დატოვებულია უცვლელად

სამოქალაქო 12.04.2005
საქმის ნომერი
ბს-1330-1449-04
კატეგორია
დავის ტიპი
კერძო საჩივარი
თარიღი
12.04.2005

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

¹ ას-1330-1449-04 12 აპრილი, 2005 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა საკასაციო პალატა

შემადგენლობა: მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე),ნ. კვანტალიანი (მომხსენებელი),მ. ახალაძე

სარჩელის საგანი: ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა.

აღწერილობითი ნაწილი:

2001წ. 18 აპრილს ნ. წ.-შ.-მ სარჩელი აღძრა სასამართლოში ე. ნ.-ის მიმართ ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის შესახებ. მოსარჩელის განმარტებით, 2000წ. მაისში, სანოტარო წესით გაფორმებული ხელწერილის საფუძველზე, გ. და მ. შ.-ისაგან 4000 აშშ დოლარად შეიძინა ქ.ზუგდიდში, ... მდებარე საცხოვრებელი ბინა, თუმცა ნასყიდობის სათანადო წესით რეგისტრაცია არ მოხდა სახლზე ყადაღის არსებობის მოტივით. მოსარჩელის განმარტებით, ნოტარიუსი ლ.ც.-ის აღნიშნული არგუმენტი სინამდვილეს არ შეესაბამება. მოსარჩელის მითითებით, სადავო ბინაზე ნასყიდობის ხელშეკრულება გ. შ.-ს დას _ ნ. შ.-სა და მოპასუხე ე. ნ.-ს შორის გაფორმდა იძულებით.

ნ. შ.-ა საქმეში ჩაება მესამე პირად, მოითხოვა სადავო ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა და სარჩელი მთლიანად ცნო.

ე. ნ.-მა სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ ბინა ნ. შ.-საგან იყიდა 3000 ლარად, თუმცა მისი თავის სახელზე აღრიცხვა ვერ მოახერხა.

გალისა და გულრიფშის რაიონული სასამართლოს 2001წ. 13 აგვისტოს გადაწყვეტილებით ნ. შ.-ს სარჩელი დაკმაყოფილდა, ნ. შ.-სა და ე. ნ.-ს შორის 2000წ. 20 იანვარს დადებული, ქ.ზუგდიდში, ... მდებარე საცხოვრებელი სახლის ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულება ბათილად იქნა ცნობილი. ქ. ზუგდიდის ტექაღრიცხვის სამსახურს დაევალა სადავო სახლის ნ. შ.-ს სახელზე აღრიცხვა.

აღნიშნული გადაწყვეტილება ე.ნ.-მა გაასაჩივრა სააპელაციო წესით.

სააპელაციო სასამართლოში არასათანადო მოსარჩელე – ნ. შ.-ა შეიცვალა სათანადო მოსარჩელით – ნ. შ.-თი, რომლის წარმომადგენელმა კ. ბ.-ემ საქმის განხილვისას უარი თქვა სარჩელზე დავისადმი ინტერესის დაკარგვის გამო და მოითხოვა საქმის წარმოების შეწყვეტა. მოსარჩელე მხარეს სარჩელზე უარის თქმის სამართლებრივი შედეგები განემარტა. აფხაზეთის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 22 ნოემბრის განჩინებით საქმის წარმოება შეწყდა სარჩელზე უარის თქმის გამო.

