შეიცვალა სასჯელი

სისხლის სამართლის 30.01.2009
საქმის ნომერი
2კ-109აპ.-08
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
30.01.2009

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

109აპ. ქ. თბილისი

30 იანვარი, 2009 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ი. ტყეშელაშვილი (თავმჯდომარე),პ. სილაგაძე, ლ. მურუსიძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ა. რ-შვილის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ზ. ზ-შვილის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 1 ნოემბრის განაჩენზე.

აღწერილობითი ნაწილი:

ბორჯომის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 21 აგვისტოს განაჩენით ა. რ-შვილი _ ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს 2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქციის სსკ-ის 143-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა», „გ», „თ» ქვეპუნქტებით, 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა», „დ» ქვეპუნქტებით, 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა» და „გ» ქვეპუნქტებით იმაში, რომ ჩაიდინა წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფთან ერთად, ორის პირის მიმართ თავისუფლების აღკვეთა, სიცოცხლის ან ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით; ასევე _ ძარცვა წინასწარი შეთანხმებით, პირთა ჯგუფთან ერთად, ძალადობის გამოყენებით, რომელიც საშიში არ არის სიცოცხლის ან ჯანმრთელობისათვის; ასევე _ გამოძალვა პირთა ჯგუფთან ერთად, დიდი ოდენობით ქონების მიღების მიზნით, რასაც თან ერთვოდა დაზარალებულის მიმართ ძალადობის გამოყენება.

განაჩენით დადგენილად იქნა მიჩნეული შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

.............. დეპუტატ თ. გ-შვილის გატაცებისა და მისგან თანხის გამოძალვის მიზნით, ა. რ-შვილი 2004 წლის იანვარში დანაშაულებრივად დაუკავშირდა თავის მეგობრებს _ გ. ხ-ძეს, თ. შ-ძესა და გამოძიებით დაუდგენელ ორ პირს. 31 იანვარს, დაახლოებით 03.00 საათზე, ისინი ქუთაისიდან .......... ჩავიდნენ „ოპელ-ვექტრასა» და „ვოლვო-460» მარკის ავტომანქანებით. გათენებამდე გაჩერდნენ სს „..............» ¹1 კორპუსის 108-ე ოთახში, ხოლო დილით, დაახლოებით 11.00 საათზე, აღნიშნული მანქანებით დახვდნენ ბორჯომის რაიონის სოფედ ........... საავტომობილო ხიდთან, „............» მიმავალ, ........... მაშინდელ დეპუტატ თ. გ-შვილს, რომელიც მუქარით ჩამოსვეს პირადი საკუთრების, „უაზ-469» მოდელის მანქანიდან მძღოლ თ. თ-შვილთან ერთად, ჩასვეს თავიანთ ავტომანქანაში, აუკრეს თვალები და მიიყვანეს ზემოაღნიშნული ტურბაზის განცალკევებით, ტყეში მდგარ კოტეჯში, რითიც მათ უკანონოდ აღუკვეთეს თავისუფლება. სიცოცხლისათვის საშიში ძალადობის მუქარით თ. გ-შვილს წაართვეს „სამსუნგის» მოდელის მობილური ტელეფონი, ოქროს ყელსაბამი (ჯაჭვი) თავისი ოქროს ხატით და 95 ლარი, ხოლო თ. თ-შვილს _ 150 ლარი. აღნიშნულის შემდეგ ბოროტმოქმედებმა თ. გ-შვილს მოსთხოვეს 300 000 აშშ დოლარი და, მიიღეს რა მისგან თანხმობა, საღამოს, დაახლოებით 18.00 საათზე, ის და თ. თა-შვილი თავისი ავტომანქანით მიიყვანეს პანსიონატ „პლატოდან» დაახლოებით 400-500 მეტრის მოშორებით, ტყეში და თვალებახვეულები დატოვეს ეკლესიის ნანგრევებთან, თვითონ კი მიიმალნენ შემთხვევის ადგილიდან.

აღნიშნული ქმედებისათვის ა. რ-შვილს საბოლოოდ მიესაჯა 15 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2007 წლის 11 თებერვლიდან.

განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ზ. ზ-შვილმა. მან ითხოვა ბორჯომის რაიონული სასამართლოს განაჩენის გაუქმება, ა. რ-ვილის დამნაშავედ ცნობა მხოლოდ საქართველოს სსკ-ის 375-ე მუხლით და მისთვის სასჯელის ზომად 1 წლით თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 1 ნოემბრის განაჩენით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და გასაჩივრებული განაჩენი ა. რ-შვილის მიმართ დარჩა უცვლელად.

კასატორი _ მსჯავრდებულ ა. რ-შვილის ინტერესების დამცველი, ადვოკატი ზ. ზ-შვილი საკასაციო საჩივარში აღნიშნავს, რომ ორივე ინსტანციის სასამართლო უკლებლივ ერთსა და იმავე მტკიცებულებებს იშველიებს ა. რ-შვილის ბრალის დასადასტურებლად, რომლებიც განაჩენებში გადმოტანილია საბრალდებო დასკვნიდან; დაზარალებულ თ. გ-შვილის ჩვენებებში არსად არ არის მინიშნებაც კი ამ დანაშაულში ა. რ-შვილის რაიმე სახით მონაწილეობაზე; დაზარალებულებს არც ერთ შემთხვევაში არც აღნაგობითა და იერ-სახით, არც _ ხმით ან სხვა მახასიათებლებით ა. რ-შვილის მსგავსი მონაცემების მქონე პირი არ ახსოვთ; არც ერთი მოწმის მიერ ჩამოთვლილი დამნაშავეთა აღწერილობა არ შეესაბამება ა. რ-შვილის მონაცემებს; თავად ა. რ-შვილმა კატეგორიულად უარყო დანაშაულის ჩადენისას შემთხვევის ადგილზე ყოფნის ფაქტი და ახსნა, თუ სად იყო იმ დროს და რას აკეთებდა; რაც შეეხება შპს „მაგთიკომიდან» ამოღებულ ინფორმაციას, ამასთან დაკავშირებით მსჯავრდებულმა განმარტა, რომ მობილური ტელეფონი მას საერთოდ არ ჰქონია, ხოლო ტურბაზის დირექტორ ს. ს-ძეს, რომელიც მისი ნათესავია, დაურეკა გ. ხ-ძის მიერ მიცემული ტელეფონით, რათა მისთვის ეთხოვა, დახმარებოდა გ. ხ-ძესა და მის მეგობრებს ტურბაზაში ერთი ღამის გათევაში; ა. რ-შვილის ეს ჩვენება დაადასტურა გ. ხ-ძემაც; მობილური ტელეფონი არ ამოუღიათ არც ა. რ-შვილის პირადი ჩხრეკისას და არც მისი ბინის ჩხრეკის დროს; ამრიგად, მტკიცება, რომ მას ჰქონდა მობილური ტელეფონი ნომრით ............., არის ბრალდების მოსაზრება და უსაფუძვლო ვარაუდი.

