ახალად აღმოჩენილი გარემოებები
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
¹ ა-1575-ა-42-03 20 ნოემბერი, 2003 წ. , ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. ახალაძე (თავმჯდომარე),ქ. გაბელაია,თ. კობახიძე
დავის საგანი: ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო გადაწყვეტილების გაუქმება.
აღწერილობითი ნაწილი:
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2000წ. 20 სექტემბრის გადაწყვეტილებით შპს “მ. ....-ის” დირექტორის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა. გაუქმდა თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2000წ. 12 აპრილის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც შპს “მ. ....-ის” სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და გ. გ-ი გამოსახლდა ქ. თბილისში, ... მდებარე სახლის II სართულზე არსებული არასაცხოვრებელი ფართიდან.
გ. გ-მა საკასაციო სასამართლოს მიმართა განცხადებით, ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო, საქმის წარმოების განახლების შესახებ.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2001წ. 16 ნოემბრის განჩინებით, გ. გ-ის განცხადება, ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო, გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების შესახებ არ დაკმაყოფილდა.
შემდგომში, გ. გ-მა საკასაციო სასამართლოს მიმართა განცხადებით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2001წ. 16 ნოემბრის განჩინების ბათილად ცნობის შესახებ.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 22 მარტის განჩინებით გ. გ-ის განცხადებას საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2001წ. 16 ნოემბრის განჩინების ბათილად ცნობის შესახებ ეთქვა უარი.
2002წ. 5 აპრილს გ. გ-მა სარჩელით მიმართა ქ. თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონულ სასამართლოს სარჩელით ქ. თბილისის მერიის ტექნიკური აღრიცხვის სამსახურის მიმართ, მე-3 პირი შპს “მ. ....”, ჩანაწერის არაზუსტად ცნობისა და მისი გაუქმების შესახებ, შემდეგი საფუძვლით: სადავო ბინა აღირიცხება გ. გ-ის მეუღლის ლ. გ-ე-გ-ის სახელზე, ქ. თბილისის ... მდებარე სახლთმფლობელობაზე გაიცა ტექნიკური პასპორტი, სადაც მესაკუთრედ აღნიშნულია შპს “მ. ....” ტექ. აღრიცხვის სამსახურის ¹გ-611 წერილით დგინდება, რომ აღნიშნული სახლთმფლობელობა 1979წ. 7 თებერვალს ¹49 გადაწყვეტილებით გადაეცა სახ. ახალგაზრდულ დრამატულ თეატრს, რის მიღება-ჩაბარების აქტი არ არსებობს. საქართველოს კულტურის მინისტრის 1999წ. 28 მაისის ¹3/81 ბრძანების საფუძველზე “კომისიის” ბალანსზე რიცხული ფართი გადაეცა სს “მ.”. გ. გ-მა მიუთითა, ასევე, რომ გაუგებარია თუ რის საფუძველზე გაიცა აღნიშნული ფართის ტექნიკური პასპორტი ისნის რაიონის საბინაო ტრესტის თანხმობის გარეშე. როგორ გადაეცა ფართი კულტურის სამინისტროს იმ დროს, როცა შენობის ფლობის არანაირი დოკუმენტაცია არ არსებობდა.
დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2002წ. 28 მაისის განჩინებით, გ. გ-ის შუამდგომლობის საფუძველზე. იგი როგორც არასათანადო მოსარჩელე შეიცვალა სათანადო მოსარჩელით და საქმეში ჩაერთო მისი მეუღლე _ ლ. გ-ე-გ-ი.
ქ. თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2002წ. 13 ივნისის გადაწყვეტილებით ლ. გ-ე-გ-ის სარჩელი მოპასუხე ქ. თბილისის მერიის ტექნიკური აღრიცხვის სამსახურის მიმართ ჩანაწერების არაზუსტად ცნობისა და გაუქმების თაობაზე არ დაკმაყოფილდა.
გ. გ-მა განცხადებით მიმართა უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საკასაციო პალატის გადაწყვეტილების გაუქმება იმ საფუძვლით, რომ რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით დამტკიცებულ იქნა რეესტრის ჩანაწერის უზუსტობა, ყოველივე ეს ცნობილი, რომ ყოფილიყო უზენაესი სასამართლოსათვის, სასამართლო შპს “მ. ....-ს” არ მიიჩნევდა სათანადო მოსარჩელედ და მოთხოვნას მისი (გ. გ-ი) გამოსახლების შესახებ არ დააკმაყოფილებდა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატამ 2002წ. 15 ნოემბრის განჩინებით გ. გ-ის განცხადება არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2000წ. 20 სექტემბრის გადაწყვეტილება.
2003წ. 23 ოქტომბერს გ. გ-მა კვლავ მიმართა უზენაეს სასამართლოს და მიუთითა, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატამ 2001წ. 16 ნოემბრის განჩინებაში არ იმსჯელა სსკ-ს 423-ე მუხლის “ვ” პუნქტზე.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა განცხადების საფუძვლიანობა და თვლის, რომ იგი უნდა დარჩეს განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:
გ. გ-ი საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2000წ. 20 სექტემბრის გადაწყვეტილების გაუქმებას ითხოვს იმ საფუძვლით, რომ საკასაციო პალატამ 2001წ. 16 ნოემბერს განჩინებაში არ იმსჯელა სსკ-ს 423-ე მუხლის “ვ” პუნქტზე.
საქმის მასალების შემოწმებით დასტურდება, რომ 2001წ. 16 ნოემბრის საკასაციო პალატის მიერ საქმის ზეპირი მოსმენით განხილვის დროს გ. გ-მა დააზუსტა თავისი მოთხოვნა და ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების გაუქმება მოითხოვა არა სსკ-ს 423-ე მუხლის “ვ” პუნქტის, არამედ ამავე კოდექსის 423-ე მუხლის “ა” პუნქტის თანახმად, რის გამოც უზენაესმა სასამართლომ განჩინებაში იმსჯელა მხოლოდ საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის “ა” პუნქტზე და არ იქონია მსჯელობა იმავე მუხლის “ვ” პუნქტზე.
სსკ-ს 426-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო, საქმის წარმოების განახლების შესახებ შეტანილ უნდა იქნეს ერთი თვის განმავლობაში და ამ ვადის გაგრძელება არ დაიშვება. ამავე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით კი ვადის დენა იწყება იმ დღიდან, როდესაც მხარისათვის ცნობილი გახდა გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების საფუძვლების არსებობა.
როგორც საქმის მასალებით ირკვევა, იმ საფუძვლის შესახებ, რითაც გ.გ-ი მოცემულ შემთხვევაში ითხოვს საქმეზე გადაწყვეტილების გაუქმებას და საქმის წარმოების გნახლებას, მან იცოდა 2002წ. 13 ივნისიდან, მაგრამ ამ საფუძვლით საქმის წარმოების განახლებაზე სსკ-ს 423-ე მუხლის “ვ” პუნქტით, სასამართლოს მიმართა მხოლოდ 2003წ. 23 ოქტომბერს, ე.ი. ერთი წლისა და ოთხი თვის შემდეგ.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა თვლის, რომ განმცხადებლის მიერ გაშვებულია სსკ-ს 426-ე მუხლით გათვალისწინებული ერთთვიანი ვადა, რის გამოც განცხადება დაუშვებელია.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ს 425-ე, 426-ე, 429-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
გ. გ-ის განცხადება საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2000წ. 20 სექტემბრის გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების შესახებ დარჩეს განუხილველი დაუშვებლობის გამო.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.