დატოვებულია უცვლელად

სამოქალაქო 27.11.2006
საქმის ნომერი
ას-705-1078-06
კატეგორია
დავის ტიპი
კერძო საჩივარი
თარიღი
27.11.2006

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

ას-705-1078-06 27 ნოემბერი, 2006 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მაია სულხანიშვილი (თავმჯდომარე)

ნუნუ კვანტალიანი (მომხსენებელი), მარიამ ცისკაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი _ ზ. ბ-შვილი (მესამე პირი დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე)

მოწინააღმდეგე მხარე _ შპს „ს-ე“ (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 7 ივლისის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო საჩივრის განხილვა

დავის საგანი – საწარმოს რეგისტრაციის გაუქმება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

მ. და მ. დ-შვილებმა, რ. ს-იანმა და მ. ტ-შვილმა სარჩელი აღძრეს სასამართლოში შპს „ს-ის“ დირექტორ ბ. მ-ძის მიმართ, შპს „ს-ის“ პარტნიორთა 1995 წლის 1 დეკემბრის კრების ოქმის ბათილად ცნობის, შპს „ს-ის“ რეგისტრაციისა და სამეწარმეო რეესტრის ჩანაწერების გაუქმების შესახებ.

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.

ქ.თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2002 წლის 22 ნოემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც მ. და მ. დ-შვილებმა, მ. ტ-შვილმა და რ. ს-იანმა გაასაჩივრეს სააპელაციო წესით.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003 წლის 20 ნოემბრის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება გაუქმდა და სარჩელი დაკმაყოფილდა.

სააპელაციო პალატის გადაწყვეტილება როგორც შპს „ს-ის“ დირექტორმა ბ. მ-ძემ, ისე ზ.დ-შვილმა, მ.დ-შვილმა, მ.ტ-შვილმა და რ.ს-იანმა გაასაჩივრეს საკასაციო წესით.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2004 წლის 3 ივნისის განჩინებით მხარეთა საკასაციო საჩივრები დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება გაუქმდა და საქმე დაუბრუნდა იმავე სასამართლოს ხელახლა განსახილველად.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2004 წლის 26 აგვისტოს განჩინებით რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება გაუქმდა და საქმე დაუბრუნდა იმავე სასამართლოს ხელახლა განსახილველად.

რაიონულ სასამართლოში მოცემული დავის განხილვისას საქმეში მესამე პირად დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით ჩაება ა. ქ-ვა, ხოლო დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე მესამე პირებად საქმეში ჩაებნენ ზ. ბ-შვილი, დ. მ-ძე, ნ. ბ-შვილი, რ. ჯ-ძე და ბ. მ-ძე.

ქ.თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 25 აპრილის გადაწყვეტილებით მ. და მ. დ-შვილების, რ. ს-იანისა და მ. ტ-შვილის სარჩელი შპს “ს-ის” მიმართ ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, შპს “ს-ის” 1995 წლის 1 დეკემბრის დამფუძნებელთა კრების ¹1 ოქმი ბათილად იქნა ცნობილი, გაუქმდა ქ.თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 1995 წლის ¹4/4-208 დადგენილება შპს “ს-ის” რეგისტრაციის და 2003 წლის 18 თებერვლის დადგენილება საზოგადოების წესდებაში ცვლილების რეგისტრაციის შესახებ, ხოლო სასარჩელო მოთხოვნა თანასაკუთრებაში არსებული ამხანაგობის ქონების განაწილებისა და მოსარჩელეების 1/10 წილის მესაკუთრედ ცნობის თაობაზე არ დაკმაყოფილდა.

რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება მოპასუხე შპს “ს-ლემ”, მოსარჩელე მ. და მ. დ-შვილებმა, რ. ს-იანმა და მ. ტ-შვილმა, ასევე მესამე პირმა დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე _ ზ. ბ-შვილმა გაასაჩივრეს სააპელაციო წესით.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2005 წლის 7 ივლისის განჩინებით ზ. ბ-შვილის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი შემდეგ გარემოებათა გამო: სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 364-ე მუხლით და მიიჩნია, რომ დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე საქმეში მესამე პირად ჩაბმული ზ. ბ-შვილი მითითებული ნორმით გათვალისწინებულ სააპელაციო საჩივრის შეტანაზე უფლებამოსილ პირს არ წარმოადგენს.

სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე ზ.ბ-შვილმა შეიტანა კერძო საჩივარი, მოითხოვა მისი გაუქმება და სააპელაციო საჩივრის განხილვა შემდეგი საფუძვლებით: სააპელაციო პალატამ არასწორად განმარტა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 364-ე მუხლი, როდესაც ზ.ბ-შვილი სააპელაციო საჩივრის შეტანაზე არაუფლებამოსილ პირად მიიჩნია, ვინაიდან აღნიშნულ ნორმაში მითითებული არ არის, რომ დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე მესამე პირს სააპელაციო საჩივრის შეტანის უფლება არ გააჩნია. ამასთან, გასაჩივრებული განჩინება უშუალოდ შეეხო ზ.ბეკოშვილის, როგორც საზოგადოების დამფუძნებლის, უფლებებს, ამდენად, სასამართლოს მხარეზე უნდა გაევრცელებინა ზემოხსენებული კოდექსის 88-ე მუხლის მოქმედება. სააპელაციო სასამართლომ არ გამოიყენა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 91-ე მუხლი, რომელიც განსაზღვრავს დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე მესამე პირის საპროცესო უფლებებს და იმ პროცესუალურ მოქმედებებს, რომელთა განხორციელება ზემოხსენებულ მესამე პირს არ შეუძლია. მითითებული ნორმით დადგენილ აკრძალვებში კი დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე მესამე პირის მიერ სააპელაციო საჩივარის შეტანის დაუშვებლობა გათვალისწინებული არ არის.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლოს საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიაჩნია, რომ ზ. ბ-შვილის კერძო საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდგომ გარემოებათა გამო:

ქ.თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 25 აპრილის გადაწყვეტილება დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე მესამე პირმა ზ. ბ-შვილმა გაასაჩივრა სააპელაციო წესით.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2005 წლის 7 ივლისის განჩინებით ზ. ბ-შვილის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი.

საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას ზ.ბ-შვილის სააპელაციო საჩივრის დაუშვებლობის შესახებ, ვინაიდან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 364-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს პირველი ინსტანციით გამოტანილი გადაწყვეტილება მხარეებმა და მესამე პირებმა დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით შეიძლება კანონით დადგენილ ვადაში გაასაჩივრონ სააპელაციო სასამართლოში.

საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებას, რომ მისი სააპელაციო საჩივარი დასაშვებია, ვინაიდან გასაჩივრებული გადაწყვეტილება უშუალოდ ეხება ზ.ბ-შვილის, როგორც შპს „ს-ლის“ დამფუძნებლის უფლებებს.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 93-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მოქალაქეებს შეუძლიათ საქმე აწარმოონ სასამართლოში პირადად, ხოლო იურიდიულ პირებს ან სხვა ორგანიზაციებს _ იმ თანამდებობის პირის მეშვეობით, რომელსაც წესდებით ან დებულებით შეუძლია ამ იურიდიული პირისა თუ ორგანიზაციის სახელით იმოქმედოს. “მეწარმეთა შესახებ” კანონის 9.4 მუხლის მიხედვით, საზოგადოებას მესამე პირებთან სამართლებრივ ურთიერთობებში წარმოადგენს დირექტორი. აღნიშნული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ სასამართლოში საზოგადოების სახელით წარმომადგენლობით უფლებამოსილების განხორციელების უფლება გააჩნია საზოგადოების დირექტორს. მოცემულ შემთხვევაში განსახილველ დავაში მხარედ ჩაერთო და მონაწილებას იღებდა შპს “ს-ლის” დირექტორი ბონდო მუსერიძე, რომელიც საქმის განხილვის პროცესში იცავდა საზოგადოების ინტერესებს, გააჩნდა სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი მხარისათვის მინიჭებული უფლებები, მათ შორის, სააპელაციო საჩივრის შეტანის უფლებაც. აღნიშნულიდან გამომდინარე, ზვიად ბეკოშვილის, როგორც შპს “ს-ლის” დამფუძნებლის ინტერესების დაცვა უნდა განხორციელდეს საზოგადოების წარმომადგენლის მიერ.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება მიღებულია კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით და წარმოდგენილი კერძო საჩივრით მისი გაუქმების სამართლებრივი საფუძველი სათანადოდ დასაბუთებული არ არის.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

ზ. ბ-შვილის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2005 წლის 7 ივლისის განჩინება დარჩეს უცვლელი.

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.