დატოვებულია განუხილველად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ ვ-702-ბ-41-06 21 ივლისი, 2006
ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),ნ. კვანტალიანი,მ. ცისკაძე
დავის საგანი: საწარმოო ტრავმის შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურება.
აღწერილობითი ნაწილი:
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2004წ. 12 თებერვლის განჩინებით ვ. მ-ელის უფლებამონაცვლის ც. მ-ელის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 20 ივნისის გადაწყვეტილება.
ც. მ-ელმა აღნიშნულ განჩინებაზე უზენაეს სასამართლოში შეიტანა განცხადება და მოითხოვა მისი ბათილად ცნობა და საქმის წარმოების განახლება.
საკასაციო პალატის 2004წ. 15 დეკემბრის განჩინებით ც. მ-ელის განცხადება საქმის წარმოების განახლების თაობაზე არ დაკმაყოფილდა.
2006წ. 31 მაისს ც. მ-ელმა განცხადებით მომართა საკასაციო პალატას და მოითხოვა 2004წ. 12 თებერვლისა და ამავე წლის 15 დეკემბრის განჩინებების ბათილად ცნობა და საქმის წარმოების განახლება.
საკასაციო პალატის 2006წ. 12 ივნისის განჩინებით ც. მ-ელს განესაზღვრა 10 დღიანი ვადა ხარვეზის შესავსებად, კერძოდ, დაევალა მითითება იმ საფუძვლებზე, რომელთა გამოც უნდა მოხდეს გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და იმ გარემოებებზე, რომლებიც მოწმობენ, რომ დაცულია განცხადების შეტანის ვადა.
2006წ. 12 ივლისს ც. მ-ელმა განცხადებით მომართა საკასაციო პალატას, რომლითაც ხარვეზი შეავსო ნაწილობრივ, კერძოდ, მიუთითა სსკ-ის 422-ე მუხლზე, ხოლო განცხადების ვადის დაცვით შეტანის თაობაზე არაფერი აღნიშნა.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატა განცხადების დასაშვებობის საკითხის განხილვის შედეგად მივიდა დასკვნამდე, რომ ც. მ-ელის განცხადება განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სსკ-ის 429-ე მუხლის თანახმად, სასამართლომ თავისი ინიციატივით უნდა შეამოწმოს, დასაშვებია თუ არა განცხადება საქმის წარმოების განახლების შესახებ. თუ არ არსებობს განცხადების დაშვების ესა თუ ის პირობა, სასამართლომ თავისი განჩინებით განცხადება განუხილველად უნდა დატოვოს.
ამავე კოდექსის 427-ე მუხლის პირველი ნაწილის «გ” ქვეპუნქტის თანახმად, განცხადება უნდა შეიცავდეს მითითებას იმ გარემოებებზე, რომლებიც მოწმობენ, რომ დაცულია განცხადების შეტანის ვადა და ამ გარემოებების დამადასტურებელ მტკიცებულებებზე. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ განცხადება არ დააკმაყოფილებს ამ მოთხოვნებს, სასამართლო ავალებს განმცხადებელს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ შეივსება, განცხადება აღარ დაიშვება.
მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალებით ირკვევა, რომ საკასაციო პალატის 2006წ. 12 ივნისის ხარვეზის განჩინების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში განმცხადებელს დაევალა მითითება იმ საფუძვლებზე, რომელთა გამოც უნდა მოხდეს გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და იმ გარემოებებზე, რომლებიც მოწმობენ, რომ დაცულია განცხადების შეტანის ვადა.
განცხადების ავტორის მიერ ხარვეზი ნაწილობრივ იქნა გამოსწორებული, კერძოდ, მას არ წარმოუდგენია მითითება სსკ-ის 427-ე მუხლის პირველი ნაწილის «გ” ქვეპუნქტის მოთხოვნათა შესაბამისად, იმის თაობაზე, რომ დაცულია განცხადების შეტანის ვადა.
სსკ-ის 426-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, განცხადება გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ შეტანილ უნდა იქნეს ერთი თვის განმავლობაში და ამ ვადის გაგრძელება არ დაიშვება. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ვადის დენა იწყება იმ დღიდან, როდესაც მხარისათვის ცნობილი გახდა გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების საფუძვლების არსებობა.
მოცემულ შემთხვევაში ც. მ-ელი საქართველოს უზენაესი სასამართლოსსამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2004წ. 12 თებერვლის განჩინების ბათილად ცნობის საფუძვლად მიუთითებს სსკ-ის 422-ე მუხლის პირველი ნაწილის «ბ» ქვეპუნქტს, კერძოდ, იმას, რომ განჩინება გამოტანილია საქმის ზეპირი განხილვის გარეშე, მის დაუსწრებლად. აღნიშნული განჩინების ბათილად ცნობა და საქმის წარმოების განახლება ამ საფუძვლით ც.მ-ელმა მოითხოვა 2004წ. 10 აგვისტოს განცხადებით, რომელიც საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2004წ. 15 დეკემბრის განჩინებით არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო. ამდენად, 2004წ. 12 თებერვლის განჩინების ბათილობის განმცხადებლის მიერ მითითებული საფუძველი მისთვის ცნობილი იყო 2004წ. 10 აგვისტოს ანუ რამდენიმე წლის წინ, რაზედაც საკასაციო პალატამ უკვე იმსჯელა, შესაბამისად, გასულია ამ საფუძვლით განჩინების ბათილად ცნობის თაობაზე განცხადების შეტანის ვადა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2004წ. 15 დეკემბრის განჩინების ბათილად ცნობას კი განმცხადებელი მოითხოვს სსკ-ის 422-ე მუხლის პირველი ნაწილის «ა» ქვეპუნქტის საფუძველზე, ვინაიდან განჩინება გამოტანილ იქნა იმავე მოსამართლეების მიერ, რომლებიც საქმეს იხილავდნენ 2004წ. 12 თებერვლის განჩინების მიღებისას. აღნიშნული საფუძველი ასევე თავიდანვე, განცხადების განხილვის დროს იყო ცნობილი ც. მ-ლისთვის, რასაც იგი არ უარყოფს მის მიერ ხარვეზის შესავსებად 2006წ. 12 ივლისს წარმოდგენილ განცხადებაში, სადაც უთითებს, რომ 2004წ. 15 დეკემბრის სხდომაზე გამოცხადებისას შეიტყო, რომ საქმე იხილებოდა იმავე შემადგენლობის მიერ. ამდენად, ამ საფუძვლით 2004წ. 15 დეკემბრის განჩინების ბათილად ცნობის თაობაზე განცხადების შეტანის ვადა ასევე არ არის დაცული.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი განცხადება საქართველოს უზენაესი სასამართლოსსამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2004წ. 12 თებერვლის და 2004წ. 15 დეკემბრის განჩინებების ბათილად ცნობისა და საქმის წარმოების განახლების თაობაზე დაუშვებლობის გამო განუხილველი უნდა დარჩეს.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ის 429-ე, 426-ე, 427, 284-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ც. მ-ელის განცხადება საქართველოს უზენაესისასამართლოსსამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2004წ. 12 თებერვლის და 2004წ. 15 დეკემბრის განჩინებების ბათილად ცნობისა და საქმის წარმოების განახლების თაობაზე დაუშვებლობის გამო დარჩეს განუხილველად.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.