დატოვებულია უცვლელად

სისხლის სამართლის 06.10.2006
საქმის ნომერი
2კ-10-I-06
დავის ტიპი
კერძო საჩივარი
თარიღი
06.10.2006

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

10I 6 ოქტომბერი, 2006 წ., ქ.თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მ. ოშხარელი (თავმჯდომარე),ზ. მეიშვილი,დ. სულაქველიძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა თ. გ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ნ. გ-ის საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიის მოსამართლე ო. ჯ-ის 2006წ. 29 სექტემბრის ბრძანებაზე, რომლითაც თ. გ-ეს საექსტრადიციო პატიმრობის ვადა გაუგრძელდა ორი თვით, 5 თვიდან შვიდ თვემდე, ანუ 2006წ. 9 დეკემბრამდე.

აღწერილობითი ნაწილი:

საექსტრადიციო წარმოების საქმის მასალების მიხედვით:

შინაგან საქმეთა სამინისტროს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ძებნის სამმართველოში 2006წ. 1 მაისს, ქ. მოსკოვის შინაგან საქმეთა მთავარი სამმართველოდან შევიდა ინფორმაცია, რომ ქ. კიევიდან ქ. თბილისის მიმართულებით მოემგზავრებოდა თ. გ-ძე, რუსეთის ფედერაციის მოქალაქე, რეგისტრირებული შემდეგ მისამართზე: ქ. ---

თ. გ-ის მიმართ 2006წ. 28 აპრილს ქ. მოსკოვის პროკურატურაში აღიძრა სისხლის სამართლის ¹-- საქმე, დანაშაული გათვალისწინებული რუსეთის ფედერაციის სსკ-ის 105-ე მუხლის (დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი მკვლელობა) მე-2 ნაწილის „ა», „ზ», „თ» პუნქტებით და 162-ე მუხლის (დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი ყაჩაღობა) მე-3 ნაწილით, რის საფუძველზეც თ. გ-ის მიმართ გამოცხადდა ძებნა.

გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად, 2006წ. 1 მაისს 17 საათსა და 15 წუთზე რუსეთის ფედერაციის ქ. მოსკოვის შინაგან საქმეთა მთავარი სამმართველოდან გადმოგზავნილი თხოვნისა და თანდართული საპროცესო დოკუმენტების საფუძველზე, ქ. თბილისის ---ში, საზღვრის გადმოკვეთის შემდეგ, აეროპორტის დარბაზში დაკავებულ იქნა თ. გ-ძე.

2006წ. 3 მაისს საქართველოს გენერალური პროკურატურის დეპარტამენტის უფროსი პროკურორის გ. ფ-ის შუამდგომლობის საფუძველზე თ. გ-ეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მოსამართლე შ. გ-ის ბრძანებით შეეფარდა საექსტრადიციო პატიმრობა სამი თვის ვადით.

2006წ. 29 მაისს გენერალური პროკურატურის სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტში იუსტიციის სამინისტროს მოქალაქეობისა და მიგრაციის საკითხთა დეპარტამენტიდან შემოვიდა 2006წ. 15 მაისის ¹--/-- წერილი. აღნიშნული დოკუმენტით გამოირკვა, რომ იუსტიციის სამინისტროს მოქალაქეობისა და მიგრაციის საკითხთა დეპარტამენტმა „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ ორგანული კანონის» 361 მუხლისა და „საქართველოს მოქალაქეობის საკითხთა განხილვა-გადაწყვეტის წესის შესახებ» საქართველოს პრეზიდენტის 1998წ. -- ნოემბრის ¹-- ბრძანებულებით დამტკიცებული დებულების მოთხოვნათა შესაბამისად, განიხილა თ. გ-ის ადვოკატის ლ. ბ-ის 2006წ. 11 მაისის ¹--/-- წერილი და თანდართული დოკუმენტები. ადვოკატ ლ. ბ-ის მიერ შეტანილი მიმართვის და მასზე თანდართული დოკუმენტების საფუძველზე იუსტიციის სამინისტროს მოქალაქეობისა და მიგრაციის საკითხთა დეპარტამენტმა დაადგინა, რომ თ. გ-ძე ითვლებოდა საქართველოს მოქალაქედ.

