შეიცვალა კვალიფიკაცია და სასჯელი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
¹360საზ ქ. თბილისი
28 ნოემბერი, 2007 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ი. ტყეშელაშვილი (თავმჯდომარე),მ. ოშხარელი, ლ. მურუსიძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ რ. გ-ის საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2000 წლის 14 აპრილის განჩინების გადასინჯვის თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2000 წლის 4 თებერვლის განაჩენით ცნობილ იქნენ დამნაშავეებად და მიესაჯათ:
1. რ. გ-ლს, საქართველოს სსკ-ის (2000 წლის 1 ივნისამდე მოქმედი რედაქცია) 104-ე მუხლის მე-2 პუნქტით _ 18 წლით, 228-ე მუხლის მე-3 ნაწილით _ 4 წლით, 91-ე მუხლის მე-3 ნაწილით _ 3 წლით თავისუფლების აღკვეთა; მას საბოლოოდ მიესაჯა 18 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის ათვლა დაეწყო 1999 წლის 14 ივნისიდან;
2. ზ. თ-ეს, საქართველოს 2000 წლის 1 ივნისამდე მოქმედი რედაქციის სსკ-ის 206-ე მუხლით _ 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც პირობით არ იქნა სისრულეში მოყვანილი და დაენიშნა 2 წლით გამოსაცდელი ვადა;
3. ნ. ბ-ლს, საქართველოს 2000 წლის 1 ივნისამდე მოქმედი რედაქციის სსკ-ის 206-ე მუხლით _ 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩაეთვალა პირობით, 2 წლის გამოსაცდელი ვადით.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2000 წლის 14 აპრილის განჩინებით განაჩენი რ. გ-ის, ზ. თ-სა და ნ. ბ-ის მიმართ დარჩა უცვლელად.
სასამართლო გადაწყვეტილებით დადგენილად იქნა მიჩნეული, რომ რ. გ-მა ჩაიდინა განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებებში ხულიგნური ქვენაგრძნობით; მანვე ჩაიდინა ხულიგნობა დანის გამოყენებით და ქურდობა, ე.ი. სხვისი ქონების ფარული გატაცება საცავში შეღწევით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია; ზ. თ-ემ და ნ. ბ-მა კი ჩაიდინეს სსკ-ის 104-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის განუცხადებლობა.
რ. გ-ის, ზ. თ-სა და ნ. ბ-ის მიერ ჩადენილი დანაშაული კონკრეტულად გამოიხატა შემდეგში:
1999 წლის 25 იანვარს, გათენებამდე, რ. გ-ლი იმყოფებოდა გარდაბნის რაიონის სოფელ ---ში. მან განიზრახა ერთ-ერთი მოქალაქის სახლის ეზოში მდებარე საცავში, კერძოდ _ საქათმეში _ ფარული შეღწევით მისი გაქურდვა და სხვისი ქონების ფარული გატაცება. თავისი დანაშაულებრივი განზრახვის სისრულეში მოსაყვანად მან შეაღწია რ. შ-ას საცხოვრებელი სახლის ეზოში არსებულ საცავში, საიდანაც ფარულად გაიტაცა 10 ინდაური და 30 ქათამი, ნაქურდალი მოათავსა ნაჭრის ტომარაში, დილით კი ტაქსით წაიღო ქ. რუსთავის ბაზარში და გაყიდა 210 ლარად, რითაც დაზარალებულს სულ მიაყენა 850 ლარის ზიანი.
1999 წლის 10 ივნისს რ. გ-ი იმყოფებოდა ქ. გარდაბანში, თავისი ნათესავის _ ზ. თ-ის საყვარლის _ ნა. ბ-ის ბაღში, სადაც მუშაობის დამთავრების შემდეგ მათ დალიეს ერთი ლიტრი არაყი და წავიდნენ ნ. ბ-ის ბინაში, სადაც ასევე დალიეს არაყი.
