ახალად აღმოჩენილი გარემოებები

სამოქალაქო 20.12.2005
საქმის ნომერი
ა-544-ა-37-05
კატეგორია
დავის ტიპი
ახალად აღმოჩენილი გარემოებები
თარიღი
20.12.2005

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

ა-544-ა-37-05 ა-544-ა-37-05 20 დეკემბერი 2005 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე),მ. ახალაძე (მომხსენებელი),ნ. კვანტალიანი

დავის საგანი: ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2004წ. 23 დეკემბრის განჩინებისა და თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2003წ. 25 აგვისტოს დაუსწრებელი გადაწყვეტილების ბათილად ცნობა.

აღწერილობითი ნაწილი:

საქართველოს მეფუტკრეთა კავშირმა სარჩელით მიმართა თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონულ სასამართლოს მოპასუხე ქ. ყ-ის მიმართ და მოითხოვა მოსარჩელის მიერ მითვისებული თანხის _ 434 ლარისა და 60 თეთრის მის სასარგებლოდ დაკისრება.

თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2003წ. 25 აგვისტოს დაუსწრებელი გადაწყვეტილებით საქართველოს მეფუტკრეთა კავშირის სარჩელი დაკმაყოფილდა: მოპასუხე ქ. ყ-ს, მეფუტკრეთა კავშირის სასარგებლოდ დაეკისრა 468 ლარისა და 70 თეთრის გადახდა. მასვე დაეკისრა სახელმწიფო ბაჟის _ 10 ლარისა და 20 თეთრის გადახდა. ასევე, ინდივიდუალური აუდიტისათვის გაწეული მომსახურეობის თანხის _ 150 ლარის გადახდევინება.

რაიონული სასამართლოს დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე საჩივარი შეიტანა ქ. ყ-მა და მოითხოვა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გადასინჯვა და საქმის წარმოების განახლება.

თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2004წ. 18 თებერვლის განჩინებით ქ. ყ-ის საჩივარი არ დაკმაყოფილდა და ძალაში იქნა დატოვებული ამავე სასამართლოს მიერ მიღებული 2003წ. 15 აგვისტოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება.

ზემო აღნიშნული განჩინება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა ქ. ყ-მა.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 28 ივნისის განჩინებით ქ. ყ-ის სააპელაციო საჩივარი დატოვებულ იქნა განუხილველად სსკ-ის 365-ე მუხლის თანახმად.

სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა ქ. ყ-მა და აღნიშნა, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილებით მას სპეციალურად დააკისრეს 468 ლარისა და 70 თეთრის გადახდა, რადგან არ მისცემოდა საშუალება მისი სააპელაციო წესით გასაჩივრებისა.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 23 ივლისის განჩინებით კერძო საჩივრის ავტორს ვადა მიეცა ხარვეზის შესავსებად, კერძოდ, სახელმწიფო ბაჟის გადასახდელად განჩინების ასლის ჩაბარებიდან 10 დღე, მაგრამ მის მიერ ხარვეზი არ იქნა შევსებული და თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 29 ოქტომბრის განჩინებით ქ. ყ-ის კერძო საჩივარი დატოვებულ იქნა განუხილველად და საქმის მასალებთან ერთად განსახილველად გადაეგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოს.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2004წ. 23 დეკემბრის განჩინებით ქ. ყ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 29 ოქტომბრის განჩინება დარჩა უცვლელად.

ქ. ყ-მა განცხადებით მიმართა საკასაციო პალატას, რომლითაც მოითხოვა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 23 დეკემბრის განჩინების ბათილად ცნობა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2005წ. 18 ნოემბრის განჩინებით ქ. ყ-ს ვადა მიეცა ხარვეზისათვის და დაევალა განჩინების ასლის ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში სსკ-ის 427-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად შედგენილი განცხადების წარმოდგენა.

ქ. ყ-მა სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში წარმოადგინა განცხადება და მოითხოვა ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს მიერ მიღებული 2003წ. 25 აგვისტოს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმება. ასევე, მის მიერ მეფუტკრეთა კავშირისაათვის იძულებით გადახდილი 780 ლარის დაბრუნება. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ექსპერტიზისა და სპეციალურ გამოკვლევათა ცენტრის დასკვნის საფუძველზე, მეფუტკრეთა კავშირის ბუღალტერიის მიერ ზედმეტად დარიცხული 107 კგ. თაფლის ნატურით დაბრუნება და მორალური ზიანის ანაზღაურება 1500 ლარის ოდენობით.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატა გაეცნო ქ. ყ-ის განცხადებას, საქმის მასალებს და თვლის, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სსკ-ის 424-ე მუხლის თანახმად განცხადება გადაწყვეტილების ბათილად ცნობის ან ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ შეტანილ უნდა იქნეს გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოში. საკასაციო სასამართლო განიხილავს განცხადებას გადაწყვეტილების ბათილად ცნობასა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ, თუ იგი მის მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებას ეხება.

საქმის მასალების მიხედვით ქ. ყ-ი წარმოდგენილი განცხადებით მოითხოვს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2005წ. 23 დეკემბრის განჩინების ბათილად ცნობას და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლებას, რომლითაც მოხდა არა საქმის არსებითი განხილვა, არამედ საკასაციო სასამართლოს მიერ გამოტანილი იქნა განჩინება სააპელაციო პალატის 2004წ. 19 ოქტომბრის განჩინების უცვლელად დატოვების შესახებ, რომელიც შეეხებოდა ქ. ყ-ის მიერ ბაჟის გადაუხდელობის გამო კერძო საჩივრის განუხილველად დატოვების საკითხს. ქ. ყ-ი კი თავისი განცხადებით მოითხოვს მის მიერ მეფუტკრეთა კავშირისათვის იძულებით გადახდილი 780 ლარის დაბრუნებას. იუსტიციის სამინისტროს ექსპერტიზისა და სპეციალურ გამოკვლევათა ცენტრის დასკვნის საფუძველზე, მეფუტკრეთა კავშირის ბუღალტერიის მიერ ზედმეტად დარიცხული 107 თაფლის ნატურით დაბრუნებას და მორალური ზიანის ანაზღაურებას 1500 ლარის ოდენობით.

ქ. ყ-ის მიერ საკასაციო პალატის 2005წ. 18 ნოემბრის განჩინებაზე ხარვეზის შევსების შესახებ წარმოდგენილი განცხადებითა და არც მასზე თანდართული მასალებით არ დგინდება, თუ რას მიიჩნევს განმცხადებელი განჩინების ბათილად ცნობისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების საფუძვლად. განცხადება არ შეიცავს სსკ-ის 422-ე, 423-ე მუხლებით გათვალისწინებულ ახლად აღმოჩენილ გარემოებებს, არამედ იგი თავისი შინაარსით წარმოადგენს დაზუსტებულ სასარჩელო განცხადებას. სსკ-ის 424-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად განსჯადობის წესის დაცვით ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით ქ. ყ-მა გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოს უნდა მიმართოს.

სსკ-ის 429-ე მუხლის თანახმად ქ. ყ-ის განცხადება დაუშვებლობის გამო დატოვებულ უნდა იქნეს განუხილველად.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ის 429-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

ქ. ყ-ის განცხადება უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2005წ. 23 დეკემბრის განჩინების ბათილად ცნობისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ განუხილველად იქნეს დატოვებული დაუშვებლობის გამო.

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.