შესაბამისობაში მოვიდა ახალ კოდექსთან
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
¹169/საზ ქ. თბილისი
15 ოქტომბერი, 2007 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
დავით სულაქველიძე (თავმჯდომარე),ლევან მურუსიძე, მაია ოშხარელი
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ დ. ს-ის საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო მცხეთის რაიონული სასამართლოს 2003 წლის 24 იანვრის განაჩენის გადასინჯვის შესახებ.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
მცხეთის რაიონული სასამართლოს 2003 წლის 24 იანვრის განაჩენით დ. ს-ვი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით (2000 წლის 30 ივნისის რედაქცია) და მიესაჯა 2 (ორი) წლით თავისუფლების აღკვეთა, რასაც საქართველოს სსკ-ის მე-60, 61-ე მუხლების თანახმად ნაწილობრივ დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელიდან 4 (ოთხი) წლით თავისუფლების აღკვეთა და დ. ს-ვს სასჯელის საბოლოო ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლის ვადით.
მსჯავრდებული საჩივრით ითხოვს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში 2006 წლის 28 აპრილს შეტანილი ცვლილებებისა და დამატებების საფუძველზე მის მიმართ მცხეთის რაიონული სასამართლოს მიერ 2003 წლის 24 იანვარს გამოტანილი განაჩენის მოქმედ სისხლის სამართლის კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ, შეისწავლა რა საქმის მასალები და მსჯავრდებულ დ. ს-ის საჩივრის საფუძვლიანობა, მიიჩნია, რომ აღნიშნული საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
განაჩენით დ. ს-ვი მსჯავრდებულია საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლით (მითითებული რედაქცია), რის გამოც მას სასჯელის ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლი (მითითებული რედაქცია) ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებისათვის სანქციის სახით ითვალისწინებდა ერთიდან რვა წლამდე თავისუფლების აღკვეთას.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში 2006 წლის 28 აპრილს შეტანილი ცვლილებებით 117-ე მუხლის პირველი ნაწილი (მითითებული რედაქცია) შეესაბამება ამჟამად მოქმედი საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის პირველ ნაწილს (2006 წლის 28 აპრილის რედაქცია), რომელიც აღნიშნული ქმედებისათვის სასჯელის ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით ორიდან ხუთ წლამდე.
საქართველოს სსსკ-ის 593-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ" ქვეპუნქტის შესაბამისად, კანონიერ ძალაში შესული განაჩენის ან სხვა სასამართლო გადაწყვეტილების გამოტანის შემდეგ ახალი კანონის მიღება, რომელიც აუქმებს ან ამსუბუქებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას, სასამართლო გადაწყვეტილების შეცვლის საფუძველია, ხოლო საქართველოს სსკ-ის მე-3 მუხლის თანახმად: კანონს რომელიც ამსუბუქებს სასჯელს აქვს უკუძალა.
აღნიშნულიდან გამომდინარე, მცხეთის რაიონული სასამართლოს 2003 წლის 24 იანვრის განაჩენი, რომლითაც მსჯავრდებულ დ. ს-ის ქმედება დაკვალიფიცირებულია საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით (2000 წლის 30 ივნისის რედაქცია), შესაბამისობაში უნდა მოვიდეს ამჟამად მოქმედ საქართველოს სისხლის სამართლის კანონთან. ამასთან, დ. ს-ვს მიმართ, განაჩენით შეფარდებული სასჯელი _ 6 (ექვსი) წლით თავისუფლების აღკვეთა _ უნდა დარჩეს უცვლელად, ვინაიდან აღნიშნული სასჯელი დანიშნულია მოქმედი კანონის შესაბამისად და ამ კანონით განსაზღვრული სანქციის ფარგლებში, რის გამოც არ არსებობს მისი შეცვლის საფუძველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ, იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ” ქვეპუნქტით, 568-ე მუხლითა და 593-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტით,დ ა ა დ გ ი ნ ა :
მსჯავრდებულ დ. ს-ის საჩივარი დაკმაყოფილდეს.
მცხეთის რაიონული სასამართლოს 2003 წლის 24 იანვრის განაჩენი მსჯავრდებულ დ. ს-ის მიმართ შეიცვალოს იმ მიმართებით, რომ მის მიერ ჩადენილი ქმედება, დაკვალიფიცირებული საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით (2000 წლის 30 ივნისის რედაქცია), გადაკვალიფიცირდეს საქართველოს მოქმედი სსკ-ის 117-ე მუხლის პირველ ნაწილზე (2006 წლის 28 აპრილის რედაქცია).
განაჩენი სხვა ნაწილში, აგრეთვე, მსჯავრდებულ დ. ს-ის მიმართ შეფარდებული სასჯელი _ თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლის ვადით _ დარჩეს უცვლელად.
საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.