შუამდგომლობა
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
ა-415-შ-28-07 30 აპრილი, 2007 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მიხეილ გოგიშვილი (თავმჯდომარე)
მარიამ ცისკაძე (მომხსენებელი), ნუნუ კვანტალიანი
საკასაციო პალატამ საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა უკრაინის კიევის ოლქის ბორისპოლის რაიონული სასამართლოს მოსამართლის ო.ა. მ-ის შუამდგომლობა და სასამართლოს დოკუმენტები ი. ზ-ის მიმართ უკრაინის კიევის ოლქის ბორისპოლის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 4 აპრილის განაჩენის _ ქონების კონფისკაციის ნაწილში საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ, ასევე უკრაინის იუსტიციის სამინისტროს ... დეპარტამენტის დირექტორი ვ.ბ. ა-ს შუამდგომლობა ზემოაღნიშნული განაჩენის სასამართლო ექსპერტიზის ხარჯების ანაზღაურების ნაწილში საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ, სისხლის სამართლის საქმეზე _ მოქალაქე ი. ზ-ის მიერ უკრაინის სისხლის სამართლის კოდექსის 289-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის შესახებ.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
უკრაინის კიევის ოლქის ბორისპოლის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 4 აპრილის განაჩენით ი. ზ-ის ძე ზ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ უკრაინის სისხლის სამართლის კოდექსის 289-ე მუხლის მესამე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში; სასჯელის სახით შეეფარდა 7 წლით თავისუფლების აღკვეთა და მისი კუთვნილი პირადი საკუთრების მთლიანი კონფისკაცია; აღკვეთის ღონისძიების სახე პატიმრობა დარჩა უცვლელი სასამართლო განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლამდე; სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაიწყო 2005 წლის 24 სექტემბრიდან; დაზარალებულის სამოქალაქო სარჩელი დარჩა განუხილველი; მსჯავრდებულ ი. ზ-ს უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს კიევის ოლქის მთავარი სამმართველოს ... ცენტრის სასარგებლოდ დაეკისრა სასამართლო ხარჯების ანაზღაურება 727 გრივნისა და 76 კაპიკის ოდენობით.
განაჩენი კანონიერ ძალაში შევიდა 2006 წლის 27 სექტემბერს და ქონების კონფისკაციის ნაწილში უკრაინის ტერიტორიაზე არ აღსრულებულა.
უკრაინის კიევის ოლქის ბორისპოლის რაიონული სასამართლოს მოსამართლე ო.ა. მ-მა შუამდგომლობით მიმართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა უკრაინის კიევის ოლქის ბორისპოლის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 4 აპრილის განაჩენის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსრულება ქონების კონფისკაციის ნაწილში.
უკრაინის იუსტიციის სამინისტროს ... დეპარტამენტის დირექტორმა ვ.ბ. ა-მ შუამდგომლობით მიმართა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, რომლითაც მოითხოვა კომპეტენტური სასამართლოსათვის ზემოთმითითებული შუამდგომლობის გადაცემაში დახმარება და უკრაინის კიევის ოლქის ბორისპოლის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 4 აპრილის განაჩენის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსრულება სასამართლო ექსპერტიზის ხარჯების ანაზღაურების ნაწილში.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2006 წლის 17 მარტის განჩინებით უკრაინის კიევის ოლქის ბორისპოლის რაიონული სასამართლოს მოსამართლის ო.ა. მ-სა და უკრაინის იუსტიციის სამინისტროს ... დეპარტამენტის დირექტორი ვ.ბ. ა-ს შუამდგომლობები მიღებულ იქნა წარმოებაში.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატა გაეცნო რა შუამდგომლობებს და თანდართულ მასალებს, მივიდა იმ დასკვნამდე, რომ უკრაინის კიევის ოლქის ბორისპოლის რაიონული სასამართლოს მოსამართლე ო.ა. მ-სა და უკრაინის იუსტიციის სამინისტროს ... დეპარტამენტის დირექტორი ვ.ბ. ა-ს შუამდგომლობები არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
დადგენილია, რომ უკრაინის კიევის ოლქის ბორისპოლის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 4 აპრილის განაჩენით ი. ზ-ის ძე ზ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ უკრაინის სისხლის სამართლის კოდექსის 289-ე მუხლის მესამე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში; სასჯელის სახით შეეფარდა 7 წლით თავისუფლების აღკვეთა და მისი კუთვნილი პირადი საკუთრების მთლიანი კონფისკაცია; აღკვეთის ღონისძიების სახე პატიმრობა დარჩა უცვლელი სასამართლო განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლამდე; სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაიწყო 2005 წლის 24 სექტემბრიდან; დაზარალებულის სამოქალაქო სარჩელი დარჩა განუხილველი; მსჯავრდებულ ი. ზ-ეს უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს კიევის ოლქის მთავარი სამმართველოს .... ცენტრის სასარგებლოდ დაეკისრა სასამართლო ხარჯების ანაზღაურება 727 გრივნისა და 76 კაპიკის ოდენობით.
