შეიცვალა კვალიფიკაცია და სასჯელი

სისხლის სამართლის 28.06.2007
საქმის ნომერი
2კ-7აპ.-07
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
28.06.2007

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

¹7აპ 28 ივნისი, 2007 წელი

ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

დავით სულაქველიძე (თავმჯდომარე)

ლევან მურუსიძე, მაია ოშხარელი

სხდომის მდივნის _ გ. ბუხრაშვილის

პროკურორ _ გ. ქ-ის

დაზარალებულის უფლებამონაცვლის _ ე. გ-ის

ადვოკატების _ ე. პ-ის, პ. ბ-ის, ნ. გ-ის

მონაწილეობით განიხილა მსჯავრდებულ მ. ნ-ის დამცველის, ადვოკატ ე. პ-ის საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006 წლის 21 ნოემბრის განაჩენზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

მ. ნ-ძე, ქობულეთის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 4 აგვისტოს განაჩენით ცნობილ იქნა ბრალეულად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის “ა”, “ზ” ქვეპუნქტებით (2003 წლის 20 ივნისის რედაქცია) გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენაში, რის გამოც მას სასჯელის ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 17 (ჩვიდმეტი) წლის ვადით.

განაჩენით მ. ნ-ეს მსჯავრი დაედო დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობისათვის, კერძოდ, ორი პირის განზრახ მკვლელობისათვის ჩადენილი მიმართ ისეთი საშუალებით, რომელიც განზრახ უქმნიდა საფრთხეს სხვათა სიცოცხლესა და ჯანმრთელობას, რაც გამოიხატა შემდეგში:

მ. ნ-ძე 2005 წლის 27 ოქტომბერს, დაახლოებით 15 საათზე, ნადირობდა რა ქობულეთის რაიონის ---ის ტერიტორიაზე, ეგრეთწოდებული “---ს” სიმინდის ფართობში, სანადირო თოფის გაუფრთხილებელი გასროლით საფანტის ტყვიები შეაყარა იქვე, სიმინდის ფართობში მომუშავე ძმებს _ გ. და თ. კ-ებს, რამაც ამ უკანასკნელთა უკმაყოფილება გამოიწვია. შენიშვნაზე, თუ რატომ ნადირობდა თოფით იმ ადგილებში, სადაც ხალხი მუშაობდა, მათ შორის მოხდა შელაპარაკება და ჩხუბი. ხმაურზე მათთან მივიდნენ მ. ნ-ის ნათესავები და ახლობლები, რომლებიც იმ დროს მუშაობდნენ მახლობლად მდებარე სიმინდის ყანაში. მისულები შეეცადნენ მათ დაწყნარებას. და ამ მიზნით მ. ნ-ძე თ. ტ-ემ გაიყვანა გვერდით, რამდენიმე მეტრის მოშორებით, მაგრამ მ. ნ-ძე დაუსხლტა თ. ტ-ეს ხელიდან და ძმების _ გ. და თ. კ-ების განზრახ მოკვლის მიზნით, მის ხელთ არსებული სანადირო თოფიდან ჯერ ესროლა თ. კ-ლს, რითაც მას მიაყენა სიცოცხლისათვის სახიფათო, განზრახ მძიმე დაზიანება, ხოლო შემდეგ ამავე თოფის გასროლით გ. კ-ლს მიაყენა სხეულის ნაკლებად მძიმე ხარისხის დაზიანება, თვითონ კი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. თოფის გასროლის შედეგად იქვე მყოფი მოქალაქეების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას განზრახ შეექმნა საფრთხე. დაჭრილი გ. და თ. კ-ები გადაყვანილ იქნენ ქ. ბათუმის --ე საავადმყოფოში, სადაც მიყენებული დაზიანების შედეგად თ. კ-ლი რამდენიმე საათში გარდაიცვალა.

აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მ. ნ-ის დამცველმა ადვოკატებმა _ ე. პ-ემ და პ. ბ-ემ, რომლებიც საჩივრით ითხოვდნენ განაჩენის შეცვლას მსჯავრდებულის სასიკეთოდ, კერძოდ, მ. ნ-ის ქმედების გადაკვალიფიცირებას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის (2006 წლის 28 აპრილის რედაქცია) მე-2 ნაწილზე (ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, რამაც გამოიწვია სიცოცხლის მოსპობა) და ამ ნორმის სანქციით დადგენილ ფარგლებში სასჯელის განსაზღვრას. აპელანტებმა თავიანთ მოთხოვნას საფუძვლად დაუდეს შემდეგი მოტივები: მ. ნ-ეს არ ჰქონდა კ-ების მოკვლის განზრახვა; მ. ნ-ემ მ. კ-ლს თოფი ესროლა ფეხების მიმართულებით, რაც გამორიცხავს მკვლელობის განზრახვას; გ. ნ-ეს არ ჰქონდა გაცნობიერებული, რომ იგი მკვლელობას სჩადიოდა ისეთი საშუალებით, რაც განზრახ უქმნიდა საფრთხეს სხვათა სიცოცხლესა და ჯანმრთელობას.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ არ დააკმაყოფილა საჩივრის მოთხოვნა და 2006 წლის 21 ნოემბრის განაჩენით ქობულეთის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 4 აგვისტოს განაჩენი მსჯავრდებულ მ. ნ-ის მიმართ დატოვა უცვლელად.

სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართილს საქმეთა პალატის განაჩენის თაობაზე მსჯავრდებულ მ. ნ-ის დამცველმა, ადვოკატმა ე. პ-ემ საკასაციო საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას, რომლითაც, იმავე მოტივების საფუძველზე, რაც წინათ მითითებული იყო მ. ნ-ის ადვოკატის სააპელაციო საჩივარში, ითხოვს მსჯავრდებულის მიერ ჩადენილი ქმედების კვალიფიკაციის შეცვლას _ მის გადაკვალიფიცირებას საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის მე-2 ნაწილზე და სასჯელის განსაზღვრას ამ კვალიფიკაციის შესაბამისად.

საკასაციო პალატის სხდომაზე განხილვისას მსჯავრდებულ მ. ნ-ის დამცველმა ადვოკატებმა _ ე. პ-ემ და პ. ბ-ემ მხარი დაუჭირეს საკასაციო საჩივარს. ადვოკატმა ე. პ-ემ აღნიშნა, რომ მ. ნ-ის ქმედების დაკვალიფიცირება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის “ა” ქვეპუნქტით (2003 წლის 20 ივნისის რედაქცია) არამართებულია, რადგან ასეთი კვალიფიკაციისათვის აუცილებელია, სულ ცოტა, ორი ადამიანის სიკვდილი. მოცემულ შემთხვევაში კი გარდაიცვალა ერთი ადამიანი, ხოლო მეორე დაზიანებულია ნაკლებად მძიმედ. გარდა ამისა, ადვოკატის აზრით, ასევე არასწორია მ. ნ-ის ქმედების დაკვალიფიცირება საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის (იგივე რედაქცია) “ზ” ქვეპუნქტით, რადგან მას არ ჰქონია განზრახვა, რომ თავისი მოქმედებით და მის მიერ გამოყენებული საშუალებით სხვათა სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვისაც შეექმნა საფრთხე. საერთოდ, მას არ ჰქონია მკვლელობის ჩადენის განზრახვა, არამედ მისი ქმედება რეალურად წარმოადგენს ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას, რამაც გამოიწვია სიცოცხლის მოსპობა. ადვოკატის დასკვნით, მ. ნ-ის ქმედება უნდა გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის მე-2 ნაწილზე და მის მიმართ სასჯელიც აღნიშნული კვალიფიკაციის მიხედვით უნდა განისაზღვროს. ადვოკატმა ე. პ-ემ ითხოვა თავის მიერ შეტანილი საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილება.

