დატოვებულია განუხილველად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
ა-1261-ა-46_06 3 აგვისტო, 2006 წ., ქ.თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),მ. ცისკაძე (მომხსენებელი),ნ. კვანტალიანი
საკასაციო პალატამ საქმის ზეპირი განხილვის გარეშე განიხილა რ. ბ-ძის განცხადების _ ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქაეთველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2005წ. 5 მაისის ¹ ას_1386_1509_04 განჩინების გაუქმების და საქმის წარმოების განახლების შესახებ_დასაშვებობა.
პალატამ გამოარკვია:
რ. ბ-ძემ 2003წ. ივნისში სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხე შპს „ო-ის“ მიმართ და მოითხოვა, რომ მოპასუხემ ქ. თბილისში, იყალთოს მთაზე, ...ის ქუჩის ბოლოში და მის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე მიწის ნაკვეთის ნახაზში ცვლილებები შეიტანოს საზღვრების შეცვლის შესახებ, შპს „ო-მა“ დაუბრუნოს უკანონო მფლობელობიდან 250 კვ.მ თავისუფალი მიწის ნაკვეთი მწვანე ნარგავებით..
ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2004წ. 13 თებერვლის გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა რ. ბ-ძის სარჩელი უსაფუძვლობის გამო.
რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი შეიტანა რ. ბ-ძემ.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 20 ოქტომბრის განჩინებით რ. ბ-ძის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელი დარჩა მოცემულ საქმეზე ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2004წ. 13 თებერვლის გადაწყვეტილება.
რ. ბ-ძემ საკასაციო საჩივარი შეიტანა სააპელაციო პალატის განჩინებაზე, მოითხოვა მისი გაუქმება და ხელახალი განხილვისათვის საქმის დაბრუნება იმავე სასამართლოსათვის
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2005წ. 5 მაისის განჩინებით რ. ბ-ძის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელი დარჩა მოცემულ საქმეზე თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 20 ოქტომბრის განჩინება.
საქართველოს უზენაეს სასამართლოში 2006წ. 4 ივლისს შევიდა რ. ბ-ძის განცხადება, რომლითაც იგი ითხოვს ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2005წ. 5 მაისის ¹ ას_1386_1509_04 განჩინების გაუქმებას და საქმის წარმოების განახლებას სსკ-ის 423_ე მუხლის “ვ” პუნქტის თანახმად.განმცხადებლის მითითებით, სასამართლო მისი სარჩელის განხილვისას დაეყრდნო არასწორ მონაცემებს. მან 2005წ. ივლისში მიმართა საქართველოს გენპროკურატურას საბურთალოს რაისაბჭოს აღმასკომის 1989წ. 5 მაისის ¹10.30.138 გადაწყვეტილების სიყალბის დასადასტურებლად, რადგანზემოაღნიშნულ გადაწყვეტილებაზე არ აღინიშნებოდა აღმასკომის თავმჯდომარის ხელისმოწერა და ბეჭედი, რაც საბურთალოს რაისაბჭოს აღმასკომის გადაწყვეტილების გაყალბების თაობაზე ეჭვს იწვევდა; მან მოითხოვა მტკიცებულებათა ფალსიფიკაციის ფაქტზე წინასწარი გამოძიების ჩატარება. განმცხადებლის მითითებით, ძიების პროცესში გაირკვა, რომ შპს «ო-ის" ხელმძღვანელობას საცხოვრებელი კორპუსი თბილისის საქალაქო საბჭოს აღმასკომის გადაწყვეტილების საფუძველზე უნდა აეშენებინა ...იას, ...ის, ...ის და ბაკურიანის ქუჩებს შორის მოთავსებულ ტერიტორიაზე და არა იყალთოს მთაზე, ...იას, ...ის, ...ის ქუჩის კუთხის ბოლოდან 100-150 მ. მანძილის მოშორებით, იქ, სადაც მისი მიწის ნაკვეთია განთავსებული.
