შესაბამისობაში მოვიდა ახალ კოდექსთან
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
¹167საზ ქ. თბილისი
20 აპრილი, 2007 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ი. ტყეშელაშვილი (თავმჯდომარე),ზ. მეიშვილი, დ. სულაქველიძე
სხდომის მდივან _ გ. ბუხრაშვილის,პროკურორ _ ნ. ნ-ის,ადვოკატ _ კ. ხ-ის
მონაწილეობით განიხილა მსჯავრდებულ ვ. კ-ის, მისი ინტერესების დამცველი ადვოკატების _ კ. ხ-სა და ს. ჩ-ის საჩივრები საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 1995 წლის 18 მაისის განაჩენზე ვ. კ-ის მიმართ.
აღწერილობითი ნაწილი:
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 1995 წლის 18 მაისის განაჩენით ვ. კ-კი, ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს 2000 წლის 1 ივნისამდე მოქმედი სსკ-ის 228-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 104-ე მუხლის მე-2 პუნქტით, 110-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, 203-ე მუხლის 1-ლი ნაწილით იმაში, რომ ჩაიდინა ბოროტი ხულიგნობა, ე.ი. განზრახი ქმედება, რაც უხეშად არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს და გამოხატავს აშკარა უპატივცემულობას საზოგადოებისადმი, რომელიც თავისი შინაარსით გამოირჩეოდა უაღრესად დიდი ცინიზმითა და განსაკუთრებული თავხედობით, რა დროსაც იხმარა დანა და ჩაიდინა განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებებში _ ხულიგნური ქვენაგრძნობით; მანვე ჩაიდინა სხეულის განზრახ მძიმე დაზიანება და პატიმრობიდან გაქცევა, რაც გამოიხატა შემდეგში:
ვ. კ-კი 1989 წლის 17 მარტს, დაახლოებით 11 საათზე, ---ში შეხვდა თავის ნაცნობებს _ ზ. ყ-სა და ვ. სა-ეს. კავთისხევის რკინიგზის სადგურის სასადილოში მათ დალიეს ხუთ-ხუთი ბოთლი ლუდი, რის შემდეგაც გაემგზავრნენ კასპის რაიონის სოფელ ---ში მცხოვრებ ა. ბ-ის ოჯახში, სადაც დალიეს არაყი და ღვინო. იმავე დღეს, 19.30 საათზე, მთვრალები ვ. კ-კი, ზ. ყ-ლი და ვ. ს-ძე ჩასხდნენ ხაშური-თბილისის ელექტრომატარებელში და გაემგზავრნენ თბილისის მიმართულებით. მატარებლის --- ვაგონში, მათ გარდა, მგზავრობდა ოცამდე ადამიანი. მგზავრობისას ვ. კ-კი, ზ. ყ-ლი და ვ. ს-ძე იქცეოდნენ გამომწვევად და თავხედურად, რითიც უხეშად არღვევდნენ საზოგადოებრივ წესრიგს.
დაახლოებით 21 საათზე, რკინიგზის სადგურ „---თან”, თავდაპირველად ვ. კ-მა, ხოლო შემდეგ _ ზ. ყ-აც და ვ. ს-აც ბრძანების კილოთი ჯერ უმიზეზოდ მოსთხოვეს ამავე ვაგონის მგზავრებს, ძმებს _ ჯ. და ჯ. ჯ-ებს, დაეტოვებინათ ვაგონი, ხოლო შემდეგ უცენზურო და პიროვნების შეურაცხმყოფელი სიტყვებით აგინეს მათ. ზ. ყ-ლი გინებასთან ერთად მიმართავდა ძმებ ჯ-ებს, რომ ისინი ისე არ დატოვებდნენ ვაგონს, „დაიბრიდებოდნენ” და „დაიხვრიტებოდნენ”. თავის მხრივ ვ. ს-ემ, ძმები ---ების ღირსების განზრახ დამცირებისა და შეურაცხყოფის მიზნით, მათი ახლობლებიც აგინა, ამასთან, სწვდა ჯ. ჯ-ეს გულმკერდის არეში და მოქაჩა. ამ უკანასკნელმა ხელის კვრით მოიშორა ზ. ყ-ლი, მაგრამ მან ხელი გაარტყა სახის არეში, ხოლო ვ. კ-მა ჯიბიდან ამოიღო საკეცი დანა, გახსნა და ჯ. ჯ-ეს განზრახ მოკვლის მიზნით ორჯერ დაარტყა, ერთხელ _ გულმკერდის არეში, ხოლო მეორედ _ მარჯვენა იღლიაში და მიაყენა სიცოცხლისათვის სახიფათო მძიმე დაზიანება, რის შემდეგაც ჯ. ჯ-ძე ადგილზევე გარდაიცვალა. ამასობაში ჯ. ჯ-ძე და ზ. ყ-ლი, ერთმანეთს ჩაჭიდებულნი, მოშორდნენ ვ. კ-სა და ჯ. ჯ-ეს და გაემართნენ --- ვაგონში