შეიცვალა კვალიფიკაცია და სასჯელი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
136 საზ. 13 ივნისი, 2007 წელი
ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
დავით სულაქველიძე (თავმჯდომარე),ზაზა მეიშვილი, იური ტყეშელაშვილი
სხდომის მდივნის _ გ. შალამბერიძის
პროკურორ _ გ. ქ-ის
ადვოკატ _ ნ. ბ-ის
მონაწილეობით განიხილა მსჯავრდებულ მ. ლ-ის საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 1991 წლის 4 დეკემბრის განაჩენზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
მ. ლ-ძე, საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 1991 წლის 4 დეკემბრის განაჩენით ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (1960 წლის 30 დეკემბრის რედაქცია შემდგომი ცვლილებებითა და დამატებებით) 117-ე მუხლის მეოთხე ნაწილით (მცირეწლოვნის გაუპატიურება) – თავისუფლების აღკვეთა 14 (თოთხმეტი) წლის ვადით და 5 (ხუთი) წლით გადასახლება, სსკ-ის 152-ე მუხლის მე-2 ნაწილის პირველი პუნქტით (ყაჩაღობა, ჩადენილი პირთა ჯგუფის მიერ წინასწარი შეთანხმებით) – თავისუფლების აღკვეთა 13 (ცამეტი) წლის ვადით და 5 (ხუთი) წლით გადასახლება, სსკ-ის 154-ე მუხლის მეორე ნაწილით (გამოძალვა, ჩადენილი პირთა ჯგუფის მიერ წინასწარი შეთანხმებით) – თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით (რომლის მოხდისგანაც გათავისუფლდა საქართველოს რესპუბლიკის 1990 წლის 22 ნოემბრის კანონით ამნისტიის შესახებ), სსკ-ის 104-ე მუხლის პირველი, მე-6, მე-7 პუნქტებით (განზრახ მკვლელობა, ჩადენილი ანგარებით, განსაკუთრებული სისასტიკითა და სხვა დანაშაულის დაფარვის მიზნით) – 15 (თხუთმეტი) წლით თავისუფლების აღკვეთა და 5 წლით გადასახლება, სსკ-ის 78-ე მუხლით (ბანდიტიზმი) – თავისუფლების აღკვეთა 15 (თხუთმეტი) წლის ვადით, ქონების კონფისკაციით, სსკ-ის 104-ე მუხლის მე-6 და მე-9 პუნქტებით (განზრახ მკვლელობა, ჩადენილი განსაკუთრებული სისასტიკით იმ პირის მიერ, ვისაც ადრე ჰქონდა ჩადენილი განზრახი მკვლელობა) - განსაკუთრებული ღონისძიება _ სიკვდილით დასჯა. იგი პატიმრობაშია 1990 წლის 27 ნოემბრიდან.
საქართველოს პრეზიდენტის 1994 წლის 23 აგვისტოს ¹-- ბრძანებულებით სიკვდილმისჯილი მ. ლ-ძე შეწყალებულ იქნა და იმავე ბრძანებულებით მას სასჯელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 20 (ოცი) წლის ვადით.
მისი სიკვდილით მსჯავრდების შემდეგ ზემოაღნიშნული სისხლისსამართლებრივი ნორმის სანქციასთან მიმართებით, რომელიც აწესებდა პასუხისმგებლობას მ. ლ-ის მიერ ჩადენილი ქმედებისათვის, რამდენჯერმე შეიცვალა კანონი. აქედან გამომდინარე, მსჯავრდებული მ. ლ-ძე საჩივრით ითხოვს მის მიმართ კანონიერ ძალაში შესული განაჩენის იმ სისხლის სამართლის კანონთან შესაბამისობაში მოყვანას, რომელიც ყველაზე მსუბუქია და ამ კანონის მიხედვით მისთვის თავისუფლების აღკვეთის ვადის განსაზღვრას.
პალატის სხდომაზე განხილვისას ადვოკატმა ნ. ბ-მა მხარი დაუჭირა საჩივარს. მან აღნიშნა, რომ მსჯავრდებულ მ. ლ-ის მიერ დანაშაულის ჩადენისას საქართველოს სსკ-ის 104-ე მუხლის (1960 წლის 30 დეკემბრის რედაქცია შემდგომი ცვლილებებით) სანქცია დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახი მკვლელობისათვის სასჯელის ზომად ითვალისწინებდა სიკვდილით დასჯას, ანდა თავისუფლების აღკვეთას 15 (თხუთმეტი) წლის ვადით. აღნიშნული ქმედებისათვის სიკვდილით დასჯის გაუქმების შემდეგ, მასთან მიმართებით რამდენჯერმე შეიცვალა კანონი, ვადიანი თავისუფლების აღკვეთის ზომების გათვალისწინებით, ხოლო მათ შორის ყველაზე მსუბუქია აღნიშნული კანონის მითითებული რედაქცია. აქედან გამომდინარე, ამჟამად მსჯავრდებულ მ. ლ-ეს ხსენებული ნორმის სანქციის საფუძველზე სასჯელის ზომად უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 15 (თხუთმეტი) წლის ვადით. ადვოკატმა ნ. ბ-მა ითხოვა შესაბამისი ცვლილების შეტანა გასაჩივრებულ განაჩენში მსჯავრდებულ მ. ლ-ის სასიკეთოდ.
