დატოვებულია უცვლელად

სისხლის სამართლის 13.06.2007
საქმის ნომერი
2კ-272აპ.-07
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
13.06.2007

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

¹272აპ ქ. თბილისი

13 ივნისი, 2007 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ი. ტყეშელაშვილი (თავმჯდომარე),ზ. მეიშვილი, ლ. მურუსიძე

სხდომის მდივან _ გ. შალამბერიძის,პროკურორ _ ი. ბ-ის,ადვოკატ _ თ. ქ-ას,დაზარალებულების _ რ. კ-სა და ნ. ა-ას

მონაწილეობით განიხილა მსჯავრდებულ ფ. მ-ას ინტერესების დამცველის, ადვოკატ თ. ქ-ას საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006 წლის 21 დეკემბრის განაჩენზე.

აღწერილობითი ნაწილი:

წალენჯიხის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 12 სექტემბრის განაჩენით ფ. მ-ია, ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა”, „ბ” და „გ” ქვეპუნქტებით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქციით) იმაში, რომ ჩაიდინა ყაჩაღობა, ე.ი. თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობითა და ასეთი ძალადობის მუქარით, ჯგუფურად, არაერთგზის, ბინაში უკანონო შეღწევით, რაც გამოიხატა შემდეგში:

ფ. მ-ია დანაშაულებრივად დაუკავშირდა ზუგდიდის რაიონის სოფელ ---ში მცხოვრებ მ. გ-ნს. ისინი წინასწარ შეთანხმდნენ და განიზრახეს, ყაჩაღურად თავს დასხმოდნენ წალენჯიხის რაიონის სოფელ ---ში მცხოვრებ რ. კ-ის ოჯახს. განზრახვის სისრულეში მოსაყვანად, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღით შეიარაღებულები, მ. გ-ნი _ უნიღბოდ, ხოლო ფ. მ-ია _ თხელი ნიღბით, საიდანაც ნათლად მოუჩანდა სახე, 2006 წლის 14 იანვარს, დაახლოებით 1 საათზე, ყაჩაღურად თავს დაესხნენ წალენჯიხის რაიონის სოფელ ---ში მცხოვრებ რ. კ-ის ოჯახს, სადაც იმ დროისათვის იმყოფებოდნენ რ. კ-ლი, ნ. ა-ია და მათი ორი შვილი. ფ. მ-ამ და მ. გ-მა ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღის მუქარით მათ მოსთხოვეს 1000 ლარი, ოქროულობა და ტელეფონები. თავდამსხმელებმა რ. კ-ის ოჯახიდან სიცოცხლისათვის საშიში ძალადობის გამოყენებითა და მუქარით გაიტაცეს ორი მობილური ტელეფონი, მაგნიტოფონის კასეტები და მიკროფონი, სულ _ 900 ლარის ქონება.

ფ. მ-ია კვლავ დაუკავშირდა მ. გ-სა და გამოძიებით დაუდგენელ ბოროტმოქმედებს და წინასწარ შეთანხმდნენ, ყაჩაღურად თავს დასხმოდნენ წალენჯიხის რაიონის სოფელ ---ში მცხოვრებ რ. კ-ის ოჯახს და მართლსაწინააღმდეგოდ მიესაკუთრებინათ მათი ქონება. განზრახვის სისრულეში მოსაყვანად მ. გ-ნი, ფ. მ-ია და გამოძიებით დაუდგენელი პირები, დაახლოებით 10 კაცამდე, შეიარაღებულები ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღით, ფ. მ-ია, მ. გ-ნი და გამოძიებით დაუდგენელი ერთი პირი _ უნიღბოდ, დანარჩენები _ ნიღბებით, 2006 წლის 7 თებერვალს, დაახლოებით 23.30 საათზე, ყაჩაღურად თავს დაესხნენ რ. კ-ის ოჯახს, სადაც იმ დროისათვის იმყოფებოდნენ ოჯახის წევრები, მეზობლები _ გ. დ-ნი, გ. კ-ლი და მათი ნათესავი თ. გ-ნი. ბოროტმოქმედებმა რ. კ-ის ოჯახიდან სიცოცხლისათვის საშიში ძალადობის გამოყენებით გაიტაცეს ფული, დაახლოებით 50 ლარი, მობილურები, მაჯის საათი, მაგნიტოფონის კასეტები და რ. კ-ის „მერსედესის” მარკის მიკროავტობუსი, რომელიც შემდგომში დატოვეს ზუგდიდის რაიონის სოფელ ---ს ტერიტორიაზე.

