შეიცვალა კვალიფიკაცია და სასჯელი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
165საზ. 13 ივლისი, 2007 წელი
ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
დავით სულაქველიძე (თავმჯდომარე),ზაზა მეიშვილი, ლევან მურუსიძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ გ. ი-ის ინტერესების დამცველი ადვოკატების – დ. და თ. გ-ების საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 1997 წლის 27 ივნისის განაჩენზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 1997 წლის 27 ივნისის განაჩენით გ. ი-ლი, ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (1960 წლის 30 დეკემბრის რედაქცია შემდგომი ცვლილებებითა და დამატებებით)Ñ 78-ე მუხლით – თავისუფლების აღკვეთა 12 (თორმეტი) წლის ვადით; სსკ-ის მე-17 მუხლითა და 104-ე მუხლის პირველი, მეოთხე, მეექვსე, მეცხრე პუნქტებით – თავისუფლების აღკვეთა 13 (ცამეტი) წლის ვადით; 104-ე მუხლის პირველი, მეოთხე, მეექვსე, მეცხრე პუნქტებით - განსაკუთრებული ღონისძიება _ სიკვდილით დასჯა. მასვე იმავე განაჩენით საქართველოს სსკ-ის (მითითებული რედაქცია) 205-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით, რომლის მოხდისაგანაც გათავისუფლდა ,,ამნისტიის შესახებ” საქართველოს რესპუბლიკის 1995 წლის 2 ივნისის კანონის პირველი მუხლით. იგი პატიმრობაშია 1995 წლის 11 ივლისიდან.
საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 25 ივლისის ¹-- ბრძანებულებით სიკვდილმისჯილი გ. ი-ლი შეწყალებულ იქნა და იმავე ბრძანებულებით მას სასჯელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 20 (ოცი) წლის ვადით.
მსჯავრდებულ გ. ი-ის ინტერესების დამცველი ადვოკატები – დ. და თ. გ-ები საჩივრით ითხოვენ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 1997 წლის 27 ივნისის განაჩენის იმ სისხლის სამართლის კანონთან შესაბამისობაში მოყვანას, რომელიც ყველაზე მსუბუქია და ამ კანონის მიხედვით მისთვის სასჯელის განსაზღვრას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ, შეისწავლა რა მსჯავრდებულ გ. ი-ის პირადი საქმის მასალები და შეამოწმა მისი საჩივრის საფუძვლიანობა, მიიჩნია, რომ აღნიშნული საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
გ. ი-ლს განაჩენით საქართველოს სსკ-ის 104-ე მუხლის პირველი, მეოთხე, მეექვსე და მეცხრე პუნქტების (1960 წლის 30 დეკემბრის რედაქცია) საფუძველზე სიკვდილით დასჯა ჰქონდა შეფარდებული, რომლის ალტერნატივას იმავე მუხლის სანქციით წარმოადგენდა თავისუფლების აღკვეთა ვადით რვიდან თხუთმეტ წლამდე. დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახი მკვლელობისათვის, რომლის ჩადენაშიც ბრალი დაედო გ. ი-ლს, სიკვდილით დასჯის გაუქმების შემდეგ სასჯელის სახით დაწესდა უვადო თავისუფლების აღკვეთა, აგრეთვე, თავისუფლების აღკვეთა ვადით ათიდან ოც წლამდე, ხოლო ორი ან რამდენიმე პირის განზრახ მკვლელობისათვის ამჟამად მოქმედი საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის მე-3 ნაწილის სანქციით სასჯელის ზომად გათვალისწინებულია თავისუფლების აღკვეთა ვადით თექვსმეტიდან ოც წლამდე ან ისჯება უვადო თავისუფლების აღკვეთით.