საქართველოს მოქალაქეობის ფაქტის დადგენისთანავე, 2006წ. 29 მაისს, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მეოთხე ნაწილის მოთხოვნათა გათვალისწინებით პატიმრობაში მყოფი თ. გ-ძე გათავისუფლდა საექსტრადიციო პატიმრობიდან.

1963წ. 15 იანვარს საქართველოში, ქ. ბორჯომში დაბადებულ ამჟამად რუსეთის ფედერაციაში მცხოვრებ თ. გ-ეს საქართველოს პრეზიდენტის 2006წ. 6 ივნისის ¹-- ბრძანებულების საფუძველზე, „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ» საქართველოს ორგანული კანონის 33-ე მუხლის შესაბამისად სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მიღებასთან დაკავშირებით შეუწყდა საქართველოს მოქალაქეობა.

საქართველოს პრეზიდენტის ¹-- ბრძანებულებით თ. გ-სათვის მოქალაქეობის შეწყვეტის ფაქტის საფუძველზე 2006წ. 8 ივნისს ქ. თბილისში, --- გამზირზე, თ. გ-ძე კვლავ დააკავეს საქართველოს შს სამინისტროს --- დეპარტამენტის თანამშრომლებმა.

2006წ. 9 ივნისს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მოსამართლე ტ. ტ-ის ბრძანებით ბრალდებულ თ. გ-ეს, როგორც რუსეთის მოქალაქეს, შეეფარდა საექსტრადიციო პატიმრობა. თ. გ-ეს საექსტრადიციო პატიმრობის ვადად განესაზღვრა სამი თვე, 2006წ. 1 მაისიდან 2006წ. 29 მაისამდე დაკავების პერიოდის პატიმრობის ვადაში ჩათვლით.

2006წ. 28 ივლისს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მოსამართლე დ. მ-მა გენერალური პროკურატურის სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს შუამდგომლობით თ. გ-ეს საექსტრადიციო პატიმრობის ვადა გაუგრძელა 2 თვით, მიმდინარე წლის 9 ოქტომბრამდე.

ზემოაღნიშნული ბრძანება თ. გ-ის ადვოკატის მიერ გასაჩივრებულ იქნა ქ. თბილისის სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიაში. სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიის მოსამართლე გ. გ-მა ზეპირი მოსმენის გარეშე ერთპიროვნულად განიხილა თ. გ-ის დამცველის საჩივარი. თბილისის სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიის მოსამართლის 2006წ. 11 სექტემბრის დადგენილებით არ დაკმაყოფილდა ბრალდებულის ადვოკატის საჩივარი და ძალაში დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2006წ. 28 ივლისის ბრძანება.

2006წ. 29 სექტემბერს საქართველოს გენერალური პროკურატურის --- დეპარტამენტის პროკურორ ზ. ბ-ის შუამდგომლობის საფუძველზე თბილისის სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიის მოსამართლე ო. ჯ-ის ბრძანებით თ. გ-ეს შერჩეული საექსტრადიციო პატიმრობის ვადა გაუგრძელდა ორი თვით, 5 თვიდან შვიდ თვემდე, ანუ 2006წ. 9 დეკემბრამდე.

ზემოაღნიშნული ბრძანების თაობაზე თ. გ-ის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ნ. გ-ემ საჩივარი შეიტანა თბილისის სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიის იმავე მოსამართლის სახელზე, რომელმაც განიხილა პატიმრობის ვადის 2 თვით, 5 თვიდან 7 თვემდე გაგრძელების საკითხი და გასცა ბრძანება აღნიშნული ვადის გაგრძელების თაობაზე. ადვოკატი წარმოდგენილი საჩივრით ითხოვს ბრალდებულის, თ. გ-ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიების – დაპატიმრების შეცვლას სხვა ნაკლებად მკაცრი აღკვეთის ღონისძიებით იმ მოტივებით, რომ მან უკვე თავის ქმედებით დაამტკიცა, რომ არ მიიმალება, არ ჩაიდენს არანაირ დანაშაულს და ხელს არ შეუშლის სამართალდამცავ ორგანოებს, პირიქით, აქტიურად დაეხმარება სიმართლის დადგენაში. თ. გ-ეს თვითონ არ გაუყალბებია არანაირი დოკუმენტი, იგი გააყალბა საპასპორტო მაგიდის უფროსმა, ხოლო თ. გ-ემ ისარგებლა ყალბად მიღებული დოკუმენტაციით, რითაც საქართველოს მოქალაქეს შეგნებულად მიჰყიდეს რუსეთის ფედერაციის მოქალაქეობა და არ დაინტერესებულან მისი საქართველოში ცხოვრების წესით, რაც აღნიშნულ შემთხვევაში მის უდანაშაულობაზე არ მეტყველებს და არც დანაშაულს არიდებს თავს.