აღნიშნული დანაშაულისათვის ფ. მ-ას განესაზღვრა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა; სასჯელის ათვლა დაეწყო 2006 წლის 14 აპრილიდან.

განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა თ. ჯ-ამ. მან ითხოვა გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება, ფ. მ-ას მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენა და უკანონო პატიმრობიდან განთავისუფლება.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006 წლის 21 დეკემბრის განაჩენით უცვლელად დარჩა წალენჯიხის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 12 სექტემბრის განაჩენი ფ. მ-ას მიმართ.

კასატორი _ მსჯავრდებულის ინტერესების დამცველი, ადვოკატი თ. ქ-ვა საკასაციო საჩივარში აღნიშნავს, რომ განაჩენი ფ. მ-ას მიმართ უკანონო და დაუსაბუთებელია და უნდა გაუქმდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სააპელაციო სასამართლომ დაარღვია საქართველოს სსსკ-ის 520-ე მუხლის მოთხოვნა და ფაქტობრივად არ ჩაატარა სასამართლო გამოძიება; მან ასევე დაარღვია სსსკ-ის 533-ე მუხლის მე-4 ნაწილის, 537-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „ა”, „ბ”, „გ” ქვეპუნქტების, 538-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილების, 539-ე მუხლის მოთხოვნები, რაც გამოიხატა შემდეგში:

სააპელაციო სასამართლოს საქმესთან დაკავშირებით არ დაუკითხავს არც ერთი მოწმე და არც ერთი დაზარალებული; დაზარალებულების _ რ. და ხ. კ-სა და ნ. ა-ას ფაქსით გაგზავნილი განცხადება მათი დაცვის უზრუნველყოფასთან დაკავშირებით არ ნიშნავდა მათ კატეგორიულ უარს სასამართლო სხდომაზე გამოცხადების თაობაზე; სასამართლოს უნდა უზრუნველეყო მათი მოთხოვნა და პოლიციის დაცვით მოეყვანა სხდომაზე; სასამართლოს საერთოდ არ უმსჯელია დანარჩენი დაზარალებულების გამოუცხადებლობის მოტივებზე, რაც იმას ნიშნავს, რომ სასამართლოს ფაქტობრივად არ ჩაუტარებია ახალი სასამართლო გამოძიება; სასამართლომ არ გამოიკვლია ახალი მტკიცებულება _ დაზარალებულ ნ. ა-ას 2006 წლის 18 ივლისის გამოკითხვის ოქმი, რომელიც პირველი ინსტანციის სასამართლოშიც არ გამოკვლეულა და სააპელაციო სასამართლოში მოხვდა სახალხო დამცველის აპარატიდან; ამ მტკიცებულების გამოკვლევის მიზნით პალატა ვალდებული იყო, სხდომაზე დაეკითხა დაზარალებული ნ. ა-ია, რადგან მასში წარმოჩენილი საკვანძო გარემოებები არსებითად ცვლის საქმის არსს; კერძოდ, ნ. ა-ას განმარტებით, პირველი ყაჩაღობის შემდეგ მათი ოჯახი განმეორებითი ყაჩაღური თავდასხმის შესახებ გააფრთხილა მეზობელმა, ყოფილმა პოლიციელმა გ. ს-ამ, რომელმაც ურჩია მიკროავტობუსის სხვაგან _ ან ნ. ა-ას მამის, ან მანქანის მეპატრონე ი-ის სიმამრის ოჯახში _ გადაყვანა; აშკარაა, რომ ყაჩაღებს სურდათ არა რ. კ-ის, არამედ _ იმ სხვა ოჯახების დაყაჩაღება; აღნიშნულის თაობაზე ნ. ა-ამ ინფორმაცია მიაწოდა გამომძიებელს, რომელმაც არ დააფიქსირა დაკითხვის ოქმში; სასამართლომ უსაფუძვლოდ არ დააკმაყოფილა დაცვის მხარის მიერ დაყენებული შუამდგომლობა იმ მოწმეების დაკითხვის შესახებ, რომელთა ჩვენებებით დგინდებოდა, რომ ფ. მ-ას კ-ის ოჯახზე განხორციელებულ თავდასხმაში მონაწილეობა არ მიუღია.

