შეიცვალა სასჯელი

სისხლის სამართლის 10.07.2007
საქმის ნომერი
170საზ.-2007
დავის ტიპი
საზედამხედველო
თარიღი
10.07.2007

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

170-საზ ქ. თბილისი

10 ივლისი, 2007 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მაია ოშხარელი (თავმჯდომარე)

ლევან მურუსიძე, დავით სულაქველიძე

სხდომის მდივან _ გ. შალამბერიძის

პროკურორ _ გ. ქ-ის

ადვოკატ _ მ. ტ-ის

მონაწილეობით განიხილა მსჯავრდებულ ბ. ც-ას საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 1995 წლის 20 მარტის განაჩენის გადასინჯვის თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 1995 წლის 20 მარტის განაჩენით:

ბ. ც-ია საქართველოს სსკ-ის 104-ე მუხლის პირველი, მეოთხე და მეექვსე პუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში გამართლდა, მის ქმედებაში ამ დანაშაულის ნიშნების არარსებობის გამო. იგი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის (1960 წლის 30 დეკემბრის რედაქცია შემდეგი ცვლილებებითა და დამატებებით) 78-ე მუხლით და მიესაჯა სიკვდილით დასჯა. სსკ-ის 44-ე მუხლით გათვალისწინებული წესის შესაბამისად, ბ. ც-ია ცნობილ იქნა განსაკუთრებით საშიშ რეციდივისტად;

დ. გ-ია ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის (1960 წლის 30 დეკემბრის რედაქცია შემდეგი ცვლილებებითა და დამატებებით) 78-ე მუხლით _ 14 წლით თავისუფლების აღკვეთა, 104-ე მუხლის პირველი, მეექვსე და მეშვიდე პუნქტებით _ სიკვდილით დასჯა. საქართველოს სსკ-ის მე-40 მუხლის საფუძველზე საბოლოოდ მას სასჯელის ზომად განესაზღვრა სიკვდილით დასჯა;

თ. გ-უა ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის (1960 წლის 30 დეკემბრის რედაქცია შემდეგი ცვლილებებითა და დამატებებით) 78-ე მუხლით და მიესაჯა 15 წლით თავისუფლების აღკვეთა;

მ. გ-უა ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის (1960 წლის 30 დეკემბრის რედაქცია შემდეგი ცვლილებებითა და დამატებებით) 78-ე მუხლით და მიესაჯა 11 წლით თავისუფლების აღკვეთა;

თ. ბ-ია ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის (1960 წლის 30 დეკემბრის რედაქცია შემდეგი ცვლილებებითა და დამატებებით) 152-ე მუხლის მეორე ნაწილის პირველი, მეხუთე პუნქტებით და მიესაჯა 8 წლით თავისუფლების აღკვეთა;

ლ. ტ-ვა ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის (1960 წლის 30 დეკემბრის რედაქცია შემდეგი ცვლილებებითა და დამატებებით) 78-ე მუხლით და მიესაჯა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა;

ჯ. ნ-ია ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის (1960 წლის 30 დეკემბრის რედაქცია შემდეგი ცვლილებებითა და დამატებებით) 229-ე მუხლის მეორე ნაწილით _ 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, 206-ე მუხლის მესამე ნაწილით _ 3 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის მე-40 მუხლის საფუძველზე საბოლოოდ მას სასჯელის ზომად განესაზღვრა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა.

საქართველოს სახელმწიფოს მეთაურის 1995 წლის 21 ნოემბრის ¹-- და ¹-- ბრძანებულებებით ბ. ც-სა და დ. გ-ას სიკვდილით დასჯა შეეცვალათ 20 წლით თავისუფლების აღკვეთით.

განაჩენით ბ. ც-ას მსჯავრი დაედო იმაში, რომ ჩაიდინა ბანდიტიზმი, ესე იგი შეიარაღებული ბანდის ორგანიზება სახელმწიფო ან სხვა საწარმოზე, დაწესებულებებზე, ორგანიზაციებზე ანდა ცალკეულ პირებზე თავდასხმის მიზნით, აგრეთვე _ ამ ბანდის მიერ მოწყობილ თავდასხმებში მონაწილეობა.

