დაკმაყოფილდა

სამოქალაქო 27.02.2006
საქმის ნომერი
ა-198-გან-01-06
კატეგორია
დავის ტიპი
განმარტება
თარიღი
27.02.2006

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

ა-198-გან-01-06 27 თებერვალი, 2006 წ.‚ ქ.თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),ნ. კვანტალიანი,მ. ცისკაძე

პალატამ ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა ზ. თ-შვილის განცხადების დასაშვებობის საკითხი საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2005წ. 26 დეკემბრის კანონიერ ძალაში შესული განჩინების განმარტებისა და განჩინებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე.

აღწერილობითი ნაწილი:

2005წ. 29 ივნისს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატაში განსახილველად შემოვიდა ნ. ფ-იას, ზ. გ-უას და ი. ჩ-უას წარმომადგენელ ზ. თ-შვილის საკასაციო საჩივარი. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2005წ. 11 ივლისის განჩინებით ზ. თ-შვილს დაევალა განჩინების ასლის ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში საკასაციო საჩივრის შეტანის დამადასტურებელი მინდობილობის წარმოდგენა. 2005წ. 5 ივლისს ნ. ფ-იამ, ზ. გ-უამ და ი. ჩ-უამ წარმოადგინეს მათ მიერ ხელმოწერილი საკასაციო საჩივარი, რომელიც გახდა საკასაციო პალატის განხილვის საგანი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2005წ. 26 დეკემბრის განჩინებით ნ. ფ-იას, ზ. გ-უას და ი. ჩ-უას საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 28 აპრილის გადაწყვეტილება.

2006წ. 21 იანვარს ნ. ფ-იას, ზ. გ-უას და ი. ჩ-უას წარმომადგენელმა ზ. თ-შვილმა განცხადებით მიმართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს ზემოაღნიშნული განჩინების განმარტებისა და განჩინებაში ცვლილებების შეტანის მოთხოვნით. განმცხადებელი უთითებს, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2005წ. 26 დეკემბრის განჩინება ბუნდოვანია და გაუგებარი, ემსახურება მხოლოდ მოწინააღმდეგე მხარის ინტერსებს, კერძოდ: განჩინება გამოტანილია საქმის ზეპირი განხილვის გარეშე სსკ-ის მოთხოვნათა დარღვევით; საქმის განხილვისას სასამართლომ არ შეისწავლა საქართველოს პრეზიდენტის 1999წ. 9 თებერვლის ¹48 ბრძანებულების 52-ე, 56-ე მუხლები, არ გამოიყენა სკ-ის 361-362-ე, 383-ე, 389-ე მუხლები, არ გაამახვილა ყურადღება მთელ რიგ გარემოებებზე.

პალატამ საქმის ზეპირი განხილვის გარეშე შეისწავლა ზ. თ-შვილის განცხადება და მივიდა დასკვნამდე, რომ იგი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სსკ-ის 262-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოს უფლება აქვს მხარეთა თხოვნით განმარტოს გადაწყვეტილება მისი შინაარსის შეუცვლელად. განცხადების შეტანა გადაწყვეტილების განმარტების შესახებ დასაშვებია, თუ გადაწყვეტილება ჯერ აღსრულებული არ არის და თუ არ გავიდა დრო, რომლის განმავლობაშიც გადაწყვეტილება შეიძლება აღსრულდეს. სასამართლო უფლებამოსილია განმარტების საკითხი გადაწყვიტოს სასამართლოს სხდომაზე. ასეთ შემთხვევაში ხდება მხარეთათვის შეტყობინება, მაგრამ მათი გამოუცხადებლობა ვერ დააბრკოლებს გადაწყვეტილების განმარტების საკითხის განხილვას.

ამდენად, აღნიშნული ნორმა იმპერატიულად ადგენს, რომ გადაწყვეტილების (განჩინების) განმარტება შესაძლებელია განხორციელდეს მხოლოდ იმგვარად, რომ არ იქნეს შეცვლილი საპროცესო დოკუმენტის შინაარსი.

მოცემულ შემთხვევაში წარმოდგენილი განცხადებით ზ. თ-შვილი ფაქტობრივად ითხოვს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2005წ. 26 დეკემბრის კანონიერ ძალაში შესული განჩინების კანონიერების შემოწმებას.

საქართველოს კონსტიტუციის 90-ე მუხლის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლო არის უმაღლესი საკასაციო სასამართლო. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება (განჩინება) არის საბოლოო და გასაჩივრებას არ ექვემდებარება.

კონსტიტუციის ნორმის მოთხოვნის შესაბამისად, საქართველოს უზენაესმა სასამართლომ სამოქალაქო საქმეთა განხილვისას უნდა იხელმძღვანელოს მოქმედი სსკ-ის ნორმებით.

1964წ. საქართველოს სამოქალაქო სამართლის საპროცესო კოდექსის ოცდამეთოთხმეტე თავი განსაზღვრავდა კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებების გადასინჯვის წესებს. აღნიშნული კოდექსით დადგენილი იყო კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებების, განჩინებებისა და დადგენილებების საზედამხედველო და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო გადასინჯვის წესი.

ახალი სამოქალაქო საპროცესო კოდექსი, რომელიც 1999წ. 15 მაისიდან შევიდა ძალაში, ითვალისწინებს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების ბათილად ცნობას ან ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლებას მხოლოდ დაინტერესებული პირის განცხადებით იმ შემთხვევაში, თუკი არსებობს სსკ-ის 422-ე ან 423-ე მუხლებით დადგენილი საფუძვლები.

რაც შეეხება განმცხადებლის არგუმენტს იმის თაობაზე, რომ განჩინება გამოტანილია საქმის ზეპირი განხილვის გარეშე სსკ-ის მოთხოვნათა დარღვევით, აღნიშნული ეწინააღმდეგება საქმის მასალებით დადგენილ გარემოებებს.

სსკ-ის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო სასამართლოს საქმის ზეპირი განხილვა არ მიაჩნია საჭიროდ, მას შეუძლია გადაწყვეტილება გამოიტანოს საქმის ზეპირი განხილვის გარეშე. მხარეებს უნდა ეცნობოთ ამგვარი გადაწყვეტილების მიღების შესახებ.

მოცემულ შემთხვევაში საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის თაობაზე დეპეშით ეცნობა ყველა მხარეს.

ყოველივე ზემოხსენებულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ ზ. თ-შვილის განცხადება არ შეესაბამება სსკ-ის მოთხოვნებს, რის გამოც იგი განუხილველად უნდა დარჩეს.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ის 284-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

ზ. თ-შვილის განცხადება, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2005წ. 26 დეკემბრის კანონიერ ძალაში შესული განჩინების განმარტებისა და განჩინებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე, დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.