ადვოკატი საკასაციო საჩივარში ასევე აღნიშნავს, რომ სასამართლო განხილვა იყო არასრული; განაჩენში ჩამოყალიბებული დასკვნები შეუსაბამოა საქმეში არსებულ მტკიცებულებებთან; არსებითად დაირღვა სისხლის სამართლის საპროცესო კანონი; საქმეზე წინასწარი გამოძიება წარმართულია მხოლოდ გამამტყუნებელი მიმართულებით, რითიც დარღვეულია სსსკ-ის მე-18 მუხლის მოთხოვნები; არც წინასწარი და არც სასამართლო გამოძიების დროს არ შესწავლილა და არ დაკმაყოფილებულა დაცვის მხარის არც ერთი შუამდგომლობა და საჩივარი, რითიც დაირღვა სსსკ-ის 232-ე მუხლის მოთხოვნა; წინასწარი გამოძიების მწარმოებელი ორგანო სისტემატურად არღვევდა პროცესუალურ მოთხოვნებს; განაჩენში არაფერია ნახსენები იმის თაობაზე, რომ გ. კ-ლს, გ. დ-სა და თ. გ-ნს რაიმე სახის ზიანი მიადგათ ფ. მ-ას დანაშაულებრივი ქმედებით; დაზარალებულების ჩვენებით, ყველა ყაჩაღი იყო ნიღბით, გარდა ერთისა, რომელიც იყო სუსტი აღნაგობის, ქერათმიანი და შეეძლოთ მისი ამოცნობა; ამოცნობის ოქმით ხ. და რ. კ-მა და ნ. ა-ამ ამოიცნეს ფ. მ-ია და მიუთითეს, რომ იგი მონაწილეობდა ორივე ყაჩაღურ თავდასხმაში; ამ დაზარალებულებს არაერთხელ ჰყავდათ ნანახი ფ. მ-ია, ასეთ შემთხვევაში კი ამოცნობის, როგორც საგამოძიებო მოქმედების, ჩატარება უაზროა, რის შესახებაც საოლქო პროკურორის მოადგილემ მიუთითა კიდეც გამომძიებელს; თავად დაზარალებულებმაც განაცხადეს საქმის განხილვის დროს, რომ მათ არაერთხელ ჰყავდათ ნანახი ფ. მ-ია და მისი ამოცნობა ფოტოსურათითაც მოხდა, მაგრამ საქმეში არ მოიპოვება სათანადო ოქმები; დაზარალებულების მიერ აღწერილი თავდამსხმელებიდან არც ერთი ნიშანი არ ემთხვევა ფ. მ-ას აღწერილობას; აღსანიშნავია ისიც, რომ რ. კ-სა და ნ. ა-ას მიერ მიცემული ჩვენებები ბევრ საკითხში წინააღმდეგობრივია; ქვემდგომი პროკურატურის მიერ, კანონის მოთხოვნათა დარღვევით, იგნორირებულ იქნა ზემდგომი პროკურორის სავალდებულო წერილობითი მითითებები და მიუხედავად იმისა, რომ არსებობდა აშკარა სამხილები შს წალენჯიხის რაიგანყოფილების რამდენიმე მუშაკის მიმართ რ. კ-ის ოჯახზე ყაჩაღური თავდასხმის მიჩქმალვის ფაქტზე, ამ მხრივ არანაირი რეაგირება არ მოუხდენია; აღნიშნული დანაშაულის მიჩქმალვის ფაქტი დადგენილია მსჯავრდებულის ადვოკატის მიერ მოპოვებული მტკიცებულებით _ მოწმე გ. ს-ას 2006 წლის 20 აპრილის გამოკითხვის ოქმით, რომელშიც ის ამხელდა შს ---ის რაიგანყოფილების მუშაკებს _ პ. გ-ას, ი. კ-სა და მ. გ-ას 2006 წლის 13 იანვარს ჩადენილი ყაჩაღობის მიჩქმალვაში; დაცვის მხარემ წინასწარ გამოძიებას წარუდგინა ფ. მ-იას უდანაშაულობის დამადასტურებელი აშკარა მტკიცებულებები, კერძოდ: 2006 წლის 13 იანვარს ფ. მ-ას ქ. სოჭში გარდაეცვალა ქვისლი რ. ა-ვა, რის გამოც ფ. მ-ია ოჯახის წევრებსა და ახლო ნათესავებთან ერთად თავისი მიკროავტობუსით დილით, დაახლოებით 8 საათზე, წავიდა წალენჯიხის რაიონის სოფელ ---ში თავისი სიდედრის ოჯახში სიძის გარდაცვალების შესატყობინებლად, რის შემდეგაც გაემართნენ ქ. ჯვარში ფ. მ-ას ასევე ქვისლის _ ზ. ჩ-ას ოჯახში, სადაც მეზობლებიც იყვნენ შეკრებილი; ამის შემდეგ ფ. მ-ია ჭირისუფლებთან ერთად თავისი მიკროავტობუსით წავიდა სოფელ ---ში, რ. ა-ას ოჯახში, საიდანაც დაახლოებით 20 საათზე თავისი მანქანით სოფელ ---ს გავლით დაბრუნდა სოფელ ---ში, დაახლოებით 22 საათზე კი წავიდა ---ში, სადაც დატოვა ნათესავები, რის შემდეგაც თვითონ, მისი ქვისლი ზ. ჩ-ია მეუღლესა და სიდედრთან ერთად წავიდნენ ქ. ჯვარში, სადაც მივიდნენ დაახლოებით 23.45 საათზე, რაც ასევე ნახეს მეზობლებმა; სხდომაზე დაკითხულმა მოწმეებმა _ ზ. ჩ-ამ, დ. ა-ამ, ნ. ს-ამ, ლ. მ-ამ და დ. მ-ამ დაადასტურეს 2006 წლის 13 იანვარს ფ. მ-ას ქ. ჯვარში დაბრუნება დაახლოებით 23.45 საათზე და მისი იქიდან წასვლა მეორე დღეს _ 14 იანვარს, დილით; ზემოხსენებულ მოწმეთა ჩვენებებით დასტურდება, რომ ფ. მ-ია 2006 წლის 13 იანვარს რ. კ-ის ოჯახზე ყაჩაღურ თავდასხმაში მონაწილეობას ვერ მიიღებდა, ამიტომ დაზარალებულთა მტკიცება მათ ოჯახზე 2006 წლის 13 იანვარს განხორციელებულ ყაჩაღურ თავდასხმაში ფ. მ-ას მონაწილეობის შესახებ არარეალურია; ისინი ან კეთილსინდისიერად ცდებიან, ან იმყოფებიან გამოძიების მწარმოებელი ორგანოს გავლენის ქვეშ, რის საფუძველსაც იძლევა შემდეგი გარემოებები:

