დატოვებულია უცვლელად

სამოქალაქო 04.04.2006
საქმის ნომერი
ას-72-519-06
კატეგორია
დავის ტიპი
კერძო საჩივარი
თარიღი
04.04.2006

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

ას-72-519-06 4 აპრილი, 2006

ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე),ნ. კვანტალიანი (მომხსენებელი),მ. ცისკაძე

დავის საგანი: ნივთის გამოთხოვა.

აღწერილობითი ნაწილი:

გ. წ-იამ სარჩელი აღძრა სასამართლოში ბ. დ-იას მიმართ მოძრავი ნივთის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვის შესახებ შემდეგი საფუძვლებით: მოსარჩელეს საკუთრებაში ჰყავდა დაახლოებით 600 ლარად ღირებული ცხენი, რომელიც 2004წ. აგვისტოში საძოვრიდან დაიკარგა. დაახლეობით ერთი წლის შემდეგ გ.წ-იამ კუთვნილი ცხენი შემთხვევით აღმოაჩინა ბ. დ-იასთან. მოსარჩელის არაერთგზის მიმართვის მიუხედავად, მოპასუხემ ცხენი არ დაუბრუნა და განუმარტა, რომ იგი რამოდენიმე თვის წინ შეიძინა.

მარტვილის რაიონული სასამართლოს 2005წ. 11 ოქტომბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით, მოპასუხის გამოუცხადებლობის გამო, გ. წ-იას სარჩელი დაკმაყოფილდა და ბ. დ-იას დაევალა სადავო ცხენის გ.წ-იასათვის დაბრუნება.

a. დ-იამ დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე შეიტანა საჩივარი. მხარის განმარტებით, მას სასამართლო უწყება ჩაჰბარდა, თუმცა მასში საქმის განხილვის დრო მითითებული არ იყო. 2005წ. 11 ოქტომბერს, 11.00 საათზე, იგი სასამართლოში გამოცხადდა, მაგრამ მიმდინარეობდა სხვა საქმის განხილვა და საშუალება არ მიეცა, ეშუამდგომლა სხდომის სხვა დროსათვის გადადების შესახებ იმ მოტივით, რომ უნდა დასწრებოდა თანასოფლელის გასვენებას.

მარტვილის რაიონული სასამართლოს 2005წ. 8 ნოემბრის განჩინებით კოლეგიამ მიიჩნია, რომ მოპასუხე ბ. დ-იას სასამართლო უწყება ჩაჰბარდა სსკ-ის 70-78-ე მუხლების დაცვით და მხარეს თავისი გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზი სასამართლოსათვის არ უცნობებია.

რაიონული სასამართლოს ზემოხსენებული განჩინება ბ.დ-იამ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2005წ. 16 დეკემბრის განჩინებით ბ. დ-იას სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი შემდეგ გარემოებათა გამო : სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ მოცემულ საქმეზე დავის საგანია 600 ლარად შეფასებული ცხენის დაბრუნება და მიიჩნია, რომ აღნიშნული ღირებულება სსკ-ის 365-ე მუხლით გათვალისწინებულ დასაშვებ 1000 ლარს არ აღემატება.

სააპელაციო სასამართლოს ზემოხსენებულ განჩინებაზე ბ. დ-იამ შეიტანა კერძო საჩივარი, მოითხოვა მისი გაუქმება, საქმის წარმოების განახლება, საქმეზე მიღებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის დაბრუნება რაიონული სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად შემდეგი საფუძვლებით: სააპელაციო სასამართლომ არასწორად განსაზღვრა მოცემულ საქმეზე დავის საგნის ღირებულება, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში სადავო იყო არა ნივთის დაბრუნება, არამედ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმება. ამდენად, სააპელაციო საჩივარი არასწორად დარჩა განუხილველი. კერძო საჩივარის ავტორის მოსაზრებით, რაიონულმა სასამართლომ არასწორად გამოიტანა დაუსწრებელი გადაწყვეტილება და დაარღვია სსკ-ის 233-ე და 241-ე მუხლების მოთხოვნები. მხარემ მიიჩნია, რომ ბ.დ-იასათვის სადავო უწყების გაგზავნისას დაირღვა ამავე კოდექსის 72-ე მუხლის «ბ» ქვეპუნქტის დანაწესი.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006წ. 25 იანვრის განჩინებით კერძო საჩივარი, როგორც უსაფუძვლო, არ დაკმაყოფილდა და საქმის მასალებთან ერთად განსახილველად გაეგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოს.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთება და მიაჩნია, რომ ბ. დ-იას კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 365-ე მუხლის მიხედვით, სააპელაციო საჩივარი დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუ სააპელაციო საჩივრის საგნის ღირებულება აღემატება 1000 ლარს.

საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ შეამოწმა რა სადავო სააპელაციო საჩივრის დასაშვებობა, სწორად გამოიყენა სსკ-ის 365-ე, 374-ე მუხლები და ბ. დ-იას სააპელაციო საჩივარი ჩათვალა დაუშვებლად, იმ მოტივით, რომ საჩივრის ღირებულება კანონით დადგენილ ოდენობაზე ნაკლებია.

უსაფუძვლოა კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრება იმის შესახებ, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად განსაზღვრა აღნიშნულ საქმეზე დავის საგნის ღირებულება, ვინაიდან სააპელაციო საჩივრით ბ. დ-ია სადავოდ მიიჩნევდა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანას. სსკ-ის 41-ე მუხლის «ბ» ქვეპუნქტის შესაბამისად, ნივთის (ქონების) გადაცემისა თუ მიწოდების შესახებ ქონებრივ-სამართლებრივ სარჩელზე დავის საგნის ღირებულება განისაზღვრება ამ ნივთის ღირებულებით. მოცემულ შემთხვევაში გ.წ-ია ითხოვს სადავო ცხენის დაბრუნებას, ამდენად, ზემოხსენებული ნორმის საფუძველზე საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ განსახილველი დავის საგნად გადასაცემი მოძრავი ნივთის, ცხენის, ღირებულება სწორად მიიჩნია.

რაც შეეხება კერძო საჩივრის ავტორის მითითებას რაიონული სასამართლოს მიერ დაუსწრებელი გადაწყვეტილების არასწორად მიღების შესახებ, აღნიშნული საკითხი უნდა გაკვეულიყო სააპელაციო საჩივრის არსებითად განხილვის შემთხვევაში და არა მისი დასაშვებობის სტადიაზე.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ბ. დ-იას კერძო საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების იურიდიული საფუძველი არ არსებობს.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ის 419-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

b. დ-იას კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2005წ. 16 დეკემბრისა და 2006წ. 25 იანვრის განჩინებები მოცემულ საქმეზე დარჩეს უცვლელი.

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.