შეიცვალა კვალიფიკაცია და სასჯელი

სისხლის სამართლის 25.01.2008
საქმის ნომერი
2კ-1114აპ.-07
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
25.01.2008

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

¹1114აპ ქ. თბილისი

25 იანვარი, 2008 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ი. ტყეშელაშვილი (თავმჯდომარე),დ. სულაქველიძე, მ. ოშხარელი

სხდომის მდივან _ გ. შალამბერიძის,პროკურორ _ ლ. ყ-ს,ადვოკატების _ ვ. ბ-სა და თ. გ-ის,მსჯავრდებულ _ ლ. ა-ის

მონაწილეობით განიხილა მსჯავრდებულ ლ. ა-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ვ. ბ-ის საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 18 აპრილის განაჩენზე.

აღწერილობითი ნაწილი:

საბრალდებო დასკვნით ლ. ა-ს, _ დაბადებულს . წლის .., საქართველოს მოქალაქეს, ნასამართლევს, _ ბრალი დაედო საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ” ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „დ” და „ე” ქვეპუნქტებით, 171-ე მუხლის 1-ლი ნაწილითა და 138-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ” ქვეპუნქტით იმაში, რომ ჩაიდინა თავისუფლების უკანონო აღკვეთა სხვა დანაშაულის ჩადენის გაადვილების მიზნით, სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობითა და ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ; ასევე _ არასრულწლოვნის დაყოლიება ანტისაზოგადოებრივ ქმედებაზე; ასევე _ სექსუალური კონტაქტი გაუკუღმართებული ფორმით, ჩადენილი ძალადობითა და ძალადობის მუქარით დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ, რაც გამოიხატა შემდეგში:

2006 წლის 30 აგვისტოს, დაახლოებით 22 საათზე, მთვრალი ლ. ა-ი თბილისში, ვაგზლის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე შეხვდა თავის არასრულწლოვან თანასოფლელს, .. წლის .... დაბადებულ გ. ო-ს. ლ. ა-მა განიზრახა, თავისი სექსუალური ჟინი დაეკმაყოფილებინა არასრულწლოვან გ. ო-თან გაუკუღმართებული ფორმით (ორალური გზით) სექსუალური კონტაქტის დამყარებით, მაგრამ, დარწმუნებულმა იმაში, რომ ასეთზე თავად არასრულწლოვანი არ დასთანხმდებოდა, ხოლო ისეთ ხალხმრავალ ადგილზე, როგორიც ვაგზლის მოედანია, ძალადობას ვერ გამოიყენებდა, განიზრახა სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობითა და ასეთის მუქარით გ. ო-სათვის თავისუფლება უკანონოდ აღეკვეთა, მატარებლით ბათუმში წაეყვანა, გზაში დაეთრო და ხელსაყრელ შემთხვევაში ძალადობითა და ასეთის მუქარით, გაუკუღმართებული ფორმით მასთან სექსუალური კონტაქტი დაემყარებინა.

განზრახვის სისრულეში მოსაყვანად ლ. ა-მა გ. ო-ს მკლავში მოჰკიდა ხელი, არ მისცა საშუალება, სურვილისამებრ გადაადგილებულიყო, სცემა სახის არეში, დაემუქრა მოკვლით და, წინააღმდეგობადათრგუნვილი და შეშინებული, ძალით ჩასვა თბილისი-ბათუმის სამგზავრო მატარებელში.

მატარებლით ქ. ბათუმის მიმართულებით მგზავრობისას ლ. ა-მა მოსთხოვა არასრულწლოვან, თავისუფლებააღკვეთილ გ. ო-ს წინასწარ შეძენილი არყის დალევა, დაიყოლია ალკოჰოლური სასმელის მიღებაზე, ანუ ანტისაზოგადოებრივ ქმედებაზე და დაათრო იგი.

ზესტაფონის რაიონის ტერიტორიაზე მოძრაობისას, როდესაც კუპეში მათთან ერთად მყოფ თ. კ-ს ეძინა, ხოლო გ. ფ-ძე პირადი საჭიროებისათვის გარეთ იყო, ლ. ავანაშვილმა განზრახვის სისრულეში მოსაყვანად არასრულწლოვან გ. ო-ს მოსთხოვა გაუკუღმართებული ფორმით _ ორალური გზით სქესობრივი კავშირის დამყარება, მაგრამ მიიღო უარი, ამიტომ რამდენჯერმე გაარტყა ხელი დაზარალებულს და მოკვლის მუქარით აიძულა გ. ო-ი, მისი სასქესო ორგანო პირში ჩაედო და სექსუალური ხასიათის მოძრაობები შეესრულებინა. აღნიშნული შენიშნა მოულოდნელად გაღვიძებულმა თ. კ-მ, რის შემდეგაც ლ. ა-ი პოლიციის მუშაკებმა დააკავეს.

ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 15 თებერვლის განაჩენით ლ. ა-ი გამართლდა საქართველოს სსკ-ის 171-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, 138-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ” ქვეპუნქტით, 143-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ” და მე-3 ნაწილის „დ”, „ე” ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში; იგი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 140-ე მუხლით იმაში, რომ ჩაიდინა სქესობრივი კავშირი გაუკუღმართებული ფორმით დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნთან _ თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველთან და მიესაჯა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის ათვლა დაეწყო 2006 წლის 31 აგვისტოდან.

განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ზესტაფონის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ზ. ბ-მ და მსჯავრდებულის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ა. ვ-მ.

პროკურორმა სააპელაციო საჩივრით ითხოვა რაიონული სასამართლოს განაჩენის გაუქმება, ლ. ა-სათვის საბრალდებო დასკვნით წარდგენილი მუხლებით საბოლოოდ 20 წლით თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრა, ხოლო ადვოკატმა ა. ვ-მ _ განაჩენის გაუქმება და ლ. ა-ის გამართლება.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 18 აპრილის განაჩენით ადვოკატ ა. ვ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო პროკურორ ზ ბ-ის საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ: ლ. ა-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ” ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის „დ” და „ე” ქვეპუნქტებით, 138-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ” ქვეპუნქტით და საბოლოოდ მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა 18 წლის ვადით.

კასატორი _ მსჯავრდებულის ინტერესების დამცველი, ადვოკატი ვ. ბ-ი საკასაციო საჩივარში აღნიშნავს, რომ დაზარალებული იძლევა არაობიექტურ, ურთიერთსაწინააღმდეგო ჩვენებებს; არ არის სარწმუნო, რომ, თითქოს, მას უკანონოდ ჰქონდა თავისუფლება აღკვეთილი, რადგან მოწმეებმა _ თ. კ-მ, გ. ფ-მ, მ. ქ-მ, რ. გ-მ და ი. თ-მა აჩვენეს, რომ ასეთი ფაქტი რომ მომხდარიყო, გ. ო-ს შეეძლო, მიემართა პოლიციისათვის ან გაქცეულიყო; ერთმანეთს არ ემთხვევა დაზარალებულისა და მოწმე თ. კ-ის ჩვენებები იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ მოხდა სექსუალური კონტაქტი ლ. ა-სა და გ. ო-ს შორის, მაშინ, როდესაც მოწმისა და მსჯავრდებულის ჩვენებები დაახლოებით ერთნაირია.

ადვოკატის აზრით, არ არის დადგენილი საქმის ფაქტობრივი გარემოებები, არ დასტურდება მსჯავრდებულის მიერ არასრულწლოვნის მიმართ სექსუალური ხასიათის ძალმომრეობითი ქმედების ჩადენის ეპიზოდი, რადგან ლ. ა- სა და გ. ო-ს შორის სექსუალური აქტი იყო ნებაყოფლობითი, ყოველგვარი ძალადობის გარეშე, რის გამოც ითხოვს განაჩენის გაუქმებასა და მსჯავრდებულის გამართლებას ან საქმის დაბრუნებას იმავე სასამართლოში ხელახლა განსახილველად.

საკასაციო პალატის სხდომაზე ადვოკატმა ლ. ბ-მა მოითხოვა ლ. ა-ის მიმართ საქმის შეწყვეტა იმ მოტივით, რომ მას გ. ო-სათვის თავისუფლება არ აღუკვეთავს და სექსუალურ კონტაქტს არც ნებაყოფლობით და არც იძულებით ადგილი არ ჰქონია.

თავისი ადვოკატის მოთხოვნას დაეთანხმა მსჯავრდებული ლ. ა-ი.

დაზარალებულ გ. ო-ის ადვოკატმა თ. გ-მ მოითხოვა გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება იმ მოტივით, რომ წინასწარი და სასამართლო გამოძიებისას მოპოვებული მტკიცებულებებით მთლიანად დადასტურებულია ლ. ა-ის მიერ მისთვის ბრალად შერაცხული ქმედებების ჩადენა.