გვიან ღამით, დაახლოებით 24 საათზე, რ. გ-ლი, ზ. თ-ძე და ნ. ბ-ლი მთვრალები ისევ წავიდნენ ამ უკანასკნელის ბაღში, სადაც ზ. თ-სა და ნ. ბ-ლს შორის მოხდა კამათი. ხმაურზე ბაღში მივიდნენ ნ. ბ-ის ქალიშვილი ლ. ბ-ლი და მისი მეგობარი ლ. ქ-ლი, რომლებმაც დააწყნარეს მოკამათეები. ამ დროს ბაღთან გაიარა მ. ნ-ემ და, როგორც მეზობელი, გამოესარჩლა ნ. ბ-ლს. ამის გამო მ. ნ-სა და ზ. თ-ეს შორის მოხდა ურთიერთშელაპარაკება, რაც გადაიზარდა კამათში. იქ მყოფმა ქალებმა დააწყნარეს მოკამათეები, რის შემდეგაც სახლში წავიდნენ. ბაღში დარჩნენ მ. ნ-ძე, ზ. თ-ძე და რ. გ-ლი, რომელთა შორის ისევ დაიწყო კამათი. მ. ნ-ძე ცდილობდა რ. გ-ის დაწყნარებას, უხსნიდა, რომ თვითონ და ზ. თ-ძე გაარკვევდნენ ურთიერთობას, მაგრამ რ. გ-ლი აგრძელებდა მ. ნ-ის აშკარა შეურაცხყოფას, რითაც უხეშად არღვევდა საზოგადოებრივ წესრიგს. მათი გინება გადაიზარდა ფიზიკურ ურთიერთშეურაცხყოფაში. რ. გ-ლი მუქარით შევარდა ბაღში, მაგიდიდან აიღო შავტარიანი დანა, გამოვარდა გარეთ და ხულიგნური ქვენაგრძნობით, განზრახ მოკვლის მიზნით დაარტყა მ. ნ-ეს მარჯვენა თეძოს ფოსოს მიდამოში. მ. ნ-ძე, მიუხედავად გაწეული სამედიცინო დახმარებისა, საავადმყოფოში მიყვანიდან ოთხი საათის შემდეგ გარდაიცვალა.
მსჯავრდებული რ. გ-ლი საჩივარში მიუთითებს, რომ მისთვის შერაცხული სსკ-ის 104-ე მუხლის სანქცია შეიცვალა და სასჯელის მაქსიმალურმა ზღვარმა 20 წლიდან დაიწია 17 წლამდე. აღნიშნულის გათვალისწინებით, რ. გ-ლი ითხოვს მის მიმართ დადგენილი განაჩენის მოქმედ სისხლის სამართლის კოდექსთან შესაბამისობაში მოყვანას და სასჯელის ზომის შემცირებას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საქართველოს სსსკ-ის 567-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, პალატამ სრული მოცულობით შეისწავლა საქმის მასალები, საჩივრის საფუძვლიანობა და მიიჩნევს, რომ იგი მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სსკ-ის 104-ე მუხლის მე-2 პუნქტით (2000 წლის 1 ივნისამდე მოქმედი რედაქცია), რომელიც ითვალისწინებდა პასუხისმგებლობას ხულიგნური ქვენაგრძნობით ჩადენილი განზრახი მკვლელობისათვის, სასჯელის ზომად განსაზღვრული იყო თავისუფლების აღკვეთა 10-დან 20 წლამდე ვადით ან უვადო თავისუფლების აღკვეთა. ამჟამად მოქმედი რედაქციის სსკ-ის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტი (განზრახ მკვლელობა ხულიგნური ქვენაგრძნობით) ხსენებული ქმედებისათვის სასჯელის ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 13-დან 17 წლამდე. აღნიშნული გარემოება იმაზე მიუთითებს, რომ ახალი კანონით ამ დანაშაულის ჩადენისათვის შემსუბუქდა სასჯელი, კერძოდ, მისი ზედა ზღვარი.
რ. გ-ლი ასევე მსჯავრდებულია საქართველოს 2000 წლის 1 ივნისამდე მოქმედი რედაქციის სსკ-ის 91-ე მუხლის მე-3 ნაწილით, რომელიც ითვალისწინებდა თავისუფლების აღკვეთას 3-დან 8 წლამდე ვადით. ამჟამად მოქმედი რედაქციის სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ” ქვეპუნქტი ამ ქმედებისათვის სასჯელად ადგენს 3-დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას, რაც იმაზე მეტყველებს, რომ ამ ქმედებისათვის შემსუბუქდა სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა, მათ შორის _ სასჯელი. შესაბამისად, რ. გ-ის ქმედება სსკ-ის 91-ე მუხლის მე-3 ნაწილიდან (2000 წლის 1 ივნისამდე მოქმედი რედაქცია) უნდა გადაკვალიფიცირდეს ამჟამად მოქმედი რედაქციის სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ” ქვეპუნქტზე.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-3 მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, სისხლის სამართლის კანონს, რომელიც ამსუბუქებს სასჯელს, აქვს უკუძალა. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, თუ ახალი სისხლის სამართლის კანონი ამსუბუქებს სასჯელს ქმედებისათვის, რომლის გამოც დამნაშავე მას იხდის, ეს სასჯელი უნდა შემცირდეს ამ სისხლის სამართლის კანონის სანქციის ფარგლებში.
