შესაბამისობაში მოვიდა ახალ კოდექსთან
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
928აპ 26 მარტი 2007 წელი
ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
დავით სულაქველიძე (თავმჯდომარე),ლევანი მურუსიძე, იური ტყეშელაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა რაიონული პროკურატურის პრიკურორ ბ. მ-ის საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006 წლის 21 ივლისის განაჩენზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
თ. კ-ძე, ქობულეთის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 16 მარტის განაჩენით მსჯავრდებულ იქნა დანაშაულისთვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით (1999 წლის 22 ივლისის რედაქცია), რის გამოც მას სასჯელის ზომად შეეფარდა თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით.
განაჩენის მიხედვით, თ. კ-ეს ბრალი დაედო ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებაში, რომელიც სახიფათოა სიცოცხლისთვის, რაც გამოიხატა შემდეგში: 2005 წლის 6 აპრილს თ. კ-ემ ქობულეთის რაიონის სოფელ ---თან, ქობულეთი-ბათუმის ცენტრალურ საავტომობილო გზაზე, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, დაზარალებულ გ. ს-ეს დანის დარტყმით მიაყენა სიცოცხლისთვის სახიფათო სხეულის განზრახ მძიმე დაზიანება, შემავალი მუცლის ღრუში, მუცლის ღრუს ორგანოების, ღვიძლისა და სწორი ნაწლავის დაზიანებით.
აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ თ. კ-ის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ლ. მ-ემ, რომელიც საჩივრით ითხოვდა ქობულეთის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 16 მარტის განაჩენში ცვლილების შეტანას, კერძოდ, თ. კ-ის ქმედების საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის პირველი ნაწილიდან (1999 წლის 22 ივლისის რედაქცია) გადაკვალიფიცირებას ამავე კოდექსის 121-ე მუხლზე _ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება უეცარი, ძლიერი სულიერი აღელვების მდგომარეობაში, რასაც ასაბუთებს იმით, რომ ინციდენტის ინიციატორები არიან მთვრალ მდგომარეობაში მყოფი დაზარალებული გ. ს-ძე და მისი თანმხლები შ. ს-ძე, რომლებმაც თავიანთი ქმედებით, მძიმე შეურაცხყოფითა და მართლსაწინააღმდეგო ძალადობით თ. კ-ძე მიიყვანეს უეცარი, ძლიერი სულიერი აღელვების მდგომარეობამდე და ასეთ მდგომარეობაში მყოფმა თ. კ-ემ სხეულის მძიმე დაზიანება მიაყენა გ. ს-ეს. მსჯავრდებულ თ. კ-ის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ლ. მ-ემ დააზუსტა სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა შემდეგი მიმართებით: 2006 წლის 28 აპრილის ცვლილებებით სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის პირველი ნაწილის სანქციით გათვალისწინებული სასჯელის_თავისუფლების აღკვეთის მაქსიმალური ვადა შემცირდა 5 წლამდე და ამის გათვალისწინებით, მოითხოვა თ. კ-ის მიმართ სასჯელის შემსუბუქება და პირობითი მსჯავრის გამოყენება. სახელმწიფო ბრალმდებელმა ბ. მ-ემ მხარი არ დაუჭირა მსჯავრდებულ თ. კ-სა და მისი ადვოკატის _ ლ. მ-ის სააპელაციო საჩივარს და მოითხოვა ქობულეთის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 16 მარტის განაჩენის განსასჯელ თ. კ-ის მიმართ უცვლელად დატოვება.
სააპელაციო პალატამ საჩივარი დააკმაყოფილა ნაწილობრივ: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე, 64-ე მუხლების (2000 წლის 5 დეკემბრის რედაქცია) შესაბამისად, მსჯავრდებულ თ. კ-ეს სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელი ჩაუთვალა პირობით, ხოლო გამოსაცდელ ვადად დაუდგინა 2 (ორი) წელი. მასვე დამატებით სასჯელად დააკისრა ჯარიმა 2000 ლარის ოდენობით.
