დატოვებულია განუხილველად

სამოქალაქო 25.04.2006
საქმის ნომერი
ა-632-ა-33-06
კატეგორია
დავის ტიპი
ახალად აღმოჩენილი გარემოებები
თარიღი
25.04.2006

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლება

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ ა-632-ა-33-06 25 აპრილი, 2006 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),ნ. კვანტალიანი,მ. ცისკაძე

დავის საგანი: ზიანის ანაზღაურება

აღწერილობითი ნაწილი:

შპს „ს.რ-ამ“ სარჩელი აღძრა სასამართლოში სხვადასხვა ფირმების, მათ შორის „ბ-ის“ მიმართ და აღნიშნა, რომ 2004წ. 1 იანვრიდან 31 მაისამდე აღნიშნული ფირმები აწარმოებდნენ ნავთობისა და ნავთობ-პროდუქტების საერთაშორისო გადაზიდვას. მათი სახელით „ს.რ-ასთან“ ურთიერთობებს ახორციელებდა საექსპედიციო კომპანია შპს „ს.ე-ია“, რომელიც იხდიდა ტვირთის გადაზიდვის ღირებულებას სარკინიგზო სატრანსპორტო ზედნადებებში, რომლებიც დგება ტვირთის გამოგზავნის პუნქტში. ტვირთის გამომგავნად და მიმღებად ფიქსირდებოდა ტვირთმფლობელი ფირმები, ხოლო რიგ შემთხვევებში ტვირთის მიღებაზე პასუხისმგებლობა ეკისრებოდა შპს „ნ-ის“ ტერმინალს.

მოსარჩელის განმარტებით, მიუხედავად შპს „ს.რ-ის“ მიერ თავისი ვალდებულებების ჯეროვნად შესრულებისა, მოპასუხეები ვერ უზრუნველყოფდნენ დანიშნულების ადგილამდე მიტანილი ტვირთის დროულ მიღებასა და დაცლას, რის გამოც ყოვნდებოდა ვაგონცისტერნები როგორც უშუალოდ ბათუმის ნ-ის ტერმინალის მისადგომებთან, ასევე მსვლელობის გზაზე და გზამდებარე სადგურებში. ყოველ ასეთ დარღვევაზე დგებოდა „რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის“ წესდებით გათვალისწინებული საერთო ფორმის აქტი – ფორმა გუ 23 და ისინი წარედგინებოდა დამკვეთს. ტვირთმფლობელ კომპანიებს ასევე სისტემატურად წარედგინებოდა უწყებები ვაგონების გამოყენებისა და ტვირთის შენახვის გამო დარიცხული თანხების ანაზღაურების შესახებ, რის თაობაზეც მოპასუხეებისაგან ხდებოდა სრული იგნორირება.

მოსარჩელის აზრით, შპს „ს.რ-ის“ ტარიფების შესაბამისად გადახდას ექვემდებარება ფირმა „ბ-ისაგან“ 1615522,63 ლარი.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი სასამართლოს სამოქალაქო და სამეწარმეო საქმეთა კოლეგიის 2005წ. 11 მაისის გადაწყვეტილებით შპს „ს.რ-ის“ სარჩელი დაკმაყოფილდა. ფირმა „ბ-ს“ შპს „ს.რ-ის“ სასარგებლოდ დაეკისრა 1615489, 63 ლარის გადახდა. სასამართლომ მიიჩნია, რომ მხარეთა შორის დადებულია გადაზიდვის ხელშეკრულება ზედნადების სახით. ფირმა „ბ-მა“ ვერ უზრუნველყო მის სახელზე გადამზიდველის მიერ გადაზიდული პროდუქციის დროული ჩამოცლა, რამაც გამოიწვია ვაგონების მოცდენა. სასამართლომ მიიჩნია, რომ ფირმა „ბ-ს“ ჰქონდა ნაკისრი ტვირთის მიღების ვალდებულება. მან ეს ვალდებულება ვერ შეასრულა, რითაც ზიანი მიადგა მოსარჩელეს.