მსჯავრდებული ბ. ც-ია საჩივრით ითხოვს მის მიმართ კანონიერ ძალაში შესული განაჩენის იმ სისხლის სამართლის კანონთან შესაბამისობაში მოყვანას, რომელიც ყველაზე მსუბუქია და ამ კანონის მიხედვით მისთვის თავისუფლების აღკვეთის ვადის განსაზღვრას.

საკასაციო პალატის სხდომაზე მსჯავრდებულ ბ. ც-ას ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა მ. ტ-ემ მხარი დაუჭირა წარმოდგენილი საჩივრის მოთხოვნას და იშუამდგომლა მისი დაკმაყოფილება.

საკასაციო პალატის სხდომაზე პროკურორმა გ. ქ-მა მიუთითა რა სისხლის სამართლის კანონმდებლობაში შეტანილ ცვლილებებზე, მიიჩნია, რომ ეს ცვლილებები არსებით გავლენას ახდენენ ბ. ც-ას მსჯავრდების იმ ნაწილზე, რომელიც შეეხება განაჩენით დანიშნულ სასჯელს და რომელთა გათვალისწინებით, ბრალდების მხარე თვლის, რომ მსჯავრდებულ ბ. ც-ას სასჯელის ზომად უნდა დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 15 წლის ვადით.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ, შეისწავლა რა მსჯავრდებულ ბ. ც-ას პირადი საქმის მასალები, შეამოწმა წარმოდგენილი საჩივრის საფუძვლიანობა და მოუსმინა მხარეებს, მიიჩნია, რომ აღნიშნული საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

განაჩენით ბ. ც-ას მსჯავრი დაედო საქართველოს სსკ-ის (1960 წლის 30 დეკემბრის რედაქცია შემდეგი ცვლილებებითა და დამატებებით) 78-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედების ჩადენისათვის.

მსჯავრდებულ ბ. ც-ას საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 1995 წლის 20 მარტის განაჩენით შეიარაღებული ბანდის ორგანიზებისათვის შეფარდებული ჰქონდა სიკვდილით დასჯა საქართველოს სსკ-ის 78-ე მუხლის (1960 წლის 30 დეკემბრის რედაქცია შემდგომი ცვლილებებით) საფუძველზე, რომლის სანქცია სიკვდილით დასჯის ალტერნატივად ითვალისწინებდა თავისუფლების აღკვეთას ვადით სამიდან თხუთმეტ წლამდე. აღნიშნული ქმედების ჩადენისათვის, რაშიც ბრალი დაედო ბ. ც-ას, სიკვდილით დასჯის გაუქმების შემდეგ სასჯელის სახით დაწესდა თავისუფლების აღკვეთა ვადით ხუთიდან ოც წლამდე. იმავე ქმედებისათვის ამჟამად მოქმედი საქართველოს სსკ-ის 224-ე მუხლის პირველი ნაწილის სანქციით სასჯელის ზომად გათვალისწინებულია თავისუფლების აღკვეთა ვადით თორმეტიდან ოც წლამდე.

ამრიგად, ბ. ც-ას მიერ ზემოაღნიშნული ქმედების ჩადენის შემდეგ კანონი რამდენჯერმე შეიცვალა, რომელიც ამ ქმედებისათვის სხვადასხვა დროს აწესებდა სასჯელის განსხვავებულ ზომებს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის სახით. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-3 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ასეთ შემთხვევაში გამოიყენება ყველაზე მსუბუქი კანონი. აღნიშნული თვალსაზრისით, მოცემულ შემთხვევაში, სიკვდილით დასჯის გაუქმების შემდეგ, მსჯავრდებულ ბ. ც-ას მიერ შეიარაღებული ბანდის ორგანიზებასთან მიმართებით ყველაზე მსუბუქია ის კანონი, რომელიც მოქმედებდა მის მიერ აღნიშნული ქმედების (შეიარაღებული ბანდის ორგანიზება) ჩადენისას, მხედველობაშია საქართველოს სსკ-ის 78-ე მუხლი (1960 წლის 30 დეკემბრის რედაქცია), რომლის სანქცია სიკვდილით დასჯის ალტერნატივის სახით სასჯელის ზომად აწესებდა თავისუფლების აღკვეთას ვადით სამიდან თხუთმეტ წლამდე.

