შეიცვალა კვალიფიკაცია და სასჯელი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
9საზ 19 მარტი, 2007 წელი
ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლევან მურუსიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მაია ოშხარელი, იური ტყეშელაშვილი
სხდომის მდივან – გ. ბუხრაშვილის
პროკურორ _ ი. ი-ის
ადვოკატ _ რ. ხ-ას
მონაწილეობით განიხილა მსჯავრდებულ უ. ა-ის ინტერესების დამცველი ადვოკატის _ რ. ხ-ას საჩივარი საქართველოს გენერალური პროკურატურის 2006 წლის 17 იანვრის დადგენილებაზე, რომლითაც შეწყდა უ. ა-ის ბრალდების სისხლის სამართლის ¹-- საქმეზე ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო აღძრული წარმოება.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 1999 წლის 26 ოქტომბრის განაჩენით უ. ა-ნი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (1960 წლის 30 დეკემბრის რედაქცია შემდგომი ცვლილებებითა და დამატებებით) 96-ე მუხლის მეორე ნაწილის პირველი და მე-6 პუნქტებით, 104-ე მუხლის პირველი და მე-6 პუნქტებით, 17-104-ე მუხლის პირველი, მე-4 და მე-6 პუნქტებით, 238-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 213-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 214-ე მუხლით და მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა 15 წლის ვადით.
უ. ა-ნს მსჯავრი დაედო იმაში, რომ 1996 წლის იანვრის ბოლო რიცხვებში დანაშაულებრივად დაუკავშირდა გ. ს-ლს, თ. ე-სა და მ. ღ-ტს, რომლებმაც მოილაპარაკეს, რომ იმავე წლის 1 თებერვალს ყაჩაღურად თავს დასხმოდნენ თბილისში, ---ის გამზირის ¹13 კორპუსში, ბ. ¹30-ში მცხოვრებ ვ. ბ-ას ოჯახს და ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით გაეტაცებინათ მისი ქონება.
განაჩენის მიხედვით, მათ დაახლოებით 8 საათსა და 30 წუთზე განახორციელეს დაგეგმილი ყაჩაღური თავდასხმა ბინაში უკანონო შეღწევით, რა დროსაც მსჯავრდებულმა უ. ა-მა მოკვლის მიზნით მძიმედ დაჭრა ზ. ბ-ია, ხოლო მისი მამა _ ვ. ბ-ია შემთხვევის ადგილზე მოკლა, რის შემდეგაც უ. ა-ნი და სხვა პირები მიიმალნენ შემთხვევის ადგილიდან.
დანაშაულის ჩადენის შემდეგ უ. ა-მა, პასუხისმგებლობისაგან თავის არიდების მიზნით, დატოვა საქართველო და იმალებოდა რუსეთის ფედერაციის ქალაქ ---ში, სადაც იგი დააკავეს.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2000 წლის 21 იანვრის განჩინებით განაჩენი უ. ა-ის მიმართ დარჩა უცვლელად.
უ. ა-ის ადვოკატმა რ. ხ-ამ შეიტანა საჩივარი საქართველოს გენერალურ პროკურატურაში ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე, სადაც მითითებული იყო, რომ უ. ა-ის მიმართ განაჩენის გამოტანის დროს სასამართლოსათვის ცნობილი არ იყო შ. ქ-ის, გ. ს-სა და თ. ქ-ის ახსნა-განმარტებები, რომლებიც ადასტურებენ უ. ა-ის ალიბს, რომ იგი 1996 წლის პირველი იანვრიდან დაკავებამდე უწყვეტად იმყოფებოდა ირკუტსკში.
საქართველოს გენერალური პროკურორის მოვალეობის შემსრულებელმა გ. ჯ-ამ 2004 წლის 24 მაისს გამოიტანა დადგენილება, რომლითაც მსჯავრდებულ უ. ა-ის დამცველს, ადვოკატ რ. ხ-ას უარი ეთქვა ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო წარმოების აღძვრაზე.