მსჯავრდებულ მ. ნ-ის დამცველმა, ადვოკატმა პ. ბ-ემ მხარი დაუჭირა საკასაციო საჩივარს და აღნიშნა, რომ საქმის გარემოებებიდან გამომდინარე, არ დასტურდება მ. ნ-ის მხრივ მკვლელობის განზრახვის არსებობა, რადგან ასეთ შემთხვევაში მას ჰქონდა შესაძლებლობა, ქმედება გაემეორებინა და გ. კ-იც მოეკლა. ამავე დროს, ადვოკატმა პ. ბ-ემ აღნიშნა, რომ მსჯავრდებულ მ. ნ-ეს აქვს ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობა, არის მე-2 ჯგუფის ინვალიდი. მან ითხოვა, რომ დაკმაყოფილდეს საკასაციო საჩივარი და მსჯავრდებულის მიმართ სასჯელის დანიშვნისას გათვალისწინებულ იქნეს მისმა ჯანმრთელობის მდგომარეობა.

დაზარალებულის უფლებამონაცვლე ე. გ-ემ და მისი ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ნ. გ-ემ მხარი არ დაუჭირეს საკასაციო საჩივარს. ადვოკატმა ნ. გ-ემ აღნიშნა, რომ დაცვის მხარის წარმომადგენელთა მოსაზრებები და მოთხოვნა არ უნდა იქნეს გაზიარებული, რადგან ისინი ეყრდნობიან მხოლოდ მსჯავრდებულის ახლობლების ჩვენებებს, რაც ვერ იქნება ობიექტური. საქმეში მოიპოვება სხვა მტკიცებულებებიც, რომლებიც უდავოდ ადასტურებენ, რომ ქმედების ჩადენისას მ. ნ-ეს ჰქონდა მკვლელობის განზრახვა, რის გამოც, მისი აზრით, მსჯავრდებულის ქმედების კვალიფიკაციის შეცვლისა და სასჯელის შემსუბუქების საფუძველი არ არსბეობს. ადვოკატმა ნ. გ-ემ ითხოვა, რომ სააპელაციო სასამართლოს განაჩენი მსჯავრდებულ მ. ნ-ის მიმართ დარჩეს უცვლელად.

დაზარალებულის უფლებამონაცვლე ე. გ-ემ მხარი დაუჭირა თავისი ადვოკატის მოსაზრებებს და ითხოვა, რომ გასაჩივრებული განაჩენი მ. ნ-ის მიმართ დარჩეს უცვლელად.

პროცესში მონაწილე პროკურორმა გ. ქ-მა მხარი არ დაუჭირა საკასაციო საჩივარს და აღნიშნა, რომ საქმეში არსებული მასალებით უდავოდ დასტურდება ის გარემოება, რომ მ. ნ-ძე მოქმედებდა მკვლელობის განზრახვით, ვინაიდან მან დაზარალებულთა მიმართ გასროლა მოახდინა ისეთი მანძილიდან და ისეთი საშუალებით, რომ შეუძლებელია ლაპარაკი განზრახვის არარსებობაზე. პროკურორმა მიუთითა, რომ საქმეში არსებობს საკმარისი მტკიცებულებები რომლებითაც დადგენილია მ. ნ-ის ბრალეულობა, ამასთან, იზიარებს დაზარალებულის უფლებამონაცვლის ადვოკატის მოსაზრებებს. საბოლოოდ პროკურორმა გ. ქ-მა ითხოვა, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006 წლის 21 ნოემბრის განაჩენი მსჯავრდებულ მ. ნ-ის მიმართ დარჩეს უცვლელად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ, შეისწავლა რა სისხლის სამართლის საქმის მასალები მსჯავრდებულ მ. ნ-ის მიმართ, შეამოწმა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მოუსმინა მხარეებს, მიიჩნია, რომ აღნიშნული საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქმეში არსებული უტყუარი მტკიცებულებებით, რომლებიც მოპოვებულია საპროცესო ნორმების დაცვით, სარწმუნოდ დგინდება, რომ მსჯავრდებულ მ. ნ-ის მიერ ქმედება ჩადენილი იყო განზრახ და ეს განზრახვა მიმართული იყო ორი ადამიანის სიცოცხლის ხელყოფისაკენ, რომელიც, შედეგის თვალსაზრისით, სრულად ვერ განხორციელდა მისი ნებისაგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო. ის გარემოება, რომ ქმედების ჩადენისას მ. ნ-ემ დაზარალებულთა მისამართით გაისროლა ახლო მანძილიდან, ამასთან, მან თოფი ორჯერ გაისროლა, უდავოდ მეტყველებს ორი ადამიანის სიცოცხლის მოსპობის განზრახვის არსებობაზე.