აქედან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ამჟამად მსჯავრდებულ ბ. ც-ას ბანდიტიზმისათვის სასჯელი _ თავისუფლების აღკვეთა არ შეიძლება განესაზღვროს თხუთმეტ წელზე მეტი ვადით, ე.ი. იმაზე მეტი ზომით, რაც კანონით გათვალისწინებული იყო მის მიერ აღნიშნული დანაშაულის ჩადენისას.

გარდა ამისა, მხედველობაშია მისაღები ის გარემოება, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრეზიდიუმის 1998 წლის 20 თებერვლის დადგენილების სახით უკვე არსებობს სასამართლო პრაქტიკა, რომლის მიხედვით, სიკვდილით დასჯის გაუქმების გამო, მსჯავრდებულს ეს ზომა შეეცვალა 15 წლით თავისუფლების აღკვეთით, მის მიერ დანაშაულის ჩადენის დროს მოქმედი კანონის შესაბამისად.

საქართველოს სსსკ-ის 567-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, პალატამ სარევიზიო წესით იმსჯელა ამავე საქმეზე მსჯავრდებულების _ დ. გ-ას, თ. გ-ას, მ. გ-ას, თ. ბ-ას, ლ. ტ-ას, ჯ. ნ-ას მიმართაც და მიიჩნია, რომ განაჩენი თ. გ-ას, მ. გ-ას, ლ. ტ-ას, ჯ. ნ-ას მიმართ უნდა დარჩეს უცვლელად, რადგან მისი გადასინჯვის ახლად გამოვლენილი სამართლებრივი გარემოება არ არსებობს, ხოლო გასაჩივრებული განაჩენი უნდა შეიცვალოს მსჯავრდებულების _ დ. გ-სა და თ. ბ-ას მიმართ შემდეგ გარემოებათა გამო:

განაჩენით დ. გ-ას მსჯავრი დაედო საქართველოს სსკ-ის (1960 წლის 30 დეკემბრის რედაქცია შემდეგი ცვლილებებითა და დამატებებით) 78-ე მუხლით, 104-ე მუხლის პირველი, მეექვსე და მეშვიდე პუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულებრივი ქმედებების ჩადენისათვის.

მსჯავრდებულ დ. გ-ას განაჩენით შეფარდებული ჰქონდა სიკვდილით დასჯა საქართველოს სსკ-ის 104-ე მუხლის პირველი, მეექვსე და მეშვიდე პუნქტების (1960 წლის 30 დეკემბრის რედაქცია) საფუძველზე, რომლის ალტერნატივას წარმოადგენდა თავისუფლების აღკვეთა ვადით რვიდან თხუთმეტ წლამდე. ანგარებით, განსაკუთრებული სისასტიკით, სხვა დანაშაულის დაფარვისა და მისი ჩადენის გაადვილების მიზნით ჩადენილი განზრახი მკვლელობისათვის, რაშიც ბრალი დაედო დ. გ-ას, სიკვდილით დასჯის გაუქმების შემდეგ სასჯელის სახით დაწესდა უვადო თავისუფლების აღკვეთა, აგრეთვე _ თავისუფლების აღკვეთა ვადით ათიდან ოც წლამდე. იმავე ქმედებისათვის ამჟამად მოქმედი საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ”, ,,გ” ქვეპუნქტების სანქციით სასჯელის ზომად გათვალისწინებულია თავისუფლების აღკვეთა ვადით თექვსმეტიდან ოც წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთა.