სააპელაციო სასამართლოს განაჩენის თაობაზე პროკურორმა ბ. მ-ემ საკასაციო საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას. სახელმწიფო ბრალმდებელი საჩივრით ითხოვს გასაჩივრებული განაჩენის გაუქმებასა და საქმის დაბრუნებას ახალი სასამართლო განხილვისთვის, ვინაიდან მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს განაჩენი, ჩადენილი ქმედების ხასიათისა და მსჯავრდებულის პიროვნების გათვალისწინებით, არის ზედმეტად ლმობიერი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ, შეისწავლა რა საქმის მასალები მსჯავრდებულ თ. კ-ის მიმართ და შეამოწმა წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა, მიიჩნია, რომ აღნიშნული საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქმეზე წინასწარი გამოძიება და სასამართლო გამოკვლევა ჩატარებულია ობიექტურად და საპროცესო კანონმდებლობის დაცვით. სააპელაციო სასამართლომ, ჩადენილი ქმედებისა და მისი ჩამდენის პიროვნების მახასიათებელი გარემოებების გათვალისწინებით, მსჯავრდებულს განუსაზღვრა სამართლიანი სასჯელი პირობითი მსჯავრის დანიშვნით, შესაბამისი კანონის სანქციით დადგენილ ფარგლებში. სასამართლოს ასეთი გადაწყვეტილება არის დასაბუთებული და კანონიერი, რომლის მიღებისას სასამართლომ სრულად გაითვალისწინა შემამსუბუქებელ გარემოებათა ერთობლიობა. რაც შეეხება პროკურორის საკასაციო საჩივარს, რომლითაც იგი ითხოვს გასაჩივრებული განაჩენის გაუქმებას საქმის ახალი განხილვისა და მსჯავრდებულისათვის სასჯელის გამკაცრების მიზნით, მოკლებულია რეალურ საფუძველს და არის დაუსაბუთებელი. აღნიშნული გარემოებიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ პროკურორ ბ. მ-ეს საკასაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებული განაჩენი სასჯელის ნაწილში უნდა დარჩეს უცვლელად.
ამავე დროს, საკასაციო პალატა მხედველობაში იღებს შემდეგ გარემოებას: რაიონული სასამართლოსა და სააპელაციო სასამართლოს განაჩენებით Mმსჯავრდებულ თ. კ-ეს მსჯავრი დაედო საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით (1999 წლის 22 ივლისის რედაქცია) გათვალისწინებული ქმედების ჩადენაში, რომელიც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებდა თავისუფლების აღკვეთას ერთიდან რვა წლამდე. ამჟამად მოქმედი სსკ-ის 117-ე მუხლის პირველი ნაწილი (2006 წლის 28 აპრილის რედაქცია) იმავე ქმედებისთვის სასჯელად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით სამიდან ხუთ წლამდე. ეს გარემოება იმაზე მიუთითებს, რომ ახალი კანონით ამ დანაშაულის ჩადენისათვის შემსუბუქდა სასჯელი, რაც, მოცემულ შემთხვევაში, წარმოადგენს განაჩენის შეცვლის საფუძველს, რადგან, საქართველოს სსკ-ის მე-3 მუხლის თანახმად, კანონს, რომელიც სასჯელს ამსუბუქებს, აქვს უკუძალა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ თ. კ-ის ქმედება საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის პირველი ნაწილიდან (1999 წლის 22 ივნისის რედაქცია) უნდა გადაკვალიფიცრდეს ამჟამად მოქმედი საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის პირველ ნაწილზე (2006 წლის 28 აპრილის რედაქცია).
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ, იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ” ქვეპუნქტითა და 568-ე მუხლით,დ ა ა დ გ ი ნ ა :
ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორ ბ. მ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006 წლის 21 ივლისის განაჩენში შევიდეს შემდეგი ცვლილება: მსჯავრდებულ თ. კ-ის ქმედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის პირველი ნაწილიდან (1999 წლის 22 ივლისის რედაქცია) გადაკვალიფიცირდეს ამჟამად მოქმედი სსკ-ის 117-ე მუხლის პირველ ნაწილზე (2006 წლის 28 აპრილის რედაქცია).
განაჩენი სხვა ნაწილში, აგრეთვე მსჯავრდებულ თ. კ-ის მიმართ დანიშნული სასჯელი დარჩეს უცვლელად.
საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.