დატოვებულია განუხილველად

სამოქალაქო 25.09.2006
საქმის ნომერი
ა-1259-ა-45-06
კატეგორია
დავის ტიპი
ახალად აღმოჩენილი გარემოებები
თარიღი
25.09.2006

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

ა-1259-ა-45-06 25 სექტემბერი, 2006 წ., ქ.თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის

მოსამართლე რ. ნადირიანმა

საქმის ზეპირი განხილვის გარეშე განიხილა შპს «მ-ს» დირექტორის _ დ. გ-შვილის განცხადება საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2001წ. 14 დეკემბრის გადაწყვეტილების გაუქმებისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ.

პალატამ გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა საკასაციო პალატის 2001წ. 14 დეკემბრის გადაწყვეტილებით გაუქმდა თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2001წ. 5 აპრილის გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილებით შპს «მ-ს» დირექტორის _ დ. გ-შვილის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

შპს «მ-ს» დირექტორმა _ დ. გ-შვილმა განცხადებით მიმართა საკასაციო პალატას სსკ-ის 423-427-ე მუხლების საფუძველზე აღნიშნული გადაწყვეტილების გაუქმებისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ.

საკასაციო პალატის 2006წ. 14 ივლისის განჩინებით განმცხადებელს დაევალა სახელმწიფო ბაჟის გადახდა და სსკ-ის 427-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად შედგენილი განცხადების წარმოდგენა იმ გარემოებებსა და მათ დამადასტურებელ მტკიცებულებებზე მითითებით, რომლებიც მოწმობენ, რომ დაცულია განცხადების შეტანის ვადა.

2006წ. 18 სექტემბერს შპს «მ-ს» დირექტორმა დ. გ-შვილმა წარმოადგინა სახელმწიფო ბაჟის გადახდის ქვითარი და განცხადება, რომელიც არ აკმაყოფილებს სსკ-ის 427-ე მუხლის მოთხოვნებს.

სსკ-ის 429-ე მუხლის თანახმად, სასამართლომ თავისი ინიციატივით უნდა შეამოწმოს, დასაშვებია თუ არა განცხადება საქმის წარმოების განახლების შესახებ. თუ არ არსებობს განცხადების დაშვების ესა თუ ის პირობა, სასამართლომ თავისი განჩინებით განცხადება განუხილველად უნდა დატოვოს.

ამავე კოდექსის 265-ე მუხლის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების გაუქმება ან შეცვლა დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვვაში და იმ წესით, რაც დადგენილია ამ კოდექსით.

სსკ-ის 423-ე მუხლში ჩამოთვლილია გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების საფუძვლები, რომლებიც ამომწურავია და მათი წრის არც გაფართოება და არც შეკვეცა სასამართლოს არ შეუძლია.

მოცემულ შემთხვევაში განმცხადებელი ითხოვს გადაწყვეტილების გაუქმებას და საქმის წარმოების განახლებას იმ საფუძვლით, რომ გადაწყვეტილება უკანონოა და დაუსაბუთებელია, კერძოდ, სასამართლომ გამოიყენა «მეწარმეთა შესახებ» კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსი არ ითვალისწინებს განმცხადებლის მიერ მითითებული საფუძვლით საქმის წარმოების განახლების შესაძლებლობას. კანონიერ ძალაში შესული გადაწყევეტილების გაუქმება უკანონობისა და დაუსაბუთებლობის მოტივით დაუშვებელია.

საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ, ვინაიდან შპს «მ-ს» დირექტორმა დ. გ-შვილმა სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზი არ გამოასწორა, კერძოდ, განცხადებაში არ მიუთითა საქმის წარმოების განახლების კანონით გათვალისწინებულ საფუძველზე, განცხადება უნდა დარჩეს განუხილველად.

პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ის 429-ე, 423-ე, 284-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

შპს «მ-ს» დირექტორის _ დ. გ-შვილის განცხადება დარჩეს განუხილველად.

განმცხადებელს დაუბრუნდეს გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 300 ლარის ოდენობით საქართველოს ეროვნული ბანკის (კოდი:220101107) საბიუჯეტო შემოსავლების ¹300033114 სახაზინო კოდით მთაწმინდა-კრწანისის არასაგადასახადო შემოსულობების ¹200122900 ანგარიშიდან.

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.