გასასვლელის მიმართულებით, რა დროსაც ზ. ყ-მა ჯიბიდან ამოიღო გახსნილი დანა და მოკვლის მიზნით ორჯერ მოუქნია ჯ. ჯ-ეს, რომელიც ორ ადგილას _ მარცხენა მხარის გარეთა ზედაპირზე და შუბლ-თხემის არეში დაიჭრა. ჯ. ჯ-ემ მოახერხა ზ. ყ-ის გათრევა ვაგონის გასასვლელი კარის კუთხემდე. ამ მომენტში ჯ. ჯ-ძე იყო ვ. კ-სა და თავისი ძმისკენ ზურგშექცევით და ასეთ მდგომარეობაში მყოფს, ზურგის მხრიდან, დანით ხელში მივარდა ვ. ს-ძე და მოკვლის მიზნით, სიცოცხლისათვის საშიშ ორგანოებში _ ზურგის არეში, მარცხნივ და მარცხენა იღლიის ფოსოს არეში _ მიაყენა ორი ჭრილობა, რის შემდეგაც ვ. ს-ძე და ზ. ყ-ლი გაიქცნენ მეოთხე ვაგონში და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. მათი გაქცევის შემდეგ ვ. კ-აც დააპირა გაქცევა, მაგრამ ჯ. ჯ-ემ მოახერხა მისი დაჭერა მესამე და მეოთხე ვაგონების გადაბმის ადგილზე. ვ. კ-მა მას ორჯერ მოუქნია დანა და ჯ. ჯ-ეს სიცოცხლისათვის საშიშ ორგანოში _ კეფაზე, მარცხენა ყურის ნიჟარის უკან _ მიაყენა ერთი ჭრილობა. ამის შემდეგ ბოროტმოქმედი გაიქცა შემთხვევის ადგილიდან და მიიმალა.
აღნიშნული დანაშაულისათვის ვ. კ-კი მიეცა პასუხისგებაში და საქმე საბრალდებო დასკვნით გადაეგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოს.
1990 წლის -- თებერვალს ვ. კ-კი გაიქცა პატიმრობიდან საქართველოს უზენაესი სასამართლოს შენობიდან. 1994 წლის 22 აგვისტოს იგი დააკავეს პოლიციის მუშაკებმა ---ის რაიონის ტერიტორიაზე.
ზემოაღნიშნული დანაშაულისათვის ვ. კ-კს საქართველოს 2000 წლის 1 ივნისამდე მოქმედი სსკ-ის 228-ე მუხლის მე-3 ნაწილით განესაზღვრა 7 წლით, 110-ე მუხლის 1-ლი ნაწილით _ 8 წლით, 203-ე მუხლის 1-ლი ნაწილით _ 3 წლით თავისუფლების აღკვეთა; განსაზღვრული სასჯელები „ამნისტიის შესახებ” სამხედრო საბჭოს 1992 წლის 27 თებერვლის დადგენილების მე-5 პუნქტის საფუძველზე გაუნახევრდა და ვ. კ-კს განესაზღვრა, შესაბამისად, 3 წლითა და 6 თვით, 4 წლით, 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა; სსკ-ის 104-ე მუხლის მე-2 პუნქტით მას მიესაჯა სიკვდილით დასჯა; სსკ-ის მე-40 მუხლის საფუძველზე, ვ. კ-კს საბოლოოდ განესაზღვრა სიკვდილით დასჯა.
საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის -- ივლისის ¹--ე ბრძანებულებით ვ. კ-კი შეწყალებულ იქნა და სიკვდილით დასჯა შეეცვალა 20 წლით თავისუფლების აღკვეთით.
მსჯავრდებული ვ. კ-კი საჩივარით ითხოვს სისხლის სამართლის კოდექსში 2006 წლის 31 მაისიდან ამოქმედებული ცვლილებების საფუძველზე მის მიმართ კანონიერ ძალაში შესული განაჩენის გადასინჯვას და ახალ კანონთან შესაბამისობაში მოყვანას.
ადვოკატები _ კ. ხ-ლი და ს. ჩ-ნი საჩივარში აღნიშნავენ, რომ 2006 წლის 28 აპრილის ცვლილებებით შემსუბუქდა სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა ხულიგნური ქვენაგრძნობით ჩადენილი განზრახი მკვლელობისათვის და ამჟამად მოქმედი სსკ-ის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილი ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 13-დან 17 წლამდე ვადით; აღნიშნულიდან გამომდინარე, ადვოკატები ითხოვენ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 1995 წლის 18 მაისის განაჩენის გადასინჯვას, თანახმად სსსკ-ის 593-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ” ქვეპუნქტისა, და სასჯელის შემსუბუქებას სსკ-ის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის სანქციის ფარგლებში.