დაზარალებულ რ. კ-ის ოჯახზე შს ---ის რაიგანყოფილების თანამშრომლები ახორციელებდნენ დაცვის სპეციალურ ღონისძიებას, რომლის გატარებისათვის აუცილებელი იყო სასამართლოს გადაწყვეტილება პროკურორის დასაბუთებული შუამდგომლობის საფუძველზე, რაც არ არსებობდა; საინტერესოა, რა მიზნით და ვისი განკარგულებით ტარდებოდა ასეთი თვითნებური ღონისძიება, რასაც 2006 წლის მაისში მოჰყვა ტრაგედია _ რ. კ-ის ოჯახს კვლავ დაესხნენ თავს დამნაშავეები და მძიმედ დაჭრეს ერთ-ერთი მორიგე პოლიციელი; პირველ ინსტანციაში მოწმე ქ. ს-ას მიერ ერთ-ერთი თავდამსხმელის აღწერილობა არ ემთხვევა ფ. მ-ას აღწერილობას; მოწმე გ. ს-ას ცრუ დასმენის საფუძველზე სისხლის სამართლის საქმე აღიძრა ადვოკატ თ. ქ-ას მიმართ სსკ-ის 369-ე მუხლის მე-2 ნაწილით იმ მიზნით, რომ ადვოკატი ჩამოეშორებინათ საქმიდან, თუმცა საოლქო პროკურორის მოადგილის 2006 წლის 21 აპრილის მითითებიდან აშკარად ჩანდა, რომ იმ დროისათვის 2006 წლის 13 იანვრის ყაჩაღობის ფაქტი რეგისტრირებული არ იყო; წინასწარი გამოძიება წარიმართა პროცესუალურ მოთხოვნათა დარღვევით, რაც დასტურდება საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენელთა შესაბამისი წერილით; მიუხედავად დაცვის მხარის შუამდგომლობისა, გ. კ-ლი და გ. დ-ნი 2006 წლის 9 მაისამდე დაზარალებულებად არ დაკითხულან და მათ მიერ არ ჩატარებულა ფ. მ-ას ამოცნობა; შესაძლოა, მათზე მოახდინეს ზეგავლენა, რადგანაც ამ პირებმა შეცვალეს პირვანდელი ჩვენებები და განაცხადეს, რომ არ შეუძლიათ ვინმეს ამოცნობა; დაზარალებულად არ უცვნიათ და არ დაუკითხავთ თ. ი-ძე, რომლის კერძო საკუთრება იყო გატაცებული მიკროავტობუსი, რ. კ-ლი კი იყო მხოლოდ მის მიერ დაქირავებული მძღოლი, რაც კანონის აშკარა დარღვევაა; საქმის წარმოებისას დაირღვა ფ. მ-ას დაცვის უფლება; სამსჯავრო სხდომაზე წარდგენილ ადვოკატ ი. ჯ-ას განცხადებიდან ჩანდა, რომ გამომძიებელმა ა. ჭ-ამ ის მოატყუა და 2006 წლის 14 აპრილს ფარულად ჩაატარა ფ. მ-ას ამოცნობა; მოსამართლემ არ დააკმაყოფილა დაცვის შუამდგომლობა გამომძიებლის დაკითხვასთან დაკავშირებით; 2006 წლის 8 და 13 თებერვალს დაკითხული დაზარალებულები და მოწმეები აშკარად უთითებდნენ, რომ უნიღბოდ იყო მხოლოდ ერთი დამნაშავე, ქერათმიანი, სუსტი სახის; შემდგომ მათ შეცვალეს ჩვენებები და განაცხადეს, რომ რამდენიმე პირი იყო უნიღბოდ.