ამრიგად, გ. ი-ის მიერ ზემოაღნიშნული ქმედების ჩადენის შემდეგ კანონი რამდენჯერმე შეიცვალა, რომელიც ამ ქმედებისათვის სხვადასხვა დროს აწესებდა სასჯელის განსხვავებულ ზომებს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის სახით. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-3 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ასეთ შემთხვევაში გამოიყენება ყველაზე მსუბუქი კანონი. აღნიშნული თვალსაზრისით, სიკვდილით დასჯის გაუქმების შემდეგ, მსჯავრდებულ გ. ი-ის მიერ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილ განზრახ მკვლელობასთან მიმართებით, ყველაზე მსუბუქია ის კანონი, რომელიც მოქმედებდა მის მიერ აღნიშნული ქმედების ჩადენისას _ მხედველობაშია საქართველოს სსკ-ის 104-ე მუხლის პირველი, მეოთხე და მეცხრე პუნქტები (1960 წლის 30 დეკემბრის რედაქცია), რომლის სანქცია სასჯელის მაქსიმალურ ზომად აწესებდა თავისუფლების აღკვეთას ვადით რვიდან თხუთმეტ წლამდე. აქედან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მსჯავრდებულ გ. ი-ლს სასჯელი _ თავისუფლების აღკვეთა არ შეიძლება დაენიშნოს თხუთმეტ წელზე მეტი ვადით, ე.ი. იმაზე მეტი ზომით, რაც კანონით გათვალისწინებული იყო მის მიერ დანაშაულის ჩადენისას. ანალოგიურად უნდა გადაწყდეს საკითხი გ. ი-ის მიერ ჩადენილი ქმედების იმ ნაწილის მიმართ, რომელიც დაკვალიფიცირებულია საქართველოს სსკ-ის მე-17 მუხლითა და 104-ე მუხლის პირველი, მეოთხე, მეცხრე პუნქტებით (მითითებული რედაქცია).
გარდა ამისა, მხედველობაშია მისაღები ის გარემოება, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრეზიდიუმის 1998 წლის 20 თებერვლის დადგენილების სახით უკვე არსებობს სასამართლო პრაქტიკა, რომლის მიხედვით, სიკვდილით დასჯის გაუქმების გამო, მსჯავრდებულს ეს ზომა შეეცვალა 15 (თხუთმეტი) წლის ვადით თავისუფლების აღკვეთით.
საქართველოს სსკ-ის 104-ე მუხლის მეექვსე პუნქტით (1960 წლის 30 დეკემბრის რედაქცია) გათვალისწინებული ქმედებისათვის (განზრახ მკვლელობა ჩადენილი ისეთი საშუალებით, რომელიც საშიშროებას წარმოადგენს მრავალი პირის სიცოცხლისათვის) ამჟამად მოქმედი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,გ" ქვეპუნქტი ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით 11-დან 14 წლამდე. ეს კი მიუთითებს იმაზე, რომ ახალი კანონით ამ დანაშაულის ჩადენისათვის შემსუბუქდა სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა. იგივე უნდა აღინიშნოს გ. ი-ის მიერ ჩადენილი ქმედების საქართველოს სსკ-ის მე-17 მუხლითა და 104-ე მუხლის მე-6 პუნქტით (მითითებული რედაქცია) კვალიფიკაციის თაობაზე.
საქართველოს სსსკ-ის 593-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ" ქვეპუნქტის შესაბამისად, კანონიერ ძალაში შესული განაჩენის ან სხვა სასამართლო გადაწყვეტილების გამოტანის შემდეგ ახალი კანონის მიღება, რომელიც აუქმებს ან ამსუბუქებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას, სასამართლო გადაწყვეტილების შეცვლის საფუძველია. აღნიშნულიდან გამომდინარე, გ. ი-ის ქმედება საქართველოს სსკ-ის 104-ე მუხლის მეექვსე პუნქტიდან (1960 წლის 30 დეკემბრის რედაქცია) უნდა გადაკვალიფიცირდეს ამჟამად მოქმედი საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტზე და მას სასჯელის ზომად უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 14 (თოთხმეტი) წლის ვადით. იმავე გარემოების გამო გ. ი-ის ქმედება საქართველოს სსკ-ის მე-17 მუხლიდან და 104-ე მუხლის მე-6 პუნქტიდან (მითითებული რედაქცია) შესაბამისად უნდა გადაკვალიფიცირდეს საქართველოს მოქმედი სსკ-ის მე-19 მუხლსა და 109-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტზე. იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოს სსკ-ის 56-ე მუხლის მესამე ნაწილის (1999 წლის 22 ივლისის რედაქცია) თანახმად, დანაშაულის მცდელობისათვის სასჯელის ვადა ან ზომა არ უნდა ყოფილიყო ჩადენილი დამთავრებული დანაშაულისათვის კანონით გათვალისწინებული სასჯელის მაქსიმალური ვადის სამ მეოთხედზე მეტი, მსჯავრდებულ გ. ი-ლს საქართველოს სსკ-ის მე-19 მუხლისა და 109-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტის საფუძველზე თავისუფლების აღკვეთა უნდა დაენიშნოს 11 (თერთმეტი) წლისა და 3 (სამი) თვის ვადით.
ზემოაღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მსჯავრდებულ გ. ი-ლს, რომელსაც წინა განაჩენით დანიშნული სიკვდილით დასჯა შეეცვალა ვადიანი თავისუფლების აღკვეთით, საქართველოს სსკ-ის 104-ე მუხლის პირველი, მეოთხე და მეცხრე პუნქტების (1960 წლის 30 დეკემბრის რედაქცია) საფუძველზე სასჯელის ზომად უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 15 (თხუთმეტი) წლის ვადით, რომლითაც, საქართველოს სსკ-ის მე-40 მუხლის (1960 წლის 30 დეკემბრის რედაქცია) თანახმად, შთანთქმულ უნდა იქნეს გ. ი-ის მიმართ გასაჩივრებული განაჩენის საფუძველზე სისხლის სამართლის კოდექსის სხვა მუხლებით დანიშნული სასჯელები და მას საბოლოო სასჯელის ზომად უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 15 (თხუთმეტი) წლის ვადით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ, იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის “დ” ქვეპუნქტით, 568-ე მუხლითა და 593-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტით,დ ა ა დ გ ი ნ ა :
მსჯავრდებულ გ. ი-ის ინტერესების დამცველი ადვოკატების – დ. და თ. გ-ების საჩივარი დაკმაყოფილდეს.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 1997 წლის 27 ივნისის განაჩენში შევიდეს შემდეგი ცვლილებები: მსჯავრდებულ გ. ი-ის მიერ ჩადენილი ქმედება იმ ნაწილში, რომელიც დაკვალიფიცირებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-17 მუხლითა და 104-ე მუხლის მეექვსე პუნქტით (1960 წლის 30 დეკემბრის რედაქცია შემდგომი ცვლილებებით), გადაკვალიფიცირდეს საქართველოს მოქმედი სსკ-ის მე-19 მუხლსა და 109-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტზე. მისივე ქმედება იმ ნაწილში, რომელიც დაკვალიფიცირებულია საქართველოს სსკ-ის 104-ე მუხლის მეექვსე პუნქტით (1960 წლის 30 დეკემბრის რედაქცია), გადაკვალიფიცირდეს საქართველოს მოქმედი სსკ-ის 109-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტზე.
მსჯავრდებულ გ. ი-ლს საქართველოს სსკ-ის 56-ე მუხლის (1999 წლის 22 ივლისის რედაქცია) გამოყენებით, საქართველოს სსკ-ის მე-19 მუხლისა და 109-ე მუხლის პირველი ნაწილის “გ” ქვეპუნქტის საფუძველზე სასჯელად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 11 (თერთმეტი) წლისა და 3 (სამი) თვის ვადით. გ. ი-ლს საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის პირველი ნაწილის “გ” ქვეპუნქტის საფუძველზე სასჯელის ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 14 (თოთხმეტი) წლის ვადით. მასვე საქართველოს სსკ-ის 104-ე მუხლის პირველი, მეოთხე, მეცხრე პუნქტების (1960 წლის 30 დეკემბრის რედაქცია შემდგომი ცვლილებებით) საფუძველზე სასჯელის ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 15 (თხუთმეტი) წლის ვადით, რითაც საქართველოს სსკ-ის მე-40 მუხლის (1960 წლის 30 დეკემბრის რედაქცია) საფუძველზე შთანთქმულ იქნეს გასაჩივრებული განაჩენის საფუძველზე მის მიმართ განსაზღვრული სხვა სასჯელები და მსჯავრდებულ გ. ი-ლს საბოლოო სასჯელის ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 15 (თხუთმეტი) წლის ვადით.
გასაჩივრებული განაჩენი სხვა ნაწილში მსჯავრდებულ გ. ი-ის მიმართ დარჩეს უცვლელად.
საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.