საჩივარს მხარი დაუჭირა პროცესში მონაწილე პროკურორმა გ. ქ-მა, რომელმაც, მიუთითა რა სისხლის სამართლის კანონმდებლობაში შეტანილ ცვლილებებზე, მიიჩნია, რომ ეს ცვლილებები არსებით გავლენას ახდენენ მ. ლ-ის მსჯავრდების იმ ნაწილზე, რომელიც შეეხება განაჩენით მის მიმართ დანიშნულ სასჯელს. აღნიშნული გარემოების გათვალისწინებით, ბრალდების მხარე თვლის, რომ მსჯავრდებულ მ. ლ-ეს სასჯელის საბოლოო ზომად უნდა დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 15 (თხუთმეტი) წლის ვადით.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ, შეისწავლა რა მსჯავრდებულ მ. ლ-ის პირადი საქმის მასალები, შეამოწმა მისი საჩივრის საფუძვლიანობა და მოუსმინა მხარეებს, მიიჩნია, რომ აღნიშნული საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
მსჯავრდებული მ. ლ-ძე საჩივრით ითხოვს მის მიერ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობისათვის მსჯავრდების თაობაზე მის მიმართ საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის მიერ გამოტანილი და კანონიერ ძალაში შესული განაჩენის სასჯელის ნაწილში იმ სისხლის სამართლის კანონთან შესაბამისობაში მოყვანას, რომლითაც მას უნდა განესაზღვროს მართებული სასჯელი მის მიერ ჩადენილი ქმედებისათვის. როგორც აღინიშნა, მ. ლ-ეს განაჩენით შეფარდებული ჰქონდა სიკვდილით დასჯა საქართველოს სსკ-ის 104-ე მუხლის მეექვსე და მეცხრე პუნქტების (1960 წლის 30 დეკემბრის რედაქცია შემდგომი ცვლილებებით) საფუძველზე, რომლის ალტერნატივას წარმოადგენდა თავისუფლების აღკვეთა ვადით რვიდან თხუთმეტ წლამდე. მის მიერ ჩადენილი განზრახი მკვლელობისათვის, რაშიც ბრალი დაედო მ. ლ-ეს, სიკვდილით დასჯის გაუქმების შემდეგ სასჯელის სახით დაწესდა უვადო თავისუფლების აღკვეთა, აგრეთვე, თავისუფლების აღკვეთა ვადით ათიდან ოც წლამდე. იმავე ქმედებისათვის ამჟამად მოქმედი საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის მე-3 ნაწილის სანქციით სასჯელის ზომად გათვალისწინებულია თავისუფლების აღკვეთა ვადით თექვსმეტიდან ოც წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთა.
ამრიგად, მ. ლ-ის მიერ ზემოაღნიშნული ქმედების ჩადენის შემდეგ კანონი რამდენჯერმე შეიცვალა, რომელიც ამ ქმედებისათვის სხვადასხვა დროს აწესებდა სასჯელის განსხვავებულ ზომებს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის სახით. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-3 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ასეთ შემთხვევაში გამოიყენება ყველაზე მსუბუქი კანონი. აღნიშნული თვალსაზრისით, მოცემულ შემთხვევაში, სიკვდილით დასჯის გაუქმების შემდეგ, მსჯავრდებულ მ. ლ-ს მიერ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობასთან მიმართებით, ყველაზე მსუბუქია ის კანონი, რომელიც მოქმედებდა მის მიერ აღნიშნული ქმედების (განზრახ მკვლელობა, ჩადენილი იმ პირის მიერ, ვისაც ადრე ჰქონდა ჩადენილი განზრახ მკვლელობა) ჩადენისას, _ მხედველობაშია საქართველოს სსკ-ის 104-ე მუხლის მეცხრე პუნქტი (1960 წლის 30 დეკემბრის რედაქცია), რომლის სანქცია სასჯელის მაქსიმალურ ზომად აწესებდა თავისუფლების აღკვეთას ვადით რვიდან თხუთმეტ წლამდე. აქედან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მსჯავრდებულ მ. ლ-ეს სასჯელი _ თავისუფლების აღკვეთა არ შეიძლება დაენიშნოს თხუთმეტ წელზე მეტი ვადით, ე.ი. იმაზე მეტი ზომით, რაც კანონით გათვალისწინებული იყო მის მიერ დანაშაულის ჩადენისას.
გარდა ამისა, მხედველობაშია მისაღები ის გარემოება, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრეზიდიუმის 1998 წლის 20 თებერვლის დადგენილების სახით უკვე არსებობს სასამართლო პრაქტიკა, რომლის მიხედვით, სიკვდილით დასჯის გაუქმების გამო, მსჯავრდებულს ეს ზომა შეეცვალა 15 (თხუთმეტი) წლის ვადით თავისუფლების აღკვეთით.