ადვოკატი ასევე აღნიშნავს, რომ დაზარალებული ნ. ა-ია 2006 წლის 11 აპრილს მიცემულ ჩვენებაში აჩვენებს, რომ ფ. მ-ია ორჯერ _ 2006 წლის 13 იანვარსა და 7 თებერვალს _ მონაწილეობდა მის ოჯახზე განხორციელებულ ყაჩაღობაში; გაუგებარია, რატომ არ წაუყენა გამომძიებელმა ფ. მ-ას 2006 წლის 15 აპრილს ბრალად ეს ფაქტიც, როდესაც ბრალდებულის სახით მისცა პასუხისგებაში; ფ. მ-ას სამჯერ წარედგინა ბრალდება; დადგენილებებში წერია, რომ იგი „2006 წლის 14 იანვარს რ. კ-ის ოჯახს თავის დაესხა მ. გ-თან ერთად, მას სახეზე ეკეთა თხელი ნიღაბი, საიდანაც მოუჩანდა სახე”; არც ერთ დამნაშავეს არ მოუვა თავში აზრად ნიღბად ისეთი ქსოვილის გამოყენება, საიდანაც სახე გამოუჩნდებოდა, ან რა მოტივაცია ჰქონდა ნიღბის გამოყენებას, თუ 7 თებერვალს უნიღბოდ დაესხმებოდა თავს იმავე ოჯახს; ეს საქმე არის გამოძიების მწარმოებელი ორგანოს მხრიდან თვითშემოქმედების, ფალსიფიკაციისა და არაპროფესიონალიზმის შედეგი; საქმეში არავითარი მტკიცებულება არ არის ფ. მ-ას მიმართ შერაცხული დანაშაულის დასადასტურებლად.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ადვოკატი თ. ქ-ვა ითხოვს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006 წლის 21 დეკემბრის განაჩენის გაუქმებას, რასაც ეთანხმება მსჯავრდებული ფ. მ-ია.

