შეიცვალა კვალიფიკაცია და სასჯელი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
¹325აპ ქ. თბილისი
11 ივლისი, 2007 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლევან მურუსიძე (თავმჯდომარე),მაია ოშხარელი, როზა ნადირიანი
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ლ. ფ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ვ. ხ-ის საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006 წლის 17 ნოემბრის განაჩენზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2005 წლის 5 სექტემბრის განაჩენით ლ. ფ-ძე, ცნობილ იქნა დამნაშავედ დამიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მეორე ნაწილის “გ” ქვეპუნქტით _ 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, ამავე მუხლის მეორე ნაწილის “ბ” და “გ” ქვეპუნქტებით _ 3 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, ამავე მუხლის მესამე ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით _ 5 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მესამე ნაწილის გამოყენებით საბოლოოდ მას სასჯელის ზომად განესაზღვრა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა. ლ. ფ-ეს სასჯელის მოხდა დაეწყო 2004 წლის 30 ივლისიდან.
მასვე დაეკისრა დაზარალებულ ნ. კ-ის სასარგებლოდ 5988,4 ოლარის, დაზარალებულ ლ. კ-ას სასარგებლოდ _ 537,8 ლარის, მ. გ-ის სასარგებლოდ _ 1620 ლარის, ე. კ-ას სასარგებლოდ _ 5950 აშშ დოლარის გადახდა.
განაჩენით მსჯავრდებულ ლ. ფ-ის მიერ ჩადენილი დანაშაული გამოიხატა შემდეგში:
ლ. ფ-ემ 1995 წლის ზაფხულში ქ. ბათუმში დაზარალებულ ნ. კ-საგან მოტყუებით, ე. ი. თაღლითური გზით მიიღო მისი კუთვნილი ქონება _ სხვადასხვა დასახელების სამრეწველო საქონელი და 2900 აშშ დოლარი (3449 ლარი), რასაც მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა და მიისაკუთრა. ამ ქმედებით მან დაზარალებულს მიაყენა მნიშვნელოვანი ზიანი, სულ 8012,68 ლარის ოდენობით.
მანვე არაერთგზის 1995 წლის ზაფხულში ქ. ბათუმში ნ. კ-საგან მოტყუებით, ე.ი. თაღლითური გზით მიიღო ბათუმის ---დან გამოტანილი 7 ტონა, 13500 აშშ დოლარის ღირებულების თევზი “სკუმბრია”, რომელსაც ქ. ქუთაისში გაუკეთა რეალიზაცია, მიღებული დიდი ოდენობით თანხა კი მიითვისა და მიიმალა. ლ. ფ-ძე ნ. კ-ემ ნახა ზესტაფონში, სადაც მან ასევე მოატყუა იგი და მიიმალა, მაგრამ დაზარალებულმა მიაგნო მას ქ. სენაკში. ამჯერად ლ. ფ-ძე ნ. კ-ეს შეუთანხმდა 17,5 ტონა შაქრის ყიდვაზე, რასაც ქ. ბათუმში გაუკეთა რეალიზაცია 12000 აშშ დოლარად, მაგრამ 1500 აშშ დოლარი ვერ იქნა ამოღებული. აღნშინულით ლ. ფ-ემ დაზარალებულ ნ. კ-ეს მიაყენა მნიშვნელვოანი ზიანი.
მანვე არაერთგზის, სხვისი ქონების მართლსაწინააღმდეგოდ მიღების მიზნით, 1995 წლის სექტემბრში ქ. ბათუმში ლ. კ-საგან მოტყუებით მიიღო ქალისა და ბავშვის ფეხსაცმელი და 150 აშშ დოლარი, ანუ 192 ლარი, რითაც დაზარალებულ ლ. კ-ას სულ მიაყენა 537,8 ლარის მნიშვნელოვანი ზიანი.
მავნე არაერთგზის, სხვისი ქონების მიღების მიზნით, მოტყუებით, ახალციხის რაიონის სოფელ ---ში წაიყვანა მ. გ-ლი და წაიღო მისი კუთვნილი ქონება, რასაც დაეუფლა და მართლსაწინააღმდეგოდ მიისაკუთრა და რითაც დაზარალებულ მ. გ-ლს სულ მიაყენა 900 აშშ დოლარის, ანუ 1620 ლარის მნიშვნელოვანი ზიანი.