საქართველოს სსკ-ის 152-ე მუხლის მეორე ნაწილის პირველი პუნქტით (1960 წლის 30 დეკემბრის რედაქცია შემდგომი ცვლილებებითა და დამატებებით) პირთა ჯგუფის მიერ, წინასწარი შეთანხმებით ჩადენილი ყაჩაღობისათვის სასჯელის ზომად გათვალისწინებული იყო თავისუფლების აღკვეთა ვადით ექვსიდან თხუთმეტ წლამდე. სსკ-ის 152-ე მუხლის (მითითებული რედაქცია) მეორე ნაწილის პირველი პუნქტი შეესაბამება ამჟამად მოქმედი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის (2006 წლის 28 აპრილის რედაქცია) მე-2 ნაწილის ,,ბ" ქვეპუნქტს (ყაჩაღობა ჩადენილი ჯგუფურად), რომელიც სასჯელის ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით ექვსიდან ცხრა წლამდე,საქართველოს სსსკ-ის 593-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ" ქვეპუნქტის შესაბამისად, კანონიერ ძალაში შესული განაჩენის ან სხვა სასამართლო გადაწყვეტილების გამოტანის შემდეგ ახალი კანონის მიღება, რომელიც აუქმებს ან ამსუბუქებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას, სასამართლო გადაწყვეტილების შეცვლის საფუძველია, ხოლო საქართველოს სსკ-ის მე-3 მუხლის თანახმად, კანონს, რომელიც ამსუბუქებს სასჯელს, აქვს უკუძალა.
აღნიშნულიდან გამომდინარე, მსჯავრდებულ მ. ლ-ის ქმედება საქართველოს სსკ-ის 152-ე მუხლის (მითითებული რედაქცია) მეორე ნაწილის პირველი პუნქტიდან შესაბამისად უნდა გადაკვალიფიცირდეს საქართველოს მოქმედი სსკ-ის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტზე (2006 წლის 28 აპრილის რედაქცია) და ამ დანაშაულისათვის მას სასჯელის ზომად უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 9 (ცხრა) წლის ვადით.
რაც შეეხება მსჯავრდებულ მ. ლ-ის მიერ ჩადენილ სხვა დანაშაულებრივ ქმედებებს, მათთან მიმართებით განაჩენის მოქმედ სისხლის სამართლის კანონთან შესაბამისობაში მოყვანის თაობაზე საკასაციო პალატა ვერ იმსჯელებს, რადგან საამისოდ არ არსებობს სამართლებრივი საფუძველი ახლად გამოვლენილი გარემოების სახით, რის გამოც განაჩენი ამ ნაწილში უნდა დარჩეს უცვლელად.
ზემოაღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მსჯავრდებულ მ. ლ-ეს, რომელსაც სიკვდილით დასჯა შეეცვალა ვადიანი თავისუფლების აღკვეთით, საქართველოს სსკ-ის 104-ე მუხლის მე-9 პუნქტის (1960 წლის 30 დეკემბრის რედაქცია) საფუძველზე სასჯელის ზომად უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 15 (თხუთმეტი) წლის ვადით, რომელიც, კანონის თანახმად, შთანთქავს მის მიმართ საქართველოს მოქმედი სსკ-ის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტის საფუძველზე განსაზღვრულ, აგრეთვე, საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 1991 წლის 4 დეკემბრის განაჩენით დანიშნულ ყველა სხვა სასჯელს, რის გამოც აღნიშნული განაჩენით მას სასჯელის საბოლოო ზომად უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 15 (თხუთმეტი) წლის ვადით.
გასაჩივრებული განაჩენი სხვა ნაწილში მსჯავრდებულ მ. ლ-ის მიმართ უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ, იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის “დ” ქვეპუნქტით, 568-ე მუხლითა და 593-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტით,დ ა ა დ გ ი ნ ა :
მსჯავრდებულ მ. ლ-ის საჩივარი დაკმაყოფილდეს.
საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 1991 წლის 4 დეკემბრის განაჩენში შევიდეს შემდეგი ცვლილება:
მსჯავრდებულ მ. ლ-ის ქმედება საქართველოს სსკ-ის 152-ე მუხლის (1960 წლის 30 დეკემბრის რედაქცია შემდგომი ცვლილებებით) მეორე ნაწილის პირველი პუნქტიდან გადაკვალიფიცირდეს ამჟამად მოქმედი საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტზე (2006 წლის 28 აპრილის რედაქცია) და მას სასჯელის ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 9 (ცხრა) წლის ვადით. საქართველოს სსკ-ის 104-ე მუხლის მეექვსე, მეცხრე პუნქტების (1960 წლის 30 დეკემბრის რედაქცია) საფუძველზე მას სასჯელის ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 15 (თხუთმეტი) წლის ვადით. საქართველოს სსკ-ის მე-40 მუხლის (1960 წლის 30 დეკემბრის რედაქცია) თანახმად, მას აღნიშნული განაჩენით საბოლოო სასჯელის ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 15 (თხუთმეტი) წლის ვადით.
განაჩენი სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად.
საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.