უარი ეთქვა
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლება
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ ა-3197-ბ-44-05 1 მაისი, 2006 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),ნ. კვანტალიანი,მ. ცისკაძე
აღწერილობითი ნაწილი:
ქუთაისის საქალაქო სასამართლომ 2003წ. 20 ნოემბრის გადაწყვეტილებით არ დააკმაყოფილა მთვარიდა ს-შვილისა და ზ. წ-ძის სარჩელი ნ. ჩ-ძისა და შპს „ქ.ტ-ის“ მიმართ უკანონო მფლობელობიდან სასაფლაოს გათავისუფლებისა და კუთვნილი სასაფლაოს პირვანდელ მდგომარეობაში დაბრუნების თაობაზე უსაფუძვლობის გამო, რაც სააპელაციო წესით გაასაჩივრა მ.ს-შვილისა და ზ.წ-ძის წარმომადგენელმა ი.გ-ძემ.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 10 მაისის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ - გაუქმდა გასაჩივრებული გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილებით სასარჩელო მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 10 მაისის გადაწყვეტილება მ.ს-შვილისა და ბ.წ-ძის წარმომადგენელმა ი.გ-ძემ გაასაჩივრა საკასაციო წესით. მისი განმარტებით, სააპელაციო პალატამ დაარღვია სსკ-ის 230-ე მუხლის პირველი ნაწილი, რადგან არ დააკმაყოფილა მისი შუამდგომლობა მხარის გამოუცხადებლობის გამო დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შესახებ და ასევე არასწორად განმარტა სკ-ის 1332-ე მუხლი, რომლის საფუძველზეც სწორედ მოსარჩელეს ეკუთვნის საოჯახო სასაფლაო საკუთრების უფლებით და ეს საკუთრება კი დასტურდება საფლავების შემოღობვით და დაცვით. კასატორმა საბოლოოდ მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, ხოლო ახალი გადაწყვეტილებით სადავო სასაფლაოს გამოთავისუფლება და მისი პირვანდელ მდგომარეობაში მოყვანა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2004წ. 28 დეკემბრის განჩინებით საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 10 მაისის გადაწყვეტილება გაუქმდა და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატამ მთვარიდა ს-შვილისა და ზ. წ-ძის წარმომადგენლის ინგა გ-ძის სააპელაციო საჩივარი არ დააკმაყოფილა და 2005წ. 24 ივნისის განჩინებით უცვლელად დატოვა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2003წ. 20 ნოემბრის გადაწყვეტილება.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 24 ივნისის განჩინება გაასაჩივრა მთვარიდა ს-შვილისა და ზ. წ-ძის წარმომადგენელმა ინგა გ-ძემ და მოითხოვა ზემოთ აღნიშნული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2005წ. 19 სექტემბრის განჩინებით კასაციის შემტან პირს დაევალა აღნიშნული განჩინების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში ხარვეზის გამოსწორება, ბაჟის _ 50 ლარის ჩარიცხვის ქვითრის წარდგენა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2005წ. 17 ოქტომბრის განჩინებით მთვარიდა ს-შვილისა და ზ. წ-ძის წარმომადგენლის ინგა გ-ძის საკასაციო საჩივარი დარჩა განუხილველი. საკასაციო პალატამ სსკ-ის396-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მიიჩნია, რომ კასატორმა სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში არ შეავსო ხარვეზი.
ზ. წ-ძისა და მთვარიდა ს-შვილის წარმომადგენელმა ი. გ-ძემ და თავად მ.ს-შვილმა 2005წ. 27 ოქტომბრისა და 17 ნოემბრის განცხადებით მიმართეს საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვეს საპროცესო ვადის გაგრძელება, 2005წ. 17 ოქტომბრის განჩინების (საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე) ბათილად ცნობა და საქმის წარმოების განახლება.
განმცხადებლები აღნიშნული მოთხოვნების საფუძვლად მიუთითებენ იმას, რომ ხარვეზის შევსების ფაქტი მეორე კასატორის ზ. წ-ძისათვის უცნობი იყო, რადგან მას ხარვეზის შევსების თაობაზე განჩინება არ ჩაჰბარებია, განჩინება ჩაბარდა მის წარმომადგენელს ი.გ-ძეს 2005წ. 30 სექტემბერს და, ამდენად, განჩინება ჩაბარებულად არ ჩაითვლება, რაც შეეხება მ.ს-შვილს, მას აღნიშნული განჩინება ჩაჰბარდა 2005წ. 3 ოქტომბერს, ბაჟიც გადაიხადა 3 ოქტომბერს, მაგრამ ავადმყოფობის გამო ვერ შესძლო დადგენილ ვადაში ბაჟის ქვითრების საქრათველოს უზენაეს სასამართლოში წარდგენა.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2005წ. 17 ოქტომბრის განჩინების ბათილად ცნობისა და საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების საფუძვლები და თვლის, რომ მთვარიდა ს-შვილისა და ი. გ-ძის განცხადებები არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სსკ-ის 421-ე მუხლით კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ან განჩინებით დამთავრებული საქმის წარმოების განახლება დასაშვებია მხოლოდ მაშინ, როდესაც არსებობს გადაწყვეტილების ბათილად ცნობის ან, ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო, საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების წანამძღვრები, ასეთ წანამძღვრებად კი სსკ-ის 422-ე მუხლის მიხედვით მიჩნეულია გადაწყვეტილების მიღებაში ისეთი მოსამართლის მონაწილეობა, რომელსაც კანონის თანახმად, უფლება არ ჰქონდა, მონაწილეობა მიეღო ამ გადაწყვეტილების მიღებაში, ასევე, თუ ერთ-ერთი მხარე, ან თუ მას კანონიერი წარმომადგენელი სჭირდება, ასეთი წარმომადგენელი არ იყო მოწვეული საქმის განხილვაში.
