისის ფილიალისა და ფინანსთა სამინისტროს ჩაბმის შესახებ უსაფუძვლობის გამო. სააპელაციო პალატის განჩინება დასაბუთებულია იმით, რომ სსკ-ის 89-ე მუხლის თანახმად, მესამე პირები საქმეში დაიშვება იმ შემთხვევაში, თუკი სასამართლო გადაწყვეტილებას ამ საქმეზე შეუძლია შემდგომში გავლენა მოახდინოს მის უფლებებსა და მოვალეობებზე. სკ-ის 90-ე მუხლის თანახმად, მესამე პირი დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე შეიძლება ჩაბმულ იქნეს საქმეში ერთ-ერთი მხარის ინიციატივითაც.
მოცემულ შემთხვევაში დავის საგანს წარმოადგენს შპს „ს.-ისა“ და სხვა იურიდიულ პირთა ქონების ყადაღისაგან გათავისუფლება, ხოლო ამ საქმეზე გამოტანილმა გადაწყვეტილებამ არ შეიძლება გავლენა მოახდინოს სს „ბ.-ის“ უფლებებსა და მოვალეობებზე, რადგან შპს „ს.-ს“ მის მიმართ წარმოშობილი აქვს სხვა ვალდებულებები, რასაც კავშირი არა აქვს მოცემულ დავასთან, ბანკსა და შპს „ს.-ს“ შორის წარმოშობილი ურთიერთობა სხვა დავის საგანს წარმოადგენს, რაც არ შეიძლება მოცემულ დავასთან ერთად გადაწყდეს.
სასამართლომ არ დააკმაყოფილა მხარის მოთხოვნა საქმეში მესამე პირად ფინანსთა სამინისტროს ჩაბმის შესახებაც, რადგან სკ-ის 309-ე მუხლში მითითებული ზიანი, თუკი მას სახელმწიფოს ბრალით მიადგება, უფლებამოსილია სასარჩელო წარმოების წესით უზრუნველყოს დარღვეული უფლების დაცვა.
სს „ქ.-ის“ დირექტორმა კერძო საჩივარი შეიტანა სააპელაციო პალატის განჩინებაზე, მოითხოვა მისი გაუქმება და საქმეში მესამე პირად დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით სს „ბ.-ის“ ქუთაისის ფილიალის ჩართვა, ხოლო დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე ფინანსთა სამინისტროს ჩართვა; მისი კერძო საჩივარი ეფუძნება შემდეგ მოტივებს:
სს „ბ.-ის“ ქუთაისის ფილიალის მიერ 2002წ. 7 მაისს იპოთეკით დაიტვირთა შპს „ს.-ს“ ქონება 40000 აშშ დოლარად. სასამართლოს გადაწყვეტილება ქონების ყადაღისაგან გათავისუფლების შესახებ შეეხება ბანკს და იმოქმედებს მისი ინტერესების საწინააღმდეგოდ.
მოთხოვნა საქმეში მესამე პირად ფინანსთა სამინისტროს ჩაბმის შესახებ დასაბუთებულია სკ-ის 309-ე მუხლით. აუქციონის კანონის შესაბამისად, ჩატარებაზე პასუხისმგებელი არის ექსპერტი. მასზე დაკისრებული მოვალეობების შესრულებისათვის და ამით გამოწვეული ზიანისათვის იგი თვითონ აგებს პასუხს. კანონი ამ დროს სახელმწიფოს სოლიდარულ პასუხისმგებლობასაც ითვალისწინებს, ვინაიდან ექსპერტი სახელმწიფოს მიერაა დანიშნული.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 10 ივნისის განჩინებით არ დაკმაყოფილდა სს „ქ.-ის“ კერძო საჩივარი და იგი საქმის მასალებთან ერთად გადაეგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოს.
სააპელაციო პალატის განჩინება დასაბუთებულია იმით, რომ სსკ-ის 89-ე მუხლის თანახმად, მესამე პირები საქმეში დაიშვება იმ შემთხვევაში, თუკი სასამართლო გადაწყვეტილებას ამ საქმეზე შეუძლია შემდგომში გავლენა მოახდინოს მის უფლებებსა და მოვალეობებზე, სსკ-ის 90-ე მუხლის თანახმად, მესამე პირი დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე შეიძლება ჩაბმულ იქნეს საქმეში ერთ-ერთი მხარის ინიციატივითაც.