მანვე არაერთგზის, 1999 წლის ოქტომბერ-ნოემბერში ქ. ქობულეთში ე. კ-საგან მოტყუებით, ე.ი. თაღლითური გზით მიიღო მისი კუთვნილი ავეჯი, საერთო ღირებულებით _ 6500 აშშ დოლარი, რასაც დაეუფლა და მიისაკუთრა.
აღნიშნულ განაჩენში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006 წლის 12 აპრილის განაჩენით შევიდა ცვლილება, კერძოდ: მსჯავრდებულ ლ. ფ-ეს განაჩენიდან ამოერიცხა საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მეორე ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული მსჯავრი ამ კვალიფიკაციით დანიშნულ სასჯელთან ერთად; მას სასჯელის მოხდის ვადა გამოეთვალა 2004 წლის 29 ივლისიდან, ნაცვლად განაჩენით დადგენილი 30 ივლისისა. განაჩენი სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006 წლის 18 ოქტომბრის განჩინებით გაუქმდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006 წლის 12 აპრილის განაჩენი ლ. ფ-ის მიმართ და საქმე ხელახლა განსახილველად გადაეცა იმავე სასამართლოს სხვა შემადგენლობას. ლ. ფ-სათვის შერჩეული აღკვეთის ღონისძიება _ პატიმრობა დარჩა უცვლელად.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006 წლის 17 ნოემბრის განაჩენით ბათუმის საქალაქო სასამართლოს განაჩენში შევიდა ცვლილება, კერძოდ:
ლ. ფ-ეს წარდგენილი ბრალდებიდან ამოერიცხა საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მეორე ნაწილის “გ” ქვეპუნქტი და ამავე მუხლის მეორე ნაწილის “ბ”, “გ” ქვეპუნქტები (1999 წლის 22 ივლისის რედაქცია), როგორც არასწორად წარდგენილი.
ლ. ფ-ძე, საქართველოს სსკ-ის მე-3 მუხლის პირველი, მეორე და მესამე ნაწილების თანახმად (2006 წლის 28 აპრილის რედაქცია), ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 153-ე მუხლის მეორე ნაწილით (1960 წლის რედაქცია) _ 3 წლით თავისფლების აღკვეთა, 93-ე მუხლის მეორე ნაწილით (1998 წლის 18 სექტემბრის რედაქცია) _ 3 წლითადა 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, 180-ე მუხლის მესამე ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით _ 5 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის გამოყენებით საბოლოოდ მას სასჯელის ზომად განესაზღვრა 5 წლითა 6 თვით თავისუფლების აღკვეთა.
ნ. კ-ის, ლ. კ-ას, მ. გ-სა და ე. კ-ას სასარჩელო მოთხოვნები დაკმაყფოილდა. ლ. ფ-ეს სასარგებლოდ _ 537,8 ლარის, მ. გ-ის სასარგებლოდ _ 1620 ლარის, ე. კ-ას სასარგებლოდ _ 5950 აშშ დოლარის გადახდა.
მსჯავრდებულ ლ. ფ-ის ინტერესების დამცველი, ადვოკატი ვ. ხ-ლი საკასაციო საჩივრით ითხოვს განაჩენში ცვლილების შეტანას იმ მიმართებით, რომ ლ. ფ-ეს მოეხსნას საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მესამე ნაწილის “ბ” ქვეპუნქტითა და 93-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული მსჯავრდება და ამ ნაწილში გამართლდეს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
პალატამ განიხილა საქმის მასალები, საკასაციო საჩივრის მოტივთა საფუძვლიანობა და მიიჩნია, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყფოილდეს, ხოლო განაჩენში მსჯავრდებულის სასიკეთოდ უნდა შევიდეს ცვლილება შემდეგ გარემოებათა გამო:
საქმეზე სასამართლო განხილვა ჩატარებულია სრულყოფილად და საპროცესო კანონმდებლობის დაცვით.