ამრიგად, დ. გ-ას მიერ ზემოაღნიშნული ქმედების ჩადენის შემდეგ კანონი რამდენჯერმე შეიცვალა, რომელიც ამ ქმედებისათვის სხვადასხვა დროს აწესებდა სასჯელის განსხვავებულ ზომებს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის სახით. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-3 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ასეთ შემთხვევაში გამოიყენება ყველაზე მსუბუქი კანონი. აღნიშნული თვალსაზრისით, სიკვდილით დასჯის გაუქმების შემდეგ, დ. გ-ას მიერ ანგარებით, განსაკუთრებული სისასტიკით, სხვა დანაშაულის დაფარვისა და მისი ჩადენის გაადვილების მიზნით ჩადენილ განზრახ მკვლელობასთან მიმართებით, ყველაზე მსუბუქია ის კანონი, რომელიც მოქმედებდა მის მიერ აღნიშნული ქმედების ჩადენისას _ მხედველობაშია საქართველოს სსკ-ის 104-ე მუხლის პირველი პუნქტი (1960 წლის 30 დეკემბრის რედაქცია), რომლის სანქცია სასჯელის ზომად აწესებდა თავისუფლების აღკვეთას ვადით რვიდან თხუთმეტ წლამდე. აქედან გამომდინარე, აღნიშნულ ნაწილში დ. გ-ას ქმედების განაჩენით განსაზღვრული კვალიფიკაცია არ შეიძლება შესაბამისობაში იქნეს მოყვანილი ამჟამად მოქმედ სისხლის სამართლის კანონთან. ამავე დროს, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მსჯავრდებულ დ. გ-ას სასჯელი _ თავისუფლების აღკვეთა არ შეიძლება დაენიშნოს თხუთმეტ წელზე მეტი ვადით, ე.ი. იმაზე მეტი ზომით, რაც კანონით გათვალისწინებული იყო მის მიერ დანაშაულის ჩადენისას.

გარდა ამისა, მხედველობაშია მისაღები ის გარემოება, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრეზიდიუმის 1998 წლის 20 თებერვლის დადგენილების სახით უკვე არსებობს სასამართლო პრაქტიკა, რომლის მიხედვით, სიკვდილით დასჯის გაუქმების გამო, მსჯავრდებულს ეს ზომა ეცვლება 15 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთით.

ზემოაღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მსჯავრდებულ დ. გ-ას, რომელსაც წინათ განაჩენით დანიშნული სიკვდილით დასჯა შეეცვალა ვადიანი თავისუფლების აღკვეთით, სასჯელის საბოლოო ზომად უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 15 წლის ვადით _ მის მიერ ჩადენილი ქმედების სიმძიმისა და მისი პიროვნების გათვალისწინებით, რის გამოც საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 1995 წლის 20 მარტის განაჩენში უნდა შევიდეს შესაბამისი ცვლილება მის სასიკეთოდ.

განაჩენით თ. ბ-ას მსჯავრი დაედო საქართველოს სსკ-ის (1960 წლის 30 დეკემბრის რედაქცია შემდეგი ცვლილებებითა და დამატებებით) 152-ე მუხლის მეორე ნაწილის პირველი, მეხუთე პუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულებრივი ქმედების ჩადენაში.

საქართველოს სსკ-ის 152-ე მუხლის მეორე ნაწილის პირველი პუნქტით (1960 წლის 30 დეკემბრის რედაქცია შემდეგი ცვლილებებითა და დამატებებით), რომელიც ითვალისწინებდა პასუხისმგებლობას პირთა ჯგუფის მიერ წინასწარი შეთანხმებით ჩადენილი ყაჩაღობისათვის, სასჯელის ზომად განსაზღვრული იყო თავისუფლების აღკვეთა ვადით ექვსიდან თხუთმეტ წლამდე, აღნიშნული ქმედება სისხლის სამართლის კოდექსში შესული ცვლილებით (2006 წლის 5 ივლისის რედაქცია) წარმოადგენს ორგანიზებულ ჯგუფს, რადგან ამავე კოდექსის 27-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, დანაშაული ორგანიზებული ჯგუფის მიერაა ჩადენილი, თუ იგი განხორციელდა დროის განსაზღვრულ პერიოდში არსებულმა, შეთანხმებულად მოქმედმა, სტრუქტურული ფორმის მქონე ჯგუფმა, რომლის წევრები წინასწარ შეკავშირდნენ ერთი ან რამდენიმე დანაშაულის ჩასადენად.

აღნიშნულ ცვლილებამდე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 27-ე მუხლის მე-3 ნაწილით, დანაშაული ორგანიზებული ჯგუფის მიერ იყო ჩადენილი, თუ იგი განახორციელა პირთა მყარმა ჯგუფმა, რომლებიც წინასწარ შეკავშირდნენ რამდენიმე დანაშაულის ჩასადენად.

საქმის მასალებით არ დასტურდება მსჯავრდებულ თ. ბ-ას დანარჩენ მსჯავრდებულებთან წინასწარი შეთანხმება რამდენიმე დანაშაულის ჩასადენად.