ხსენებული დადგენილების თაობაზე ადვოკატმა რ. ხ-ამ საჩივრით მიმართა თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონულ სასამართლოს, რომლითაც ითხოვდა ამ დადგენილების გაუქმებასა და მასალების დაბრუნებას საქართველოს გენერალური პროკურატურისათვის, უ. ა-ის ბრალდების საქმეზე ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო წარმოების აღძვრის მიზნით.
სასამართლომ განიხილა ადვოკატ რ. ხ-ას საჩივარი, მაგრამ არ დააკმაყოფილა რა იგი, 2004 წლის 10 ნოემბერს გამოიტანა დადგენილება, რომლითაც მას უარი ეთქვა უ. ა-ის ბრალდების საქმეზე ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო წარმოების აღძვრაზე უარის თქმის შესახებ საქართველოს გენერალურ პროკურატურაში 2004 წლის 24 მაისს გამოტანილი დადგენილების გაუქმებაზე.
თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 10 ნოემბრის დადგენილების თაობაზე მსჯავრდებულ უ. ა-ის დამცველმა, ადვოკატმა რ. ხ-ამ საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას, რომლითაც იმავე მოტივებზე დაყრდნობით, რაც აღნიშნული ჰქონდა წინა საჩივარში, ითხოვს როგორც რაიონული სასამართლოს, ისე საქართველოს გენერალური პროკურორის მოვალეობის შემსრულებელ გ. ჯ-ას მიერ გამოტანილი დადგენილების გაუქმებას და მასალების დაბრუნებას საქართველოს გენერალურ პროკურატურაში უ. ა-ის ბრალდების საქმეზე ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო წარმოების აღძვრისათვის.
დაცვის მხარის მიერ ხსენებული დადგენილების გასაჩივრების შემდეგ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2005 წლის 10 მარტის განჩინებით გაუქმდა საქართველოს გენერალური პროკურორის მოვალეობის შემსრულებლის _ გ. ჯ-ას მიერ 2004 წლის 24 მაისს გამოტანილი დადგენილება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო წარმოების აღძვრაზე უარის თქმის შესახებ და მასალები ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო წარმოების დასაწყებად დაუბრუნდა გენერალურ პროკურატურას.
2005 წლის -- მაისს საქართველოს გენერალურმა პროკურორმა ზ. ა-მა გამოიტანა დადგენილება უ. ა-ის ბრალდების სისხლის სამართლის ¹-- საქმეზე ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო წარმოების აღძვრის შესახებ და საქმეზე გამოძიების ჩატარება დაევალა ქ. თბილისის პროკურატურას.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2005 წლის 10 მარტის განჩინებაში მითითებული საკითხების, კერძოდ, შ. ქ-ის, მ. ს-სა და თ. ქ-ის ახსნა-განმარტებების რეალობის შესამოწმებლად, 2005 წლის 31 აგვისტოს გამოძიებამ სისხლის სამართლის ¹-- საქმეზე სამართლებრივი დახმარების აღმოსაჩენად მიმართა ---ის ფედერაციის გენერალურ პროკურატურას.
2005 წლის 28 ნოემბერს ქ. ---ის ოქტომბრის რაიონის პროკურატურიდან შემოვიდა მოწმე ი. კ-ას დაკითხვის ოქმი, რომელმაც აჩვენა, რომ 16 წლის წინ დაქორწინდა თ. ქ-ზე და ჰყავს ორი არასრულწლოვანი შვილი. 2004 წლის 8 ოქტომბერს მისი მეუღლე _ თ. ქ-ძე გარდაიცვალა ონკოლოგიური დაავადებით, რაც დადასტურებულია 2004 წლის 12 ოქტომბერს გაცემული გარდაცვალების მოწმობით. ი. კ-ამ იქვე აჩვენა, რომ იგი არ იცნობს უ. ა-ნს და მის შესახებ არასდროს არაფერი სმენია.