საკასაციო პალატის სხდომაზე ადვოკატმა კ. ხ-მა მხარი დაუჭირა თავის საჩივარს და განმარტა, რომ სისხლის სამართლის კანონში 2006 წლის 31 მაისიდან ამოქმედებული ცვლილებებით შემსუბუქდა სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა ხულიგნური ქვენაგრძნობით ჩადენილი განზრახი მკვლელობისათვის და ამჟამად მოქმედი სსკ-ის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილი ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 13-დან 17 წლამდე ვადით. აღნიშნულიდან გამომდინარე, ადვოკატმა იშუამდგომლა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 1995 წლის 18 მაისის განაჩენის გადასინჯვისა და თავისი დაცვის ქვეშ მყოფისათვის სასჯელის შემსუბუქების შესახებ სსკ-ის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის სანქციის ფარგლებში, კერძოდ, 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთის დანიშვნა. ამასთან, ადვოკატმა მოითხოვა განაჩენში ცვლილების შეტანა იმ მიმართებითაც, რომ ვ. კ-კს არასწორად აეთვალა სასჯელის მოხდის ვადა.
სახელმწიფო ბრალმდებელმა ნ. ნ-ემ მოითხოვა ვ. კ-სათვის 15 წლით თავისუფლების აღკვეთის დანიშვნა იმ მოტივით, რომ დანაშაულის ჩადენისას, იმ დროს მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსის 104-ე მუხლი ალტერნატიულ სასჯელად ითვალისწინებდა თავისუფლების აღკვეთას არაუმეტეს 15 წლის ვადით.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ შეისწავლა მსჯავრდებულ ვ. კ-ის პირადი საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა, მოუსმინა მხარეებს და მიიჩნია, რომ აღნიშნული საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს 2000 წლის 1 ივნისამდე მოქმედი სსკ-ის 104-ე მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე ვ. კ-კს განაჩენით დანიშნული ჰქონდა სიკვდილით დასჯა, რომლის ალტერნატივას წარმოადგენდა თავისუფლების აღკვეთა ვადით რვიდან თხუთმეტ წლამდე, ხულიგნური ქვენაგრძნობით ჩადენილი განზრახი მკვლელობისათვის.
სიკვდილით დასჯის გაუქმების შემდეგ აღნიშნული ქმედებისათვის სასჯელის სახით დაწესდა უვადო თავისუფლების აღკვეთა, აგრეთვე _ თავისუფლების აღკვეთა ვადით ათიდან ოც წლამდე. ამჟამად მოქმედი საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ” ქვეპუნქტის (მკვლელობა ხულიგნური ქვენაგრძნობით) სანქციით სასჯელის ზომად გათვალისწინებულია თავისუფლების აღკვეთა ვადით 13-დან 17 წლამდე.
ამრიგად, ვ. კ-ის მიერ ზემოაღნიშნული ქმედების ჩადენის შემდეგ კანონი რამდენჯერმე შეიცვალა, რომელიც ამ ქმედებისათვის სხვადასხვა დროს აწესებდა სასჯელის განსხვავებულ ზომებს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის სახით. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-3 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ასეთ შემთხვევაში გამოიყენება ყველაზე მსუბუქი კანონი. აღნიშნული თვალსაზრისით, სიკვდილით დასჯის გაუქმების შემდეგ, ვ. კ-ის მიერ ხულიგნური ქვენაგრძნობით ჩადენილ განზრახ მკვლელობასთან მიმართებით, ყველაზე მსუბუქია ის კანონი, რომელიც მოქმედებდა მის მიერ აღნიშნული ქმედების ჩადენისას _ მხედველობაშია საქართველოს 2000 წლის 1 ივნისამდე მოქმედი სსკ-ის 104-ე მუხლის მე-2 პუნქტი, რომლის სანქცია სასჯელის მაქსიმალურ ზომად აწესებდა თავისუფლების აღკვეთას ვადით თხუთმეტ წლამდე. აქედან გამომდინარე, აღნიშნულ ნაწილში ვ. კ-ის ქმედების განაჩენით განსაზღვრული კვალიფიკაცია არ შეიძლება შესაბამისობაში იქნეს მოყვანილი ამჟამად მოქმედ სისხლის სამართლის კანონთან.
საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ვ. კ-კს სასჯელი _ თავისუფლების აღკვეთა არ შეიძლება დაენიშნოს თხუთმეტ წელზე მეტი ვადით, ე.ი. იმაზე მეტი ზომით, რაც კანონით გათვალისწინებული იყო მის მიერ დანაშაულის ჩადენისას.