ამასთან, იმის გათვალისწინებით, რომ მოსარჩელემ თანხმობა განაცხადა დროის განაწილვადებით გადაეხადა სარჩელში მითითებული თანხა და აღიარა ვალდებულება, სასამართლომ მას დააკისრა სარჩელში მითითებული თანხა.

სასამართლოს მითითებული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ფირმა „ბ-მა“ და მოითხოვამისი გაუქმება იმ საფუძვლით, რომ სასამართლოს არ გამოუკვლევია მტკიცებულებები, უფრო მეტიც, მტკიცებულების ასლებიც არ გადაუგზავნია მოპასუხისათვის. მისი განმარტებით, საქმის მასალებში არ მოიპოვება ზედნადების არათუ დედნები, არამედ ამ ზედნადების ასლები, ხოლო საერთო ფირმის აქტებზე არ არის მათი წარმომადგენლის ხელმოწერა და ისიც არ არის ასლის სახით გადაგზავნილი მოპასუხისათვის. ამასთან, კასატორის მითითებით, სასამართლომ იხელმძღვანელა ტრანსპორტისა და კომუნიკაციების მინისტრის ბრძანებით, რომელიც „ნორმატიული აქტების შესახებ“ კანონის თანახმად ძალადაკარგულია. ამასთან, არასწორადაა გამოყენებული სარკინიგზო კოდექსის ის მუხლები, რომლითაც დადგენილია ვაგონების მოცდენისათვის ტვირთის მიმღების პასუხისმგებლობა. რაც შეეხება „საერთაშორისო სარკინიგზო სატვირთო მიმოსვლის შესახებ შეთანხმებას», კასატორის აზრით, იგი საქართველოს პარლამენტის მიერ რატიფიცირებული არ არის, ამიტომ სასამართლოს იგი არ უნდა გამოეყენებინა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2006წ. 21 თებერვლის განჩინებით ფირმა „ბ-ის“ საკასაციო საჩივარი არდაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი სასამართლოს სამოქალაქო და სამეწარმეო საქმეთა კოლეგიის 2005წ. 11 მაისის გადაწყვეტილება.

2006წ. 22 მარტს ფირმა «ბ-ის» წარმომადგენელმა ნ. ჩ-იამ საკასაციო სასამართლოს მიმართა განცხადებით ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი სასამართლოსსამოქალაქო და სამეწარმეო საქმეთა კოლეგიის 2005წ. 11 მაისის გადაწყვეტილებისა და საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2006წ. 21 თებერვლის განჩინების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების შესახებ მოთხოვნით.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატა განცხადების დასაშვებობის საკითხის განხილვის შედეგად მივიდა დასკვნამდე, რომ ფირმა «ბ-ის» წარმომადგენელ ნ. ჩ-იას განცხადება განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სსკ-ის 429-ე მუხლის თანახმად, სასამართლომ თავისი ინიციატივით უნდა შეამოწმოს, დასაშვებია თუ არა განცხადება საქმის წარმოების განახლების შესახებ. თუ არ არსებობს განცხადების დაშვების ესა თუ ის პირობა, სასამართლომ თავისი განჩინებით განცხადება განუხილველად უნდა დატოვოს.

ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების დასაშვებობის ერთ-ერთ პირობას ითვალისწინებს სსკ-ის 424-ე მუხლი, რომელიც აწესრიგებს კონკრეტული სასამართლოს მიერ განცხადების განხილვის განსჯადობას. მოცემული მუხლის თანახმად, განცხადება გადაწყვეტილების ბათილად ცნობის ან ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ შეტანილ უნდა იქნეს გადაწყვეტილების (განჩინების) გამომტან სასამართლოში. განცხადებას განიხილავს გადაწყვეტილების გამომტანი სასამართლო იმ შემთხვევაშიც, როდესაც არსებობს ზემდგომი სასამართლოს განჩინება ამ გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების შესახებ. სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო მხოლოდ იმ შემთხვევაში განიხილავს განცხადებას გადაწყვეტილების ბათილად ცნობის ან ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ, თუ იგი მის მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებას ეხება.

