დატოვებულია განუხილველად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ ას-85-790-03 17 ივნისი, 2003 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),მ. წიქვაძე,ლ. გოჩელაშვილი
დავის საგანი: სახელშეკრულებო ვალდებულების შესრულება, ხელშეკრულების ბათილად ცნობა.
აღწერილობითი ნაწილი:
2002წ. 15 იანვარს ჯ. თ-იმ ე. გ-ის წინააღმდეგ სარჩელით მიმართა მცხეთის რაიონულ სასამართლოს.
მოსარჩელემ მიუთითა, რომ ხელშეკრულების საფუძველზე მოპასუხეს გააჩნდა მისი ვალი 20000 აშშ დოლარის ოდენობით და მოითხოვა ამ თანხის მოპასუხისათვის დაკისრება.
მცხეთის რაიონული სასამართლოს 2002წ. 16 იანვრის განჩინებით ჯ. თ-ის გადაევადა სახელმწიფო ბაჟის გადახდა.
მოპასუხემ 2002წ. 8 თებერვალს შეგებებული სარჩელით მიმართა სასამართლოს მოსარჩელის წინააღმდეგ და მოითხოვა ამ გარიგების ბათილად ცნობა.
ე. გ-ის წარმომადგენელმა ლ.მ-მა შუამდგომლობით მიმართა სასამართლოს და იმის გათვალისწინებით, რომ მოსარჩელე იყო უცხო ქვეყნის მოქალაქე და მას გადაევადა სახელმწიფო ბაჟის გადახდა, ამასთან, სასამართლოს მიერ საქმის არსებითად განხილვის შემდეგ მოსარჩელისაგან შეუძლებელი გახდება სასამართლო ხარჯების ანაზღაურება, “საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ” საქართველოს კანონის 58-ე მუხლის შესაბამისად მოითხოვა მოსარჩელის მიერ სასამართლო ხარჯების, 3000 აშშ დოლარის, ანაზღაურების გარანტიის მიცემა.
მცხეთის რაიონული სასამართლოს 2003წ. 8 იანვრის განჩინებით შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა.
მითითებული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა ე. გ-ის წარმომადგენლებმა.
მცხეთის რაიონული სასამართლოს 2003წ. 3 ნოემბრის განჩინებით კერძო საჩივარი უსაფუძვლოდ იქნა მიჩნეული და შემდგომი განხილვის მიზნით, საქმის მასალებთან ერთად, გადაიგზავნა სააპელაციო სასამართლოში.
ვინაიდან კერძო საჩივარზე არ იყო გადახდილი სახელმწიფო ბაჟი, თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2003წ. 17 მარტის განჩინებით კერძო საჩივრის ავტორს ხარვეზის შესავსებად მიეცა 10 დღიანი ვადა.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2003წ. 7 აპრილის განჩინებით კერძო საჩივარი სახელმწიფო ბაჟის გადაუხდელობის გამო განუხილველი დარჩა.
2003წ. 29 აპრილს ე.გ-ის წარმომადგენლებმა ამჯერად კერძო საჩივარი შეიტანეს სააპელაციო სასამართლოს 2003წ. 7 აპრილის განჩინებაზე, რომლითაც განუხილველი დარჩა მათი კერძო საჩივარი.
სააპელაციო სასამართლოს 2003წ. 16 მაისის განჩინებით კერძო საჩივარი დაუსაბუთებლად იქნა მიჩნეული და იგი საქმესთან ერთად შემდგომი განხილვის მიზნით გადაიგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოში.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ შეისწავლა წარმოდგენილი კერძო საჩივარი, საქმის მასალები და მიაჩნია, რომ კერძო საჩივარი დაუშვებელია და იგი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:
1. დადგენილია, რომ საქართველოს უზენაეს სასამართლოში გადმოგზავნილი კერძო საჩივარი შეტანილია სააპელაციო სასამართლოს იმ განჩინებაზე (2003წ. 7 აპრილი), რომლითაც განუხილველად დარჩა რაიონულ სასამართლოში შეტანილი კერძო საჩივარი.
სსკ-ს 419-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად კერძო საჩივრის თაობაზე განჩინება გამოაქვს ზემდგომ სასამართლოს.
ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად ზემდგომი სასამართლოს განჩინება კერძო საჩივრის თაობაზე არ გასაჩივრდება.
მოცემულ შემთხვევაში მცხეთის რაიონული სასამართლოს 2003წ. 8 იანვრის განჩინებით არ დაკმაყოფილდა ე.გ-ის წარმომადგენლის შუამდგომლობა სასამართლო ხარჯების უზრუნველყოფის მიზნით გარანტიის სახით 3000 აშშ დოლარის დაკისრების თაობაზე და ეს განჩინება გასაჩივრდა ე.გ-ის წარმომადგენლების მიერ კერძო საჩივრით. ამ კერძო საჩივარზე სააპელაციო სასამართლოს მიერ 2003წ. 7 აპრილს მიღებული განჩინება არ გასაჩივრდება, ვინაიდან რაიონული სასამართლოსათვის ზემდგომი სასამართლო - სააპელაციო სასამართლოა, ხოლო ზემდგომი სასამართლოს განჩინება კერძო საჩივრის თაობაზე არ საჩივრდება.