როგორც საქმის მასალებიდან ირკვევა, საკასაციო პალატის 2005წ. 19 სექტემბრის განჩინებით კასატორების მთვარიდა ს-შვილისა და ზ. წ-ძის წარმომადგენელს ინგა გ-ძეს დაევალა სახელმწიფო ბაჟის – 50 ლარის გადახდა განჩინების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში. განჩინება კასაციის შემტან პირს _ ი.გ-ძეს ჩაჰბარდა 2005წ. 30 სექტემბერს, ხოლო მ.ს-შვილს 2005წ. 3 ოქტომბერს. მითითებული ხარვეზი მათ მიერ არ იქნა აღმოფხვრილი დროულად და საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2005წ. 17 ოქტომბრის განჩინებით საკასაციო საჩივარი დარჩა განუხილველი.
სსკ-ის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს ვადას. აღნიშნული ნორმიდან გამომდინარე ხარვეზის შევსება ევალება საჩივრის შემტან პირს, მოცემულ შემთხვევაში კი ასეთ პირს წარმოადგენდა მხარეთა წარმომადგენელი ი.გ-ძე. ვინაიდან მას ამ ვადაში ხარვეზი არ შეუვსია, სასამართლომ სრულიად კანონიერად დატოვა განუხილველი საჩივარი.
მითითებული ნორმა სასამართლოს არ ავალდებულებს, ხარვეზის შევსების თაობაზე განჩინება გაუგზავნოს მხარეებს, არამედ იგი უნდა გაუგზავნოს იმ პირს, რომელსაც ასეთი მოქმედების შესრულება ევალება.
ამდენად, განმცხადებლის მიერ მითითებული არგუმენტები, რომ მხარეს არ ჩაბარებია ასეთი სახის განჩინება, არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს განჩინების ბათილად ცნობის საფუძვლად. ამასთან, საგულისხმოა ის გარემოებაც, რომ თვით რ.წ-ძეს აღნიშნულის თაობაზე სასამართლოსთვის განცხადებით არ მიუმართავს. სსკ-ის მე-2 მუხლის თანახმად კი ს-შვილი უფლებამოსილი არ არის, იდავოს წ-ძის სახელით.
სსკ-ის 423-ე მუხლის „ვ“ პუნქტის თანახმად, ახლად აღმოჩენილ გარემოებად ითვლება, ისეთი გარემოება, რომელიც არსებობდა გადაწყვეტილების გამოტანამდე, მაგრამ არ იყო ცნობილი მანამდე და მხარემ არ იცოდა ამ ფაქტის თაობაზე. ამასთან, თავისი ბრალის გარეშე არ ჰქონდა შესაძლებლობა, საქმის განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების დროს მიეთითებინა ამ გარემოებაზე.
განმცხადებელ ი. გ-ძის მიერ მითითებული გარემოება იმის თაობაზე, რომ კასატორი მ.ს-შვილი იყო ავად 4 ოქტომბრიდან 18 ოქტომბრამდე, არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს ახლად აღმოჩენილ გარემოებად, ვინაიდან ხარვეზის გამოსწორება დაევალა მხარეთა წარმომადგენელ ი.გ-ძეს, რომელსაც სსკ-ის 98-ე მუხლის შესაბამისად სრული უფლებამოსილება ჰქონდა, განეხორციელებინა ყველა საპროცესო მოქმედება მიუხედავად მხარის ავადმყოფობისა. მან კი თავის ბრალით არ გამოიყენა შესაძლებლობები კანონით დადგენილ ვადაში არ შეასრულა სასამართლოს დავალება.
ამდენად, საკასაციო პალატა ვერ მიიჩნევს წარმოდგენილ ავადმყოფობის ცნობას საკმარის მტკიცებულებად საქმის წარმოების განახლებისათვის ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო.
აღნიშნულიდან გამომდინარე საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ გასაჩივრებული განჩინება მიღებულია კანონის მოთხოვნათა დაცვით და არ არსებობს მისი გაუქმების სამართლებრივი საფუძვლები.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ის 284-ე, 422-ე და 430-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
მთვარიდა ს-შვილისა და ზ. წ-ძის წარმომადგენელ ინგა გ-ძის განცხადებები, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2005წ. 17 ოქტომბრის განჩინების ბათილად ცნობის და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო განჩინების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების შესახებ, არ დაკმაყოფილდეს.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.