საქმეზე შეკრებილი და სასამართლოს მიერ გამოკვლეული მტკიცებულებებით, კერძოდ: დაზარალებულების _ ნ. კ-ის, ლ. კ-ას, მ. გ-ის, ე. კ-ას ჩვენებებითა და საქმეში არსებული სხვა მასალებით უდავოდ დასტურდება მსჯავრდებულ ლ. ფ-ის მიერ მასზე ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენა.
საქმეში არ მოიპოვება სისხლის სამართლის საპროცესო კანონის ისეთი არსებითი ხასიათის დარღვევა, რაც საფუძვლად დაედება განაჩენის გაუქმებას.
საკასაციო პალატა ვერ დაეთანხმება კასატორის მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოს მსჯავრდებულ ლ. ფ-ის ქმედებაში არ არის საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მესამე ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაული და მისი ქმედება უნდა დაკვალიფიცირდეს სსკ-ის 93-ე მუხლის მეორე ნაწილით.
საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მსჯავრდებულ ლ. ფ-ის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება დაზარალებულ ე. კ-ას ეპიზოდში მესამე ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით, რადგან აღნიშნული ქმედების ჩადენის დროს მოქმედი სსკ-ის 93-ე მუხლის მესამე ნაწილით გათვალისწინებული ქმედება _ თაღლითობა, რომელსაც შედეგად მოჰყვა დიდი ოდენობით ზარალის მიყენება, სასჯელად ითვალისწინებდა თავისუფლების აღკვეთის 5-დან 15 წლამდე ვადით. სსკ-ის 180-ე მუხლის მესამე ნაწილის “ბ” ქვეპუნქტი ხსენებული ქმედებისათვის სასჯელის ზომად ითვალისწინებდა თავისუფლების აღკვეთას ვადით 5-დან 10 წლამდე, ხოლო ამჟამად მოქმედი სსკ-ის 180-ე მუხლის მესამე ნაწილის “ბ” ქვეპუნქტი ხსენებული ქმედებისათვის სასჯელის ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით 6-დან 9 წლამდე, ეწი. მოცემულ შემთვხევაში შემსუბუქდა სასჯელი.
საქართველოს სსკ-ის მე-3 მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, “თუ დანაშაულის ჩადენიდან განაჩენის გამოტანამდე სისხლის სამართლის კანონი რამდენჯერმე შეიცვალა, გამოიყენებ ყველაზე მსუბუქი კანონი”.
ამდენად, სააპელაციო სასამართლომ მსჯავრდებულ ლ. ფ-ის მიერ ჩადენილი ქმედებების იურიდიული კვალიფიკაციისას გაითვალისწინა ზემოაღნშინული მუხლის მოთხოვნა და შესაბამისად მოახდინა მათი სამართლებრივი კვალიფიკაცია.
რაც შეეხება სასჯელს, საკასაციო პალატა თვლის, რომ ლ. ფ-ეს ბრალად შერაცხული ეპიზოდისათვის უნდა დაენიშნოს ერთი სასჯელი, ვინაიდან მისი ქმედება დაკვაილფიცირებულია თაღლითობით, ჩადენილი არაერთგზის. მოცემულ შემთხვევაში კი, თუ პირს ასევე შერაცხული აქვს ის ქმედება, რომელიც უფრო მკაცრ სასჯელს ითვალისწინებს, შესაბამისი მუხლის ნაწილით გათვალიწსინებული სასჯელი მოიცავს სხვა სასჯელებს. მსჯავრდებულ ლ. ფ-ეს სასჯელის ზომად უნდა განესაზღვროს საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მესამე ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელი _ 5 წლით თავისუფლების აღკვეთა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
პალატამ, იხელმძღვანელა რა საქართველოს სსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის “ა”, “დ” ქვეპუნქტითა და 568-ე მუხლით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ ლ. ფ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ვ. ხ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006 წლის 17 ნოემბრის განაჩენში შევიდეს ცვლილება:
მსჯავრდებულ ლ. ფ-ეს სასჯელის ზომად განესაზღვროს საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მესამე ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელი _ 5 (ხუთი) წლით თავისუფლების აღკვეთა.
სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.