აქედან გამომდინარე, ცხადია, არ შეიძლება სააპელაციო სასამართლოს 2003წ. 7 აპრილის განჩინების კერძო საჩივრით გასაჩივრება. ე.გ-ის მიერ ამ განჩინების გასაჩივრების შესახებ შეტანილი კერძო საჩივარი დაუშვებელია და იგი განუხილველად უნდა დარჩეს.
2. საკასაციო სასამართლო ასევე აღნიშნავს, რომ მითითებული კერძო საჩივრის განხილვისას ქვემდგომმა სასამართლომ დაარღვია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის რიგი ნორმები, კერძოდ:
რაიონულმა სასამართლომ ი. გ-ის წარმომადგენლების 2003წ. 29 იანვრის კერძო საჩივარი განიხილა 2003წ. 3 თებერვალს. მან თავის განჩინებაში მიუთითა, რომ კერძო საჩივარი უსაფუძვლო იყო და შემდგომი განხილვის მიზნით გადაუგზავნა ზემდგომ სასამართლოს.
სსკ-ს 417-ე მუხლის შესაბამისად, თუ სასამართლო კერძო საჩივარს დასაშვებად და დასაბუთებულად მიიჩნევს, მაშინ ის აკმაყოფილებს კერძო საჩივარს. წინააღმდეგ შემთხვევაში კერძო საჩივარი საქმის მასალებთან ერთად ზემდგომ სასამართლოს უნდა გადადეგზავნოს 5 დღის განმავლობაში.
სააპელაციო სასამართლომ 2003წ. 7 აპრილის განჩინებით სახელმწიფო ბაჟის გადაუხდელობის გამო განუხილველად დატოვა კერძო საჩივარი და ეს განჩინება წარმოადგენდა ზემდგომი სასამართლოს განჩინებას კერძო საჩივრის თაობაზე, რომელიც არ გასაჩივრდება. მიუხედავად ამისა, განჩინების დადგენილებით ნაწილში სააპელაციო სასამართლომ შეცდომით მიუთითა, რომ ამ განჩინებაზე შეიძლებოდა კერძო საჩივრის შეტანა.
გარდა ამისა, 2003წ. 7 აპრილის განჩინებაზე კერძო საჩივრის ავტორმა შეიტანა ახალი კერძო საჩივარი, ნაცვლად იმისა, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაეწყვიტა ამ საჩივრის დასაშვებობის საკითხი, ეს კერძო საჩივარი დაუსაბუთებლად მიიჩნია ისე რომ დასაშვებობის საკითხი არ გადაუწყვეტია.
სსკ-ს 417-ე მუხლის შესაბამისად კერძო საჩივარი განხილული რომ იქნეს, იგი ჯერ დასაშვები უნდა იყოს. დასაშვებობის საკითხის დადებითად გადაწყვეტის შემდეგ შეიძლება მსჯელობა მის დასაბუთებულობაზე.
სააპელაციო სასამართლომ ეს კერძო საჩივარი, როგორც განჩინებაშია აღნიშნული, დაუსაბუთებლად მიიჩნია იმ მოტივით, რომ კერძო საჩივრის ავტორმა წარმოადგინა ახალი მტკიცებულებები მას შემდეგ, რაც ხარვეზის შესავსებად მიცემული ვადა გავიდა და სსკ-ს 63-ე მუხლის თანახმად საპროცესო მოქმედების უფლება გაქარწყლდა კანონით დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლო ვერ იმსჯელებდა წარდგენილ მტკიცებულებებზე, ვერ განიხილავდა 2003წ. 29 აპრილის კერძო საჩივარს არა იმ მოტივით, რომ კერძო საჩივრის ავტორის მიერ წარმოდგენილი იყო ახალი მტკიცებულებები, არამედ იმიტომ, რომ ეს კერძო საჩივარი ზემოთ მითითებული გარემოებების გამო, საერთოდ დაუშვებელი იყო.
საერთოდ კი კერძო საჩივრის დროს ახალი მტკიცებულებების წარდგენა დასაშვებია და იგი სასამართლომ უნდა გამოიკვლიოს.
სსკ-ს მე-7, 377-ე მუხლის მე-2 ნაწილის და ამავე კოდექსის 393-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად საპროცესო სამართლის ნორმების დარღვევა მხოლოდ მაშინ შეიძლება გახდეს განჩინების გაუქმების საფუძველი, თუ ამ დარღვევის შედეგად საქმეზე არასწორი განჩინება იქნა გამოტანილი.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ზემოთ მითითებული საპროცესო ნორმების დარღვევას არ გამოუწვევია საქმეზე არასწორი განჩინების მიღება.
დადგენილებითი ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსკ-ს 419-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ე. გ-ის წარმომადგენლების ტ.ჩ-ისა და ლ.მ-ის კერძო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.