საქართველოს სსსკ-ის 593-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული განაჩენის ან სხვა სასამართლო გადაწყვეტილების გამოტანის შემდეგ ახალი კანონის მიღება, რომელიც აუქმებს ან ამსუბუქებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას, სასამართლო გადაწყვეტილების შეცვლის საფუძველია.
ამასთან, პალატა აღნიშნავს, რომ კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს ზ. თ-სა და ნ. ბ-ის მიმართ ადრე მოქმედი რედაქციის სსკ-ის 206-ე მუხლით მსჯავრდების ნაწილში და მათ მიმართ საქმე შეწყდეს, ვინაიდან ისინი მსჯავრდებულნი არიან 2000 წლის 1 ივნისამდე მოქმედი სსკ-ის 104-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის განუცხადებლობისათვის. 2007 წლის 18 იანვრამდე მოქმედი რედაქციის სსკ-ის 376-ე მუხლი ითვალისწინებდა განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის მხოლოდ მომზადების შეუტყობინებლობას.
სისხლის სამართლის კოდექსის მე-3 მუხლის 1-ლი და მე-3 ნაწილების შესაბამისად, სისხლის სამართლის კანონს, რომელიც აუქმებს ქმედების დანაშაულებრიობას, აქვს უკუძალა. ამასთან, თუ დანაშაული ჩადენიდან განაჩენის გამოტანამდე სისხლის სამართლის კანონი რამდენჯერმე შეიცვალა, გამოიყენება ყველაზე მსუბუქი კანონი.
აღნიშნულიდან გამომდინარე, რ. გ-ის ქმედება საქართველოს 2000 წლის 1 ივნისამდე მოქმედი რედაქციის სსკ-ის 104-ე მუხლის მე-2 პუნქტიდან უნდა გადაკვალიფიცირდეს ამჟამად მოქმედი რედაქციის სსკ-ის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ” ქვეპუნქტზე, ხოლო 91-ე მუხლის მე-3 ნაწილიდან (2000 წლის 1 ივნისამდე მოქმედი რედაქცია) _ ამჟამად მოქმედი რედაქციის სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ” ქვეპუნქტზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
პალატამ, იხელმძღვანელა რა საქართველოს სსკ-ის მე-3 მუხლის 1-ლი, მე-2 და მე-3 ნაწილებით, სსსკ-ის 561-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,დ” ქვეპუნქტით, 567-ე მუხლის 1-ლი ნაწილითა და 593-ე მუხლის მე-3 ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით,დ ა ა დ გ ი ნ ა :
მსჯავრდებულ რ. გ-ის საჩივარი დაკმაყოფილდეს.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2000 წლის 14 აპრილის განჩინება შეიცვალოს მსჯავრდებულთა სასიკეთოდ:
რ. გ-ის ქმედება საქართველოს სსკ-ის 104-ე მუხლის მე-2 პუნქტიდან (2000 წლის 1 ივნისამდე მოქმედი რედაქცია) გადაკვალიფიცირდეს ამჟამად მოქმედი რედაქციის სსკ-ის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ” ქვეპუნქტზე და მიესაჯოს 17 (ჩვიდმეტი) წლით თავისუფლების აღკვეთა;
რ. გ-ის ქმედება საქართველოს 2000 წლის 1 ივნისამდე მოქმედი რედაქციის სსკ-ის 91-ე მუხლის მე-3 ნაწილიდან გადაკვალიფიცირდეს ამჟამად მოქმედი რედაქციის სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ” ქვეპუნქტზე;
რ. გ-ლს საბოლოოდ განესაზღვროს 17 (ჩვიდმეტი) წლით თავისუფლების აღკვეთა.
გასაჩივრებული განჩინება გაუქმდეს ზ. თ-სა და ნ. ბ-ის მსჯავრდების ნაწილში და მათ მიმართ შეწყდეს საქმე.
განჩინება სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.