ზემოაღნიშნული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრეს მოსარჩელე ნ. შ.-მ, ასევე, მესამე პირებმა: ნ. შ.-მ და მ. შ.-მ. მათ მოითხოვეს გასაჩივრებული განჩინების გაუქმება იმ მოტივით, რომ ნ.შ.-ს თავისი წარმომადგენელი კ. ბ.-ისთვის სარჩელზე უარის თქმის უფლებამოსილება არ მიუცია და საქმის მასალებში წარმოდგენილ რწმუნებულებაში აღნიშნულის თაობაზე პირდაპირ მითითებული არ არის. ამასთან, ნ. შ.-სათვის სარჩელზე უარის თქმის მნიშვნელობა არ იყო ცნობილი. კერძო საჩივრის ავტორთა განმარტებით, მოსარჩელეს სასამართლო სხდომაზე აუცილებლად უნდა მისცემოდა შესაძლებლობა, გამოეხატა თავისი მოსაზრება ამ საკითხთან დაკავშირებით. მხარის აზრით, სსკ-ის 272-ე მუხლის თანახმად, სარჩელზე უარის თქმის უფლება აქვს მხოლოდ მხარეს (მოსარჩელეს) და არა მის წარმომადგენელს, ამდენად, კერძო საჩივრის ავტორებმა მიიჩნიეს, რომ სასამართლო უფლებამოსილი იყო, საქმის წარმოება შეეწყვიტა მხოლოდ უშუალოდ მოსარჩელის განცხადებისა და მისი პროცესზე მონაწილეობის დროს გამოთქმული თანხმობის საფუძველზე. აღნიშნულიდან გამომდინარე, კერძო საჩივრის ავტორებმა მოითხოვეს გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 29 ნოემბრის განჩინებით კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და საქმის მასალებთან ერთად განსახილველად გაეგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოს.სააპელაციო სასამართლომ კერძო საჩივრის ავტორთა მოსაზრება იმის შესახებ, რომ ნ.შ.-ს თავის წარმომადგენელ კ. ბ.-ისათვის სარჩელზე უარის თქმის უფლებამოსილება არ მიუცია, არ გაიზიარა და მიუთითა სსკ-ის 96-ე მუხლის შესაბამის, 2004წ. 2 ნოემბრის სასამართლო სხდომაზე კ. ბ.-ის მიერ წარმოდგენილი რწმუნებულებაზე _ 2004წ. 11 ნოემბერს ნოტარიუს ნ.ჯანხოთელის მიერ დამოწმებულ აქტზე, რომლის თანახმად, ნ. შ.- კ. ბ.-ეს სხვა უფლებებთან ერთად უფლებას აძლევს, მარწმუნებლის სახელით ცნოს ან უარყოს მთლიანად ან ნაწილობრივ სასარჩელო მოთხოვნები. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა სსკ-ის 93-ე და 98-ე მუხლებზე და მიიჩნია, რომ ნ. შ.-ს მსჯელობა იმის შესახებ, რომ სარჩელზე უარის თქმის უფლება მხოლოდ მოსარჩელეს და არა მის წარმომადგენელს აქვს, კანონის ხსენებულ დანაწესებს არ შეესაბამება. პალატის განმარტებით, მოცემულ შემთხვევაში, სსკ-ის 96-ე მუხლის შესაბამისად, გაფორმებული მინდობილობის ძალით ნ.შ.-ა უფლებას ანიჭებს თავის რწმუნებულს, უარი თქვას სასარჩელო მოთხოვნაზე და ამ შემთხვევაში მარწმუნებლის დამატებით თანხმობის მიღებას კანონმდებლობა არ ითვალისწინებს. შესაბამისად, კ. ბ.-ის მიერ სარჩელზე უარის თქმა საქმის წარმოების შეწყვეტის საკმარის საფუძველს წარმოადგენდა. რაც შეეხება არგუმენტს, რომ თავად მოსარჩელეს სარჩელზე უარის თქმასთან დაკავშირებით საკუთარი აზრის გამოხატვის შესაძლებლობა არ მიეცა, პალატამ ჩათვალა, რომ ნ.შ.-ა სასამართლო სხდომაზე დაბარებული იყო სსკ-ის 70-74-ე მუხლების შესაბამისად და მისი გამოუცხადებლობა არ აბრკოლებდა საქმის განხილვას.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები და მიაჩნია, რომ ნ. და მ. შ.-ის, ნ. წ.-.ს კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

დადგენილია, რომ მოსარჩელე ნ. შ.-მ 2004წ. 11 ნოემბრის სანოტარო წესით დამოწმებული რწმუნებულებით კ. ბ.-ეს, სხვა უფლებათა შორის, მიანიჭა უფლებამოსილება მთლიანად ან ნაწილობრივ ცნოს ან უარყოს სასარჩელო მოთხოვნები.