რ. ბ-ძის მოსაზრებით, შპს «ო-ის" ხელმძღვანელობამ დაარღვია კანონის მოთხოვნა, კერძოდ, ქ. თბილისის საქალაქო საბჭოს აღმასკომის 1987წ. 28 მაისის გადაწყვეტილება და საბურთალოს რაისაბჭოს აღმასკომის 1989წ. 5 მაისის გადაწყვეტილება და საცხოვრებელი კორპუსი თვითნებურად ააშენა იქ, სადაც არ უნდა აეშენებინა, რაც განმცხადებლის მოსაზრებით, გამოწვეული იყო იმ გარემოებით, რომ იმ ადგილას, სადაც განთავსებული იყო მისი მიწის ნაკვეთი, იყო სიცარიელე და დაუსახლებელი ადგილი. მოპასუხეს კი ასეთ ადგილას აწყობდა მშენებლობის დაწყება, რადგან ეს უფრო ნაკლებ ხარჯებთან იყო დაკავშირებული. აღნიშნული გარემოება ცნობილი გახდა გამოძიების შედეგად, აღნიშნულზე ყურადღება არ გაუმახვილებია არცერთი ინსტანციის სასამართლოს. განმცხადებელი მიუთითებს. ეს გარემოება ცნობილი რომ ყოფილიყო სასამართლოში საქმის განხილვის დროს, გამოიწვევდა მისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანას. მისი მოსაზრებით, მოპასუხე შპს «ო-ის" ხელმძღვანელობა იურიდიულად არ შეიძლება ჩაითვალოს უძრავი სადავო ნივთის მართლზომიერ მფლობელად, რადგან მას მფლობელობა და სადავო მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლება მოპოვებული აქვს არაკეთილსინდისიერი და თაღლითური გზით, 250 კვ.მ სადავო ნაკვეთზე სასამართლომ უნდა ცნოს მისი საკუთრების უფლება და დაუბრუნდეს მას, როგორც კანონიერ მესაკუთრეს. ხლო მისი ნაკვეთის 350 კვ.მ ფართი, რომლის დაბრუნება ტექნიკურად შეუძლებელია, რადგან მასზე აშენებულია საცხოვრებელი კორპუსი, უნდა მოხდეს მისი საბაზრო ფასებში შეფასება და უნდა ანაზღაურდეს მისი ფულადი კომპენსაცია.
საკასაციო პალატამ სსკ-ის 429-ე მუხლის თანახმად შეამოწმა რ. ბ-ძის განცხადების დასაშვებობა. ამ ნორმის თანახმად, სასამართლომ თავისი ინიციატივით უნდა შეამოწმოს, დასაშვებია თუ არა განცხადება საქმის განახლების შესახებ. თუ არ არსებობს განცხადების დაშვების ესა თუ ის პირობა, სასამართლომ თავისი განჩინებით განცხადება განუხილველად უნდა დატოვოს. ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების დასაშვებობის ერთ-ერთი პირობას წარმოადგენს ის, რომ ასეთი განცხადება შეტანილ უნდა იქნეს განსჯად სასამართლოში. სსკ-ის 424-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად განცხადება გადაწყვეტილების ბათილად ცნობის ან ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ შეტანილ უნდა იქნეს გადაწყვეტილების (განჩინების) გამომტან სასამართლოში. განცხადებას განიხილავს გადაწყვეტილების გამომტანი სასამართლო იმ შემთხვევაშიც, როდესაც არსებობს ზემდგომი სასამართლოს განჩინება ამ გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების შესახებ. სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო მხოლოდ იმ შემთხვევაში განიხილავს განცხადებას გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და ახლად აღმოჩეილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ, თუ იგი მის მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებას ეხება.
ამ ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ რ. ბ-ძემ განცხადება შეიტანა არაგანსჯად სასამართლოში, რადგან ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2004წ. 13 თებერვლის გადაწყვეტილება უცვლელი დარჩა თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 20 ოქტომბრის განჩინებით; სააპელაციო პალატის 2004წ. 20 ოქტომბრის განჩინება კი უცვლელად იქნა დატოვებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2005წ. 5 მაისის განჩინებით.სხვა საკითხია, როდესაც სააპელაციო (საკასაციო) სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და თვითონ გამოაქვს ახალი გადაწყვეტილება. ასეთ შემთხვევაში განცხადება საქმის განახლების შესახებ შეტანილ უნდა იქნეს სააპელაციო (საკასაციო) სასამართლოში.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ რ. ბ-ძის განცხადება უნდა განიხილოს გადაწყვეტილების გამომტანმა და არა იმ სასამართლომ, რომელმაც უცვლელად (ძალაში) დატოვა იგი.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ის 429_ე, 424_ე და 284_ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
რ. ბ-ძის განცხადება _ ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქაეთველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2005წ. 5 მაისის ¹ ას_1386_1509_04 განჩინების გაუქმების და საქმის წარმოების განახლების შესახებ განუხილველად იქნეს დატოვებული დაუშვებლობის გამო.
საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.