2005 წლის 2 დეკემბერს ქ. ---ის კიროვის რაიონის პროკურატურიდან შემოვიდა მოწმე ე. დ-ას ჩვენება, რომელმაც აჩვენა, რომ ცხოვრობს ქ. ---ში, ---ის ქ. ¹36-39-ში და მის მეზობლად ქართველი არავინ ცხოვრობს.
გამოძიებამ გადაამოწმა, ნამდვილად გადაკვეთა თუ არა უ. ა-მა ---ის ფედერაციის საზღვრები 1995-96 წლებში თავისი სახელითა და გვარით ან ვინმე კ. ი-ის სახელითა და გვარით, რაზეც ---ის ფედერაციის ტრანსპორტის სამინისტროდან მიღებულია პასუხი, რომ უ. ა-მა ან კ. ი-მა 1995-96 წლებში გადაკვეთეს თუ არა ---ის ფედერაციის საზღვარი აეროპორტის გამოყენებით, ვერ დგინდება საარქივო დოკუმენტების გასანადგურებლად დაწესებული ზღვრული ვადის _ 3 წლის გასვლის გამო.
ასევე ვერ იქნა მოპოვებული ---ის ფედერაციის სასაზღვრო გამშვები პუნქტებიდან რაიმე დოკუმენტაცია უ. ა-ის ან კ. ი-ის მიერ საზღვრის გადაკვეთის ფაქტზე, რადგან საინფორმაციო ბაზა შექმნილია 1998 წელს და წინა წლებზე ინფორმაციის გაცემა არ შეუძლიათ.
გამოძიებამ ასევე გადაამოწმა უ. ა-ის ალიბი იმის თაობაზე, რომ 1996 წლის 1 თებერვალს ნამდვილად იმყოფებოდა თუ არა იგი ქ. ---ში, რაც ვერ დადასტურდა მოწმეთა ჩვენებებით და ---ის ფედერაციიდან გადმოგზავნილი დოკმენტაციით.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს გენერალური პროკურატურის 2006 წლის 17 იანვრის დადგენილებით შეწყდა უ. ა-ის ბრალდების სისხლის სამართლის ¹-- საქმეზე ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო დაწყებული წარმოება, საქმის გადასინჯვის საფუძვლის არარსებობის გამო.
საქართველოს გენერალური პროკურატურის 2006 წლის 17 იანვრის დადგენილების თაობაზე მსჯავრდებულ უ. ა-ის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა რ. ხ-ამ საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას და ითხოვა მსჯავრდებულ უ. ა-ის ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე ახლად აღმოჩენილი გარემოებების გამო აღძრული წარმოების შეწყვეტის დადგენილების გაუქმება, რადგან აღნიშნული დადგენილება არის აშკარად უკანონო და დაუსაბუთებელი, ქ. თბილისის პროკურატურის გამომძიებელი არ დაელოდა საქართველოს გენერალური პროკურატურის დავალების შესაბამისად ---ის ოლქის პროკურატურიდან მასალების მიღებას და ნაადრევად გამოიტანა დადგენილება აღძრული წარმოების შეწყვეტის შესახებ.
ამას გარდა, ყოვლად უსაფუძვლოა წარმოების შეწყვეტისათვის მოყვანილი ის მოსაზრებები, რომ:
თ. ქ-ის მეუღლე ი. კ-ვა არ იცნობს უ. ა-ნს. აღნიშნული ფაქტი არაფერზე არ მეტყველებს, ვინაიდან გაუგებარია, თუ რატომ უნდა სცოდნოდა ი. კ-ას უ. ა-ის შესახებ, რადგანაც უ. ა-ნს მათთან არ უცხოვრია და არავითარი ურთიერთობა არ ჰქონია და არც შეიძლება ჰქონოდა ი. კ-სთან.