აღნიშნული სასამართლოს განაჩენი კანონიერ ძალაში შევიდა 2006 წლის 27 სექტემბერს და ქონების კონფისკაციის ნაწილში უკრაინის ტერიტორიაზე არ აღსრულებულა.
უკრაინის კიევის ოლქის ბორისპოლის რაიონული სასამართლოს მოსამართლე ო.ა. მ-მა შუამდგომლობით მიმართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს უკრაინის კიევის ოლქის ბორისპოლის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 4 აპრილის განაჩენის ქონების კონფისკაციის ნაწილში საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების მოთხოვნით; უკრაინის იუსტიციის სამინისტროს ... დეპარტამენტის დირექტორმა ვ.ბ. ა-მ შუამდგომლობით მოითხოვა კომპეტენტური სასამართლოსათვის ზემოთმითითებული შუამდგომლობის გადაცემაში დახმარება და უკრაინის კიევის ოლქის ბორისპოლის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 4 აპრილის განაჩენის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსრულება სასამართლო ექსპერტიზის ხარჯების ანაზღაურების ნაწილში.
“სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივი ურთიერთობათა შესახებ” 1993 წლის მინსკის კონვენციის მე-3 კარი განსაზღვრავს კონვენციის მონაწილე ქვეყნების მიერ გადაწყვეტილებათა ცნობისა და აღსრულების წესებს.
აღნიშნული კონვენციის 51-ე მუხლის “ბ” პუნტის თანახმად, თითოეული ხელშემკვრელი მხარე ამ კონვენციით გათვალისწინებული პირობებით ცნობს და აღასრულებს სხვა ხელშემკვრელი მხარეების ტერიტორიაზე გამოტანილ სასამართლოს გადაწყვეტილებებს სისხლის სამართლის საქმეებზე ზარალის ანაზღაურების შესახებ. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ განსახილველი გადაწყვეტილება არ განეკუთვნება მოცემული ნორმით რეგულირებად კატეგორიას.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 1997 წლის 21 ივლისის ¹1/51 გადაწყვეტილებით ცნობილი იქნა არაკონსტიტუციურად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 23-ე მუხლის მე-5 ნაწილის პირველი პუნქტი და 96-ე მუხლის მე-2 ნაწილის სანქციის ის ნაწილი, რომელშიც დამატებითი სასჯელის სახით გათვალისწინებულია ქონების კონფისკაცია. ამჟამად მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსი დამატებითი სასჯელის სახით ქონების კონფისკაციას არ ითვალისწინებს.
“საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ” საქართველოს კანონის 64-ე მუხლის “ა” პუნქტის თანახმად, სამართლებრივი დახმარება არ გაიწევა, თუ შუამდგომლობის დაკმაყოფილება ეწინააღმდეგება საქართველოს ძირითად სამართლებრივ პრინციპებს. ამდენად, უკრაინის კიევის ოლქის ბორისპოლის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 4 აპრილის განაჩენი ქონების კონფისკაციის ნაწილში, საკასაციო პალატის მიერ არ უნდა იქნეს ცნობილი საქართველოს ტერიტორიაზე.
“სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივი ურთიერთობათა შესახებ” კონვენციის მე-6 მუხლის თანახმად, ხელშემკვრელი მხარეები სამართლებრივ დახმარებას უწევენ ერთმანეთს საპროცესო და სხვა მოქმედებათა შესრულებით, რაც გათვალისწინებულია იმ ხელშემკვრელი მხარის კანონმდებლობით, კერძოდ, სამოქალაქო საქმეებზე სასამართლო გადაწყვეტილებისა და სისხლის სამართლის საქმეზე სამოქალაქო სარჩელის ნაწილში _ განაჩენებზე.
მითითებული კონვენციით განსაზღვრულია მხარეთა შორის სამართალდახმარების ფარგლები და იგი არ ითვალისწინებს სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარებული ექსპერტიზის ხარჯების ანაზღაურების ნაწილში განაჩენის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობას.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ არ არსებობს უკრაინის კიევის ოლქის ბორისპოლის რაიონული სასამართლოს მოსამართლე ო.ა. მ-სა და უკრაინის იუსტიციის სამინისტროს ... დეპარტამენტის დირექტორი ვ.ბ. ა-ს შუამდგომლობების დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
უკრაინის კიევის ოლქის ბორისპოლის რაიონული სასამართლოს მოსამართლე ო.ა. მ-სა და უკრაინის იუსტიციის სამინისტროს საერთაშორისო თანამშრომლობის დეპარტამენტის დირექტორი ვ.ბ. ა-ს შუამდგომლობები არ დაკმაყოფილდეს.
უკრაინის კიევის ოლქის ბორისპოლის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 4 აპრილის განაჩენი ი. ზ-ის ქონების კონფისკაციისა და ი. ზ-სათვის სასამართლო ექსპერტიზის ხარჯების დაკისრების ნაწილში არ იქნეს ცნობილი საქართველოს ტერიტორიაზე.
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.