საკასაციო პალატის სხდომაზე ადვოკატმა თ. ქ-ამ მხარი დაუჭირა თავის საკასაციო საჩივარს, რომელში მითითებული მოტივებითაც მოითხოვა ფ. მ-ას მიმართ საქმის შეწყვეტა.

დაზარალებულმა ნ. ა-ამ საკასაციო საჩივარს მხარი არ დაუჭირა და კატეგორიულად მიუთითა, რომ მის ოჯახზე განხორციელებულ ყაჩაღურ თავდასხმებში მონაწილეობდა ფ. მ-ია. აღნიშნულიდან გამომდინარე, დაზარალებულმა მოითხოვა, რომ საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს, როგორც უსაფუძვლო.

დაზარალებულმა რ. კ-მა ასევე კატეგორიულად განაცხადა, რომ ფ. მ-ია მონაწილობდა ყაჩაღურ თავდასხმებში, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

სახელმწიფო ბრალმდებელმა ი. ბ-ემ საჩივარს მხარი არ დაუჭირა და მოითხოვა გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება იმ მოტივით, რომ იგი კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანია.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, გააანალიზა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა, მოისმინა მხარეთა მოსაზრება და მივიდა დასკვნამდე, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე დაზარალებულმა რ. კ-მა კატეგორიულად განაცხადა, რომ მის ოჯახზე განხორციელებულ ორივე ყაჩაღურ თავდასხმაში მონაწილეობდა ფ. მ-ია, რომელსაც, მართალია, ნიღაბი ეკეთა, მაგრამ იგი სახეს სრულად ვერ უფარავდა. ამასთან, მეორედ თავდასხმის დროს ფ. მ-ას იგივე ქუდის ნიღაბი ეკეთა და ტანსაცმელიც იგივე ეცვა. დაზარალებულმა მიუთითა, რომ თავდასხმაში მონაწილე პირთაგან ორის ამოცნობა შეეძლო და ამის თაობაზე თავიდანვე აცნობა წინასწარ გამოძიებას, რის შემდეგაც ბოროტმოქმედი ამოიცნო შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებების დროს (ტ. 2, ს.ფ. 85-87).

