განაჩენი შეიცვალა სამოქალაქო ნაწილში
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
74აპ 28 ივნისი, 2007 წელი
ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
დავით სულაქველიძე (თავმჯდომარე)
ლევან მურუსიძე, მაია ოშხარელი
სხდომის მდივნის _ გ. ბუხრაშვილის
პროკურორ _ ირ. ბ-ის
ადვოკატების _ ბ. ი-ის, ვ. თ-ის
მსჯავრდებულ _ ზ. ზ-ას
მონაწილეობით განიხილა მსჯავრდებულ ზ. ზ-ას მიმართ დაზარალებულის უფლებამონაცვლის _ ნ. გ-ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006 წლის 8 ნოემბრის განაჩენზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
ზ. ზ-უა, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 3 აგვისტოს განაჩენით მსჯავრდებულ იქნა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით (1999 წლის 22 ივლისის რედაქცია) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, რის გამოც მას სასჯელის ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით, 4 (ოთხი) წლის გამოსაცდელი ვადით. ამასთან, მას დამატებითი სასჯელის სახით დაენიშნა ჯარიმა 7000 (შვიდი ათასი) ლარის ოდენობით, ხოლო დაზარალებულის უფლებამონაცვლის სასარგებლოდ დაეკისრა 25000 (ოცდახუთი ათასი) ლარის გადახდა, საიდანაც 15764,30 ლარი წარმოადგენს დაზარალებულის უფლებამონაცვლისათვის დანაშაულის შედეგად მიყენებული ფიზიკური ზიანით გამოწვეული ხარჯების ასანაზღაურებელი თანხის ოდენობას, ხოლო დანარჩენი ნაწილი კი _ მორალური ზიანის საკომპენსაციო თანხას.
განაჩენით ზ. ზ-ას მსჯავრი დაედო იმაში, რომ მან ჩაიდინა ტრანსპორტის (ავტომობილის) მოძრაობის უსაფრთხოების წესების დარღვევა იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა და რაც გამოიხატა შემდეგში:
2005 წლის 11 სექტემბერს, დაახლოებით 20.30 საათზე, ზ. ზ-უა მართავდა თავის კუთვნილ “ვაზ 21069” მარკის, მსუბუქ ავტომანქანას. იგი მოძრაობდა თბილისში, დიღმის ხიდის მიმართულებით, დაახლოებით 38 კმ\სთ სიჩქარით, რა დროსაც რესტორან “---ის” მიმდებარე ტერიტორიაზე, ¹-- ელექტროგანათების ბოძთან მსვლელობისას, დაარღვია “საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების” შესახებ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნები, რომლის თანახმადაც “ --- მოძრაობისათვის საფრთხის წარმოქმნის შემთხვევაში, რომლის შემჩნევაც მძღოლს შეუძლია, ის იღებს შესაძლო ზომებს მოძრაობის სიჩქარის შესამცირებლად სატრანსპორტო საშუალების სრული გაჩერების ჩათვლით”. უგულებელყო რა მოძრაობის ზემოაღნიშნული მოთხოვნები, ზ. ზ-ამ აღნიშნული ავტომანქანით მსვლელობისას ვერ უზრუნველყო მისი უსაფრთხო მართვა და ვერ შეარჩია სათანადო სიჩქარე საფრთხის წარმოქმნის დროს, რისი შემჩნევაც მას შეეძლო. მან დროულად არ მიიღო სათანადო ზომები და მისი მართვის ქვეშ მყოფი ავტომანქანით შეეჯახა ქვეითად მოსიარულე ო. გ-ეს, რომელიც გზის სავალ ნაწილს კვეთდა მისგან მარჯვნიდან მარცხნივ. შეჯახების შედეგად ო. გ-ძე 2005 წლის 2 ოქტომბერს გარდაიცვალა თბილისის ცენტრალურ კლინიკაში.
აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს დაზარალებულის უფლებამონაცვლემ და მისმა ადვოკატმა ა. ჯ-მა, რომლებიც ითხოვდნენ მსჯავრდებულ ზ. ზ-სათვის 3 (სამი) წლით თავისუფლების აღკვეთის შეფარდებას, ვინაიდან მისთვის პირობითი მსჯავრის შეფარდება მიაჩნდათ ლმობიერად.
საქმის სააპელაციო წესით განხილვისას სახელმწიფო ბრალმდებელმა მ. ბ-ემ იშუამდგომლა გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ არ დააკმაყოფილა აპელანტების საჩივრების მოთხოვნა და 2006 წლის 8 ნოემბრის განაჩენით უცვლელად დატოვა მსჯავრდებულ ზ. ზ-ას მიმართ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენი.