სამოტივაციო ნაწილი:

შეისწავლა რა საექსტრადიციო წარმოების საქმის მასალები, პალატას მიაჩნია, რომ თავდაპირველად აღნიშნულ საჩივართან დაკავშირებით გასარკვევია ზოგიერთი აუცილებელი ცალკეული საპროცესო სამართლებრივი საკითხები.

პირველ რიგში გასარკვევია ზემოხსენებული ბრძანების გასაჩივრების უფლების საკითხი, ვინაიდან ამასთან დაკავშირებით საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში არაფერია მითითებული.

საკასაციო პალატა თვლის, რომ მოცემულ შემთხვევაში, აღნიშნული სასამართლო აქტის გასაჩივრების უფლება ვერ იქნება შეზღუდული, ვინაიდან ადამიანის ასეთი უფლება დაცული და გარანტირებულია საერთაშორისო სამართლებრივი აქტებით, რომლებსაც შეერთებულია საქართველოს სახელმწიფო. კერძოდ: მხედველობაშია ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-7 ოქმის მე-3 მუხლი და სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებათა შესახებ საერთაშორისო პაქტის მე-14 მუხლი, რომლებიც თავიანთი შინაარსით მიუთითებენ ადამიანის უცილობელ უფლებაზე, მის მიმართ განხორციელებული ნებისმიერ სახის თავისუფლების შემზღუდველი მოქმედების გასაჩივრების უფლების შესახებ, რითაც დაცული იქნება ხსენებული კონვეციის მე-6 მუხლით გარანტირებული სამართლიანი სასამართლოს უფლება, _ სამართლიანი სასამართლოს განხილვის გარანტიები დაცული იქნება ზემდგომი სასამართლოს მიერ ქვემდგომი სასამართლოს გადაწყვეტილების გადასინჯვისას.

ამასთან, მხედველობაშია მისაღები, რომ საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის 1-ელი ნაწილის თანახმად, ყოველ ადამიანს უფლება აქვს, თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს, რომელიც თავის ფარგლებში მოიაზრებს არა მხოლოდ ადამიანის მსჯავრდების შემთხვევებს.

აღნიშნულიდან გამომდინარე, ის გარემოება, რომ პირის ექსტრადიციის საკითხთან დაკავშირებით მის მიმართ გამოყენებული საექსტრადიციო პატიმრობის ვადის 5 თვიდან 7 თვემდე გაგრძელების გასაჩივრების უფლება საპროცესო კანონმდებლობაში არ არსებობს, ვერ იქნება დამაბრკოლებელი პირისათვის ასეთ შემთხვევაში საჩივრით მიმართოს ზემდგომ სასამართლო ინსტანციას მის მიმართ საექსტრადიციო პატიმრობის ვადის 5 თვიდან 7 თვემდე გაგრძელების თაობაზე გაცემული სასამართლო ბრძანების კანონიერების და საფუძვლიანობის გადასინჯვისათვის.

ამასთან, საკასაციო პალატა ყურადღებას მიაპყრობს იმ გარემოებას, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 243-ე მუხლის 1-ელი ნაწილი ითვალისწინებს წინასწარი გამოძიების სტადიაზე, ბრალდებულის სტატუსით პროცესში ჩართული პირის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებული პატიმრობის ვადის გაგრძელების თაობაზე გაცემული მოსამართლის ბრძანების გასაჩივრების შესაძლებლობას.

განსახილველ შემთხვევაშიც, თ. გ-ეს გასაზღვრული აქვს ბრალდებულის სტატუსი. მართალია, სხვა ქვეყნების სამართალდამცავი ორგანოების მიერ და, ასევე, მის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა გამოყენებულ იქნა სხვა ქვეყნის სასამართლოს მიერ, მაგრამ აღნიშნულს სავალდებულო ძალა გააჩნია საქართველოს შესაბამისი ორგანოებისათვის ამ პირის მიმართ საექსტრადიციო იძულებითი ღონისძიების განხორციელებისას.