სახელმწიფო ბრალმდებელმა ლ. ყ-მა საჩივარს მხარი არ დაუჭირა და იშუამდგომლა გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვების შესახებ იმ მოტივით, რომ დაზარალებულის ჩვენებებში საქმის არსებითი ფაქტობრივი გარემოებები თანმიმდევრულადაა ჩამოყალიბებული და ყველა დაკითხვისას იგი სწორედ ამ არსებით გარემოებებს მიუთითებს. მატარებლის გამცილებლებისა და პოლიციის თანამშრომლების განმარტებით, მათ თ. კ-მ უთხრა, რომ ლ. ა-ი გ. ო-ს აუპატიურებდა.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, გააანალიზა წარმოდგენილი საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებული განაჩენი უნდა შეიცვალოს მსჯავრდებულის სასიკეთოდ, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქმის წინასწარი და სასამართლო გამოძიებისას მოწმე გ. ფ-მ განაცხადა, რომ ლ. ა-თან ერთად რკინიგზის სადგურზე დალია არაყი და დათვრნენ. გადაწყვიტეს 3-4 დღით ბათუმში დასვენება და ლ.-მ იყიდა მატარებლის ბილეთები. იქვე მივიდა მათი თანასოფლელი გ. ო-ი, რომელმაც ლ. ა-ი გადაკოცნა და ,,ძალიან შინაურულად მოიკითხა". როდესაც გ. ო-მა გაიგო, რომ ბათუმში მიდიოდნენ, თქვა _ მეც გამოგყვებით, ბილეთი უკვე ნაყიდი მაქვსო. გ. ფ-მ მიუთითა, რომ გ. ო-ის სითამამე არ მოეწონა და უთხრა, სახლში წასულიყო. გ. ო-მა გადაჭრით უპასუხა, რომ მათ გაყვებოდა. ამ უკანასკნელს ჰქონდა სათამაშო პისტოლეტი, რომელიც ძალიან ჰგავდა ნამდვილს. მოწმის განცხადებით, არ იცის, როგორ მოხვდა მათ კუპეში გ. ო-ი, შესაძლოა ბილეთი გაცვალა. მან და ლ. ა-მა დაიწყეს არყის და ლუდის სმა, გ. ო-ც მათთან სვამდა, რაზეც გ. ფ-მ უსაყვედურა, მაგრამ გ. ო-მა უპასუხა _ რა მოხდა, პატარა ხომ არ ვარო. ამასობაში კუპეში შევიდა მეოთხე მგზავრი _ თ. კ-ძე და მას შესთავაზეს არყის დალევა, რაზეც უარი თქვა და ზედა საწოლზე მოთავსდა. ლ. ა-ს დაეძინა. მას გ. ო-ი აღვიძებდა _ ადექი არაყი დავლიოთო, მაგრამ ვერ გააღვიძა, რადგან ლ. ა-ი ძლიერ მთვრალი იყო. გ. ფ-ძე საპირფარეშოში გავიდა, დაბრუნდა 10-15 წუთში და დაინახა, რომ ლ. ა-სა და გ. ო-ს ოთხი პირი სცემდა, მათ შორის _ თ. კ-ძე. იკითხა, რა ხდებოდა, რაზეც ლ-მ და გ-მ უპასუხეს, რომ არ იცოდნენ. იქ მყოფებმა გ. ფ-ზე თქვეს _ ესეც ამათთან არისო და მასაც დაუწყეს ცემა. შემდეგ თ. კ-მ თქვა _ ეს არაფერ შუაშიაო და თავი დაანებეს. გ. ფ-მ აღნიშნა, რომ გ. ოკ-ი 7 წლის ასაკიდან იზრდებოდა რკინიგზის სადგურზე, მოხეტიალე და მატყუარაა და ,,მისგან ყველაფერია მოსალოდნელი" (ტ. 1, ს.ფ. 117-123; 231-234).