ყოვლად გაუგებარია, რა კავშირი აქვს უ. ა-ის ალიბის გაბათილებასთან მოწმე ე. დ-ას ჩვენებას, ვინაიდან ის უთითებს, რომ ცხოვრობს ქ. ---ში, ---ის ქ. ¹36-39-ში და მის მეზობლად ქართველი არავინ არ ცხოვრობს. აღსანიშნავია, რომ გ. ს-ძე ცხოვრობს ქ. ---ში, ---ის ქ. ¹36, ბინა 41-ში და არა _ ---ის ქ. ¹36-39-ში, სადაც ცხოვრობს ე. დ-ვა. ამას გარდა, გ. ს-ის მითითებულ მისამართზე ცხოვრების ფაქტი შეიძლება დადგინდეს ქ. ---ის საპასპორტო ორგანოების ცნობით.
საკასაციო პალატის სხდომაზე მსჯავრდებულის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა რ. ხ-ამ მხარი დაუჭირა თავის საჩივარს და ითხოვა მსჯავრდებულ უ. ა-ის ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო აღძრული წარმოების შეწყვეტის 2006 წლის 17 იანვრის დადგენილების, როგორც აშკარად უკანონოსა და დაუსაბუთებლის გაუქმება.
პროცესში მონაწილე პროკურორმა ი. ი-მა მხარი არ დაუჭირა ადვოკატის საჩივარს უსაფუძვლობის გამო და ითხოვა საქართველოს გენერალური პროკურატურის 2006 წლის 17 იანვრის დადგენილების უცვლელად დატოვება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
პალატამ, შეისწავლა რა საქართველოს გენერალური პროკურატურისა და სასამართლო წარმოების მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა, მოუსმინა მხარეებს, მიაჩნია, რომ მსჯავრდებულ უ. ა-ის ინტერესების დამცველი ადვოკატის _ რ. ხ-ას საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოებების გამო:
პალატა ვერ გაიზიარებს ადვოკატ რ. ხ-ას მოსაზრებას 2006 წლის 17 იანვრის დადგენილების გაუქმების თაობაზე, ვინაიდან პალატას მიაჩნია, რომ პროკურატურამ გაატარა შესაბამისი ღონისძიებები საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2005 წლის 10 მარტის განჩინებაში მითითებული საკითხების გასარკვევად, კერძოდ უ. ა-ის ალიბის გადასამოწმებლად. გამოძიებამ სამართლებრივი დახმარების აღმოსაჩენად მიმართა ---ის ფედერაციის გენერალურ პროკურატურას. გადამოწმებული იქნა ნამდვილად გადაკვეთა თუ არა უ. ა-მა ---ის ფედერაციის საზღვრები 1996-1997 წლებში თავისი სახელითა და გვარით, ან ვინმე კ. ი-ის სახელითა და გვარით. მიუხედავად გატარებული ღონისძიებებისა უ. ა-ის ან კ. ი-ის მიერ საზღვრის გადაკვეთის ფაქტი დადგენილი ვერ იქნა.
გამოძიებამ ასევე გადაამოწმა უ. ა-ის ალიბი იმის თაობაზე, რომ 1996 წლის 1 თებერვალს ნამდვილად იმყოფებოდა თუ არა იგი ქ. ---ში, რაც ვერ დადასტურდა მოწმეთა ჩვენებებით და ---ის ფედერაციიდან გადმოგზავნილი დოკუმენტაციით.
ამდენად, პალატა თვლის, რომ საქართველოს გენერალური პროკურატურის 2006 წლის 17 იანვრის დადგენილება უ. ა-ის ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო აღძრული წარმოების შეწყვეტის შესახებ კანონიერია და უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ, იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 568-ე, 596-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ უ. ა-ის ადვოკატ რ. ხ-ას საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
საქართველოს გენერალური პროკურატურის 2006 წლის 17 იანვრის დადგენილება უ. ა-ის ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო აღძრული წარმოების შეწყვეტის შესახებ დარჩეს უცვლელად.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.