საკასაციო პალატა დადასტურებულად თვლის ასევე იმ გარემოებასაც, რომ მ. ნ-ემ თავისი ქმედება ჩაიდინა ისეთი საშუალებით როგორიცაა სანადირო თოფი, რომლითაც აშკარა საფრთხე შეუქმნა შემთხვევის ადგილზე მყოფი სხვა პირების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას, ამასთან, ეს არ იყო მხოლოდ ობიექტურად შექმნილი საფრთხე, ვინაიდან იმ გარემოსა და ვითარებაში, რომელშიც მ. ნ-ემ სანადირო თოფი გამოიყენა დანაშაულის ჩასადენად (მხარეებს შორის კონფლიქტი, რომელშიც მონაწილეობდა შემთხვევის ადგილზე მყოფი მრავალი ადამიანი), მას, როგორც მონადირეს, შეუძლებელი იყო გაცნობიერებული არ ჰქონოდა ზემოხსენებული საფრთხის არსებობა, ხოლო რადგან მაინც გაისროლა, მაშასადამე, შეგნებულად დაუშვა კიდეც შესაძლო შედეგები არა მხოლოდ უშუალოდ მსხვერპლთა მიმართ, არამედ სხვა პირთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობის მიმართაც, რაც ნაწილობრივ კიდეც განხორციელდა.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის მოთხოვნას მსჯავრდებულ მ. ნ-ის მიერ ჩადენილი ქმედების საქართველოს სისხლის სამართილს კოდექსის 117-ე მუხლის მე-2 ნაწილზე (მოქმედი რედაქცია) გადაკვალიფიცირების თაობაზე.

ამავე დროს, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ, სწორი სამართლებრივი შეფასების თვალსაზრისით, უნდა დაზუსტდეს მსჯავრდებულ მ. ნ-ის მიერ ჩადენილი ქმედების ის კვალიფიკაცია, რომელიც განსაზღვრულია სააპელაციო სასამართლოს განაჩენით, ერთი მხრივ, კვალიფიკაციაში დაშვებული უზუსტობის, ხოლო, მეორე მხრივ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში შეტანილი ცვლილებების გამო. პალატას მხედველობაში აქვს ის გარემოება, რომ ჩადენილი ქმედების საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის “ა” ქვეპუნქტით (2003 წლის 30 ივნისის რედაქცია) დაკვალიფიცირებისათვის აუცილებელია ქმედებას შედეგად მოჰყვეს, სულ ცოტა, ორი ადამიანის სიკვდილი. განხილულ შემთხვევაში კი მსჯავრდებულ მ. ნ-ის ქმედებას შედეგად მოჰყვა მხოლოდ ერთი ადამიანის სიკვდილი, ხოლო მეორე ადამიანმა იმავე ქმედებით მიიღო ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება. აქედან გამომდინარე, მ. ნ-ის ქმედება ამ ნაწილში უნდა შეფასდეს, როგორც ორი ადამიანის მკვლელობის მცდელობა და არა როგორც დამთავრებული დანაშაული. აღნიშნულის შესაბამისად, მსჯავრდებულ მ. ნ-ის ქმედება მითითებულ ნაწილში უნდა დაკვალიფიცირდეს საქართველოს სსკ-ის მე-19 მუხლითა და 109-ე მუხლის “ა” ქვეპუნქტით (2003 წლის 30 ივნისის რედაქცია).