აფხაზეთის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 22 ნოემბრის სხდომაზე ნ. შ.- არ გამოცხადდა. მას სასამართლო უწყება კანონით დადგენილი წესით ჩაბარდა. ხსენებულ სხდომაზე ნ.შ.-ს წარმომადგენელმა კ. ბ.-ემ უარი თქვა სარჩელზე დავისადმი ინტერესის დაკარგვის გამო და მოითხოვა საქმის წარმოების შეწყვეტა. მას სარჩელზე უარის თქმის სამართლებრივი შედეგების შესახებ განემარტა. აღნიშნულის მიუხედავად, კ.ბ.-ემ თავის მოთხოვნას მხარი დაუჭირა, რის საფუძველზე განჩინებით საქმის წარმოება შეწყდა.

საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად იხელმძღვანელა სსკ-ის მე-3 მუხლით, რომლის თანახმად, მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო 272-ე მუხლის «გ» პუნქტით, სასამართლო მხარეთა განცხადებით ან თავისი ინიციატივით წყვეტს საქმის წარმოებას, თუ მოსარჩელემ უარი თქვა სარჩელზე.

საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სააპელაციო პალატამ მართებულად არ გაიზიარა კერძო საჩივრის არგუმენტი, რომ სარჩელზე უარის თქმის უფლება მხოლოდ პირადად მოსარჩელეს და არა მის წარმომადგენელს აქვს. აღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლომ სწორად მიუთითა სსკ-ის 93-ე მუხლზე, რომლის თანახმად, მხარეებს შეუძლიათ საქმე აწარმოონ როგორც პირადად, ასევე, წარმომადგენლის მეშვეობით. ამასთან, საქმის წარმოება წარმომადგენლის მეშვეობით არ ართმევს უფლებას მხარეს თვითონ, პირადად მიიღოს მონაწილეობა საქმის განხილვაში. ამავე კოდექსის 98-ე მუხლის შესაბამისად, წარმომადგენელი უფლებამოსილია მარწმუნებლის სახელით შეასრულოს ყველა საპროცესო მოქმედება გარდა კერძო არბიტრაჟისათვის საქმის გადაცემისა, სასარჩელო მოთხოვნაზე მთლიანად ან ნაწილობრივ უარის თქმისა, სარჩელის ცნობისა, სარჩელის საგნის შეცვლისა, მორიგებისა, სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრებისა, სააღსრულებო ფურცლის გადასახდევინებლად წარდგენისა, მიკუთვნებული ქონების ან ფულის მიღებისა. წარმომადგენლის უფლებამოსილება ამ თითოეული მოქმედებების შესრულებისათვის სპეციალურად უნდა იქნეს აღნიშნული მარწმუნებლის მიერ გაცემულ მინდობილობაში. მოცემულ შემთხვევაში კ.ბ.-ეს ხსენებული ნორმით გათვალისწინებული უფლებამოსილება გააჩნდა. ამდენად, საკასაციო სასამართლოს აზრით, სააპელაციო პალატამ სწორად მიიჩნია, რომ მოსარჩელის წარმომადგენლის შუამდგომლობა საქმის წარმოების შეწყვეტისათვის საკმარისი იყო.

დაუსაბუთებელია კერძო საჩივრის არგუმენტი, თითქოს მოსარჩელე ნ.შ.-ს არ მიეცა საშუალება, საქმის წარმოების შეწყვეტასთან დაკავშირებით საკუთარი აზრი გამოეთქვა, რადგან იგი კანონის დადგენილი წესით გაფრთხილებულ იქნა საქმის განიხლვის დროის თაობაზე, თუმცა სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდა.

ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ წარმოდგენილი კერძო საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებული განჩინება დარჩეს უცვლელი.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსკ-ის 419-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

ნ. და მ. შ.-ის, ნ. წ.-შ.-ს კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

აფხაზეთის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 22 ნოემბრისა და 29 ნოემბრის განჩინებები დარჩეს უცვლელი.

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.