დატოვებულია უცვლელად

სამოქალაქო 03.10.2005
საქმის ნომერი
ას-898-1191-05
კატეგორია
დავის ტიპი
კერძო საჩივარი
თარიღი
03.10.2005

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

ას-898-1191-05 ას-898-1191-05 3 ოქტომბერი, 2005 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),ნ. კვანტალიანი,მ. ახალაძე

დავის საგანი: სააქციო საზოგადოების საერთო კრების შედეგების გაუქმება.

აღწერილობითი ნაწილი:

სს „ბ.“ დირექტორმა ვ. რ-მა 2004წ. 24 ნოემბერს განცხადებით მიმართა ბორჯომის რაიონულ სასამართლოს და მოითხოვა სს „ბ.“ სამეთვალყურეო საბჭოს 2004წ. 18 ნოემბრის მორიგი საერთო კრების ოქმის კანონიერების დადგენა. მისივე მოთხოვნით, სასამართლოს უნდა გაერკვია, ვინ გადაიხადა კრების ოქმის შედგენის და რეგისტრაციის ღირებულება, ასევე მოითხოვა, რომ ჩანაწერის კანონიერების შესწავლამდე არ შესულიყო ცვლილებები სამეწარმეო რეესტრში.

ბორჯომის რაიონული სასამართლოს 2004წ. 26 ნოემბრის განჩინებით განმცხადებელს განემარტა, რომ განცხადებაში მითითებული საკითხების თაობაზე უნდა ედავა სასარჩელო წარმოების წესით. დაევალა, განჩინების ასლის მიღებიდან 5 დღეში წარმოედგინა სასარჩელო განცხადება, წინააღმდეგ შემთხვევაში განცხადება დარჩებოდა უმოძრაოდ და დაუბრუნდებოდა განმცხადებელს.

აღნიშნული განჩინების ასლი განმცხადებელს ჩაბარდა 2004წ. 6 დეკემბერს. სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში, 2004წ. 10 დეკემბერს სს „ბ.“ დირექტორმა ვ. რ-მა იმავე სასამართლოში შეიტანა სასარჩელო განცხადება.

იმავდროულად ბორჯომის რაიონულმა სასამართლომ 2004წ. 10 დეკემბრის დადგენილებით სს „ბ.“ დირექტორ ი. მ-ის განცხადების საფუძველზე სს „ბ.“ სამეწარმეო რეესტრში განახორციელა ცვლილებები, კერძოდ, სამეთვალყურეო საბჭო ნაცვლად 9 წევრისა განისაზღვრა 3 წევრით. აღნიშნული ცვლილებების საფუძველი გახდა სს „ბ.“ აქციონერთა მიერ 2004წ. 18 ნოემბერს მოწვეული საერთო კრება.

2004წ. 23 დეკემბერს სს „ბ.“ დირექტორმა ვ. რ-მა ბორჯომის რაიონული სასამართლოს 2004წ. 10 დეკემბრის დადგენილება გაასაჩივრა სააპელაციო წესით და მოითხოვა მისი გაუქმება.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 5 აპრილის განჩინებით სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად დაუშვებლობის გამო. სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ის 364-ე მუხლით და მიუთითა, რომ ასეთი შინაარსის დადგენილება არ ექვემდებარება სააპელაციო წესით გასაჩივრებას.

აღნიშნულ განჩინებაზე ვ. რ-მა შეიტანა კერძო საჩივარი, რითაც მოითხოვა განჩინების გაუქმება და მის მიერ წარდგენილი სასარჩელო განცხადების არსებითად განხილვა.

თბილისის საოლქო სასამართლოს 2005წ. 7 ივნისის განჩინებით სს „ბ.“ დირექტორ ვ. რ-ის კერძო საჩივარი მიჩნეულ იქნა დაუსაბუთებლად და საქმის მასალებთან ერთად განსახილველად გადაეგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოს.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ განიხილა კერძო საჩივრის საფუძვლები, გაეცნო საქმის მასალებს და თვლის, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სსკ-ის 364-ე, 366-ე მუხლების, ასევე 240-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სააპელაციო საჩივრის ობიექტი შეიძლება იყოს რაიონული (საქალაქო) სასამართლოების გადაწყვეტილებები, მათ შორის მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილებები, ამავე სასამართლოების მიერ გამოტანილი განჩინებები დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე შეტანილი საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმისა და მისი ძალაში დატოვების შესახებ.

საქმის მასალებით დადგენილია, რომ სს „ბ.“ დირექტორმა ვ. რ-მა სააპელაციო საჩივარი შეიტანა ბორჯომის რაიონული სასამართლოს დადგენილებაზე სამეწარმეო რეესტრში ცვლილებების შეტანის თაობაზე, რომელიც გამოტანილ იქნა უდავო წარმოების წესით სს „ბ.“ დირექტორ ი. მ-ის განცხადების საფუძველზე. უდავო წარმოების სპეციფიკა მდგომარეობს იმაში, რომ ეს არის ერთმხარიანი წარმოება, სადაც ერთი მხარე – განმცხადებელი _ მოითხოვს მხოლოდ რეგისტრაციას და არ აყენებს მეორე მხარის ან ნებისმიერი სხვა პირის მიმართ რაიმე მოთხოვნას. შესაბამისად, უდავო წარმოების წესით საწარმოს რეგისტრაციის შესახებ სსკ-ის 342-348-ე მუხლები, არ ითვალისწინებს განცხადების დაკმაყოფილების შედეგად მიღებული გადაწყვეტილების (დადგენილების) გასაჩივრების შესაძლებლობას. უდავო წარმოების წესით განსახილველ საკითხზე დავის წარმოშობის შემთხვევაში კი საქმე უნდა განხილულ იქნეს საერთო სასარჩელო წარმოების წესით. სსკ-ის 311-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნიდან გამომდინარე.

ვ. რ-ს სააპელაციო საჩივარში დაფიქსირებული მოთხოვნა შეეძლო დაეყენებინა მხოლოდ სასარჩელო განცხადებით. მან კი განცხადების შეტანის შემდეგ ფაქტობრივად იმავე მოთხოვნით მიმართა სასამართლოს სააპელაციო საჩივრით.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გამო, სს „ბ/“ დირექტორ ვ. რ-ის სააპელაციო საჩივარი ბორჯომის რაიონული სასამართლოს 2004წ. 10 დეკემბრის დადგენილებაზე სააპელაციო სასამართლოს მიერ სწორად იქნა მიჩნეული დაუშვებლად ასეთი შინაარსის დადგენილების სააპელაციო წესით გასაჩივრების შეუძლებლობის გამო. ამდენად, არ არსებობს კერძო საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ის 419-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

სს „ბ.“ დირექტორ ვ. რ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 5 აპრილის განჩინება.

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.