ამდენად, ის გარემოება, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კანონმდებლობაში არ არის გათვალისწინებული ასეთი პირის მიმართ გამოყენებული საექსტრადიციო პატიმრობის ვადის 5 თვიდან 7 თვემდე გაგრძელების შესახებ ბრძანების გასაჩივრების უფლება, წარმოადგენს კანონმდებლობის ისეთ ხარვეზს, რომელიც მოითხოვს სამართლებრივ მოწესრიგებას ზემოხსენებული სამართლებრივი აქტებით გათვალისწინებული უფლებების გარანტირების მიზნით.

ამავე დროს, საკასაციო პალატა მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, რომ მსგავს შემთხვევებში შესაბამის საერთაშორისო სამართლებრივ აქტებს უპირატესი იურიდიული ძალა გააჩნია შიდა სახელმწიფოებრივ კანონმდებლობასთან მიმართებაში, რაც ასევე აღიარებულია საქართველოს კონსტიტუტიის მე-6 მუხლის მე-2 ნაწილით.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში თ. გ-ის ინტერესების დამცველს უფლება აქვს შეიტანოს საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიის მიერ თ. გ-ის მიმართ საექსტრადიციო პატიმრობის ვადის 5 თვიდან 7 თვემდე გაგრძელების თაობაზე გაცემული ბრძანების კანონიერებისა და საფუძვლიანობის შესამოწმებლად.

ამასთან, დგება საკითხი აღნიშნული საჩივრის განსჯადობის თაობაზე. კერძოდ: თუ რომელმა სასამართლო ინსტანციამ და რა საპროცესო წესით უნდა განიხილოს იგი.

საკასაციო პალატა აღნიშნული საკითხის განხილვისას მხედველობაში იღებს შემდეგ გარემოებებს:

სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი სპეციალურ საპროცესო სამართლებრივ რეგლამენტაციას ადგენს ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის გადაცემის შესახებ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით. სახელდობრ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 2591–ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მოცემულ საკითხზე პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილება საჩივრდება საქართველოს უზენესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში.

ამასთან, იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის თანახმად, რაიონული სასამართლოს მოსამართლის მიერ საექსტრადიციო პატიმრობის ვადის 3 თვიდან 5 თვემდე გაგრძელების შესახებ ბრძანება საჩივრდება ზემდგომ სასამართლო ინსტანციაში _ სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიაში, შესაბამისად, საექსტრადიციო პატიმრობის ვადის 5 თვიდან 7 თვემდე გაგრძელების შესახებ სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიის ბრძანებაზე შეტანილი საჩივარი განხილულ უნდა იქნეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში.

იმის გამო, რომ საექსტრადიციო პატიმრობის საკითხი წარმოადგენს პირის ექსტრადიციის ინსტიტუტის განუყოფელ და მნიშვნელოვან ნაწილს, სამართლებრივად სავსებით დასაბუთებულად უნდა ჩაითვალოს, რომ ეს საკითხიც, კერძოდ: საგამოძიებო კოლეგიის მიერ საექსტრადიციო პატიმრობის ვადის 5 თვიდან 7 თვემდე გაგრძელების შესახებ გაცემული ბრძანების მიმართ განსჯადობა განხილულ უნდა იქნეს საკასაციო სასამართლოს მიერ, როგორც ზემდგომი სასამართლო ინსტანციის უფლებამოსილებად.

ამდენად, პალატა თვლის, რომ მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიის მიმართ აღნიშნულ საკითხზე ზემდგომ სასამართლო ინსტანციად ვერ იქნება განხილული ვერც ერთი სხვა სასამართლო, გარდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატისა.