გარდა ამისა, მხედველობაშია მისაღები ის გარემოება, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრეზიდიუმის 1998 წლის 20 თებერვლის დადგენილების სახით უკვე არსებობს სასამართლო პრაქტიკა, რომლის მიხედვით, სიკვდილით დასჯის გაუქმების გამო, მსჯავრდებულს ეს ზომა ეცვლება 15 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთით.
ზემოაღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ვ. კ-კს სასჯელის საბოლოო ზომად უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 15 წლის ვადით.
ვ. კანდელაკის ქმედება 2000 წლის 1 ივნისამდე მოქმედი სსკ-ის 110-ე მუხლის 1-ლი ნაწილიდან უნდა გადაკვალიფიცირდეს ამჟამად მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის 1-ელ ნაწილზე, ვინაიდან 2000 წლის 1 ივნისამდე მოქმედი სსკ-ის 110-ე მუხლის 1-ლი ნაწილი სასჯელად ითვალისწინებდა თავისუფლების აღკვეთას 1-დან 8 წლამდე ვადით, ხოლო ამჟამად მოქმედი სსკ-ის 117-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული ქმედების ჩადენისათვის გათვალისწინებულია თავისუფლების აღკვეთა 3-დან 5 წლამდე. ამასთან, ვ. კ-კს ადრე მოქმედი სსკ-ის 110-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიესაჯა 8 წლით თავისუფლების აღკვეთა. ყოველივე იმაზე მეტყველებს, რომ სისხლის სამართლის ახალი კანონით ამ ქმედებისათვის შემსუბუქდა სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა და ამ კანონს, სსკ-ის მე-3 მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, აქვს უკუძალა.
კანონიერ ძალაში შესული განაჩენით დადგენილი სხვა მუხლების (203-ე მუხლის 1-ლი ნაწილი, 228-ე მუხლის მე-3 ნაწილი) შესაბამისობაში მოყვანაზე პალატა არ მსჯელობს, რადგან ამ მუხლებით განსაზღვრული სასჯელები დღეს მოქმედი სისხლის სამართლის კანონის შესაბამისი მუხლების სანქციათა ფარგლებშია და ამ მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის სიმძიმის კატეგორია არ შეცვლილა.
საქართველოს სსსკ-ის 593-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ" ქვეპუნქტის შესაბამისად, კანონიერ ძალაში შესული განაჩენის ან სხვა სასამართლო გადაწყვეტილების გამოტანის შემდეგ ახალი კანონის მიღება, რომელიც აუქმებს ან ამსუბუქებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას, სასამართლო გადაწყვეტილების შეცვლის საფუძველია.
ამასთან, პალატა არ მსჯელობს ვ. კ-ის სასჯელის მოხდის ვადის ათვლის შესახებ, რადგან ამის თაობაზე კანონიერ ძალაში შესული განაჩენის სარეზოლუციო ნაწილში არაფერია ნათქვამი და ეს გარემოება არ წარმოადგენს ახლად გამოვლენილს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
პალატამ, იხელმძღვანელა რა საქართველოს სსკ-ის მე-3 მუხლის 1-ლი, მე-2 და მე-3 ნაწილებით, სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის “დ” ქვეპუნქტით, 593-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ” ქვეპუნქტითა და 568-ე მუხლით,დ ა ა დ გ ი ნ ა :
მსჯავრდებულ ვ. კ-სა და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატების _ კ. ხ-სა და ს. ჩ-ის საჩივრები დაკმაყოფილდეს.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 1995 წლის 18 მაისის განაჩენი შეიცვალოს მსჯავრდებულის სასიკეთოდ: ვ. კ-კს საქართველოს 2000 წლის 1 ივნისამდე მოქმედი სსკ-ის 104-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ქმედების ჩადენისათვის განესაზღვროს 15 (თხუთმეტი) წლით თავისუფლების აღკვეთა;
ვ. კ-ის ქმედება საქართველოს 2000 წლის 1 ივნისამდე მოქმედი სსკ-ის 110-ე მუხლის 1-ლი ნაწილიდან გადაკვალიფიცირდეს ამჟამად მოქმედი სსკ-ის 117-ე მუხლის 1-ელ ნაწილზე და სასჯელად განესაზღვროს 5 (ხუთი) წლით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს 2000 წლის 1 ივნისამდე მოქმედი სსკ-ის მე-40 მუხლის საფუძველზე ვასილ კანდელაკს საბოლოოდ განესაზღვროს 15 (თხუთმეტი) წლით თავისუფლების აღკვეთა.
გასაჩივრებული განაჩენი სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.