დატოვებულია უცვლელად

სამოქალაქო 18.11.2004
საქმის ნომერი
ას-781-1061-04
კატეგორია
დავის ტიპი
კერძო საჩივარი
თარიღი
18.11.2004

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

ას-781-1061-04 18 ნოემბერი, 2004 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. ახალაძე (თავმჯდომარე),მ. ცისკაძე,ქ. გაბელაია

დავის საგანი: სარჩელის უზრუნველყოფა.

აღწერილობითი ნაწილი:

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს წარმოებაში იმყოფება სამოქალაქო საქმე, ე. ლ-ას სარჩელისა გამო, მოპასუხე სს „ე-ის“ მიმართ მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურების თაობაზე.

აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით, ე. ლ-ას წარმომადგენელმა ი. ა-მა განცხადებით მიმართა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს და მოითხოვა სარჩელის უზრუნველსაყოფად ყადაღის დადება სს „ე-ის“ უძრავ-მოძრავ ქონებაზე და სალაროებზე, რადგან სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებათა მიუღებლობამ შეიძლება შეუძლებელი გახადოს გადაწყვეტილების აღსრულება.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2003წ. 29 დეკემბრის განჩინებით ე. ლ-ას წარმომადგენლის განცხადება დაკმაყოფილდა ნაწილობრივ _ ყადაღა დაედო სს „ე-ის“ უძრავ-მოძრავ ქონებას.

რაიონული სასამართლოს განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა სს „ე-მა“ და მოითხოვა მისი ნაწილობრივ შეცვალა და ყადაღის დადება არა მის მთლიან ქონებაზე, არამედ _ ნაწილზე, კერძოდ, საზოგადოების ელექტროსატვირთულების საამქროზე.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 10 მარტის განჩინებით სს „ე-ის“ კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად იქნა დატოვებული ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2003წ. 29 დეკემბრის განჩინება.

სს „ე-მა“ განცხადებით მიმართა სასამართლოს სარჩელის უზრუნველყოფის ერთი სახის მეორეთი შეცვლის შესახებ.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 27 აპრილის განჩინებით სს „ე-ის“ განცხადება დაკმაყოფილდა.

სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება _ სს „ე-ის“ უძრავ-მოძრავ ქონებაზე ყადაღის დადება შეიცვალა სარჩელის უზრუნველყოფის სხვა სახით: დაევალა სს „ე-ს“ თავის მფლობელობაში არსებული სატვირთულების საამქროს გადაცემა სასამართლო აღმასრულებელისათვის სეკვესტრის სახით.

ე. ლ-ას წარმომადგენელმა გ. ჭ-ემ და თ. ა-მა კერძო საჩივრით მიმართეს საოლქო სასამართლოს და მოითხოვეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის განჩინების გაუქმება და ყადაღის დადება სს „ე-ის“ მთელ უძრავ-მოძრავ ქონებაზე, ვინაიდან სასამართლომ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება კი არ შეცვალა, არამედ ყადაღა მოხსნა მთელ უძრავ-მოძრავ ქონებას, ასევე, მხარის მიერ არ ყოფილა წარმოდგენილი მტკიცებულება სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების შეცვლის საჭიროების დასაბუთების შესახებ.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 9 ივლისის განჩინებით კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და საქმის მასალებთან ერთად გადაეგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოს.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ განიხილა საქმის მასალები, კერძო საჩივარი, გასაჩივრებული განჩინების სამართოლებრივი დასაბუთებულობა და თვლის, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქმის მასალებით დადგენილია, რომ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2003წ. 29 დეკემბრის განჩინებით ე. ლ-ას წარმომადგენლის განცხადება დაკმაყოფილდა ნაწილობრივ _ ყადაღა დაედო სს „ე-ის“ უძრავ-მოძრავ ქონებას. სააქციო საზოგადოების კერძო საჩივარი ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატამ არ დააკმაყოფილა და თავისი 2004წ. 10 მარტის განჩინებით უცვლელად დატოვა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2003წ. 29 დეკემბრის განჩინება.

სააქციო საზოგადოება ე-ის“ დირექტორმა განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის ერთი სახის მეორეთი შეცვლის შესახებ შეიტანა ქუთაისის საოლქო სასამართლოში. ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 27 აპრილის განჩინებით განცხადება დაკმაყოფილდა. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება _ სს „ე-ის“ უძრავ-მოძრავ ქონებაზე ყადაღის დადება _ შეიცვალა სარჩელის უზრუნველყოფის სხვა სახით. დაევალა სს „ე-ს“ მის მფლობელობაში არსებული საამქროს გადაეცემა სასამართლო აღმასრულებლისათვის სეკვესტრის სახით. სსკ-ის 198-ე მუხლის მეორე ნაწილის “გ” ქვეპუნქტის მიხედვით, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება შეიძლება იყოს მოპასუხის დავალდებულება, გადასცეს მის მფლობელობაში არსებული ნივთი სასამართლო აღმასრულებელს სეკვესტრის სახით.

სსკ-ის 194-ე მუხლის თანახმად, სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ სასამართლოს გამოაქვს განჩინება, რომელიც უნდა პასუხობდეს განჩინებისათვის 285-ე მუხლით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და რომელშიც მითითებული უნდა იყოს, თუ უზრუნველყოფის რა კონკრეტული ღონისძიება შეასრულა სასამართლომ. ამავე კოდექსის 196-ე მუხლის თანახმად, მხარეთა თხოვნით დასაშვებია სარჩელის უზრუნველყოფის ერთი სახის მეორეთი შეცვლა. სარჩელის უზრუნველყოფის ერთი სახის მეორეთი შეცვლის საკითხის განხილვა დასაშვებია საქმის ყველა სტადიაზე, რის შესახებაც ეცნობებათ მხარეებს.

პალატა უსაფუძვლოდ მიიჩნევს კერძო საჩივრის ავტორთა მოსაზრებას, რომ საოლქო სასამართლოს სააპელაციო პალატამ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება კი არ შეცვალა, არამედ ყადაღა მოხსნა სს „ე-ის“ მთელ უძრავ-მოძრავ ქონებას. სარჩელის უზრუნველყოფის მიზანია ისეთი ღონისძიების გამოყენება, რომელიც სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში არ გააძნელებს და შესაძლებელს გახდის მის აღსრულებას. გასაჩივრებული განჩინებით სარჩელის უზრუნველყოფის მიზანი შესრულებულია. დავის საგანს წარმოადგენს 18090 ლარისა და 4200 აშშ დოლარის მოპასუხისათვის დაკისრება. სააქციო საზოგადოების უძრავ-მოძრავი ქონების ნაწილის _ სატვირთულების საამქროს ღირებულება 123244 ლარს შეადგენს, ე.ი. სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში იგი უზრუნველყოფილია დაყადაღებული ქონების ღირებულებით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა თვლის, რომ გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო კერძო საჩივარი სამართლებრივად დაუსაბუთებელი.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ის 419-420-ე მუხლებით

დ ა ა დ გ ი ნ ა :

ე. ლ-ას წარმომადგენლების გ. ჭ-ისა და თ. ა-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 27 აპრილისა და 2004წ. 9 ივლისის განჩინებები დარჩეს უცვლელად.

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.