შესაბამისობაში მოვიდა ახალ კოდექსთან
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
27საზ ქ. თბილისი
22 ოქტომბერი, 2007 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ი. ტყეშელაშვილი (თავმჯდომარე),ზ. მეიშვილი, ლ. მურუსიძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ გ. ძ-ის საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2005 წლის 23 მაისის განჩინების გადასინჯვის თაობაზე.
აღწერილობითი ნაწილი:
გარდაბნის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 10 მაისის განაჩენით ცნობილ იქნენ დამნაშავეებად და განესაზღვრათ: 1. გ. ძ-ლს, საქართველოს 2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქციის სსკ-ის 171-ე მუხლის 1-ლი ნაწილით _ 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, 182I-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა”, ,,ბ", ,,ე" ქვეპუნქტებით (2004 წლის 11 ნოემბრამდე მოქმედი რედაქცია) _ 8 წლით თავისუფლების აღკვეთა; სასჯელთა შთანთქმის პრინციპის გამოყენებით გ. ძ-ლს მიესაჯა 8 წლით თავისუფლების აღკვეთა, რასაც დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან 1 წელი და საბოლოოდ განესაზღვრა 9 წლით თავისუფლების აღკვეთა;
2. ს. კ-ვს, საქართველოს სსკ-ის 182I-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა” და ,,ე" ქვეპუნქტებით (2004 წლის 11 ნოემბრამდე მოქმედი რედაქცია) _ სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით განესაზღვრა 2 წლით თავისუფლების აღკვეთა.
გ. ძ-სა და ს. კ-ვს სასჯელის ათვლა დაეწყოთ 2004 წლის 12 იანვრიდან.
განაჩენით მსჯავრდებულ გ. ძ-ლს მსჯავრი დაედო ფერადი ლითონების ნაკეთობების დაუფლებისათვის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, არაერთგზის, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია; მანვე ჩაიდინა არასრულწლოვნის დაყოლიება ანტისაზოგადოებრივ ქმედებაზე; ხოლო ს. კ-ვს მსჯავრი დაედო ფერადი ლითონების ნაკეთობების დაუფლებისათვის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია და რაც გამოიხატა შემდეგში:
2003 წლის ივლისში, ზუსტი რიცხვი დაუდგენელია, არასრულწლოვანი ს. კ-ვი და გ. ძ-ლი ერთმანეთს შეხვდნენ გარდაბნის რაიონის ---ის დასახლებაში, სადაც მიიღეს ალკოჰოლური სასმელი. გ. ძ-მა ს. კ-ვს შესთავაზა, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაუფლებოდნენ იმავე ტერიტორიაზე მცხოვრებ რ. მ-ის კუთვნილ ფერადი ლითონის ნაკეთობებს. დაახლოებით 22 საათზე ორივე ბოროტმოქმედი გადავიდა რ. მ-ის ეზოში, შეაღწიეს იქ მდებარე სამზარეულოში, საიდანაც ფარულად გაიტაცეს სხვადასხვა ნივთი, რითიც დაზარალებულს სულ მიაყენეს 285 ლარის მნიშვნელოვანი ზიანი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2005 წლის 23 მაისის განჩინებით გარდაბნის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 10 მაისის განაჩენი შეიცვალა შემდეგი მიმართებით: გ. ძ-ის საქართველოს სსკ-ის 182I-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა”, „ბ” და „ე” ქვეპუნქტებით (2004 წლის 11 ნოემბრამდე მოქმედი რედაქცია) დაკვალიფიცირებული ქმედება შესაბამისობაში მოვიდა 2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქციის სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა”, „ბ”, „გ” ქვეპუნქტებთან და განესაზღვრა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო ს. კ-ის სსკ-ის 182I-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა” და „ე” ქვეპუნქტებით (2004 წლის 11 ნოემბრამდე მოქმედი რედაქცია) დაკვალიფიცირებული ქმედება _ 2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქციის სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა”, „გ” ქვეპუნქტებთან და განესაზღვრა 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. განაჩენი დანარჩენ ნაწილში დარჩა უცვლელად.
მსჯავრდებული გ. ძ-ლი საჩივრით ითხოვს მის მიმართ გამოტანილი განჩინების სისხლის სამართლის ახალ კანონთან შესაბამისობაში მოყვანას და სასჯელის შემსუბუქებას.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატამ შეისწავლა პირადი საქმის მასალები, საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ იგი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, შემდეგ გარემოებათა გამო:
განჩინებით დადგენილია, რომ გ. ძ-მა ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა”, ,,ბ" და ,,გ" ქვეპუნქტებით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია) გათვალისწინებული დანაშაული _ ქურდობა წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, არაერთგზის, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.
