შეიცვალა კვალიფიკაცია და სასჯელი

სისხლის სამართლის 22.10.2007
საქმის ნომერი
337საზ.-2006
დავის ტიპი
საზედამხედველო
თარიღი
22.10.2007

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

¹337/საზ ქ. თბილისი

22 ოქტომბერი, 2007 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ი. ტყეშელაშვილი (თავმჯდომარე),ზ. მეიშვილი, ლ. მურუსიძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ კ. მ-ის საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2004 წლის 28 დეკემბრის განჩინების გადასინჯვის თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ქობულეთის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 6 აგვისტოს განაჩენით კ. მ-ძე, ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს 2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქციის სსკ-ის 143-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა”, „ზ” და „თ” ქვეპუნქტებით _ 7 წლით, 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა” ქვეპუნქტით _ 12 წლით, 127-ე მუხლით _ 2 წლით თავისუფლების აღკვეთა; სსკ-ის 59-ე მუხლის გამოყენებით კ. მ-ეს საბოლოოდ მიესაჯა 12 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის ათვლა დაეწყო 2004 წლის 4 ივლისიდან.

რაიონული სასამართლოს განაჩენი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2004 წლის 12 ოქტომბრის განაჩენით დარჩა უცვლელად. აღნიშნული განაჩენი ასევე უცვლელად დარჩა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2004 წლის 28 დეკემბრის განჩინებით.

განაჩენით კ. მ-ეს მსჯავრი დაედო იმაში, რომ მან ჩაიდინა თავისუფლების უკანონო აღკვეთა წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სხვა დანაშაულის ჩადენის გაადვილების მიზნით; ასევე _ ყაჩაღობა, ე.ი. თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი ადამიანის სიცოცხლის ან ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის მუქარით, ჯგუფურად; ასევე _ სიცოცხლისათვის საშიშ მდგომარეობაში იმის ჩაყენება, ვისაც შესაძლებლობა არა აქვს, მიიღოს ზომები თავის დასაცავად.

მსჯავრდებული კ. მ-ძე საჩივარში მიუთითებს, რომ გასამართლებულია სსკ-ის 127-ე მუხლით, 143-ე მუხლის მე-2 ნაწილითა და 179-ე მუხლის მე-2 ნაწილით. იგი ითხოვს მისთვის დანიშნული სასჯელის მოქმედ სისხლის სამართლის კოდექსთან შესაბამისობაში მოყვანას, ასევე _ განაჩენის გაუქმებასა და საქმის დაბრუნებას პროკურატურაში დამატებითი გამოძიების ჩასატარებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

პალატამ შეისწავლა მსჯავრდებულ კ. მ-ის პირადი საქმის მასალები, საჩივრის საფუძვლიანობა და თვლის, რომ საჩივრის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, შემდეგ გარემოებათა გამო:

მსჯავრდებულ კ. მ-ეს კანონიერ ძალაში შესული განაჩენით საქართველოს სსკ-ის (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია) 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით განესაზღვრა 12 წლით თავისუფლების აღკვეთა. აღნიშნული მუხლი ითვალისწინებდა პასუხისმგებლობას ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობისათვის და სასჯელის ზომად განსაზღვრული იყო თავისუფლების აღკვეთა ვადით ექვსიდან თხუთმეტ წლამდე, რის გამოც ქმედება მიეკუთვნებოდა განსაკუთრებით მძიმე დანაშაულთა კატეგორიას. ამჟამად მოქმედი რედაქციის სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტი (ყაჩაღობა, ჩადენილი ჯგუფურად) ხსენებული ქმედებისათვის სასჯელის ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით ექვსიდან ცხრა წლამდე, რის გამოც იგი წარმოადგენს მძიმე დანაშაულს, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ამ დანაშაულის ჩადენისათვის შემსუბუქდა სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა, მათ შორის _ სასჯელიც.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-3 მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, სისხლის სამართლის კანონს, რომელიც ამსუბუქებს სასჯელს, აქვს უკუძალა. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, თუ ახალი სისხლის სამართლის კანონი ამსუბუქებს სასჯელს ქმედებისათვის, რომლის გამოც დამნაშავე მას იხდის, ეს სასჯელი უნდა შემცირდეს ამ სისხლის სამართლის კანონის სანქციის ფარგლებში.

საქართველოს სსსკ-ის 593-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული განაჩენის ან სხვა სასამართლო გადაწყვეტილების გამოტანის შემდეგ ახალი კანონის მიღება, რომელიც აუქმებს ან ამსუბუქებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას, სასამართლო გადაწყვეტილების შეცვლის საფუძველია.

აღნიშნულიდან გამომდინარე, კ. მ-ის ქმედება საქართველოს 2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქციის სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა” ქვეპუნქტიდან უნდა გადაკვალიფიცირდეს ამჟამად მოქმედი რედაქციის სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ” ქვეპუნქტზე.

რაც შეეხება მსჯავრდებულის მოთხოვნას მის მიმართ დადგენილი და კანონიერ ძალაში შესული განაჩენის გაუქმებისა და საქმის დამატებითი გამოძიების ჩასატარებლად პროკურატურაში დაბრუნების შესახებ, პალატა მოკლებულია შესაძლებლობას, საზედამხედველო წესით იმსჯელოს აღნიშნულ საკითხზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

პალატამ, იხელმძღვანელა რა საქართველოს სსკ-ის მე-3 მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით, სსსკ-ის 561-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,დ” ქვეპუნქტითა და 593-ე მუხლის მე-3 ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით,დ ა ა დ გ ი ნ ა :

მსჯავრდებულ კ. მ-ის საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2004 წლის 28 დეკემბრის განჩინება შეიცვალოს მსჯავრდებულის სასიკეთოდ: კ. მ-ის ქმედება საქართველოს 2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქციის სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა” ქვეპუნქტიდან გადაკვალიფიცირდეს ამჟამად მოქმედი რედაქციის სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ” ქვეპუნქტზე და ამ მუხლით მიესაჯოს 9 (ცხრა) წლით თავისუფლების აღკვეთა.

მსჯავრდებულ კ. მ-ეს საბოლოოდ განესაზღვროს 9 (ცხრა) წლით თავისუფლების აღკვეთა.

განჩინება სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.