შესაბამისობაში მოვიდა ახალ კოდექსთან
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
¹36/საზ 29 ნოემბერი, 2007 წელი
ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლევან მურუსიძე (თავმჯდომარე),დავით სულაქველიძე, იური ტყეშელაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ზ. ჯ-ას საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო აბაშის რაიონული სასამართლოს 2000 წლის 18 სექტემბრის განაჩენის გადასინჯვის შესახებ.
აღწერილობითი ნაწილი:
აბაშის რაიონული სასამართლოს 2000 წლის 18 სექტემბრის განაჩენით ზ. ჯ-ვა, ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 96-ე მუხლის II ნაწილის I, VI პუნქტებით (1960 წლის რედაქცია) და სასჯელის ზომად განესაზღვრა 11 (თერთმეტი) წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 1998 წლის 1 აპრილიდან.
ამავე განაჩენით ს. ბ-ია, ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 96-ე მუხლის II ნაწილის I, IV პუნქტებით – 12 წლით, სსკ-ის 241-ე მუხლის I ნაწილით – 2 წლით, სსკ-ის 17, 92-ე მუხლის II, III ნაწილებით (1960 წლის რედაქცია) – 6 წლით და საბოლოო სასჯელის ზომად განესაზღვრა 12 (თორმეტი) წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 1999 წლის 5 ივლისიდან.
მსჯავრდებული ზ. ჯ-ვა საჩივრით ითხოვს მის მიმართ აბაშის რაიონული სასამართლოს 2000 წლის 18 სექტემბრის განაჩენის ამჟამად მოქმედ სისხლის სამართლის კანონთან შესაბამისობაში მოყვანას და სასჯელის შემცირებას.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ იგი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
განაჩენის ის ნაწილი, რომლითაც მსჯავრდებულ ზ. ჯ-ას ქმედება დაკვალიფიცირებულია საქართველოს სსკ-ის სსკ-ის 96-ე მუხლის II ნაწილის VI პუნქტით (1960 წლის რედაქცია), უნდა დარჩეს უცვლელად, რადგან განაჩენის ამ ნაწილში გადასინჯვის ახლად გამოვლენილი სამართლებრივი გარემოება არ არსებობს.
მსჯავრდებულ ზ. ჯ-ას ქმედება, დაკვალიფიცირებული საქართველოს სსკ-ის 96-ე მუხლის II ნაწილის I პუნქტით (ყაჩაღობა, ე.ი სახელმწიფო ან საზოგადოებრივი ქონების გატაცება პირთა ჯგუფის მიერ წინასწარი შეთანხმებით, 1960 წლის რედაქცია), რომელიც ითვალისწინებდა 6-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას და მიეკუთვნებოდა განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულს, შეესაბამება ამჟამად მოქმედი სსკ-ის 179-ე მუხლის II ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტს, რომელიც ითვალისწინებს 6-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას და მიეკუთვნება მძიმე დანაშაულის კატეგორიას.
საქართველოს სსსკ-ის 593-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული განაჩენის ან სხვა სასამართლო გადაწყვეტილების გამოტანის შემდეგ ახალი კანონის მიღება, რომელიც აუქმებს ან ამსუბუქებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას, სასამართლო გადაწყვეტილების შეცვლის საფუძველია.
აღნიშნულიდან გამომდინარე, მსჯავრდებულ ზ. ჯ-ას ქმედება საქართველოს სსკ-ის 96-ე მუხლის II ნაწილის I პუნქტიდან (1960 წლის რედაქცია) უნდა გადაკვალიფიცირდეს ამჟამად მოქმედი სსკ-ის 179-ე მუხლის II ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე (2006 წლის 28 აპრილის რედაქცია).
რაც შეეხება ზ. გ-ას მიმართ დანიშნულ სასჯელს _ 11 წლით თავისუფლების აღკვეთას _ უნდა დარჩეს უცვლელად.
საქართველოს სსსკ-ის 567-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, პალატამ სარევიზიო წესით იმსჯელა ამავე საქმეზე მსჯავრდებულ ს. ბ-ას მიმართაც და მიიჩნია, რომ ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, განაჩენის ის ნაწილი, რომლითაც მისი ქმედება დაკვალიფიცირებულია საქართველოს სსკ-ის 96-ე მუხლის II ნაწილის I პუნქტით (ყაჩაღობა, ე.ი სახელმწიფო ან საზოგადოებრივი ქონების გატაცება პირთა ჯგუფის მიერ წინასწარი შეთანხმებით, 1960 წლის რედაქცია) უნდა გადაკვალიფიცირდეს ამჟამად მოქმედი სსკ-ის 179-ე მუხლის II ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე (2006 წლის 28 აპრილის რედაქცია).
კანონიერ ძალაში შესული განაჩენით დადგენილი სხვა მუხლების შესაბამისობაში მოყვანაზე პალატა არ მსჯელობს, რადგან ამ მუხლებით განსაზღვრული სასჯელები დღეს მოქმედი სისხლის სამართლის კანონის შესაბამისი მუხლების სანქციათა ფარგლებშია და ამ მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულების სიმძიმის კატეგორია არ შეცვლილა.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ, იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ” ქვეპუნქტით, 567-ე, 568-ე მუხლებით, 593-ე მუხლის III ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით,დაადგინა:
მსჯავრდებულ ზ. ჯ-ას საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
აბაშის რაიონული სასამართლოს 2000 წლის 18 სექტემბრის განაჩენში შევიდეს შემდეგი ცვლილება:
მსჯავრდებულების _ ზ. ჯ-სა და ს. ბ-ას მიერ ჩადენილი ქმედება საქართველოს სსკ-ის 96-ე მუხლის II ნაწილის I პუნქტიდან (1960 წლის რედაქცია) გადაკვალიფიცირდეს ამჟამად მოქმედი სსკ-ის 179-ე მუხლის II ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე (2006 წლის 28 აპრილის რედაქცია).
განაჩენი სხვა ნაწილში, მათ შორის მსჯავრდებულთათვის დანიშნული სასჯელი დარჩეს უცვლელად.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.