მოწმე თ. კ-მ სასამართლოს განუმარტა, რომ მგზავრობდა მატარებლით და მასთან ერთად კუპეში იმყოფებოდნენ ლ. ა-ი, გ. ფ-ძე და გ. ო-ი. მათ ერთმანეთთან ჰქონდათ თბილი ურთიერთობა, არაყს სვამდნენ და მასაც შესთავაზეს, მაგრამ უარი უთხრა. ეს პირები სადღეგრძელოებს ამბობდნენ და პერიოდულად გადიოდნენ დერეფანში. თ. კ-ს კუპეს ზედა საწოლზე ჩაეძინა და გამოაღვიძა მატარებლის ბიძგმა. მან დაინახა, რომ ახალგაზრდა ბიჭი _ გ. ო-ი მუხლებზე იდგა, ლ. ა-ის სასქესო ორგანო პირში ედო და ორალურ სქესობრივ კავშირს ამყარებდა. ძალადობას ადგილი არ ჰქონია და არც გ. ო-ი ითხოვდა შველას. თ. კ-მ მიუთითა, რომ ნანახს ვერ იჯერებდა და რომ დარწმუნებულიყო, დაახლოებით 15 წამი უყურებდა. შემდეგ პირდაპირ დერეფანში გადახტა და როცა მობრუნდა, დაინახა, რომ გ. ო-ი და ლ. ა-ი თავიანთ ადგილზე იწვნენ, კედლისკენ შებრუნებით. მან ორივეს ჰკითხა, რას აკეთებდნენ, რაზეც უპასუხეს _ არაფერსო. თ. კ-მ მათ ხელი დაარტყა და მატარებლიდან ჩასვლა მოსთხოვა. გ. ო-მა თავი კედელს მიარტყა და ცხვირიდან სისხლი წამოუვიდა. მანამდე მას სახეზე არანაირი დაზიანება არ ჰქონია. ლ. ა-ი და გ. ო-ი გავიდნენ დერეფანში და მათ ხმაურზე გამოღვიძებულმა სხვა მგზავრებმაც სცემეს. იქვე მივიდა გ. ფ-ც და მასაც სცემეს, როცა გაიგეს, რომ ლ. ა-ის და გ. ო-ის თანმხლები იყო. თ. კ-მ ისიც განაცხადა, რომ გ. ო-ი ვაგონში თავისუფლად გადაადგილდებოდა (ტ. 1, ს.ფ. 236-239).

მოწმე მ. ქ-მ განმარტა, რომ გ. ო-ი, ლ. ა-ი და მესამე პირი კუპეში არაყს სვამდნენ და ამის გამო მათ შენიშვნა მისცა. გ. ო-ს დახმარება არ უთხოვია, თუმცა ამის შესაძლებლობა ჰქონდა. თ. კ-მ უთხრა, რომ როდესაც საწოლიდან ჩამოხტა, გ. ო-მა და ლ. ა-მა შეწყვიტეს სქესობრივი კავშირი (ტ. 1, ს.ფ. 261-269).

დაზარალებულმა გ. ო-მა მიუთითა, რომ ლ. ა-მა იძულებით აიყვანა მატარებელში, სადაც მოსთხოვა მგზავრის დაყაჩაღება. როცა უარი უთხრა, ლ-მ მას ხელი გაარტყა სახეში, რაც თ. კ-მ დაინახა და ჰკითხა _ რატომ სცემო. შემდეგ ლ. ა-მა იგი გაიყვანა საპირფარეშოში და აიძულებდა, მასთან დაემყარებინა ორალური სქესობრივი კავშირი. დაზარალებულის განმარტებით, მას ჰქონდა გაქცევის სურვილი, მაგრამ ეს ვერ შეძლო, რადგან ლ. ა-ი ყველგან თან დაყვებოდა. დაზიანებები მიაყენა ლ. ა-მა (ტ. 1, ს.ფ. 271-273).

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ დაზარალებულის აღნიშნული ჩვენება არსებითად ეწინააღმდეგება საქმეზე დაკითხულ სხვა პირთა ჩვენებებს, რომლებითაც დგინდება, რომ გ. ო-ს მატარებელში არანაირი დაზიანება არ ჰქონდა და ისინი მიაყენა თ. კ-მ. ამ უკანასკნელმა განაცხადა, რომ როდესაც გ. ო-ს ხელი გაარტყა, მან თავი მიარტყა კედელს და ცხვირიდან სისხლი წამოუვიდა. დაზარალებულის სხეულზე არსებული დაზიანებები ნათლად მეტყველებს, რომ ისინი განვითარებულია სწორედ თ. კ-ს მიერ აღწერილ ვითარებაში, კერძოდ, გ. ო-ს დაზიანებები აღენიშნებოდა შუბლის, ტუჩის, ცხვირის და მარჯვენა წინ ამხრის არეში (ტ. 1, ს.ფ. 50-52). თ. კ-ს არ განუცხადებია, რომ ლ. ა-ი სცემდა გ. ო-ს, პირიქით, მან მიუთითა, რომ კუპეში მყოფ პირებს ერთმანეთთან ჰქონდათ კარგი ურთიერთობა.

სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ ლ. ა-მა გ. ო-ს თავისუფლება აღუკვეთა და ეს დანაშაული დაასრულა მატარებელში ჩასხდომამდე, სადგურზე, რასაც არ გამორიცხავს მგზავრობისას დაზარალებულის მეტნაკლებად თავისუფლებაში ყოფნა. თ. კ-ს არ დაუნახავს სექსუალური კონტაქტის დაწყება და მისი წინაპირობები, რაც აუცილებლად გასათვალისწინებელია და მნიშვნელობა არ აქვს, ძალადობით დაწყებული სექსუალური კონტაქტის შემდეგ დაზარალებული მოძალადეს უწევდა თუ არა აქტიურ წინააღმდეგობას. თ. კ-ს გამოღვიძების დროს გ. ო-ის ნება უკვე დათრგუნული იყო და არ შეეძლო წინააღმდეგობის გაწევა შიშის გამო (ტ. 2, ს.ფ. 43).

სააპელაციო სასამართლოს აღნიშნული დასკვნაც ადასტურებს, რომ გ. ო-ი არ იყო შეზღუდული, სურვლის შემთხვევაში დახმარება ეთხოვა. გ. ო-ის თავისუფლების აღკვეთასა და მასთან ძალადობით, გაუკუღმართებული ფორმით სექსუალურ კონტაქტს ამტკიცებს მხოლოდ დაზარალებული, რომლის ჩვენებები საფუძვლიან ეჭვს იწვევს სხვა პირთა თანმიმდევრული ჩვენებებიდან გამომდინარე.

საგულისხმოა, რომ გ. ო-ს დახმარება არ უთხოვია მას შემდეგაც, რაც ორალური სქესობრივი კავშირის დროს იგი დაინახა თ. კ-მ, პირიქით, ლ. ა-მა და გ. ო-მა სცადეს, დაემალათ მომხდარი ფაქტი. გ. ო-ს რაიმე იძულების შესახებ მაშინაც არ უთქვამს, როდესაც მას თ. კ-ძე და სხვა მგზავრები სცემდნენ.

საქართველოს სსსკ-ის მე-10 მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, ყოველგვარი ეჭვი, რომელიც არ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს მსჯავრდებულის სასარგებლოდ. ამავე კოდექსის 503-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, გამამტყუნებელ განაჩენს არ შეიძლება საფუძვლად დაედოს ვარაუდი და იგი დგინდება მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებათა საფუძველზე. მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს ლ. ა-ის მიერ გ. ო-ის თავისუფლების აღკვეთისა და მასთან ძალადობით, გაუკუღმართებული ფორმით სექსუალური კონტაქტის დამადასტურებელი მტკიცებულებები. ამასთან, უდავოდ დადგენილია და ეჭვს არ იწვევს, რომ ლ. ა-მა ჩაიდინა სექსუალური კონტაქტი გაუკუღმართებული ფორმით, წინასწარი შეცნობით 16 წლის ასაკს მიუღწეველთან.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გასაჩივრებული განაჩენი უნდა გაუქმდეს ლ. ა-ის სსკ-ის 143-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ" ქვეპუნქტითა და მე-3 ნაწილის ,,დ", ,,ე" ქვეპუნქტებით მსჯავრდების ნაწილში და ამ ნაწილში შეწყდეს სისხლისსამართლებრივი დევნა სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული ქმედების არ არსებობის გამო. ამასთან, ლ. ა-ის ქმედება სსკ-ის 138-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,დ" ქვეპუნქტიდან უნდა გადაკვალიფიცირდეს ამავე კოდექსის 140-ე მუხლზე.

სასჯელის განსაზღვრისას, სხვა გარემოებებთან ერთად, საკასაციო პალატა ითვალისწინებს ლ. ავანაშვილის პიროვნებასა და მისი ქმედების სიმძიმეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 28-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,ა" ქვეპუნქტით, 561-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,დ" ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილით, 568-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

მსჯავრდებულ ლ. ა-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ვ. ბ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 18 აპრილის განაჩენი გაუქმდეს ლ. ა-ის სსკ-ის 143-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ" ქვეპუნქტითა და მე-3 ნაწილის ,,დ", ,,ე" ქვეპუნქტებით მსჯავრდების ნაწილში და ამ ნაწილში შეწყდეს სისხლისსამართლებრივი დევნა;

ლ. ა-ის ქმედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 138-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,დ" ქვეპუნქტიდან გადაკვალიფიცირდეს ამავე კოდექსის 140-ე მუხლზე;

ლ. ა-ს სსკ-ის 140-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედების ჩადენისათვის მიესაჯოს 3 (სამი) წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყოს 2006 წლის 31 აგვისტოდან.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.