ადვოკატის აზრით, სასამართლომ სრულიად უსაფუძვლოდ უარყო ერთი და გაიზიარა სხვა მტკიცებულება, კერძოდ, სასამართლომ განაჩენით სრულიად უმართებულოდ მიიჩნია დადგენილად, რომ ა. რ-შვილმა ტურბაზიდან გამოსვლისას გააფრთხილა მოწმე ა. ბ-ძე, არ გაემხილა ტურბაზაში მათი მისვლის ფაქტი; ორივე ინსტანციის სასამართლოებში მიცემულ ჩვენებებში ა. ბ-ძე არ მიუთითებდა ასეთ ფაქტზე, მეტიც, მან კატეგორიულად უარყო ა. რ-შვილის მხრიდან მისთვის ზემოაღნიშნულის თქმა. გარდა ამისა, დარღვეულია სამართლიანობის პრინციპი ა. რ-შვილის მიმართ აღნიშნულ დანაშაულში მონაწილე სხვა პირებისათვის შეფარდებული სასჯელის თანაბრობის თვალსაზრისით (რომც უდასტურდებოდეს მას წარდგენილი ბრალი); გ. ხ-ძესა და თ. შ-ძეს შეუფარდეს 9-9 წლით თავისუფლების აღკვეთა, როდესაც ორივე მათგანის აქტიური მონაწილეობა დანაშაულში უდავოდაა დადასტურებული უტყუარი მტკიცებულებებით; ასეთ პირობებში, როდესაც სასამართლოს ხელთ ჰქონდა პრეიუდიციები, ერთი და იმავე დანაშაულში სავარაუდო მონაწილე ა. რ-შვილისათვის თითქმის ორმაგად უფრო მკაცრი სასჯელის შეფარდება ხელყოფს კანონისადმი პირთა თანასწორობის საერთაშორისო პრინციპს; დანაშაულის დამფარავი ა. რ-შვილი ბევრად უფრო მკაცრად დაისაჯა, ვიდრე დანაშაულის უშუალოდ ჩამდენი პირები.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ადვოკატი ზ. ზ-შვილი ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 1 ნოემბრის განაჩენის გაუქმებას, ალ. ღ-შვილისათვის საქართველოს სსკ-ის 143-ე, 178-ე, 181-ე მუხლებით წარდგენილი ბრალდების მოხსნასა და მის გამართლებას.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, გააანალიზა საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა დასკვნამდე, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებული განაჩენი უნდა შეიცვალოს მსჯავრდებულის სასიკეთოდ შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქმეში არსებული მასალებით, მათ შორის, დაზარალებულების _ თ. გ-შვილისა და თ. თ-შვილის, მოწმე ა. ბ-ძის ჩვენებებით, მათი ურთიერთშეჯერებითა და გაანალიზებით უტყუარადაა დადასტურებული და ეჭვს არ იწვევს, რომ ა. რ-შვილმა ჩაიდინა მისთვის ბრალად შერაცხული ქმედებები.

გასაჩივრებული განაჩენი დადგენილია სსსკ-ის 496-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნათა დაცვით, იგი დასაბუთებულია, ხოლო სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მოთხოვნები არსებითად არ დარღვეულა.

ამასთან, საქმეში არსებული მასალებით ირკვევა, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2006 წლის 30 ივნისის განაჩენითა და უზენაესი სასამართლოს 2005 წლის 3 მაისის განჩინებით თ. შ-ძესა და გ.ხ-ძეს, ადრე მოქმედი სასჯელთა ნაწილობრივი შეკრების წესის გამოყენებით საბოლოოდ განესაზღვრათ 9-9 წლით თავისუფლების აღკვეთა.

სსკ-ის 57-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, საკასაციო პალატა ითვალისწინებს თანაამსრულებლობისას დანაშაულში ა. რ-შვილის ფაქტობრივი მონაწილეობის ხასიათსა და ხარისხს, სხვა თანაამსრულებლებისათვის საბოლოოდ დანიშნული სასჯელის ზომას და აღნიშნავს, რომ ა. რ-შვილს უნდა შეუმსუბუქდეს სსკ-ის 143-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა", ,,გ", ,,თ" ქვეპუნქტებით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქციით) დანიშნული სასჯელი, მისი პიროვნებისა და ჩადენილი ქმედებების სიმძიმის გათვალისწინებით.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის 1-ლი ნაწილის «დ” ქვეპუნქტით, 568-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

მსჯავრდებულ ა. რ-შვილის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ზ. ზ-შვილის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 1 ნოემბრის განაჩენი შეიცვალოს: ა. რ-შვილის სსკ-ის 143-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა", ,,გ" და ,,თ" ქვეპუნქტებით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქციით)Mდანიშნული სასჯელი _ 7 (შვიდი) წლით თავისუფლების აღკვეთა შეუმცირდეს 3 (სამი) წლით და განესაზღვროს 4 (ოთხი) წლით თავისუფლების აღკვეთა;

გასაჩივრებული განაჩენი სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად და საბოლოოდ ა. რ-შვილს განესაზღვროს 12 (თორმეტი) წლით თავისუფლების აღკვეთა.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.