ამდენად, ზემოაღნიშნული მუხლიდან გამომდინარე, ის გარემოება, რომ განმცხადებლის მიერ გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცველლად დატოვების შესახებ არსებობს სააპელაციო ან საკასაციო სასამართლოს განჩინებები, არ ცვლის განსჯადობას. განცხადება, მიუხედავად ამისა, უნდა განიხილოს გადაწყვეტილების გამომტანმა და არა იმ სასამართლომ, რომელმაც უცვლელად დატოვა იგი.

მოცემულ შემთხვევაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2006წ. 21 თებერვლის განჩინებით უცვლელად დარჩა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი სასამართლოს სამოქალაქო და სამეწარმეო საქმეთა კოლეგიის 2005წ. 11 მაისის გადაწყვეტილება. ამდენად, კონკრეტულ შემთხვევაში, ფირმა „ბ-ის“ წარმომადგენელ ნ. ჩ-იას განცხადების განმხილველ განსჯად სასამართლოს წარმოადგენს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი სასამართლოს სამოქალაქო და სამეწარმეო საქმეთა კოლეგია, რომელიც დღეისათვის ლიკვიდირებულია და ამ სასამართლოს განსჯადი საქმეები დაექვემდებარა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას.

საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს განმცხადებლის არგუმენტს იმის თაობაზე, რომ ვინაიდან მოთხოვნა ეხება როგორც აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი სასამართლოს სამოქალაქო და სამეწარმეო საქმეთა კოლეგიის გადაწყვეტილებას, ისე საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის განჩინებას _ განცხადების განხილვა საქართველოს უზენაესი სასამართლოს განსჯადია.

სსკ-ის 424-ე მუხლის მე-2 ნაწილი, რომლის თანახმად, თუ განცხადება გადაწყვეტილების ბათილად ცნობის ან ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმეობის განახლების შესახებ ეხება ერთსა და იმავე საქმეზე რამდენიმე სასამართლო ინსტანციის გადაწყვეტილებას (განჩინებას), მაშინ იგი შეტანილ უნდა იქნეს მათ შორის ყველაზე ზემდგომ სასამართლო ინსტანციაში, გულისხმობს ისეთ შემთხვევას, როდესაც ზემდგომმა სასამართლომ ნაწილობრივ გააუქმა ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება და გაუქმებული ნაწილის მიმართ თვითონ მიიღო ახალი გადაწყვეტილება. ასეთ შემთხვევაში განცხადება საქმის წარმოების განახლების შესახებ შეტანილ უნდა იქნეს ზემდგომ სასამართლოში, რომელიც თვითონ განიხილავს საკითხს მთლიანად გადაწყვეტილების ბათილად ცნობის თუ ახლად აღმოჩენულ გარემოებათა გამო მისი გაუქმების შესახებ.

ყოველივე ზემოხსენებულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა, როგორც, მოცემულ შემთხვევაში, არაგანსჯადი სასამართლო, უფლებამოსილი არ არის იმსჯელოს წარმოდგენილ განცხადებაზე, რის გამოც ფირმა „ბ-ის“ წარმომადგენელ ნ. ჩ-იას განცხადება დაუშვებლობის გამო უნდა დარჩეს განუხილველად. განმცხადებელს უნდა დაუბრუნდეს მის მიერ 300 ლარის ოდენობით გადახდილი სახელმწიფო ბაჟი.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ის 429-ე, 424-ე, 284-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

ფირმა „ბ-ის“ წარმომადგენელ ნ. ჩ-იას განცხადება დაუშვებლობის გამო დარჩეს განუხილველად.

განმცხადებელს დაუბრუნდეს 300 ლარის ოდენობით გადახდილი სახელმწიფო ბაჟი.

განმცხადებელს განემარტოს, რომ მის მიერ წარმოდგენილ განცხადებაზე განსჯად სასამართლოს წარმოადგენს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატა.

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.