საქართველოს სსკ-ის (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია) 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა” (ჯგუფური ქურდობა), ,,ბ" (ქურდობა არაერთგზის) და „გ” (ქურდობა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია) ქვეპუნქტებისათვის სასჯელის ზომად განსაზღვრული იყო თავისუფლების აღკვეთა ვადით ორიდან ექვს წლამდე. ამჟამად მოქმედი სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა” (ქურდობა წინასწარი შეთანხმებით პირთა ჯგუფის მიერ) და ,,ბ" (არაერთგზის) ქვეპუნქტები ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე, ე.ი. ახალმა კანონმა გაამკაცრა სასჯელი. საქართველოს სსკ-ის მე-3 მუხლის თანახმად, სისხლის სამართლის კანონს, რომელიც ამკაცრებს სასჯელს, უკუძალა არა აქვს.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს სსკ-ის (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია) 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა” და ,,ბ" ქვეპუნქტები არ შეიძლება შესაბამისობაში მოვიდეს ამჟამად მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა” და ,,ბ" ქვეპუნქტებთან.
რაც შეეხება ქურდობას, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია _ აღნიშნული დანაშაული გათვალისწინებულია ამჟამად მოქმედი რედაქციის სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა" ქვეპუნქტით, მისი ჩადენისათვის დაწესებულია თავისუფლების აღკვეთა ვადით სამიდან ხუთ წლამდე და ნაკლებად მძიმე დანაშაულთა კატეგორიას განეკუთვნება. აღნიშნული გარემოება კი იმაზე მიუთითებს, რომ ამ დანაშაულის ჩადენისათვის შემსუბუქდა სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა, მათ შორის _ სასჯელიც.
საქართველოს სსკ-ის მე-3 მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სისხლის სამართლის კანონს, რომელიც ამსუბუქებს სასჯელს, აქვს უკუსვლა.
საქართველოს სსსკ-ის 593-ე მუხლის მე-3 ნაწილის “ბ” ქვეპუნქტის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული განაჩენის ან სხვა სასამართლო გადაწყვეტილების გამოტანის შემდეგ ახალი კანონის მიღება, რომელიც აუქმებს ან ამსუბუქებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას, სასამართლო გადაწყვეტილების შეცვლის საფუძველია.
აღნიშნულიდან გამომდინარე, მსჯავრდებულ გ. ძ-ის ქმედება საქართველოს 2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქციის სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ” ქვეპუნქტიდან უნდა გადაკვალიფიცირდეს ამჟამად მოქმედი რედაქციის სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა” ქვეპუნქტზე.
საქართველოს სსსკ-ის 567-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, პალატამ შეამოწმა საქმე სრული მოცულობით და მიიჩნევს, რომ ზემოაღნიშნული მოტივებიდან გამომდინარე, განაჩენი ს. კ-ის მიმართაც უნდა მოვიდეს შესაბამისობაში ახალ სისხლის სამართლის კანონთან და ს. კ-ის ქმედება საქართველოს 2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქციის სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ” ქვეპუნქტიდან უნდა გადაკვალიფიცირდეს ამჟამად მოქმედი რედაქციის სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა” ქვეპუნქტზე.
რაც შეეხება სასჯელს, ამ შემთხვევაში პალატა მოკლებულია შესაძლებლობას, იმსჯელოს კანონიერ ძალაში შესული განჩინების სამართლიანობაზე.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსკ-ის მე-3 მუხლის 1-ლი ნაწილით, სსსკ-ის 561-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,დ” ქვეპუნქტით, 567-ე მუხლის 1-ლ ნაწილით, 593-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ" ქვეპუნქტით და
დაადგინა:
მსჯავრდებულ გ. ძ-ის საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2005 წლის 23 მაისის განჩინება შეიცვალოს მსჯავრდებულთა სასიკეთოდ: გ. ძ-ის ქმედება საქართველოს 2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქციის სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ” ქვეპუნქტიდან გადაკვალიფიცირდეს ამჟამად მოქმედი რედაქციის სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა” ქვეპუნქტზე;
ს. კ-ის ქმედება საქართველოს 2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქციის სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ” ქვეპუნქტიდან გადაკვალიფიცირდეს ამჟამად მოქმედი რედაქციის სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა” ქვეპუნქტზე.
განჩინება სხვა ნაწილში, მათ შორის _ მსჯავრდებულთათვის დანიშნული სასჯელების ნაწილში _ დარჩეს უცვლელად.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.