დატოვებულია უცვლელად

სამოქალაქო 11.12.2006
საქმის ნომერი
ას-646-1023-06
კატეგორია
დავის ტიპი
კერძო საჩივარი
თარიღი
11.12.2006

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

ას-646-1023-06 11 დეკემბერი, 2006

ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),ნ. კვანტალიანი (მომხსენებელი),მ. ცისკაძე

დავის საგანი: თანხის დაკისრება.

აღწერილობითი ნაწილი:

ფონდმა «...» სარჩელი აღძრა სასამართლოში დ. დ-ძის მიმართ თავდებობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე 6622,42 ლარის გადახდევინების შესახებ.

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.

ხაშურის რაიონული სასამართლოს 2006წ. 8 თებერვლის გადაწყვეტილებით ფონდ «...» სარჩელი მოპასუხისათვის 6622,42 ლარის დაკისრების თაობაზე დაკმაყოფილდა, რაც დ.დ-ძემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.

სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვა დაინიშნა 2006წ. 8 სექტემბერს, რის შესახებ ეცნობათ როგორც მხარეებს, ისე აპელანტის წარმომადგენელ ზინაიდა ბ-ძეს, თუმცა სასამართლოს მიერ დანიშნულ დროს მხარეები არ გამოცხადდნენ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006წ. 8 სექტემბრის განჩინებით, მხარეთა გამოუცხადებლობის გამო, დ. დ-ძის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი. სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ სასამართლო უწყებები როგორც აპელანტს, ისე, მოწინააღმდეგე მხარეს ჩაჰბარდა, თუმცა ისინი სხომაზე არ გამოცხადებულან და არც გამოუცხადებლობის მიზეზი სააპელაციო პალატისათვის არ შეუტყობინებიათ. სასამართლომ იხელმძღვანელა სსკ-ის 372-ე მუხლით, 275-ე მუხლის «დ» ქვეპუნქტით და დ.დ-ძის სააპელაციო საჩივარი მიიჩნია დაუშვებლად.

საქმის მასალებში წარმოდგენილი დოკუმენტით დასტურდება, რომ სააპელაციო სასამართლოს 2006წ. 8 სექტემბრის სხდომის დამთავრების შემდეგ პალატამ მიიღო აპელანტ დ. დ-ძის დეპეშა, რომლითაც მხარე იტყობინებოდა, რომ ავადმყოფობის გამო სასამართლო სხდომაზე ვერ გამოცხადდებოდა და ითხოვდა საქმის განხილვის სხვა დროისათვის გადადებას.

სააპელაციო პალატის განჩინებაზე დ. დ-ძემ შეიტანა კერძო საჩივარი, მოითხოვა მისი გაუქმება და საქმის წარმოების განახლება შემდეგი საფუძვლებით: დ.დ-ძე სასამართლოს მიერ დანიშნულ დროს საქმის განხილვაზე ავადმყოფობის გამო ვერ გამოცხადდა, რის შესახებ სააპელაციო სასამართლოს კანონით დადგენილი წესით აცნობა. დ.დ-ძის წარმომადგენელი ზ.ბ-ძე კი პროცესზე ვერ გამოცხადდა ადვოკატების საკვალიფიკაციო გამოცდებში მონაწილეობის მიზეზით. კერძო საჩივარს დაერთო სამედიცინო ცნობა, რომლის თანახმად, 2006წ. 6-11 სექტემბერს დ. დ-ძეს ჰქონდა გრიპი გართულებული მწვავე ბრონქიტით.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ დ. დ-ძის კერძო საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სააპელაციო სასამართლოში დ. დ-ძის სააპელაციო საჩივრის განხილვა დაინიშნა 2006წ. 8 სექტემბერს, რის შესახებ ეცნობათ მხარეებს და აპელანტის წარმომადგენელ ზ. ბ-ძეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ დროს მხარეები არ გამოცხადდნენ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006წ. 8 სექტემბრის განჩინებით, მხარეთა გამოუცხადებლობის გამო, დ. დ-ძის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი.

საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას დ.დ-ძის სააპელაციო საჩივრის დაუშვებლად მიჩნევისა და განუხილველად დატოვების შესახებ, კერძოდ:

სსკ-ის 387-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილები ითვალისწინებს სასამართლო სხდომაზე სააპელაციო საჩივრის შემტანი პირის, ასევე, მისი მოწინააღმდეგე მხარის გამოუცხადებლობის შედეგებს. ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად კი ყველა სხვა შემთხვევაში გამოიყენება ამ კოდექსში ჩამოყალიბებული ნორმები პირველი ინსტანციის სასამართლოში დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შესახებ. სსკ-ის 231-ე მუხლის შესაბამისად, თუ სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდება არც ერთი მხარე, რომლებსაც გაეგზავნათ შეტყობინება 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით, სასამართლო გამოიტანს განჩინებას სარჩელის განუხილველად დატოვების შესახებ. ამავე კოდექსის 275-ე მუხლის «დ» ქვეპუნქტით, სასამართლო მხარეთა განცხადებით ან თავისი ინიციატივით, განუხილველად დატოვებს სარჩელს, თუ არც ერთი მხარე არ გამოცხადდება. მითითებული ნორმების სამართლებრივი ანალიზი ცხადყოფს, რომ სასამართლო განუხილველად დატოვებს სააპელაციო საჩივარს, თუკი დაადგენს, რომ სასამართლოს მიერ მხარეთათვის სასამართლო სხდომის თარიღის შეტყობინების მიუხედავად, მხარეები სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდნენ და სასამართლოსათვის მათი გამოუცხადებლობის მიზეზი უცნობია.

მოცემულ შემთხვევაში საქმის მასალებით დასტურდება, რომ დ. დ-ძემ სასამართლო სხდომის დღეს დეპეშით, მართალია, შეატყობინა სააპელაციო პალატას პროცესზე თავისი გამოუცხადებლობის შესახებ, თუმცა საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს დ.დ-ძის მითითებას, რომ იგი სასამართლო სხდომაზე საპატიო მიზეზით _ ავადმყოფობის გამო ვერ გამოცხადდა, ვინაიდან კერძო საჩივარზე თანდართული სამედიცინო ცნობით არ დასტურდება მხარის ჯანმრთელობის ისეთი მდგომარეობა, რომელიც სასამართლოში მის გამოცხადებას შეუძლებელს გახდიდა. ასევე უსაფუძვლოა მხარის მითითება მის წარმომადგენელ ზ. ბ-ძის საპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის თაობაზე, ვინაიდან საქმის მასალებით არ ირკვევა, ნამდვილად იღებდა თუ არა მონაწილეობას ზ.ბ-ძე ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდაში და აღნიშნულის შესახებ მან რატომ ვერ შეძლო სასამართლოსათვის დროულად ეცნობებინა.

ყოველივე ზემოხსენებულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ გასაჩივრებული განჩინება მიღებულია კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით და მისი გაუქმების იურიდიული საფუძველი არ არსებობს.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ის 419-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1.დ-ძის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006წ. 8 სექტემბრის განჩინება დარჩეს უცვლელი.

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.