დატოვებულია უცვლელად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
290/საზ ქ. თბილისი
17 სექტემბერი, 2007 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მაია ოშხარელი (თავმჯდომარე),ლევან მურუსიძე, დავით სულაქველიძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ი. გ-ის საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2003 წლის 3 დეკემბრის განჩინების გადასინჯვის თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2003 წლის 14 ივლისის განაჩენით ი. ა-ლი გ-ვი, ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის პირველი ნაწილით, 260-ე მუხლის პირველი ნაწილით, 23,24-179-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა”, “ბ”, “გ” პუნქტებით, 23,24-179-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა”, “გ”, “დ” პუნქტით და სასჯელის ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 13 წლის ვადით.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2003 წლის 3 დეკემბრის განჩინებით მსჯავრდებულ ი. გ-ის მიმართ ზემომითითებული განაჩენიდან ამოირიცხა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 23-ე, 24-ე, 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა”, “გ” და “დ” ქვეპუნქტები და ამ მუხლით შეფარდებული 11 წლით თავისუფლების აღკვეთა. დანარჩენ ნაწილში განაჩენი მსჯავრდებულ ი. გ-ის მიმართ დარჩა უცვლელად.
განაჩენით ი. გ-ვს მსჯავრი დაედო იმაში, რომ ჩაიდინა თანამონაწილეობა ყაჩაღობაში დამხმარის სახით, ე.ი. თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით და ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით, ჯგუფურად, არაერთგზის, ბინაში უკანონო შეღწევით, დიდი ოდენობით ნივთის დაუფლების მიზნით; მანვე ჩაიდინა საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა; მანვე ჩაიდინა ნარკოტიკული საშუალების არაერთგზის უკანონო დამზადება, შენახვა, შეძენა, გადაზიდვა და გასაღება.
მსჯავრდებული ი. გ-ვი საჩივრით ითხოვს ხელახალი გამოძიების ჩატარებას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, საჩივრის საფუძვლიანობა და თვლის, რომ საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სსსკ-ის 593-ე მუხლის მესამე ნაწილის “ა” და “ბ” ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლო გადაწყვეტილება შეიძლება გადაისინჯოს მხოლოდ ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო, რომელთაც მიეკუთვნება:
ა) საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც არაკონსტიტუცუირად ცნო კანონიერ ძალაში შესული განაჩენის ან სხვა სასამართლო გადაწყვეტილების დადგენისას გამოყენებული კანონი.
ბ) კანონიერ ძალაში შესული განაჩენის ან სხვა სასამართლო გადაწყვეტილების გამოტანის შემდეგ ახალი კანონის მიღება, რომელის აუქმებს ან ამსუბუქებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას.
ვინაიდან მსჯავრდებულ ი. გ-ვს საჩივარში მითითებული მოტივი არ წარმოადგენს ახლად გამოვლენილ გარემოებას, პალატა მიიჩნევს, რომ მისი საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2003 წლის 3 დეკამბრის განჩინება მსჯავრდებულ ი. გ-ის მიმართ უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
პალატამ, იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის “ა” ქვეპუნქტითა და 593-ე მუხლის მე-3 ნაწილის “ბ’ ქვეპუნქტით,დ ა ა დ გ ი ნ ა :
მსჯავრდებულ ი. გ-ის საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2003 წლის 3 დეკემბრის განჩინება მსჯავრდებულ ი. გ-ის მიმართ დარჩეს უცვლელად.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.