განაჩენი შეიცვალა სამოქალაქო ნაწილში
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
528აპ. ქ. თბილისი
26 სექტემბერი, 2007 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ი. ტყეშელაშვილი (თავმჯდომარე),დ. სულაქველიძე, ლ. მურუსიძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ პ. ქ-სა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ. ბ-ის საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006 წლის 21 დეკემბრის განაჩენზე.
აღწერილობითი ნაწილი:
ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 1 აგვისტოს განაჩენით პ. ქ-ძე, ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით იმაში, რომ ჩაიდინა განზრახ მკვლელობა, რაც გამოიხატა შემდეგში:
2005 წლის 2 აპრილს მეგობრის _ მ. ო-ის ,,ვაზ-2121" მარკის ავტომანქანით პ. ქ-ძე ჩავიდა ქ. ზესტაფონში, ნათესავის _ თ. ც-ის ოჯახში. პ. ქ-ეს თან ახლდნენ ცოლის ძმა _ ზ. ვ-ძე და მეგობარი _ ნ. ჭ-ლი. მეორე დღეს პ. ქ-ემ ნ. ჭ-ლს შესთავაზა, ღვინის წამოსაღებად გამგზავრებულიყვნენ ხარაგაულის რაიონის სოფელ ---ში, თავისი ბიძის _ გ. ქ-ის მიტოვებულ სახლში, რაზეც ნ. ჭ-ლი დათანხმდა. სოფელ ---ში ჩასვლისას პ. ქ-ემ შეამტვრია კარები, შევიდა სახლში და წამოსაღებად მოამზადა ღვინო. პ. ქ-ემ ნ. ჭ-ის თანხმობით ამ უკანასკნელთან დაამყარა სქესობრივი კავშირი. ამის შემდეგ პ. ქ-ემ ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ნ. ჭ-ლს რკინის საგნით მიაყენა სიცოცხლისათვის სახიფათო დაზიანებები თავისა და კისრის არეში და ელექტროქურის სადენით მოახრჩო იგი. პ. ქ-ემ გვამი იქვე დატოვა და წავიდა ქ. თბილისში. იმავე წლის 9 აპრილს პ. ქ-ძე ჩავიდა სოფელ ---ში და პასუხისმგებლობის ასარიდებლად, სახლიდან დაახლოებით 50-60 მეტრში დამარხა გვამი.
ზემოაღნიშნული ქმედებისათვის პ. ქ-ეს მიესაჯა 14 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2005 წლის 11 აპრილიდან. მსჯავრდებულს დაზარალებულის უფლებამონაცვლე ი. კ-ის სასარგებლოდ დაეკისრა გარდაცვლილის დაკრძალვისა და საფლავის მოწყობისათვის გაწეული ხარჯის _ 2 880 ლარის და მორალური ზიანის ასანაზღაურებლად 2 000 ლარის გადახდა.
განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა და მისმა ადვოკატმა გ. ბ-ემ, რომლებმაც ობიექტური ჭეშმარიტების დასადგენად მოითხოვეს დამატებითი სასამართლო-ფსიქიტრიული ექსპერტიზის დანიშვნა და სამართლიანი გადაწყვეტილების მიღება.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2006 წლის 21 დეკემბრის განაჩენით საჩივარი არ დაკმაყოფილდა და გასაჩივრებული განაჩენი დარჩა უცვლელად.
კასატორები _ მსჯავრდებული პ. ქ-ძე და მისი ადვოკატი გ. ბ-ძე საკასაციო საჩივარში აღნიშნავენ, რომ გასაჩივრებული განაჩენი უკანონოა. მსჯავრდებულის მიერ დუმილის უფლების გამოყენებასთან დაკავშირებით აუცილებელი იყო ფსიქოლოგიურ-ფსიქიტრიული ექსპერტიზის დანიშვნა, რათა გარკვეულიყო პ. ქ-ის ფსიქიკური მდგომარეობის საკითხი. ამის თაობაზე შუამდგომლობა სასამართლომ უკანონოდ არ დააკმაყოფილა. გარდა ამისა, პირველი ინსტანციისა და სააპელაციო სასამართლოების განაჩენები, საპროცესო კანონის მოთხოვნათა დარღვევით, ემყარება პ. ქ-ის მიერ საქმის წინასწარი გამოძიებისას მიცემულ ჩვენებებს. ამრიგად, საქმის სასამართლო გამოძიებისას არ გარკვეულა ისეთი მნიშვნელოვანი გარემოებები, როგორებიცაა პ. ქ-ის ამჟამინდელი ფსიქიკური მდგომარეობა და ძლიერი სულიერი აღელვების არსებობის საკითხი ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენისას.
