დატოვებულია განუხილველად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
ა-922-ა-39-06 30მაისი, 2006 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),თ. თოდრია (მომხსენებელი),რ. ნადირიანი
დავის საგანი: უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა და ხელშეშლის აღკვეთა.
აღწერილობითი ნაწილი:
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2006წ. 23 თებერვლის განჩინებით ი. ი-შვილისა და ჯ. ხ-შვილის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა მოცემულ საქმეზე თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 9 დეკემბრის განჩინება.
2006წ. 11 მაისს ი. ი-შვილმა და ჯ. ხ-შვილმა ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადებით მიმართა საკასაციო პალატას და მოითხოვა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2006წ. 23 თებერვლის განჩინების გაუქმება, საქმის წარმოების განახლება და აღსრულების შეჩერება, იმ საფუძვლით, რომ დუშეთის შს რაიგანყოფილებაში დაიწყო წინასწარი გამოძიება სისხლის სამართლის ¹025060051 საქმეზე, ე. ჯ-ულის მიერ ყალბი დოკუმენტების გამოყენების ფაქტზე, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის II ნაწილით.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2006წ. 15 მაისის განჩინებით ი. ი-შვილისა და ჯ. ხ-შვილის განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ მიჩნეულ იქნა ხარვეზიანად და განცხადების ავტორებს განჩინების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში დაევალათ სახელმწიფო ბაჟის სახით 100 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის წარმოდგენა.
2006წ. 18 მაისს ი. ხ-შვილმა განცხადებით მიმართა საკასაციო პალატას, რომლითაც მოითხოვა განუხილველად იქნეს დატოვებული მისი განცხადება საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2006წ. 23 თებერვლის განჩინების გაუქმების, საქმის წარმოების განახლებისა და აღსრულების შეჩერების თაობაზე იმ საფუძვლით, რომ მათ განცხადებით უნდა მიემართათ არა უზენესი სასამართლოსთვის, არამედ გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოსთვის ანუ დუშეთის რაიონულ სასამართლოსთვის.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატა ი. ხ-შვილის განცხადების შესწავლის შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ იგი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სსკ-ის 429-ე მუხლის თანახმად, სასამართლომ თავისი ინიციატივით უნდა შეამოწმოს, დასაშვებია თუ არა განცხადება საქმის წარმოების განახლების შესახებ. თუ არ არსებობს განცხადების დაშვების ესა თუ ის პირობა, სასამართლომ თავისი განჩინებით განცხადება განუხილველად უნდა დატოვოს.
ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების დასაშვებობის ერთ-ერთ პირობას ითვალისწინებს სსკ-ის 424-ე მუხლი, რომელიც აწესრიგებს კონკრეტული სასამართლოს მიერ განცხადების განხილვის განსჯადობას. მოცემული მუხლის თანახმად, განცხადება გადაწყვეტილების ბათილად ცნობის ან ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ შეტანილ უნდა იქნეს გადაწყვეტილების (განჩინების) გამომტან სასამართლოში. განცხადებას განიხილავს გადაწყვეტილების გამომტანი სასამართლო იმ შემთხვევაშიც, როდესაც არსებობს ზემდგომი სასამართლოს განჩინება ამ გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების შესახებ. სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო მხოლოდ იმ შემთხვევაში განიხილავს განცხადებას გადაწყვეტილების ბათილად ცნობის ან ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ, თუ იგი მის მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებას ეხება.
ამდენად, ზემოაღნიშნული მუხლიდან გამომდინარე, განცხადება უნდა განიხილოს გადაწყვეტილების გამომტანმა და არა იმ სასამართლომ, რომელმაც უცვლელად დატოვა იგი.
მოცემულ შემთხვევაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2006წ. 23 თებერვლის განჩინებით უცვლელად დარჩა თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწამეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 9 დეკემბრის განჩინება. ამდენად, კონკრეტულ შემთხვევაში,ი. ი-შვილისა და ჯ. ხ-შვილის განცხადების განმხილველ განსჯად სასამართლოს წარმოადგენს დუშეთის რაიონული სასამართლო.
ყოველივე ზემოხსენებულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა, როგორც, მოცემულ შემთხვევაში, არაგანსჯადი სასამართლო, უფლებამოსილი არ არის იმსჯელოს წარმოდგენილ განცხადებაზე, რის გამოც ი. ი-შვილისა და ჯ. ხ-შვილის განცხადება დაუშვებლობის გამო უნდა დარჩეს განუხილველად.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ის 424-ე, 284-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ი. ი-შვილისა და ჯ. ხ-შვილის განცხადება დაუშვებლობის გამო დარჩეს განუხილველად.
საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.