განსახილველ შემთხვევაში დავის საგანს წარმოადგენს შპს „ს.-ისა“ და სხვა იურიდიულ პირთა ქონების ყადაღისაგან გათავისუფლება, ხოლო ამ საქმეზე გამოტანილმა გადაწყვეტილებამ არ შეიძლება გავლენა მოახდინოს სს „ბ.-ის“ უფლებებსა და მოვალეობებზე, რადგან შპს „ს.-ს“ მის მიმართ წარმოშობილი აქვს სხვა ვალდებულებები, რასაც კავშირი არა აქვს მოცემულ დავასთან, ხოლო ბანკსა და შპს „ს.-ს“ შორის წარმოშობილი ურთიერთობა სხვა დავის საგანს წარმოადგენს, რაც არ შეიძლება მოცემულ დავასთან ერთად გადაწყდეს.
სასამართლომ ვერ დააკმაყოფილა მოთხოვნა საქმეში მესამე პირად ფინანსთა სამინისტროს ჩაბმის შესახებაც, რადგან სკ-ის 309-ე მუხლში მითითებული ზიანი, თუკი მას სახელმწიფოს ბრალით მიადგება, უფლება აქვს დამოუკიდებელი სარჩელით დაიცვას უფლება.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატა საქმის მასალების განხილვის, კერძო საჩივრის მოტივების შემოწმების შედეგად თვლის, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოებების გამო:
როგორც საქმის მასალებით ირკვევა, შპს „ს.-მ“ 2001წ. 30 ივლისს ჩატარებულ აუქციონზე შეიძინა სს „ქ.-ის“ უძრავ-მოძრავი ქონება, რომელიც აღირიცხა მის საკუთრებაში. სს „ქ.-მ“ სარჩელი აღძრა ვანის რაიონულ სასამართლოში მოპასუხე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს იმერეთის სააღსრულებო ბიუროს ვანის რაიონული სასამართლო აღმასრულებლის მიმართ და მოითხოვა 2001წ. 30 ივლისს ჩატარებული აუქციონის შედეგების ბათილად ცნობა, მოსარჩელემ, ასევე, მოითხოვა სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით შპს „ს.-ს“ უძრავ-მოძრავი ქონების დაყადაღება, რომელიც შეძენილ იქნა შპს „ს.-ის“ მიერ 2001წ. 30 ივლისის აუქციონზე. იმერეთის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებელმა ვანის რაიონული სასამართლოს 2003წ. 15 ივლისის განჩინების საფუძველზე 2003წ. 23 ივლისს აღწერა და ყადაღა დაადო შპს „ს.-ის“ მთელ უძრავ-მოძრავ ქონებას.
შპს „ს.-ის“ წარმომადგენლებმა 2003წ. 29 ივლისს სარჩელი აღძრეს ვანის რაიონულ სასამართლოში მოპასუხე იმერეთის სააღსრულებო ბიუროს ქუთაისის აღმასრულებელი მ. გ.-ის, სს „ქ.-ის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ა.ლ.-ის მიმართ და მოითხოვეს შპს „ს.-ის“ იმ ქონების ყადაღისაგან გათავისუფლება, რომელიც შეძენილი არ არის 2001წ. 30 ივლისის აუქციონზე.