სააპელაციო სასამართლოს განაჩენის თაობაზე დაზარალებულის უფლებამონაცვლე ნ. გ-ემ საკასაციო საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას. საჩივრით იგი ითხოვს აღნიშნული განაჩენის გაუქმებას და ზ. ზ-ას მიმართ სისხლის სამართლის საქმის იმავე სააპელაციო სასამართლოსათვის დაბრუნებას ახალი განხილვისა და მსჯავრდებულისათვის რეალური სასჯელის შეფარდების მიზნით, ვინაიდან მიაჩნია, რომ ჩადენილი ქმედების ხასიათისა და შედეგის გათვალისწინებით, ზ. ზ-ას მიმართ პირობითი მსჯავრის გამოყენება წარმოადგენს გაუმართლებელ ლმობიერებას.
საკასაციო პალატის სხდომაზე განხილვისას დაზარალებულის უფლებამონაცვლის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ვ. თ-ემ მხარი დაუჭირა საკასაციო საჩივარს და აღნიშნა, რომ განაჩენი, მსჯავრდებულისათვის დანიშნული სასჯელის ღონისძიების გათვალისწინებით, არ არის სამართლიანი, ვინაიდან ზ. ზ-ას ქმედების შედეგად ადამიანი დაიღუპა. ასეთი შედეგის დადგომისას აუცილებელია მსჯავრდებულის მიმართ სასჯელის უფრო მკაცრი ღონისძიების გამოყენება, ვიდრე ეს არის პირობითი მსჯავრი. ადვოკატმა ვ. თ-ემ ითხოვა, რომ გაუქმდეს სააპელაციო სასამართლოს განაჩენი, ხოლო საქმე ზ. ზ-ას მიმართ დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს ახალი განხილვისა და მსჯავრდებულისათვის სასჯელის გამკაცრების მიზნით.
მსჯავრდებულმა ზ. ზ-ამ და მისმა ადვოკატმა ბ. ი-მა მხარი არ დაუჭირეს საკასაციო საჩივარს, რადგან კასატორის მოთხოვნა მიაჩნიათ უსაფუძვლოდ. ადვოკატმა ბ. ი-მა აღნიშნა, რომ მომხდარი შემთხვევა უნდა შეფასდეს მთლიანობაში ყველა, გარემოების გათვალისწინებით. მოცემულ შემთხვევაში საქმე გვაქვს გაუფრთხილებელ დანაშაულთან, ამასთან, ზ. ზ-ამ ავარიის შემდეგ ჯეროვანი ყურადღება გამოიჩინა დაზარალებულის მიმართ, მისი პიროვნება ხასიათდება დადებითად, მან უკვე აუნაზღაურა დაზარალებულის უფლებამონაცვლეს სასამართლოს განაჩენით დაკისრებული თანხები. ეს გარემოებები იმაზე მიუთითებენ, რომ მსჯავრდებულ ზ. ზ-ას პიროვნება არ საჭიროებს ოჯახისა და საზოგადოებისაგან იზოლაციას მის გამოსასწორებლად. აღნიშნულიდან გამომდინარე, ადვოკატმა ბ. ი-მა ითხოვა, რომ სააპელაციო სასამართლოს განაჩენი მსჯავრდებულ ზ. ზ-ას მიმართ დარჩეს უცვლელად. ადვოკატ ბ. ი-ის მოსაზრებებსა და მოთხოვნას მხარი დაუჭირა მსჯავრდებულმა ზ. ზ-ამ.
პროცესში მონაწილე პროკურორმა ი. ბ-ემ მხარი არ დაუჭირა საკასაციო საჩივარს. მან აღნიშნა, რომ საქმის გარემოებები უნდა შეფასდეს მთლიანობაში და არა მხოლოდ შედეგზე მსჯელობით. საქმის გარემოებებისა და მსჯავრდებულის პიროვნების მახასიათებლების გათვალისწინებით, პროკურორმა ირ. ბ-ემ იშუამდგომლა პალატის წინაშე, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006 წლის 8 ნოემბრის განაჩენი მსჯავრდებულ ზ. ზ-ას მიმართ დარჩეს უცვლელად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ, შეისწავლა რა სისხლის სამართლის საქმის მასალები მსჯავრდებულ ზ. ზ-ას მიმართ, შეამოწმა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მოუსმინა მხარეებს, მიიჩნია, რომ აღნიშნული საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქმეში არსებული მასალებით სარწმუნოდ არის დადასტურებული, რომ მსჯავრდებულმა ზ. ზ-ამ ნამდვილად ჩაიდინა ის დანაშაული, რომელიც მას სასამართლოს განაჩენით შეერაცხა, რასაც არც დაცვის მხარე ხდის სადავოდ.
