განაჩენი გაუქმდა და საქმე შეწყდა

სისხლის სამართლის 10.12.2007
საქმის ნომერი
282საზ.-2007
დავის ტიპი
საზედამხედველო
თარიღი
10.12.2007

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

282/საზ 10 დეკემბერი, 2007 წელი თბილისიU

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

დავით სულაქველიძე (თავმჯდომარე)

მაია ოშხარელი, იური ტყეშელაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ბ. ბ-ის საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო, გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 29 მაისის განაჩენის გადასინჯვის შესახებ.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 29 მაისის განაჩენით ბ. ბ-ლი ცნობილ იქნა ბრალეულად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 204-ე მუხლით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენაში, რის გამოც მას, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 6791 _ 6792 მუხლების თანახმად დადებული საპროცესო შეთანხმების საფუძველზე, სასჯელის ზომად, განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების თანახმად ჩაეთვალა პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 2 (ორი) წელი. მასვე დამატებითი სასჯელის სახით დაენიშნა ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით.

მსჯავრდებული ბ. ბ-ლი საჩივრით ითხოვს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში 2006 წლის 28 აპრილს შეტანილი ცვლილებებისა და დამატებების საფუძველზე მის მიმართ გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 29 მაისს გამოტანილი განაჩენის გაუქმებასა და მის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტას თანახმად საქართველოს სსსკ-ის 28-ე მუხლის ,,გ” ქვეპუნქტისა იმ საფუძვლით, რომ მის მიერ ჩადენილი ქმედება აღარ არის დასჯადი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ, შეისწავლა რა მსჯავრდებულ ბ. ბ-ის პირადი საქმის მასალები და შეამოწმა მისი საჩივრის საფუძვლიანობა, მიიჩნია, რომ აღნიშნული საჩივრის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

2006 წლის 28 აპრილს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში შესული ცვლილების თანახმად, საქართველოს სსკ-ის 204-ე მუხლი გაუქმდა და ამ მუხლით გათვალისწინებული ქმედება აღარ არის დასჯადი. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ უნდა გაუქმდეს გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 29 მაისის განაჩენი ბ. ბ-ის მსჯავრდების თაობაზე და მის მიმართ შეწყდეს სისხლისსამართლებრივი დევნა საქართველოს სსსკ-ის 28-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტის საფუძველზე მის მიერ ჩადენილი ქმედების დანაშაულებრიობის გაუქმების გამო.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ, იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 28-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტით, 561-ე მუხლის პირველი ნაწილის «გ» ქვეპუნქტით, 568-ე მუხლითა და 593-ე მუხლის მე-3 ნაწილის «ბ» ქვეპუნქტით,დ ა ა დ გ ი ნ ა :

მსჯავრდებულ ბ. ბ-ის საჩივარი დაკმაყოფილდეს.

გაუქმდეს გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 29 მაისის განაჩენი, რომლითაც ბ. ბ-ლი მსჯავრდებულ იქნა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 204-ე მუხლის (1999 წლის 22 ივლისის რედაქცია) საფუძველზე და მის მიმართ შეწყდეს სისხლისსამართლებრივი დევნა ქმედების დანაშაულებრიობის გაუქმების გამო.

ბ. ბ-ლს განემარტოს, რომ მას უფლება აქვს, მოითხოვოს მისთვის მიყენებული მორალური, მატერიალური და ფიზიკური ზიანის ანაზღაურება, აგრეთვე, დარღვეული უფლებების აღდგენა.

საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.