რაც შეეხება იმ საკითხს, თუ რა სამართლებრივი პროცედურით, ანუ რა საპროცესო წესების მიხედვით უნდა იქნეს განხილული თ. გ-ის საჩივარი საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამარლის საქმეთა პალატაში, პალატას მიაჩნია, რომ აღნიშნულ შემთხვევაში ხსენებული საჩივარი განხილული უნდა იქნეს იმ ზოგადი საპროცესო წესების დაცვით, რაც დადგენილია საპროცესო კანონმდებლობით ბრალდებულის პატიმრობის ვადის გაგრძელების შესახებ გაცემული მოსამართლის ბრძანების გასაჩივრების სხვა შემთხვევებისათვის, კერძოდ მხედველობაშია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 243-ე მუხლით დადგენილი საპროცესო წესი.

პალატამ შეამოწმა რა საჩივრის მოტივთა საფუძვლიანობა, მივიდა იმ დასკვნამდე, რომ თ. გ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ნ. გ-ის საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო თბილისის სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიის მოსამართლის 2006წ. 29 სექტემბრის ბრძანება უნდა დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო პალატა თვლის, რომ საჩივარში მითითებული გარემოებები, რომ თ. გ-ძე უდანაშაულოა, იგი არის საქართველოს მოქალაქე, თ. გ-ეს თვითონ არ გაუყალბებია არანაირი დოკუმენტები, იგი გააყალბა საპასპორტო მაგიდის უფროსმა, ხოლო თ. გ-ემ ისარგებლა ყალბად მიღებული დოკუმენტაციით, რითაც საქართველოს მოქალაქეს შეგნებულად მიჰყიდეს რუსეთის ფედერაციის მოქალაქეობა და არ დაინტერესებულან მისი საქართველოში ცხოვრების წესით, ვერ დაედება საფუძვლად გასაჩივრებული ბრძანების გაუქმებას.

პალატა ითვალისწინებს იმ გარემოებას, რომ მოცემულ ეტაპზე საჩივარში მითითებული საკითხი თ. გ-ის უდანაშაულობის თაობაზე, ვერ იქნება განხილვის საგანი. რაც შეხება მისი მოქალაქეობის საკითხს, წარმოდგენილი მასალების მიხედვით, იგი ამ ეტაპზე არ არის საბოლოოდ გარკვეული და დადგენილი, რისთვისაც მიმდინარეობს შესაბამისი საპროცესო მოქმედებები.

ამდენად, საჩივარში მითითებული აღნიშნული არგუმენტები ვერ გახდება კანონიერი საფუძველი გასაჩივრებული ბრძანების გასაუქმებლად.

გარდა ამისა, დამცველი თავის საჩივარში აღნიშნავს, რომ თ. გ-ძე მისი პიროვნული მახასიათებლებიდან გამომდინარე არ საჭიროებს მის მიმართ ისეთი მკაცრი შემზღუდველი ხასიათის აღკვეთის ღონისძიების გამოყენებას, როგორიცაა დაპატიმრება, რომ იგი არ მიიმალება და ხელს არ შეუშლის ექსტრადიციასთან დაკავშირებული საპროცესო ღონისძიებების განხორციელებას.

პალატა თვლის, რომ მასალების მიხედვით თ. გ-ეს ბრალი ედება განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენისათვის, მან თავი აარიდა გამოძიებასა და სასამართლოს და დატოვა ბრალდებით გათვალისწინებული ქმედების ჩადენის ადგილის სახელმწიფო, რაც ქმნის თ. გ-ის მხრივ თავის არიდების ანდა სამართალწარმოების განხორციელებისათვის სხვაგვარად ხელის შეშლის მოტივაციას.

ამდენად, პალატას მიაჩნია, რომ ბრძანება ბრალდებულ თ. გ-ის მიმართ საექსტრადიციო პატიმრობის ვადის 2 თვით, 5 თვიდან 7 თვემდე _ 2006წ. 9 დეკემბრამდე გაგრძელების შესახებ კანონიერი და დასაბუთებულია და უნდა დარჩეს უცვლელი.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის «ა» ქვეპუნქტით, 243-ე, 568-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

ბრალდებულ თ. გ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ნ. გ-ის საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიის მოსამართლე ო. ჯ-ის 2006წ. 29 სექტემბრის ბრძანება, რომლითაც თ. გ-ეს საექსტრადიციო პატიმრობის ვადა გაუგრძელდა ორი თვით, 5 თვიდან 7 თვემდე, ანუ 2006წ. 9 დეკემბრამდე, დარჩეს უცვლელად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.