გარდა ამისა, საკასაციო პალატა ითვალისწინებს იმ გარემოებას, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში შეტანილი ცვლილებით ისეთი განზრახი მკვლელობისათვის, რომლის ჩასადენად გამოყენებული საშუალება განზრახ უქმნიდა საფრთხეს სხვათა სიცოცხლესა და ჯანმრთელობას, მნიშვნელოვნად შემცირდა კანონით გათვალისწინებული სასჯელის _ ვადიანი თავისუფლების აღკვეთის მაქსიმალური ზომა, კერძოდ, იგი 20 (ოცი) წლიდან შემცირდა 14 (თოთხმეტ) წლამდე.

საქართველოს სსკ-ის მე-3 მუხლის თანახმად, კანონს, რომელიც სასჯელს ამსუბუქებს, აქვს უკუძალა, რაც მოცემულ ნაწილში მსჯავრდებულ მ. ნ-ის ქმედების კვალიფიკაციის შეცვლის საფუძველია _ მისი ქმედება საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის “ზ” ქვეპუნქტიდან (2003 წლის 30 ივნისის რედაქცია), შესაბამისად, უნდა გადაკვალიფიცირდეს ამჟამად მოქმედი საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის პირველი ნაწილის “გ” ქვეპუნქტზე (2006 წლის 28 აპრილის რედაქცია).

აღნიშნულთან ერთად, საკასაციო პალატა თვლის, რომ გასაჩივრებული განაჩენი მ. ნ-ის მიმართ უნდა შეიცვალოს სასჯელის ნაწილშიც მის სასიკეთოდ: როდესაც მ. ნ-ემ ორი ადამიანის მკვლელობის მცდელობა ჩაიდინა, ძალაში იყო სისხლის სამართლის კოდექსის 56-ე მუხლის მე-3 ნაწილი (1999 წლის 22 ივლისის რედაქცია), რომლის მიხედვით, დანაშაულის მცდელობისათვის სასჯელის ვადა არ უნდა აღემატებოდეს დამთავრებული დანაშაულისათვის გათვალისწინებული ყველაზე მკაცრი სახის სასჯელის მაქსიმალური ვადის სამ მეოთხედს. მოცემულ შემთხვევაში ორი პირის განზრახ მკვლელობისათვის გათვალისწინებული სასჯელის _ ვადიანი თავისუფლების აღკვეთის მაქსიმალურ ზომას ქმედების ჩადენის დროს წარმოადგენდა და ამჟამადაც წარმოადგენს 20 (ოცი) წელს. ვინაიდან მ. ნ-ის მიერ ჩადენილია სისხლის სამართლის კოდექსის ერთი და იმავე მუხლით გათვალისწინებული ერთი ტიპის უმართლობა, მას უნდა დაენიშნოს ერთი სასჯელი. ამის გათვალისწინებით, მსჯავრდებულ მ. ნ-ეს ჩადენილი დანაშაულისათვის საბოლოო სასჯელის ზომად შეიძლება განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა ვადით არაუმეტეს 15 (თხუთმეტი) წლისა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006 წლის 21 ნოემბრის განაჩენში, როგორც ჩადენილი ქმედების კვალიფიკაციის, ისე სასჯელის ნაწილში უნდა შევიდეს ცვლილებები მსჯავრდებულ მ. ნ-ის სასიკეთოდ.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ, იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის “დ” ქვეპუნქტითა და 568-ე მუხლით,დ ა ა დ გ ი ნ ა:

მსჯავრდებულ მ. ნ-ის დამცველის, ადვოკატ ე. პ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006 წლის 21 ნოემბრის განაჩენში შევიდეს შემდეგი ცვლილება: მსჯავრდებულ მ. ნ-ის ქმედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის “ა”, “ზ” ქვეპუნქტებიდან (2003 წლის 30 ივნისის რედაქცია) გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის პირველი ნაწილის “გ” ქვეპუნქტზე (2006 წლის 28 აპრილის რედაქცია), საქართველოს სსკ-ის მე-19 მუხლსა და 109-ე მუხლის “ა” ქვეპუნქტზე (2003 წლის 30 ივნისის რედაქცია), ხოლო ამ დანაშაულისათვის მას სასჯელის ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 15 (თხუთმეტი) წლის ვადით.

განაჩენი სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად.

საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.