რაც შეეხება სასამართლოს მიერ მსჯავრდებულ ზ. ზ-ას მიმართ დანიშნულ პირობით მსჯავრს, საკასაციო პალატა თვლის, რომ აღნიშნული ღონისძიება, მოცემულ შემთხვევაში, მთლიანად შეესაბამება კანონით გათვალისწინებულ სასჯელისა და მსჯავრდებულის რესოციალიზაციის მიზნებს, რის გამოც აუცილებელი არ არის მან სასჯელი მოიხადოს თავისუფლების აღკვეთის სახით. საამისოდ სასამართლომ სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მსჯავრდებულ ზ. ზ-ას პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებებს, მის ქცევას დანაშაულის ჩადენის შემდეგ, მისი პიროვნების მახასიათებელ მონაცემებს, მის მზადყოფნას, აანაზღაუროს თავისი ქმედებით გამოწვეული მატერიალური ზიანი. ასეთ პირობებში, როდესაც არ არსებობს მისი პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება, არ მოიპოვება საფუძველი, რათა მიჩნეულ იქნეს, რომ მსჯავრდებულ ზ. ზ-ას გამოსწორებისათვის აუცილებელია, რომ მან სასჯელი მოიხადოს თავისუფლების აღკვეთის სახით სასჯელაღსრულების დაწესებულებაში.
აღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ დაზარალებულის უფლებამონაცვლე ნ. გ-ის მოთხოვნა სააპელაციო სასამართლოს განაჩენის გაუქმებისა და მსჯავრდებულ ზ. ზ-ას მიმართ სასჯელის გამკაცრების თაობაზე არ არის საფუძვლიანი, რის გამოც იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
ამასთან, საკასაციო პალატა ყურადღებას მიაქცევს შემდეგ გარემოებას: დაზარალებულის უფლებამონაცვლე ნ. გ-ემ საქმეზე სამოქალაქო წესით წარადგინა სასარჩელო მოთხოვნა დანაშაულით მისთვის მიყენებული ფიზიკური და მორალური ზიანის ანაზღაურების თაობაზე _ მთლიანად 25000 ლარის ოდენობით, საიდანაც ფიზიკური ზიანით გამოწვეული ხარჯების ოდენობა შეადგენს 15764,30 ლარს, რაც დასტურდება საქმეში არსებული იმ მასალებით, რომლებიც წარდგენილ იქნა სამოქალაქო მოსარჩელის მიერ აღნიშნული ხარჯების გაწევის შესახებ. სამოქალაქო სარჩელის ნაწილში მოთხოვნა სრულად (25000 ლარის ოდენობით) დააკმაყოფილა როგორც პირველი ინსტანციის სასამართლომ, ასევე სააპელაციო სასამართლომ, რასაც ვერ დაეთანხმება საკასაციო პალატა, რადგან ასეთი გადაწყვეტილება არ შეესაბამება კანონს. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 30-ე მუხლის პირველი და მე-5 ნაწილების მიხედვით, მორალური ზიანი შეიძლება აუნაზღაურდეს დაზარალებულს, რომელსაც უშუალოდ მიადგა ასეთი ზიანი მართლსაწინააღმდეგო ქმედებით. საპროცესო კოდექსი დაზარალებულის უფლებამონაცვლისათვის მორალური ზიანის ანაზღაურებას არ ითვალისწინებს.
აღნიშნულის შესაბამისად, დაზარალებულის უფლებამონაცვლე ნ. გ-ეს უნდა აუნაზღაურდეს მხოლოდ ფიზიკური ზიანის შედეგად გამოწვეული ხარჯები, რაც უშუალოდ მან გასწია დაზარალებულის მკურნალობასა და გარდაცვლილის დაკრძალვასთან დაკავშირებით, ხოლო საქმეში არსებული მასალებით დასტურდება, რომ ასეთი ხარჯების ოდენობა არის 15764 (თხუთმეტი ათას შვიდასსამოცდაოთხი) ლარი და 30 (ოცდაათი) თეთრი, რის გამოც სასარჩელო მოთხოვნაც მხოლოდ ამ ოდენობის ფარგლებში უნდა დაკმაყოფილდეს.
აქედან გამომდინარე, გასაჩივრებულ განაჩენში, კერძოდ, სამოქალაქო სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში, უნდა შევიდეს შემდეგი ცვლილება: მსჯავრდებულ ზ. ზ-სათვის დაზარალებულის უფლებამონაცვლის სასარგებლოდ გადასახდელად დაკისრებული თანხა _ 25000 (ოცდახუთი ათასი) ლარი უნდა შემცირდეს და იგი უნდა განისაზღვროს 15764 (თხუთმეტი ათას შვიდასსამოცდაოთხი) ლარისა და 30 (ოცდაათი) თეთრის ოდენობით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006 წლის 8 ნოემბრის განაჩენი სხვა ნაწილში მსჯავრდებულ ზ. ზ-ას მიმართ უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ, იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის “დ” ქვეპუნქტითა და 568-ე მუხლით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
დაზარალებულის უფლებამონაცვლე ნ. გ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006 წლის 8 ნოემბრის განაჩენში შევიდეს შემდეგი ცვლილება: მსჯავრდებულ ზ. ზ-ას დაზარალებულის უფლებამონაცვლე ნ. გ-ის სასარგებლოდ ნაცვლად 25000 (ოცდახუთი ათასი) ლარისა გადასახდელად დაეკისროს 15764 (თხუთმეტი ათას შვიდასსამოცდაოთხი) ლარი და 30 (ოცდაათი) თეთრი.
სხვა ნაწილში განაჩენი დარჩეს უცვლელად.
საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.