კასატორებს მიაჩნიათ, რომ არსებითად დაირღვა საპროცესო ნორმები, რამაც შეზღუდა პროცესის მონაწილეთა უფლებები, ხელი შეუშალა საქმის ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად განხილვას, გავლენა მოახდინა კანონიერი, საფუძვლიანი, და სამართლიანი განაჩენის დადგენაზე.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მსჯავრდებული და მისი ადვოკატი მოითხოვენ გასაჩივრებული განაჩენის გაუქმებასა და საქმის ახალი სასამართლო განხილვისათვის გაგზავნას.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, გააანალიზა საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა დასკვნამდე, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებული განაჩენი უნდა შეიცვალოს შემდეგ გარემოებათა გამო:
პალატა აღნიშნავს, რომ საქმის წინასწარი და სასამართლო გამოძიებისას მოპოვებული მასალებით, მათ შორის დაზარალებულის უფლებამონაცვლე ი. კ-ის, მოწმეების _ ზ. ვ-ის, გ. ც-ის, ნ. ჭ-სა და სხვათა ჩვენებებით, ამოღების ოქმებით, სასამართლო-სამედიცინო, ბიოლოგიური და დაქტილოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნებით, მათი ურთიერთშეჯერებითა და გაანალიზებით უტყუარადაა დადასტურებული, რომ პ. ქ-ემ ჩაიდინა მისთვის ბრალად შერაცხული ქმედება, რაც სწორადაა დაკვალიფიცირებული.
ამბულატორიული სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზის დასკვნის შესაბამისად, ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენისას პ. ქ-ეს თავისი ფსიქიკური მდგომარეობით შეეძლო გაეცნობიერებინა თავისი ქმედების ფაქტობრივი ხასიათი, მართლწინააღმდეგობა და ეხელმძღვანელა მისთვის. პ. ქ-ეს აქვს ფსიქიკური ნაკლი, რაც არ გამორიცხავს მის შერაცხადობას (ტ. 2, ს.ფ. 59-61).
სააპელაციო პალატის სხდომაზე აღნიშნული დასკვნის ერთ-ერთმა ავტორმა, ვ. ჟ-მა განმარტა, რომ ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენისას პ. ქ-ეს ჰქონდა უნარი, ემოქმედა სხვაგვარად, იგი აკონტროლებდა თავის ქმედებას (ტ. 2, ს.ფ. 265-269).
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ექსპერტიზა ტარდება საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დასადგენად, რაც მოცემულ შემთხვევაში სრულყოფილდაა დადგენილი, ხოლო სისხლის სამართლის საპროცესო კანონი არსებითად არ დარღვეულა. გასაჩივრებული განაჩენი ემყარება საქმის სასამართლო სხდომაზე განხილულ უტყუარ მტკიცებულებებს, რაც საკმარისია სისხლის სამართლის საქმეზე ჭეშმარიტების დასადგენად, ხოლო მსჯავრდებულს დანიშნული აქვს მისი პიროვნებისა და ჩადენილი ქმედების სიმძიმის შესაბამისი სასჯელი. ამდენად, სააპელაციო პალატის განაჩენი პ. ქ-ის მიმართ დასაბუთებული და სამართლიანია, რის გამოც ქმედების კვალიფიკაციისა და სასჯელის ნაწილში უნდა დარჩეს უცვლელად.
საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი დაზარალებულის უფლებამონაცვლისათვის მორალური ზიანის ფულადი კომპენსაციით ანაზღაურებას არ ითვალისწინებს. ამავე კოდექსის 30-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, მორალური ზიანი ფულადი კომპენსაციით შეიძლება აუნაზღაურდეს მხოლოდ დაზარალებულს და არა მის უფლებამონაცვლეს. ამრიგად, გასაჩივრებული განაჩენიდან უნდა ამოირიცხოს მითითება პ. ქ-სათვის ი. კ-ის სასარგებლოდ მორალური ზიანის ასანაზღაურებლად 2000 ლარის დაკისრების თაობაზე. რაც შეეხება ფიზიკურ ზიანს _ დაზარალებულის დაკრძალვისა და საფლავის მოწყობისათვის ი. კ-ის სასარგებლოდ 2880 ლარის გადახდის მსჯავრდებულისათვის დაკისრებას, გასაჩივრებული განაჩენი ამ ნაწილში კანონიერი და დასაბუთებულია.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 552-ე მუხლის მე-5 ნაწილით, 561-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ" ქვეპუნქტით, 568-ე მუხლით და
დაადგინა:
მსჯავრდებულ პ. ქ-სა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ. ბ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006 წლის 21 დეკემბრის განაჩენი შეიცვალოს: გასაჩივრებული განაჩენი გაუქმდეს პ. ქ-სათვის დაზარალებულის უფლებამონაცვლე ი. კ-ის სასარგებლოდ მორალური ზიანის ასანაზღაურებლად 2 000 (ორი ათასი) ლარის დაკისრების ნაწილში.
სააპელაციო პალატის განაჩენი პ. ქ-სათვის დაზარალებულის უფლებამონაცვლე ირაკლი კაპანაძის სასარგებლოდ ფიზიკური ზიანის ასანაზღაურებლად 2 880 (ორი ათას რვაას ოთხმოცი) ლარის დაკისრების ნაწილში დარჩეს უცვლელად.
განაჩენი სხვა ნაწილში, მათ შორის მსჯავრდებულის მიმართ დანიშნული სასჯელი, დარჩეს უცვლელად.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.