საქართველოს სსკ-ის მე-3 მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ დანაშაულის ჩადენიდან განაჩენის გამოტანამდე სისხლის სამართლის კანონი რამდენჯერმე შეიცვალა, გამოიყენება ყველაზე მსუბუქი კანონი.

ამდენად, მოცემულ შემთხვევაში უნდა გამოვიყენოთ 2006 წლის 5 ივლისის ცვლილებამდე, რომელიც ძალაშია ამავე წლის 23 აგვისტოდან, მოქმედი სისხლის სამართლის კანონი ორგანიზებული ჯგუფის, როგორც დანაშაულის მაკვალიფიცირებელი ნიშნის, დეფინიციის შესახებ, რომელიც ყველაზე მსუბუქია.

აღნიშნულის გათვალისწინებით, მსჯავრდებულ თ. ბ-ას მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედების კვალიფიკაცია სსკ-ის 152-ე მუხლის მეორე ნაწილის პირველი პუნქტის სახით (1960 წლის 30 დეკემბრის რედაქცია შემდეგი ცვლილებებითა და დამატებებით) შესაბამისობაში უნდა მოვიდეს ამჟამად მოქმედი სსკ-ის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტთან, რომელიც სასჯელის ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით ექვსიდან ცხრა წლამდე, რაც იმაზე მიუთითებს, რომ შემსუბუქდა სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა, მათ შორის სასჯელიც.

რაც შეეხება სასჯელს, პალატა თვლის, რომ მსჯავრდებულ თ. ბ-ას საქართველოს სსკ-ის 152-ე მუხლის მეორე ნაწილის მეხუთე პუნქტითა (1960 წლის 30 დეკემბრის რედაქცია შემდეგი ცვლილებებითა და დამატებებით) და 179-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტით საბოლოოდ სასჯელის ზომად უნდა განესაზღვროს 8 წლით თავისუფლების აღკვეთა.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

პალატამ, იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ” ქვეპუნქტით, 567-ე მუხლის პირველი ნაწილით, 593-ე მუხლის მე-3 ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით,დ ა ა დ გ ი ნ ა :

მსჯავრდებულ ბ. ც-ას საჩივარი დაკმაყოფილდეს.

საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 1995 წლის 20 მარტის განაჩენი შეიცვალოს შემდეგი მიმართებით:

მსჯავრდებულ ბ. ც-ას საქართველოს სსკ-ის 78-ე მუხლით (1960 წლის 30 დეკემბრის რედაქცია შემდეგი ცვლილებებითა და დამატებებით) საფუძველზე სასჯელის ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 15 (თხუთმეტი) წლის ვადით, რომლის მოხდა დაეწყოს მისი დაკავების დღიდან _ 1994 წლის 12 მარტიდან.

მსჯავრდებულ დ. გ-ას საქართველოს სსკ-ის 104-ე მუხლის პირველი, მეექვსე და მეშვიდე პუნქტების (1960 წლის 30 დეკემბრის რედაქცია შემდეგი ცვლილებებითა და დამატებებით) საფუძველზე სასჯელის საბოლოო ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 15 (თხუთმეტი) წლის ვადით, რომლის მოხდა მას დაეწყოს მისი დაკავების დღიდან _ 1994 წლის 31 მარტიდან.

მსჯავრდებულ თ. ბ-ას მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება, დაკვალიფიცირებული საქართველოს სსკ-ის 152-ე მუხლის მეორე ნაწილის პირველი პუნქტით (1960 წლის 30 დეკემბრის რედაქცია შემდეგი ცვლილებებითა და დამატებებით), გადაკვალიფიცირდეს ამჟამად მოქმედი სსკ-ის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტზე;

მსჯავრდებულ თ. ბ-ას საქართველოს სსკ-ის 152-ე მუხლის მეორე ნაწილის მეხუთე პუნქტითა (1960 წლის 30 დეკემბრის რედაქცია შემდეგი ცვლილებებითა და დამატებებით) და 179-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტით საბოლოოდ მოსახდელად განესაზღვროს 8 (რვა) წლით თავისუფლების აღკვეთა.

განაჩენი სხვა ნაწილში, აგრეთვე მსჯავრდებულების _ თ. გ-ას, მ. გ-ას, ლ. ტ-სა და ჯ. ნ-ას მიმართ დანიშნული სასჯელები დარჩეს უცვლელად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.