ანალოგიური ჩვენება მისცა სასამართლოში დაზარალებულმა ნ. ა-ამ, რომელმაც ასევე აღნიშნა, რომ პირველი თავდასხმისას ფ. მ-ას ხელი ჰკრა და მას ავტომატის ვაზნა დაუვარდა, რომელსაც ეძებდა, მაგრამ ვერ იპოვა. მეორე თავდასხმის დროს იგივე პიროვნება ეძებდა ვაზნას, რომელიც ნ. ა-ამ გადასცა. ნ. ა-ას განმარტებით, იგი იმდენად ახლოს იყო ბოროტმოქმედთან, რომ მოგვიანებით ადვილად ამოიცნო (ტ. 2, ს.ფ. 89-90).

Aასეთივე ჩვენება მისცა დაზარალებულმა ხ. კ-მა, რომელმაც აღნიშნა, რომ საქმის წინასწარი გამოძიებისას ამოიცნო ერთ-ერთი ბოროტმოქმედი, რომელიც ფ. მ-ია აღმოჩნდა (ტ. 2, ს.ფ. 90).

პირის ამოსაცნობად წარდგენის ოქმების შესაბამისად, დაზარალებულებმა _ ნ. ა-ამ, რ. კ-მა და ხ. კ-მა ამოიცნეს ფ. მ-ია და კატეგორიულად მიუთითეს, რომ სწორედ იგი მონაწილეობდა მათზე განხორციელებულ ყაჩაღურ თავდასხმებში (ტ. 1, ს.ფ. 88-92).

პალატა მიიჩნევს, რომ დაზარალებულთა ჩვენებები დეტალური და თანმიმდევრულია და მათში ეჭვის შეტანის საფუძველი არ არსებობს.

კასატორი მიუთითებს, რომ სასამართლომ არ გამოიკვლია ახალი მტკიცებულება _ დაზარალებულ ნ. ა-ას გამოკითხვის ოქმი, რომელიც პირველი ინსტანციის სასამართლოშიც არ გამოკვლეულა. ამ მტკიცებულების გამოკვლევის მიზნით პალატა ვალდებული იყო, სხდომაზე დაეკითხა დაზარალებული ნ. ა-ია, რადგან მასში წარმოჩენილი საკვანძო გარემოებები არსებითად ცვლის საქმის არსს, ვინაიდან ნ. ა-ას განმარტებით, პირველი ყაჩაღობის შემდეგ მათი ოჯახი განმეორებითი ყაჩაღური თავდასხმის შესახებ გააფრთხილა მეზობელმა, რომელმაც ურჩია მიკროავტობუსის სხვაგან გადაყვანა. კასატორის აზრით, აშკარაა, რომ ყაჩაღებს სურდათ არა რ. კ-ის, არამედ სხვა ოჯახების დაყაჩაღება.

პალატა აღნიშნავს, რომ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე მტკიცებულებები საპროცესო კოდექსის მოთხოვნათა დაცვით, სათანადოდ იქნა გამოკვლეული პირველი ინსტანციის სასამართლოში, ხოლო სსსკ-ის 533-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო წესით საქმის განხილვისას დაიშვება მხოლოდ სააპელაციო ინსტანციაში წარმოდგენილი, საქმისათვის ახალი მტკიცებულების გამოკვლევა. ამასთან, პირველი ინსტანციის სასამართლოში გამოკვლეული ყველა მტკიცებულება მიიჩნევა გამოკვლეულად.

რაც შეეხება ზ. ჩ-ას, დ. ა-ას, ნ. ს-სა და სხვათა ჩვენებებს, მათზე სააპელაციო პალატამ იმსჯელა და საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებთან ურთიერთშეჯერებით დაადგინა კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი განაჩენი, რომლის გაუქმების ან შეცვლის საფუძველი არ არსებობს.

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით, 568-ე მუხლით და

დაადგინა:

მსჯავრდებულ ფ. მ-ას ინტერესების დამცველის, ადვოკატ თ. ქ-ას საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006 წლის 21 დეკემბრის განაჩენი ფ. მ-ას მიმართ დარჩეს უცვლელად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.