ვანის რაიონული სასამართლოს 2003წ. 29 აგვისტოს გადაწყვეტილებით შპს „ს.-ის“ სარჩელი დაყადაღებული ქონების ყადაღისაგან განთავისუფლებისა და აღწერის აქტიდან მათი ამორიცხვის შესახებ დაკმაყოფილდა.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს სააპელაციო პალატაში სს „ქ.-ის“ სააპელაციო საჩივრის განხილვისას აპელანტის წარმომადგენელმა იშუამდგომლა საქმეში მესამე პირებად დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე სს „ბ.-ისა“ და ფინანსთა სამინისტროს ჩაბმა იმ მოტივით, რომ სადავო ქონება იპოთეკით დატვირთულია სს „ბ.-ის“ ქუთაისის ფილიალის მიერ. ფინანსთა სამინისტრომ კი სკ-ის 309-ე მუხლის თანახმად მიყენებული ზიანისათვის უნდა აგოს პასუხი. ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 3 მაისის განჩინებით არ დაკმაყოფილდა სს „ქ.-ის“ წარმომადგენლის შუამდგომლობა საქმეში მესამე პირებად სს „ბ.-ის“ ქუთაისის ფილიალისა და ფინანსთა სამინისტროს ჩაბმის შესახებ. საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ მოცემულ შემთხვევაში სწორად გამოიყენა სსკ-ის 89-ე მუხლი, რომელშიც მოცემულია საქმეში დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე მესამე პირის ჩაბმის პირობები და წესი. ამ ნორმის თანახმად, ყოველ დაინტერესებულ პირს, რომელიც არ აცხადებს დამოუკიდებელ მოთხოვნას დავის საგანზე ან მის ნაწილზე, შეუძლია მიმართოს სასამართლოს განცხადებით, რათა დაუშვას იგი საქმეში მესამე პირად მოსარჩელის ან მოპასუხის მხარეზე, რადგან სასამართლო გადაწყვეტილებას ამ საქმეზე შეუძლია შემდგომში გავლენა მოახდინოს მის უფლებებსა და მოვალეობებზე, ერთ-ერთი მხარის მიმართ მესამე პირად დაშვების საკითხს მხარეთა მოსაზრებების გათვალისწინებით წყვეტს სასამართლო. საკასაციო პალატა თვლის, რომ მოცემულ შემთხვევაში დავის საგანს წარმოადგენს შპს “ს.-ის” ქონებაზე საპროცესო უზრუნველყოფის ღონისძიების, კერძოდ, მოსარჩელის ქონებაზე ყადაღის გაუქმება. სააპელაციო პალატამ სწორად მიუთითა, რომ ამ საქმეზე გამოტანილმა გადაწყვეტილებამ არ შეიძლება გავლენა მოახდინოს სს „ბ.-ის“ უფლებებსა და მოვალეობებზე, რადგან შპს „ს.-ს“ მის მიმართ წარმოშობილი აქვს სხვა ვალდებულებები, რასაც კავშირი არა აქვს მოცემულ დავასთან. შპს “ს.-ის” ქონების ყადაღისაგან გათავისუფლების საკითხი გავლენას ვერ მოახდენს მხარეთა შორის გაფორმებულ იპოთეკის ხელშეკრულებაზე.
საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის მოტივს იმის შესახებ, რომ ფინანსთა სამინისტრო მოცემულ დავაში დამოუკიდებელი მოთხოვნის გარეშე მესამე პირად უნდა ჩაებას იმ საფუძვლით, რომ აუქციონის კანონის შესაბამისად ჩატარებაზე პასუხისმგებელი არის ექსპერტი და სახელმწიფო. საკასაციო პალატა თვლის, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით სააპელაციო სასამართლომ სწორად მიუთითა, რომ სკ-ის 309-ე მუხლში მითითებული ზიანი თუკი მოპასუხეს სახელმწიფოს ბრალით მიადგება, უფლებამოსილია სასარჩელო წარმოების წესით უზრუნველყოს დარღვეული უფლების დაცვა.
საკასაციო პალატას დაუსაბუთებლად მიაჩნია კერძო საჩივრის მოთხოვნა იმის შესახებ, რომ სს “ბ.-ის” ქუთაისის ფილიალი საქმეში ჩართული იქნეს მესამე პირად დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით, რადგან მოპასუხე ორგანიზაციის წარმომადგენელმა სააპელაციო პალატის წინაშე იშუამდგომლა სს “ბ.-ის” საქმეში ჩაბმა მესამე პირად დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე. სამოქალაქო პროცესში მესამე პირი დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით შეიძლება ჩაებას მხოლოდ და მხოლოდ საკუთარი ინიციატივით სსკ-ის 88-ე მუხლის შესაბამისად.
ყოველივე ზემოაღნიშნული მიუთითებს იმაზე, რომ კერძო საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ის 419-ე, 420-ე, 384-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
სს „ქ.-ის“@ დირექტორის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
უცვლელი დარჩეს მოცემულ საქმეზე ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 3 მაისის და 10 ივნისის განჩინებები.
საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.