დატოვებულია განუხილველად

სამოქალაქო 31.03.2006
საქმის ნომერი
ა-137-ა-23-06
კატეგორია
დავის ტიპი
ახალად აღმოჩენილი გარემოებები
თარიღი
31.03.2006

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლება

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ ა-137-ა-23-06 31 მარტი, 2006 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),მ. ცისკაძე (მომხსენებელი),ნ. კვანტალიანი

დავის საგანი: ეზოს გაყოფა.

აღწერილობითი ნაწილი:

ა. ზ-შვილმა 1999წ. 20 აგვისტოს სარჩელით მიმართა სასამართლოს მოპასუხეების მ. და ზ. ზ-შვილების მიმართ და მოითხოვა მამის გარდაცვალებამდე ოჯახის საერთო სარგებლობაში არსებული საკარმიდამო მიწის ნაკვეთის თანაბარწილად გაყოფა მასა და ზ. ზ-შვილს შორის 1997წ. 3 მარტის მიწის მიღება-ჩაბარების აქტის მდგომარეობით, კერძოდ, 0,057 კვ.მ მიწის მიკუთვნება; ასევე სტადიონთან მდებარე 0,59 ჰა მიწის ნაკვეთის თანაბარწილად გაყოფა მასა და მ. ზ-შვილს შორის.

მოცემული დავა არაერთხელ იქნა განხილული სხვადასხვა ინსტანციების სასამართლოებში. ბოლოს გურჯანიის რაიონული სასამართლოს 2001წ. 24 დეკემბრის გადაწყვეტილებით ა. ზ-შვილის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა _ მას და ზ. ზ-შვილს შორის ეზოს გაყოფა მოხდა 1997წ. 3 მარტის მიწის მიღება-ჩაბარების აქტის მიხედვით, რომლითაც ა.ზ-შვილს მიეცა 0,057 კვ.მ ნაკვეთი და რომელი მონაცემებიც შესულია საჯარო რეესტრში. ა. ზ-შვილს უარი ეთქვა სტადიონთან მდებარე მ. ზ-შვილზე აღრიცხული მიწის ნაკვეთიდან 1/3-ის გამოყოფის სასარჩელო მოთხოვნაზე უსაფუძვლობის გამო.

გურჯანიის რაიონული სასამართლოს 2001წ. 24 დეკემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ზ. ზ-შვილმა.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 18 თებერვლის განჩინებით ზ. ზ-შვილის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; გურჯანიის რაიონული სასამართლოს 2001წ. 24 დეკემბრის გადაწყვეტილება გასაჩივრებულ ნაწილში დარჩა უცვლელად.

სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა ზ. ზ-შვილის წარმომადგენელმა ნ. ქ-შვილმა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2005წ. 21 ოქტომბრის განჩინებით ზ. ზ-შვილის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 18 თებერვლის განჩინება.

ზ. ზ-შვილმა განცხადებით მიმართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატას და მოითხოვა ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საკასაციო პალატის 2005წ. 21 ოქტომბრის განჩინების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება.

სამოტივაციო ნაწილი:

სსკ-ის 429-ე მუხლის თანახმად საკასაციო პალატამ ზეპირი განხილვის გარეშე შეამოწმა ზ. ზ-შვილის განცხადების დასაშვებობა. ამ მუხლის თანახმად სასამართლომ თავისი ინიციატივით უნდა შეამოწმოს, დასაშვებია თუ არა განცხადება საქმის განახლების შესახებ. თუ არ არსებობს განცხადების დაშვების ესა თუ ის პირობა, სასამართლომ თავისი განჩინებით განცხადება განუხილველად უნდა დატოვოს.

საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების დასაშვებობის ერთ-ერთ პირობას წარმოადგენს ის, რომ ზემოაღნიშნული განცხადება შეტანილ უნდა იქნეს სსკ-ის 424-ე მუხლით გავალისწინებულ განსჯად სასამართლოში. ამ ნორმის პირველი ნაწილის თანახმად განცხადება გადაწყვეტილების ბათილად ცნობის ან ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ შეტანილ უნდა იქნეს გადაწყვეტილების (განჩინების) გამომტან სასამართლოში. განცხადებას განიხილავს გადაწყვეტილების გამომტანი სასამართლო იმ შემთხვევაშიც, როდესაც არსებობს ზემდგომი სასამართლოს განჩინება ამ გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების შესახებ. სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო მხოლოდ იმ შემთხვევაში განიხილავს განცხადებას გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ, თუ იგი მის მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებას ეხება.

დადგენილია, რომ გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2001წ. 24 დეკემბრის გადაწყვეტილებით ა. ზ-შვილის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა _ მას და ზ. ზ-შვილს შორის ეზოს გაყოფა მოხდა 1997წ. 3 მარტის მიწის მიღება-ჩაბარების აქტის მიხედვით, რომლითაც ა.ზ-შვილს მიეცა 0,057 კვ.მ ნაკვეთი და რომელი მონაცემებიც შესულია საჯარო რეესტრში. ა. ზ-შვილს სტადიონთან მდებარე მ. ზ-შვილზე აღრიცხული მიწის ნაკვეთიდან 1/3-ის გამოყოფის შესახებ სასარჩელო მოთხოვნაზე უარი ეთქვა უსაფუძვლობის გამო. სააპელაციო სასამართლოს 2005წ. 18 თებერვლის განჩინებით ზ. ზ-შვილის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; გურჯანიის რაიონული სასამართლოს 2001წ. 24 დეკემბრის გადაწყვეტილება გასაჩივრებულ ნაწილში დარჩა უცვლელად. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2005წ. 21 ოქტომბრის განჩინებით არ დაკმაყოფილდა ზ. ზ-შვილის საკასაციო საჩივარი; უცვლელად დარჩა თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 18 თებერვლის განჩინება.

საქმის მასალებით ირკვევა, რომ გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2001წ. 24 დეკემბრის გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 2005წ. 18 თებერვალს.

ვინაიდან საკასაციო პალატის 2005წ. 21 ოქტომბრის განჩინებით არ დაკმაყოფილდა ზ. ზ-შვილის საკასაციო საჩივარი და უცვლელად დარჩა თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 18 თებერვლის განჩინება; სააპელაციო პალატის 2005წ. 18 თებერვლის განჩინებით კი ზ. ზ-შვილის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და გურჯანიის რაიონული სასამართლოს 2001წ. 24 დეკემბრის გადაწყვეტილება გასაჩივრებულ ნაწილში დარჩა უცვლელად, ამიტომ განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2005წ. 21 ოქტომბრის განჩინების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების შესახებ არ აკმაყოფილებს ზემოხსენებული ნორმით გათვალისწინებულ მოთხოვნას. მოცემულ შემთხვევაში ზ.ზ-შვილს აღნიშნული განცხადებით უნდა მიემართა გადაწყვეტილების გამომტანი სასამართლოსათვის, რომელსაც მოცემულ შემთხვევაში წარმოადგენს გურჯაანის რაიონული სასამართლო.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ ზ. ზ-შვილის განცხადება უნდა დარჩეს განუხილველი.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ის 424-ე მუხლის პირველი ნაწილით, 429-ე და 284-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

ზ. ზ-შვილის განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2005წ. 21 ოქტომბრის განჩინების გაუქმების და საქმის წარმოების განახლების შესახებ დარჩეს განუხილველი.

საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.